Monday 27 July 2015

ელექტრონის სარგებლობისა და განაწილების წესები ტფილისში

ელექტრონის ენერგიის მიწოდება ძნელი გახდა. არსებულ პირობების წყალობით ელექტრონის სადგურები თანდათან ფუჭდება, ხოლო საჭირო ნაწილების და სხვა მასალების უქონლობა აფერხებს მათი შეკეთების საქმეს.
სათბობი მასალა (ნავთი, მაზუთი) მცირედიღა არის ქალაქში. ამიტომ ელექტრონის სადგურების მიერ გაღებული ენერგიის რაოდენობა თანდათან მცირდება, ნავთის და სანთლის უქონლობა ბაზარზე თვალსაჩინოდ აბრკოლებს იმ პირთა რიცხვს, რომელთაც სურთ ისარგებლონ ელექტრონის ენერგიით.
საჭიროა, ელექტრონის შუქი მიეცეს იმას, რომელიც სრულიად მოკლებულია მას. ყველა ელექტრონის სადგურებს განათების ძალით გაღება შეუმცირდეთ. უბნის სატეხნიკო კომისიებს ქუჩების განათება გადააქვთ ტრამვაის ელექტრონის სადგურზე, რითაც ქუჩების განათება უზრუნველყოფილი იქნება. ელექტრონის სადგურების დატვირთვის შესამცირებლად ქალაქის გამგეობამ მიიღო შემდეგი წესები:
მოქალაქეს თავის ბინაზე შეუძლიან იქონიოს თვითეულ ოთახში არაუმეტესი ერთის 25-32 სანთლის ძალის ლამფისა.
მოქალაქენი მოვალენი არიან თავიანთ ბინებში მეტი ლამფები თვითონვე გააუქმონ და მოხსნან.
ელექტრონის სადგურის პატრონთ ევალებათ თავიანთ აბონენტებს თვალყური ადევნონ, რომ მათ გამორიცხონ მეტი წერტილები და შეასრულონ ეს წესდება.
კინომატოგრაფებს რიგრიგობით შეუძლიან მართონ სეანსები საღამოს 9-11 საათამდინ ორ დღეში ერთხელ.
ამ წესების დამრღვევნი მიცემულ იქნებიან პასუხისგებაში კანონის 29-ე მუხლის ძალით.
რომ აბონენტებს მძლავრი ელექტრონის შუქის ძალა არ მოაკლედეთ და ენერგიის უსარგებლოდ დაკარგვის თავიდან ასაცილებლად სპეციალური კომისიები ადგენენ რაიონების გადანაწილებას ელექტრონის სადგურთა შორის. ის სადგურები, რომლებიც თხოულობენ შეკეთებას შეჩერებულ იქნებიან და მისი აბონენტები გადაირიცხებიან სხვა სადგურზე.
ელექტრონის შუქის გაყვანის მსურველნი გადანაწილდებიან სამ კატეგორიად: 1) სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებანი; 2) ის პირნი, რომლებიც შუქის გაუქმებით ცხოვრების სახსარი ესპობათ და აგრეთვე ის პირნი, რომლის ოჯახშიც არიან ქრონიკული მძიმე ავადმყოფები; 3) ის მოქალაქენი, რომლებიც ამ ჟამად ელექტრონის შუქს არიან მოკლებულნი.


1918 წლის 10 ოქტომბერი, გაზ. „სახალხო საქმე“


No comments:

Post a Comment