Sunday 30 August 2015

აწმყო და მომავალი

არჩილ ჯაჯანაშვილი
სახელმწიფოებრივი სააღმშენებლო მუშაობისთვის კეთილი სურვილი და კარგი პრნციპები არა კმარა. საჭიროა აგრეთვე პრაქტიკული გამოცდილება და, ამასთანავე, სათანადო ფსიქიკის შექმნა მმართველ წრეებში. მე რასაკვირველია ძალიან შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ეხლანდელ მთავრობას ვერ შეუძლიან შექმნას სახელმწიფოებრიობა ჩვენში მარტო იმიტომ, რომ იგი სოციალისტურია. ჩვენში არ მოიპოვება ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც უფლება ჰქონდეს თამამად თქვას:
მომზადებული ვარ სახელმწიფოებრივი და სააღმშენებლო მუშაობისთვის და ამიტომ მართვა-გამგეობა მე უნდა ჩამაბაროთო. ასეთი პრეტენზიები მხოლოდ ნაციონალ-დემოკრატებსა აქვთ და ისიც უმეტესწილად იმ მემარჯვენე ფრთას, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ ნაციონალ-დემოკრატებს გამოეყო.
 ქართველი ხალხი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად მოაზროვნე ელემენტი, ყოველთვის ოცნებობდა განთავისუფლებაზე, მაგრამ მას მაინც არასოდეს არ უმუშავნია სახელმწიფოებრივ სფეროში. თვითშემოქმედების ასპარეზად ქართველ საზოგადოებას ძალიან ხშირად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჰქონდა დარჩენილი და მისი საზოგადო კრებებიც საზოგადოებრივი ენერგიის სავარჯიშო ასპარეზად იყო ხოლმე გადაქცეული. იმნაირ ვიწრო ჩარჩოებში მოქცეულ ენერგიას როგორ უნდა ევარჯიშნა და როგორ უნდა მიეღო სათანადო და სახელმწიფოებრივი საქმისთვის გამოსადეგი გამოცდილება?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში არის ელემენტი, რომელსაც შეუძლიან სახელმწიფოს აშენება, ეს ისევ ის ელემენტია, რომელიც თავიდანვე პოლიტიკურად იბრძოდა უკეთეს პირობებისთვის და რომლის მოქმედებაც განუწყვეტელი დუღილი იყო, მისწრაფება პოლიტიკური ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ელემენტი იყო სოციალისტური და დემოკრატიული ელემენტი, რომელმაც თავისი ზურგით გამოიყვანა ხალხი საზოგადო და პოლიტიკური ცნობიერების გზაზე.
ჩვენ არც იმის თქმა შეგვიძლიან, თითქოს სარევოლუციო დემოკრატიამ ვერ მოახერხა იმ მძიმე ტვირთის ტარება, რომელიც ისტორიამ დააკისრა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი რამ მაინც მის ისტორიულ დამსახურებათ უნდა ჩაითვალოს. მან საქართველო გადაარჩინა ანარქისტულ რღვევა-ნგრევასა და ოსმალეთის შემოსევას. მან შეგვინარჩუნა დემოკრატიული წეს-წყობილება და მოგვცა საქართველოს დამოუკიდებლობა. ერთი ისტორიული რგოლის ის ბრწყინვალე დაგვირგვინების მეტს  ვერას მოვთხოვთ ერთს თაობას და ჩვენ ღრმადა ვართ დარწმუნებულნი, რომ შთამომავლობა ამითაც ძალიან ბედნიერი იქნება.
ძალიან ბევრი ნაკლი დაჰყვა ჩვენს დამოუკიდებლობას. ცხოვრება მოუწყობელია; სახელმწიფოებრივი აპარატი ყველგან ისე არ მუშაობს, როგორც გვინდა, მაგრამ ეს კიდევ იმას არა ნიშნავს, თიქთოს ჩვენი ცხოვრება ერთს წერტილზე იყოს გაყინული და ახლადშობილი, ფენიქსისებრ აღდგენილი საქართველო განახლების გზას არ ადგეს.
მაგრამ, თუ გვინდა ჩვენმა შრომამ უკეთესი ნაყოფი გამოიღოს, თუ გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა საბოლოოდ მტკიცე ნიადაგზე დადგეს, საჭიროა გადასინჯულ იქნას ჩვეულებანი, რომელნიც ძველი წეს-წყობილების ნგრევის დროს კარგები იყვნენ, სააღმშენებლო მუშაობისთვის კი ყოვლად გამოუსადეგარნი არიან. უპირველესად ყოვლისა, საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ჩვენთვის საჭირო განმტკიცება როგორც საგარეო მდგომარეობისა, ისე შინაური წეს-წყობილებისა. ვერც ერთი და ვერც მეორე მხრით ჩვენ ჩვენს თავს დამშვიდებულათა და უზრუნველყოფილად ვერ ჩავთვლით. თუ ეს ასეა, მაშინ ყოველივე ასეთი ზომა, რომელიც თავისი შინაგანი თვისებით ექსპერიმენტს წააგავს, თავიდან უნდა ავიცილოთ და უკვე ნაცადი საშუალებებით განვამტკიცოდ ჩვენი დამოუკიდებლობა,
ამ მხრით კი ჩვენს მთავრობას ხშირად წინ ეღობება ხოლმე არა იმდენად ობიექტური დაბრკოლება, რამდენადაც თავისი შინაგანი, სარევოლუციო ნგრევის პროცესში აღზრდილი ბუნება. ეხლანდელ მთავრობას ფესვები ისევ რევოლუციაში აქვს გამდგარი. მიჰმართავს იმავ მეთოდებს, რომლებსაც იგი მიჰმართავდა ძველი წეს-წყობილების დასანგრევად და ხშირად თითქოს ავიწყდება, რომ ძველი წეს-წყობილება აღარ არის, რომ ეხლა თვითონ არის ქვეყნის ბატონ-პატრონი.
ჩენ კი გვგონია, რომ დროა ამ ორმაგობას  სახელმწიფოებრივ შემოქმედებითს მუშაობას ბოლო მოეღოს. დროა პრაქტიკული მუშაობა მთავრობისა მხოლოდ ერთი სახელმწიფოებრივი სააღმშენებლო მიზნით განისაზღვროს და ჩამოშორდეს მას ყველაფერი ისეთი, რაც ახლანდელ პოლიტიკურ კონიუქტურაში უკვე ერთვარ ანაქრონიზმად უნდა ჩაითვალოს. შინაგან საქმეთა მინისტრ ბ-ნ ნოე რამიშვილს ეროვნული საბჭოს ტრიბუნიდან არაერთხელ უთქვამს, მთავრობის მიზანი არის და უნდა იყოს ნორმალური ცხოვრების დამყარებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ცხოვრებამ ერთი ფაზა უკვე განვლო, რევოლუციამ მოსპო ძველი წეს-წყობილება და ახლა უნდა დაიწყოს დადებითი, შემომედებითი მუშაობა, იმის განსამტკიცებლად, რაც რევოლუციამ გვიანდერძა. რევოლუციის ნაანდერძევის განაღდებას საქართველოს ეხლანდელნი მესვეურნი, რა თქმა უნდა,  ვერავის ანდობენ, თუნდაც იმ უბრალო მოსაზრებით, რომ მემკვიდრეობა, თვით ანდერძი არ გააბათილონ. მაგრამ ეს კიდევ იმას არა ნიშნავს, რომ თვით რევოლუციაში შობილმა მთავრობამ ანგარიში არ გაუწიოს შექმნილ მდგომარეობას და უპირველესად ყოვლისა, თვითონ არ გაინთავისუფლოს თავი რევოლუციის იმნაირი ანდერძისაგან, რომელიც სააღმშენებლო სახელმწიფოებრივ მუშაობას ხელს უშლის.
პირველი და უდიდესი ნაკლი ამ მხრით ის არის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი სააღმშენებლო მუშაობა კვლავ პარტიული დროშის ძლიერი გავლენის ქვეშ სწარმოებს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკმარისია გავიხსენოთ სოციალ დემოკრატებისა და სოციალისტ ფედერალისტების დამოკიდებულება საქართველოს უმაღლეს დაწესებულებაში - ეროვნულ საბჭოში და მთავრობაშიაც. ამ ორ პარტიას შორის თითქმის სრული კონტაქტი არსებობს, მაგრამ პროვინციაში სადაც კონტაქტი არანაკლებ არის საჭირო, ჩვენ კვლავ ვხედავთ ერთმანეთის გაუტანლობას. ადმინისტრაციაში გაბატონებულია ტენდენცია პარტიული დროშით სიარულისა. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ პარტიული აპარატი მიჩნეულია ხალხზე გაბატონების საშუალებად. ადმინისტრაციული აპარატი, როგორც როგორც ნაწილი სახელმწოფოებრივი მექანიზმისა, სრულად ნეიტრალური უნდა იყოს და პოლიტიკური ცხოვრების ქარ-ცეცხლი მას არ უნდა აქანებდეს აქეთ-იქეთ. იგი სახელმწიფოებრივი მთელის განუყოფელ ნაწილს უნდა შადგენდეს და პოლიტიკური ამინდი მასზე ისევე არ უნდა ახდენდეს გავლენას, როგორც თვით სახელმწიფოებრივ წეს-წყობილებაზე. დღევანდელ პირობებში კი, როდესაც ადმინისტრატორი პასუხს აგებს არა სახელმწიფოს, არამედ პარტიის წინაშე, როდესაც იგი ანგარიშს უწევს არა იმას, თუ რას ავალებს მას კანონი ან სახელმწიფოებრივი მოვალეობა, არამედ პარტია - ამისთანა პირობებში ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მტკიცე და ურყეველ მდგომარეობის შექმნას ადმინისტრაციისათვის.
. . . მეორე საკითხი, რომელსაც უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციოს მთავრობამ არის ჯარის საკითხი. აქაც მთავრობას ერთგვარი ორჭოფობა ემჩნევა და ეს ორჭოფობა გამოიხატება იმაში, რომ  ჩვენში სამხედრო ძალის ორი პარალელური ორგანიზაცია არსებობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა რუსეთსა და გერმანიის მიერ საკმარისი არ არის. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას რუსებზე. ჩენი დამოუკიდებლობა იცნო რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ, მაგრამ ეს არ გვაძლევს გარანტიას იმისას, რომ რომელიმე ძალა, რომელიც ბოლშევიკურ მთავრობას არ იცნობს და რომელიც დღეს აქტიურად ებრძვის მას, ერთ მშვენიერ დღეს არ გადმოლახავს ჩვენს საზღვრებს და ბრძოლას არ დაგვიწებს. ჯერჯერობით არც ის ვიცით, როგორ დასრულდება საქმე ოსმალეთთან. ამიტომ ყოვლად შეუძლებელია დამშვიდებულად ვგრძნობდეთ თავს, თუ საკმაოდ ძლიერი რეგულარი ჯარი არ შევქმენით და იგი არ დაუპირისპირეთ, იმათ, ვინც ხელის გამოწვდას მოინდომებს ჩვენკენ. რეგულარული ჯარის შექმნას კი  ხელს უშლის არა იმდენად ობიექტური პირობები, რამდენათაც თვით მთავრობის ყოყმანი და ორჭოფობა. ამ უკანასკნელ ხანებში გამართულმა კამათმა სრულიად მოულოდნელად თავი წამოაყოფინა ერთს სულიერ განყობილებას, რომელიც დღემდისაც არსებულა, მაგრამ ჩვენ კი არა გვცოდნია. ეს არის უნდობლობა რეგულარული ჯარისადმი. ეს ყოვლად მიუღებელი და ძირისგამომთხრელი სულიერი განწყობილებაა. თავიდანვე ასეთი თვალით დავუწყეთ ცქერა ჯარს, თუ შექმნის პროცესშივე თვით ჯარის ორგანიზატორებმა უნდობლობის თვალით დაუწყეს ცქერა თავისივე სამხედრო ძალას, - გარწმუნებთ ეს სრული პოლიტიკური გახრწნის საბაბად გადაიქცევა და სჯობიან ეხლავე სულ დავშალოთ ეს ჯარი და ყველა სახლში გავუშვათ.
მთავრობას არაერთხელ უთქვამს, რომ იგი მომხრეა რეგულარული ჯარის შექმნისა. თუ ეს ასეა მაშინ საიდან გაჩნდა უნდობლობის ნოტები? ზოგიერთი წრე შეაშინა ჯარის იმ შემადგენლობამ, რომელიც პარტიული ზეგავლენის გარეშე დგას. ჯარი თავისი შემადგენლობით ჭრელია, ორგანიზაციული სახით კი ნეიტრალური. მისი ბუნება პარტიულ ზეგავლენას და დირექტივებს ვერ ემორჩილება. იგი თავისი თავის შინაგანი თვისებით სახელმწიფოებრივი დისციპლინის მატარებელია. მას ძალიან კარგად ესმის ბრძანება კანონისა და პასუხისმგებლობა კანონის წინაშე. მაგრამ  მან არ იცის რას ნიშნავს პარტიული დიერექტივები. აი, ჯარის სწორედ ამან დააფრთხო ჩვენი საზოგადოების ის წრეები, რომლებშიც ფიქრობენ, რომ რაც პარტიული არ არის, არც სახელმწიფოებრივია, მაშასადამე სახიფათო.
სახელმწიფოებრივი შემოქმედების სხვა დარგებიც რომ გავსინჯოთ, ასეთს სურათს წავაწყდებით. დავინახავთ, რომ ყველგან წითელი ზოლივით გადის ორმაგი სულიერი განწყობილება. ერთი და იგივე მთავრობა თავის წიაღში ატარებს ორ არსებას, ერთ მათგანს წარსულ პარტიულ ცხოვრებაში აქვს გამდგარი ფესვები, მეორეს ჰსურს შეჰქმნას სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს ნეიტრალურ აპარატის შექმნას.
. . . საქართველოს მომავალი სავსებით იმაზეა დამოკიდებული მოვახერხებთ თუ არა მტკიცე სახელმწიფოებრივი აპარატის შექმნას. აპარატი ისეთი უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ პარტიის ან ჯგუფის დასუსტებათვით სახელმწიფოებრივი აპარატის დასუსტებაც არ მოჰყვეს. ეს უკანასკნელი გამძლე და მტკიცე უნდა იყოს, რომ ყოველნაირ ქარტეხილს გაუძლოს. თუ ასეთი მტკიცე სახელმწიფოებრივი აპარატი არ შევქმენით, ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში იქნება გამოკიდული და ადვილადაც დავკარგავთ იმას, რაც ესოდენის ბრძოლითა და წვალებით მივიღეთ.

არჩილ ჯაჯანაშვილი


გაზ. „სახალხო საქმე, N349, 1918 წლის 4 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment