Thursday 23 July 2015

სალამი დამოუკიდებელ საქართველოს!

დამოუკიდებელ საქართველოს ჩემი სალამი და სურვილები: ძმობა ერთობა, ჭეშმარიტების ძიება, პოვნა! აი სიტყვები. რომელთაც გიძღვნი ჩემო სამშობლოვ, აწ დამოუკიდებელო, თავისუფალო! თავისუფალო, მაშ ბედნიერო!
    თავისუფალი და ბედნიერი სრულქმნილი იყავ, იყავ ლმობიერ, კაცთმოყვარე, სამართლიანი და ქველი დიდი, ვით თვით დიდი და სხვიმოსილი თავისუფლების ღმერთი ძრიელი.
       იყავ ბედნიერ, ნუ მოაკლებ ბედნიერებას სხვასაც, გარეშეს. მიეცი ხელი ჩაგრულს, შეჰქმენ კავშირი მოძმეთა შორის და ამ კავშირზე ააყვავილე არა მარტოკა სიმძლავრე  მკლავის, არამდე ფიქრი სუფთა, აზრი ანკარა, ზნეობის წმინდა ლამპარი მნათი წინ წაიმძღვარე.
   სულგრძელობა, რაინდული გულუბრყვილობა, თავგანწირვა სამშობლოსათვის, საიმართლისათვის.
         მჭრელ ფარხმალთან და რკინის მკლავთან შეერთდებოდა ოდესრაც შენში ყოველივე ესე სიმდიდრე, კაცის ზნეობის სამკაულთ რიდე და თუ დღეს ყველა აღნიშნული მტვერწაყრილია, დაჟანგებული - გააბრწყინვალე, გადაახალისე და კვლავ ჩადეგი  იმ ერთა შორის, რომელნიც მხოლოდ ღირსნი არიან, თავისუფლების დროშის ტარების!
        ეს არის ჩემი ლოცვა-კურთხევა, ნანატრი იმედი ჩემი, რომელიც მდევდა ხანგძლივ სიცოცხლის ტანჯვისა დროსა და ჭირშიაც გამამხნევებდა მოსამკალად უკეთესის მომავლისა!
           და დღეს, როდესაც თითქმის აღსრულდა ნატვრა დედისა, თვალცრემლიანი მუხლს ვიდრეკ შენ წინ ჩემო სამშობლოვ, გემბორებით ძმებო, შვილებო, შვილიშვილებო, იმედნო აწმყოს და მომავლისანო, სახელოვანთა წინაპართა შვილნო. აწ აღადგინეთ მამულთან ერთად სახელი მათი. დიდება ერის, სპეტაკი დროშა  რაინდის ერის ივერიისა, რაინდულად ააფრიალეთ.
ბებია კატო გაბაშვილი

გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, N15,  1918 წლის 3 ივნისი

No comments:

Post a Comment