Monday 3 August 2015

ბენია ჩხიკვიშვილისა და შალვა ნუცუბიძის ხელჩართული დაპირისპირება პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში


ხელჩართული ჩხუბი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში არცთუ იშვიათი ამბავია. 90-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ქართველ საზოგადოებას პარლამენტართა ჩხუბით ვერ გააკვირვებ, ამ თვალსაზრისით ისე გავიწაფეთ, რომ მასობრივ ჩხუბში, სხვადასხვა პროფესიის კანონშემოქმედებთან ერთად, ძალისმიერ სახეობებში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებსაც ხშირად იხილავთ. თუმცა დეპუტატთა ფიზიკური დაპირისპირების ტრადიციას ჩვენთან 90-იანი წლების შემდგომ პერიოდზე უფრო ადრინდელი ისტორიაც აქვს ამ მხრივ გამონაკლისი არც პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) კანონმდებლებიც არ ყოფილან. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1921 წლის დასაწყისში, დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატ ბენია ჩხიკვიშვილსა და სოციალ-ფედერალისტ შალვა ნუცუბიძის დაპირისპირება, რასაც კონფლიქტში სხვა დეპუტატების ჩარევა და რევოლვერებზე ხელის წავლებაც მოყვა...

1921 წლის 1-ელ თებერვალს, დამფუძნებელი კრების სხდომებს შორის შესვენებისას, სოციალ-დემოკრატი ბენია ჩხიკვიშვილი და სოციალისტ-ფედერალისტი შალვა ნუცუბი-ძე შელაპარაკდნენ. გთავაზობთ ამ  ,,შელაპარაკების" დეტალებს:
_ კაცო, მე წავიკითხე, რომ გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვრით რომ სვამსო...
_ დავწერე, მერე რა?! 
-საბუთი გქონდა რამე?
_  უსაბუთოდ  ლაპარაკი  სოციალ-დემოკრატების საქმეა. მე ჰაერზე არაფერს ვამბობ.
_ ჰოდა, მაგ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. აგერ, ჩემდათავად სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე და გავარჩიოთ, ჩვენ შორის ვინაა მტყუანი.
_ რა პრობლემაა,  მიუგო შალვა ნუცუბიძემ,  მაგრამ ვერ გავიგე, რა არის აქ გასარჩევი? შენც კარგად იცი, მე ეს ვთქვი შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე, ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე...
_ მანამდე შენ თვითონ დამიძახე ჯიბგირი. ესე იგი, თავის დაძვრენა გინდა და უკან მიგაქვს შენი სიტყვები? გაიფხორა ბენია ჩხიკვიშვილი.
_ კაცო, შენ შარზე ხომ არ ხარ? რა თავის დაძვრენაზე მელაპარაკები? გეუბნები, ვთქვი, დავწერე და თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდანაც გაგიმეორებ მომდევნო სხდომაზე.
_ ბუჩქებში მიძვრები ხომ, შე უტრაკო ინტილიღენტო?
ამ დროს ჩხიკვიშვილმა მუშტი უთავაზა შალვა ნუცუბიძეს თვალში და ხელი რევოლვ-ერზე გაიკრა. ჩხიკვიშვილი გააკავა სამსონ დადიანმა და ნიკოლოზ ელიავამ. ნუცუბიძემ ხელი სკამს სტაცა, რა დროსაც მას ხელი შეუშალა დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა და მისი ნასროლი სკამი ბენიას ასცდა.
შალვა ნუცუბიძეს ბენიას მუშტმა თვალი ჩაუსისხლიანა და წარბი გაუხეთქა. კონფლიქ-ტი ამით არ ამოწურულა. სამსონ დადიანმა ბენიას დაუყვირა,  ვინც ასეთ საქმეს იკა-დრებს, იგი არ არის ღირსი დეპუტატობისო. ამან კიდევ უფრო გადარია ჩხიკვიშვილი. რევოლვერზე კიდევ ერთხელ წაივლო ხელი და თან გაჰყვიროდა: ,,პუსტიტე მენია, ზასტრელიუ მერზავცა!'' მას არც სამსონ დადიანი ჩამორჩა, რომელიც გამშველებლებს მოუწოდებდა, გაუშვით ეგ ლაჩარი, გვესროლოსო! შემდეგ, როგორც ბენია ირწმუნებო-და, სამსონ დადიანმა ამ ყველაფერს რუსულად დედის გინებაც (,,ია მამუ ტვოიუ იბალ, სუკინ სინ!") დააყოლაო. სოციალ-ფედერალ-ისტები ამტკიცებდნენ, რომ ბენია ჩხიკვიშ-ვილმა შალვა ნუცუბიძეს ხელი არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ წინასწარი განზრახვით დაარტყა.
მეორე დღეს თბილისში გაიმართა სტუდენტთა ათასკაციანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს დამფუძნებელ კრებაზე შალვა ნუცუბიძის ფიზიკური შეურაცხყოფა. სტუდენტები გამოთქვამდნენ იმედს, რომ დამფუძნებელი კრება შეძლებდა იმ ლაქის ჩამორეცხვას, რომელიც მას უღირსმა დეპუტატმა მიაყენა. სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციამ კი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს წარუდგინა წინადადება ბენია ჩხიკვიშვილისთვის დეპუტატის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ფრაქციის წევრთა თქმით, ჩხიკვიშვილმა თავისი საქციელით დამფუძნებელი კრების ღირსებაც შელახა. სოციალ-ფედერალ-ისტთა გაზეთ ,,სახალხო საქმეში" დაიბეჭდა შალვა ნუცუბიძის მხარდამჭერი სტატიები და დეპეშები, სადაც დაგმობილი იყო დეპუტატ ბენია ჩხიკვიშვილის საქციელი.
4 თებერვალს, დამფუძნებელ კრებაზე გაიმართა მსჯელობა სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადების შესახებ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბენია ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევება. სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა კონსტანტინე (კოწია) გვარჯალაძემ განაცხადა, რომ ორ დეპუტატს შორის მომხდარი ინციდენტი არ შეიძლება გამხდარიყო კრების მსჯელობის საგანი. მან დაამატა, რომ ასეთი ამბები ბევრ ქვეყანაში ხდება და ამის გამო პარლამენტიდან არავინ გაუგდიათ. თვით ბენია ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ნუცუბიძეს გამომწვევი კილო ვერ ავიტანე და მას აფექტის მდგომარეობაში მყოფმა დავარტყიო. თან დაამატა, მოხარული ვიქნები, თუ ამ საკითხს დამფუძნებელი კრება გაარჩევს და იმის თქმის საშუალება მომეცემა, თუ როგორ უმართებულოდ ,,მიმიხდნენო". ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კრება ამ საკითხს არ გაარჩევდა, იგი თანახმა იყო, გაჰყოლოდა ნუცუბიძეს საჯარო სამედიატორო სასამართლოში ან კიდევ ოფიციალურ სასამართლოში.
საბოლოოდ, კრებამ კენჭი უყარა სამ წინადადებას: 1. საკითხის სრულიად მოხსნის შესახებ (სოციალ-დემოკრატების); 2. საკითხის დაუყოვნებლივ და არსებითად გარჩევის შესახებ (სოციალ-ფედერალისტების); 3. სპეციალური კომისიის არჩევის შესახებ (ეროვნულ-დემოკრატები).
ხმათა უმრავლესობით მიიღეს სოციალ-დემოკრატების წინადადება. პროტესტის ნიშნად ფედერალისტებმა დატოვეს კრება სამი სხდომით, ესერებმა და დაშნაკებმა კი თითო სხდომით.

მალე საბჭოთა რუსეთის არმიები შემოიჭრნენ საქართველოში და ჩხიკვიშვილისა და ნუცუბიძის ჩხუბი ყველას დაავიწყდა, თუმცა ახალგასაბჭოებულ საქართველოში, სადაც სოციალ-ფედერალისტთა ერთი ნაწილი თედო ღლონტისა და შალვა ნუცუბიძის მეთაურობით საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდა. შალვა ნუცუბიძეს პირდაპირ განუცხადეს სტუდენტებმა, რა შეცდომა დაუშვით, რომ თქვენი გულისთვის დემონსტრაციაზე გამოვედით, ბენია ჩხიკვიშვილმა რატომ მეორე თვალიც არ მოგთხარათო.

                                                                                                         დიმიტრი სილაქაძე
                                                                                     პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ისტორიანში, იანვარი 2014

No comments:

Post a Comment