Sunday 23 August 2015

ქალთა სწორუფლებიანობა

კატო მიქელაძე
ჩვენ დღეს ნათლად ვხედავთ, რომ თეორიულად აღიარებული სწორუფლებიანობა, პრაქტიკულ ნაბიჯის გადადგმის დროს, წინააღმდეგობას ეჯახება. მიუხედავათ ზღაპრული სიძვირისა და ყოველგვარი გასაჭირისა, ქალის შრომა ჩვენს სამშობლოში ძველებურად მიუღებელი რჩება. ქალთა საზოგადო საქმეში ჩაბმას არც ერთი ჩვენში არსებული პარტია ხელს არ უწყობს, რომლის გამოც მშიერ-ტიტველი ნაწილი ჩვენი
სქესისა ვერ უმკლავდება ცხოვრების გაჭირვებას და ისინი თეთრ მონათა წრეში სცვივიან. ქართველი ქალებით დღეს ვაჭრობენ ისე, როგორც არასოდეს.
ჩვენი სოციალისტები სხვადასხვა პარტიისა და ფრაქციისა, რომელნიც ამდენს სწერენ და ლაპარაკობენ მიწის მუნიციპალიზაციაზე, სოციალიზაციაზე, ფედერატიულ და კონფედერატიულ სახელმწიფოებრივ ფორმაზე და სხვა, კრინტსაც არა ძრავენ ხალხში ქალთა სწორუფლებიანობაზე, გარდა ლაკონური განცხადებისა: „განურჩევლად სქესისა“ და იმასაც არჩევნების დროს წამოისვრიან ხოლმე ამ ფრაზას თავიანთ გაზეთებში. ყველა ამ ფაქტების შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ: ვინ უნდა შეუდგეს ქალთა უფლებებისათვის შრომას და ბრძოლას თუ არა ისევ ქალები? ვინ უნდა მოიღოს თავის თავზე მოვალეობა სიბნელეში მყოფი დების გამოფხიზლებლად თუ არა ისევ შეგნებულმა მოწინავე ქალებმა? ვინ, რომელმა მომხრემ ქალთა ემასიპაციისამ, უნდა უარყოს ქალების მიერ თავიანთი ადამიანური უფლების აღდგენისათვის შრომა-მეცადინეობა? სხვისი იმედებისთვის უშენებია ციხე-დარბაზები, რომელ კლასს, რომელ პიროვნებას, რომ ქალებს სოციალისტ მამაკაცების იმედით აგვიშენდეს?!
ცხადია, ყოფილა საჭირო ქალთა კავშირი ქალთა უფლებების და ინტერესების დასაცველად; . . . სამოქალაქო და ოჯახურ ცხოვრებაში მამაკაცის პრივილეგია იმდენათ თვალსაჩინოა, რომ ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ზნედაცემულ ცხოვრებაში მამაკაცები თავისი ნებით შეელიონ ამ პრივილეგიას. მათი დღევანდელი ეგოიზმი ერთობ ძლიერია, რომ დაემორჩილოს ის ჰუმანურსა და რაციონალურს მოსაზრებას. და როცა ჩვენს სოციალისტებს პროფესიონალურ კავშირის სხვადასხვა ხელოვნებისა და მოსამსახურეთა საწინააღმდეგო არა აქვთ რა და ასეთი კავშირის არსებობას საერთო საქმიდან გამოსაყოფად არა სთვლიან, რათ აუთვალწუნებიათ ქალთა კავშირი ამ უდიდეს ისტორიულ მომენტში, თუ მათ ქალთა ორგანიზაციული ბრძოლით თავიანთი სქესის პრივილეგიის მოსპობა არ აწუხებთ?

ამ კავშირით ქალები ცალკე ქვეყანას ხომ არ ვაშენებთ, რომ მამაკაცებს სრულად გამოვეყოთ და მათი გაჭირვება და დალხინება არად მივიჩნიოთ? ჩვენ ჩვენი კავშირით ვგონებ ისევ მამაკაცებში ვცხოვრობთ, მხოლოდ იმ აზრით, რომ ჩვენი მათთან საერთო ცხოვრება უფრო სამართლიანათ და საკეთილოთ მოეწყოს.
კატო მიქელაძე

გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, N15,  1918 წლის 3 ივნისი

No comments:

Post a Comment