Thursday 23 April 2020

მეომრის გზა - კაპიტანი სიმონ შავგულიძე

კაპიტანი სიმონ შავგულიძე (1894-1918)

1918 წლის მაისში ბათუმიდან ქუთაისში გადმოსვენეს და ბულვარის მოპირდაპირე მხარეს, მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს ახალგაზრდა, 24 წლის ოფიცერი, კაპიტანი სიმონ შავგულიძე.  სიმონი 1 აპრილის  ღამეს ბათუმში ანარიის ფორტის დაცვას მეთაურობდა და დაიღუპა ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში მასთან მყოფ 3 ოფიცერსა და 50 ჯარისკაცთან ერთად ფორტის დაცვისას.  დღეს ქუთაისში აღარც მთავარანგელოზის ეკლესიაა და აღარც სიმონ შავგულიძის საფლავი. ეკლესიის ადგილზე საბჭოთა პერიოდში ადმინისტრაციული შენობები აშენდა, ხოლო საფლავის ადგილას კი ტროტუარი, თუმცა ოფიცრის ნათესავები ყოველ აღდგომას მიდიან მერიის წინ მდგარ ცაცხვის ხესთან და  ბზას და წითელ კვერცხებს ტოვებენ.

24 წლის კაპიტანი, მიუხედავად მცირე ასაკისა დაიღუპა როგორც გამოცდილი და მრავალ ბრძოლა გამოვლილი ოფიცერი. მისი საბრძოლო გზა  პირველ მსოფლიო ომში ავსტრიის ფრონტზე დაიწყო.  
სიმონი  1894 წლის 29 მარტს დაიბადა ქუთაისში  , სასულიერო პირის  ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ  პოლიტიკური არასიამედოობის გამო  სიმფეროპოლში გადაასახლეს სადაც 1914 წელს დაასრულა თავრიდის სასულიერო სემინარია. სემინარიის დასრულება პირველი მსოფლიო ომის დაწყებას დაემთხვა და იგი ჩაირიცხა გენერალ-ადიუტანტ კორნილოვის სახელობის 57-ე მოდლინის ქვეით პოლკის მეტყვიამფრქვევეთა გუნდში.  პოლკიდან კი  კიევის სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს პრაპორშიკთა  4 თვიანი კურსის გასავლელად, რომელიც პირველი თანრიგით დაასრულა და პრაპორშიკის წოდება მიიღო.    სასწავლებლის პირველ თანრიგზე დამთავრების მიუხედავად მისი საშუალო შეფასება არცთუ მაღალი იყო : მეთაურობა -7,38; მეცნიერება - 7,5 და სამწყობრო მომზადება -7.
პოლკში ჩარიცხვის შემდეგ იბრძოდა ავტსრიელების წინაააღმდეგ კარპატებში, გალიციაში, რუმინეთში.  1915 წლის 14 მარტს სოფელ მიკუვთან  დაიჭრა, მოგვიანებით კი მომწამლავი გაზით მოიწამლა . 1916 წლის 15 იანვარს მიიღო პოდპორუჩიკის (უმცროსი ლეიტენანტის ); 1916 წლის ოქტომბერში პორუჩიკის (ლეიტენანტი), ხოლო 1917 წლის 11 აპრილს კი შტაბს-კაპიტნის წოდება.  1915-1917 წლებში  მიიღო მრავალი სამხედრო ჯილდო: სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი; სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი ხმლით; წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი წარწერით სიმამაცისათვის, ასევე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი, და ოფიცეთათვის სანუკვარი და ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა გიორგის ორი ორდენი, კერძოდ - წმინდა გიორგის იარაღი და წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი. 
მოკლე ინფორმაცია მოდლინის პოლკის ოფიცრის სიმონ შავგულიძის შესახებ
წმინდა გიორგის იარაღი და მეოთხე ხარისხის ორდენი მან 1916 წლის მაისსა და ივნისში  ბრუსილოვის ცნობილი ოპერაციის მსვლელობისას (როდესაც რუსულმა არმიამ საკმაოდ მძიმე მარცხი მიაყენა ავსტრია-უნგრეთის არმიას)  გამოჩენილი სიმამაცის გამო მიიღო, . ამ დროისათვის 57-ე მოდლინის პოლკი, მერვე კორპუსის დაქვემდებარებაში შედიოდა, რომელიც თავის მხრივ მერვე არმიას ექვემდებარებოდა. მერვე კორპუსი და მასში შემავალი პოლკები კი როვნოდან  ლუცკი -ტორუნი-კოველის მიმართულებით უტევდნენ მოწინააღმდეგეს.
სიმონმა წმინდა გიორგის იარაღი 1916 წლის 24 მაისს (ძველი სტილით) გამოჩენილი სიმამაცისა და საზრიანობის გამო მიიღო. იმჟამად ის მეტყვიამფრქვევეთა გუნდის უმცროსი ოფიცერი, თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა მოდლინის პოლკის მესამე ბატალიონის მეთაურის დროებით დაქვემდებარებაში.  მან მიიღო დავალება დადევნებოდა მოწინააღმდეგეს სოფელ კნერუტის, სიმაღლე 112-ის და შემდეგ კი ნოვოსელსკის მიმართულებით. ამ დროს მზვერავებმა მოიტანეს ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე სამი ბატალიონის ძალებით უტევდა და ამავდროულად გარს უვლიდა მესამე ბატალიონის მარჯვება ფლანგს. სიმონი პირადი ინიციატივით 9 ტყვიამფრქვევის ძალებით დაიძრა სიმაღლე 112-ის ჩრდილოეთ ფერდობისაკენ და ქარიშხლისებური ცეცხლით შეაჩერა მოწინააღმდეგის შეტევა.  როდესაც აღმოჩენილ იქნა მოწინააღმდეგის უფრო ღრმა შემოვლითი მანევრი,  4 ტყვიამფრქვევის ძალებით დაიძრა შემტევი მოწინააღმდეგის ფლანგისაკენ. დამიზნებითი და შეწყობილად წარმოებული ცეცხლით, საბოლოოდ ჩაშალა მოწინააღმდეგის შეტევის გაზნრახვა. მიაყენა მას უზარმაზარი დანკარგი, რისი წყალობითაც შეტევაზე გადასულმა მესამე ბატალიონმა წარმატებას მიაღწია და ტყვედ აიყვანა ავსტრიელთა 13 ოფიცერი და 500 ჯარისკაცი.
ქართველმა ოფიცერმა მეოთხე ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი კი 1916 წლის  5 ივნისს(ძველი სტილით) სოფელ კორიტნიცასთან გამოჩენილი სიმამაცისათვის დაიმსახურა. იმ დროისათვის მეტყვიამფრქვევეთა ოცეულით იგი იმყოფებოდა მეოთხე ბატალიონის შემტევი ასეულის წინა ხაზზე მოწინაღმდეგის ჰაუბიცებისა და ტყვიმფრქვევების ცეცხლის ქვეშ. მისი პირადი ხელმღვანელობით ტყვიამფრქვევთა დამიზნებითი ცეცხლით, მოწინააღმდეგეს  ხელი შეუშალა ცეცხლი გაეშალა შემტევი ასეულისათვის. ამის შემდეგ მიუახლოვდა მტრის სანგრებს, პირველი შეიჭრა მოწინააღმდეგის სანგარში და პირადად ჩაიგდო ხელში მოწინააღმდეგის მოქმედი ტყვიამფრქვევები.    1917 წლის მეორე ნახევარში სიმონიკა, როგორც მას ახლობლები და თანამებრძოლები ეძახსდნენ სამშობლოში დაბრუნდა, მონაწილეობა მიიღო 1917 წლის დეკემბერში ქუთაისში ანარქიის ჩახშობაში და შემდეგ  ბათუმში გაემგზავრა.
ანარიის ფორტი დღეს 
შავგულიძეს  ანარიის ფორტის მეთაურობა ჩააბარეს. ანარიის ფორტი ბათუმის მიხეილის სახელობის ციხესიმაგრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო, აგებული ბათუმის აღმოსავლეთით,  ფერიის თემის სოფელ მნათობის აღმოსავლეთით  არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეზე 361,6. ფორტი შედგებოდა ბეტონირებული კაზემატისაგან, ასევე კარგად გამაგრებული ბეტონირებული სარტილერიო და ტყვიამფრქვევის პოზიციებისაგან. ფორტის დანიშნულება ორგვარი იყო, ერთი ის გამოდგებოდა ქალაქის დასაცავად ხმელეთიდან, აკონტროლებდა რა ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მომავალ გზებს ,   ამავდროულად წარმოადგენდა კარგ სადამკვირვებლო პოსტს ზღვაზე მოწინააღმდეგის მოძრაობის აღმოსაჩენად შორ მანძილზე.  ანარიის ფორტი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომლის პირადმა შემადგენლობამ წინააღმდეგობა გაუწია ოსმალურ არმიას, როდესაც მათ 1918 წლის 1(14) აპრილს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარის არაორგანიზებულობისა გამო  ბათუმი თითქმის უბრძოლველად აიღეს. ფორტს კაპიტან შავგულიძესთან ერთად იცავდა კაპიტანი ზაქარია დოლიძე, პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე , პრაპორშიკი დავით ვანიძე და 50-მდე (სხვა მონაცემებით 84) ჯარისკაცი.
გენერალი გიორგი კვინიტაძე ბრძოლის დაწყებამდე სიმონ შავგულიძესთან შეხვედრას შემდეგნაირად იხსენებდა: ,,ვიყავით ანარიის ფორტზე; აქაურმა კომენდანტმა ; გიორგის ჯვრით დამშვენებულმა შტაბს-კაპიტანმა შავგულიძემ აღნიშნა, დისციპლინა მთლიანად მოშლილია ამიტომ იმედი არ მაქვს ამ გამაგრებას შევინარჩუნებთო. არადა, ძალიან კარგი გამაგრება ჰქონდათ, თითოეული მსროლელი ყოველი მხრიდან ბეტონით იყო დაცული და სათოფურებიდან ისროდა ; აქვე იყო ხელოვნური ჯებირები, შეტყობინების გზები, ბეტონის სატყვიამფრქვევო ბუდეები. ე.გეგეჭკორმა ფორტიდან წამოსვლისას გიორგის ორდენის მამაც კავალერს უთხრა: - ეს ფორტი მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში უნდა დათმოთო. არის - წყნარად მიუგო გმირმა. სიტყვა შეასრულა. ბრძოლისას მოახერხა 50-მდე კაცი შეენარჩუნებინა და მათთან ერთად დაიღუპა."  ჟურნალი მხედრის ინფორმაციით  კი სიმონის პასუხი უფრო ვრცელი იყო - ,,სანამ ცოცხალი ვარ არვის შემოვადგმევინებ ფეხს ამ ადგილზედ, ამას შესძლებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემს გაცივებულ გვამს ფეხს გადააბჯენენო."
ანარიის ფორტის მეტყვიამფრქვევეთა ბეტონირებული ჯიხური 
მოწინააღმდეგემ ანარიის ფორტის ახლომდებარე სიმაღლეების ერგესა და ხეჩოქედის დაკავების შემდეგ პირველი აპრილის ღამის ორ საათზე მიიტანა ფორტზე იერიში. იქამდე კი გადაჭრა ფორტის შტაბთან დამაკავშირებელი პირდაპირი მავთული.  ფორტის პირადი შემადგენლობა დილამდე ებრძოდა მტერს,  იქამდე სანამ ყველა მათგანი არ დაიღუპა. მოწინააღმდეგეს დიდი ზარალის ფასად დაუჯდა ფორტის აღება,  გაზეთი სახალხო საქმის ცნობით: ,,გმირულად დაიღუპა თითქმის უკანასკნელი დამცველი ანარიისა კაპიტანი შავგულიძე და უკანასკნელი ტყვიისმფრქვეველიც ჩაჩუმდა. ოსმალოები ფორტში შეიჭრნენ. შიგ არც ერთი ცოცხალი ქართველი არ აღმოჩნდა ,  ფორტი სავსე იყო ოსმალთა ყუმბარებით დაფლეთილი  ქართველ მეომართა გვამებით. სამაგიეროდ ანარიის მწვერვალის კალთები სულ დაფენილი იყო ოსმალთა გვამებით."
ანარიის ფორტზე დაღუპული ოფიცრები და სიმონ შავგულიძის დის ლექსი
რანდენიმე დღის შემდეგ ოსმალთა ნებართვით გაითხარა საძმო სასაფლაო სადაც დაკრძალეს ანარიის ფორტის დამცველნი.  ხოლო მოგვიანებით , ერთი თვის შემდეგ კაპიტანი შავგულიძე ქუთაისში გადაასვენეს .  ჟურნალ ,,თეატრი და ცხოვრებაში" დაღუპულ ოფიცრების ფოტოებთან ერთად დაიბეჭდა სიმონის დის ზაირას ძმისადმი მიძღვნილი ლექსი:
ძამიკო სიმონის ხსოვნას
არ დაგაფრქვევ , მე შენ ცრემლებს
უსიცოცხლოს, მოწყენილსა
თუმცა გული ვეღარ ითმენს
გრძნობას ჩემში ჩარჩენილსა!

ვით იტიროს თვალმა ჩემმა?
ვით იტიროს გმირი ქართლის
ვინც ემბლემად უნდა დარჩეს
და სიმბოლოდ მომავალის !...

ბათუმის უბრძოლველად დაკარგვის წუხილსა და სირცხვილს კი საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში, შავგულიძის და მისი ჯარისკაცების  გმირობის ამბის გახსენებით იქარვებდა.  მასზე წერდნენ რომ ის იყო პირველი ვინც სხვებს უჩვენა მაგალითი სამშობლოსთვის სიკვდილისა და თავდადებისა.  

დიმიტრი სილაქაძე


1 comment:

  1. მისი სახელის უკვდავყოფა აუცილებელია. ბათუმში, ქუთაისში ან/და თბილისში, მიზანშეწონილია, მისი სახელობის ქუჩა არსებობდეს.

    ReplyDelete