Thursday 23 July 2015

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926) - დაიბადა შორაპნის მაზრის (დღევანდელი ზესტაფონის რაიონის) სოფელ ფუთში. ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა კარლ მარქსის იდეებმა და მის თეორიათა კარგი ცოდნისათვის თანამოაზრე ამხანაგებმა კარლო შეარქვეს.
1890-იანი წლებიდან მესამე დასელია. 1907 წელს აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, სადაც 10 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. აქ ჩხეიძე მოწყდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და ჩამოყალიბდა რუს მენშევიკად. 1917 წელს, დროებითი მთავრობის დროს, ხელმძღვანელობდა სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაფორმალური თვალსაზრისით, ის რუსეთში უმაღლესი თანამდებობის პირი გახდა. ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის სეიმს (პარლამენტს). დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს (პარლამენტს), ხოლო 1919 წელს დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. ჩხეიძე, კაკი წერეთელთან და ბიქტორ თევზაიასთან ერთად, ქართველ სოციალ-დემოკრატთა შორის, წარმოადგენდა მემარცხენე, ყველაზე არანაციონალისტურ ფრთას, რუსული მენშევიზმის ნაყოფს. თუმცა, რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მან შეძლო ეროვნულ ინტერესთა შესაბამის სიმაღლეზე დადგომა. 1918 წლის ბოლოს ჩხეიძე დაინიშნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნი ქართული დელეგაციის თავმჯდომარედ. ის ხელმძღვანელობდა ქართულ დელეგაციას ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზეც. ამ დროს ტფილისი ხშირად მოწყვეტილი იყო ევოპასთან კავშირს და სწორედ ჩხეიძე, მთელ დელეგაციასთან ერთად, უწევდა კოორდინაციას საქართველოს ევროპულ მისიებს. 1919 წლის იანვრიდან 1920 წლის სექტემბრამდე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის ევროპაში მყოფი, კიდევ ერთი, არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. თუმცა, მის გადაწყვეტილებებს არასდროს ქონია იმპერატიული ხასიათი და ის უფრო მედიატორის ფუნქციებს ასრულებდა კოლეგიალური დებატების დროს. მას არ უყვარდა რისკი, 1920 წელს, სან-რემოს კონფერენციაზე, როდესაც მასზე იყო დამოკიდებული სომხეთთან შეთანხმების გაფორმება, ბათუმის გავლით გამავალი სომხური რკინიგზისთვის ექსტერიტორიალური უფლების მინიჭების ხარჯზე, მან საკუთარ თავზე ვერ აიღო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ, საქართველომ დაკარგა მეზობელთან შეთანხმების მიღწევის შანსი, რისთვისაც ჩხეიძე „სულელად“ მოიხსენია შუამავალმა ბრიტანეთის საგარეო სამინისტროდან - რობერ ვანსიტარტმა, ამით შეიარაღების მიღებასაც შეეშალა ხელი, ხოლო მეორე მხრივ ჩხეიძის პოზიციაც გასაგები იყო, რომ ის ვერ ივაჭრებდა საქართველოს ტერიტორიებით. თავად ფრანგული კარგად ესმოდა, თუმცა ვერ ლაპარაკობდა. შესაბამისად, ლოიდ ჯორჯთან, კლემანსოსთან, ნიტისთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ის მიუძღვოდა დელეგაციას, მაგრამ უშუალოდ საუბარი მის ნაცვლად ირაკლი წერეთელს და ზურაბ ავალიშვილს მიყავდათ. 1920 წლის ბოლოს ის დაბრუნდა საქართველოში და ჩაიბარა საქართველოს პირველი არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი. 1921 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში. პირად ცხოვრებაში ჩხეიძემ დიდი ტრაგედია გადაიტანა, 1917 წელს დაეღუპა ერთადერთი ვაჟიშვილი. თავად 1926 წელს მოიკლა თავი, მაგრამ სიკვდილამდე დატოვა ერთი წარწერა „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ლევილის ქართველთა სასაფლაო. შესაბამისად, ის დაკრძალეს პარიზში, პერლაშეს სასაფლაოზე.


ბექა კობახიძე

No comments:

Post a Comment