Saturday, 12 March 2016

საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) სხდომის გახსნა 1919 წლის 12 მარტს

1919 წლის 12 მარტს, 12:19 წუთზე სასახლის თეთრ დარბაზში, დამსწრე დეპუტატებიდან უხუცესმა - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მამამთავარმა სილიბისტრო ჯიბლაძემ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გახსნა:
"ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია.

ჩემმა ხნოვანებამ წილად მარგუნა ამ დიადი, ამ ორმაგი დღესასწაულისა.
ბატონებო, დიდო ბატონებო!
დამფუძნებელ კრების წევრნო! უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგიძღვნათ ჩემი გულწრფელი, გულის სიღრმიდან ამოღებული სალამი!
ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ეს დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულწლოვანობისა!
ნება მომეცით დიდის მოკრძალებით მივესალმო და დაბლა თავი დავუკრა უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს (ტაში).
სალამი დიდს ბრიტანეთს (ტაში; დეპუტატები ფეხზე ადგომით მიესალმებიან ბრიტანიის წარმომადგენლებს) ამ აკვანს დემოკრატიისას (ტაში).
ნება მიბოძეთ მივესალმო საფრანგეთს, სამშობლოს რევოლიუციისას (ტაში და ოვაცია).
ნება მიბოძეთ მივესალმო ამერიკის ბუმბერაზ, შეერთებულ შტატებს, სიმბოლოს თავისუფლებისას (მხურვალე ტაში და ოვაცია).
პატარა შვეიცარიას, (ტაში და ოვაცია) ამ ყოველი დევნილთა მფარველს.
მე მწამს და მჯერა, რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურულ სახელმწიფოებისა, მოჰფენს თავის ძლევა მოსილ სხივს ჩვენნაირსა და პატარა რესპუბლიკასაც.
გაუმარჯოს რუსეთის ყველა ერებს, რომლებიც განთავისუფლდნენ თვითმპყრობელი მეფის ბრჭყალებისაგან (ტაში).
მივესალმები ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებს, დერბეიჯანს (ტაში), სომხეთს (ტაში) და მთიელთა რესპუბლიკას (ტაში). მივესალმები პოლონეთის ახალ რესპუბლიკის წარმომადგენლებს (ტაში), წარმომადგენლებს ლიტვისა და უკრაინისა (ტაში), მივესალმები საბერძნეთს, ისპანიას, ნორვეგიას და გოლანდიას (ტაში).
ახლა ნება მიბოძეთ მხურვალე სალამი მიუძღვნა ჩვენს მთავრობას და მის ბელადს , . ჟორდანიას (მხურვალე ტაში). მათ ღირსეულათ ატარეს მძიმე ქუდი მონომახისა, რომელიც მათდა უნებურათ დაახურა მათ უჩვეულო მომენტმა.
ვაშა, ვაშა, თქვენს გამჭრიახობას და საქმიანობასა.
ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ნება მიბოძეთ კვლავ თქვენ მოგესალმოთ! კეთილი იყოს თქვენი ფეხის შემოდგომა ამ თეთრ დარბაზში, სადაც ვინ იცის, რამდენი შავი საქმენი გაკეთებულა! ბედნიერი იყოს თქვენი აქ დაბინავება, აქ ამ თქვენ სახლში, რომლსაც სხვები ჰპატორნობდნენ, რომელშიაც ხალხის მტრები ხალხის ხარჯზე ქეიფობდნენ და დროს ატარებდნენ, ხალხის ბორკილებს სჭედნენ და ამაგრებდნენ.
კურთხეულ იყოს საფუძველი იმ ახალ სახელმწიფოებრივი შენობისა, რომლის ასაგებათ თქვენ ბრძანდებით მოწოდებული.
მეტად სერიოზული მომენტში დაგაკისრათ თქვენ დროთა ბრუნვამ ეს თქვენი მძიმე მოვალეობა. ჩვენ მოწამენი ვართ, ბატონებო, ისეთ ამბების, მოძრაობის, ცვალებადობისა, რომლის მსგავსი ასეთი ფართო მასშტაბით არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას. მოძრაობა - ცვალებადობა სულია ცხოვრებისა, მაგრამ ეს ყველასათვის გასაგები ჭეშმარიტება, წინათ თვით უდიდესი მეცნიერებისთვისაც წარმოუდგენელი და მიუწვდომელი საიდუმლოება იყო. ფილოსოფოს არისტოტელეს ვერც კი წარმოედგინა სახელმწიფოებრივი ცხოვრება გარეშე მონობის ინსტიტუტისა. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ პროცესი განვითარებისა, მოძრაობისა მეტის-მეტად ნელი ნაბიჯით მიდიოდა. დღეს სხვა სურათი იშლება ჩვენს თვალწინ. დღეს ისტორია თითქოს გამოერკვა სარათას ძილიდან, გამოიფშვნიტა თვალები და პირველათ იხილა თავისი ცოდვები: ის საშინელი, გულშემზარავი სიზანტით და ზმორვით ჩოჩავს და ხოხავს. მან თითქოს იგრძნო მთელი სიმძიმე ამ ცოდვების და აი ტავისი წარსულის ასანაზღაურებლათ აუშვა თავისი დაბმული მალი მერანი. ჩვენ ვხედავთ, რა თავ-ბურ დამსხმელი სისწრაფით მიეჩრარება წინ ეს მერანი, და ჩვენ ვხედავთ, რა საშინელ რყევას და ნგრევას იწვევს არე-მარეში ეს მოძრაობა. ინგრევა სახელმწიფოები, ისპობა, თუმცა დრო-მოჭმული, მაგრამ, ჯერ კიდევ ძლევა მოსილი წოდებები, ნაფოტივით იმსხვრევა ტახტები ღვთის მიერ მირონცხებულთა, რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყნიერებას. ერთი სიტყვით ცხოვრება ვეღარ ეტევა თავის ტანში, გაფაციცებით კანს იცვლის განახლების-გადახალისების გზაზე დგება. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი კვანძი ისკვნება.
სილიბისტრო (სილვა) ჯიბლაძე
თავსი თავად ისმება საკითხი, რა დავკარგეთ ჩვენ და რა შევიძინეთ, ჩვენ ამ საერთაშორისო ორომტრიალში. პასუხი მოკლეა: დავკარგეთ ის, რის დაკარგვა და დამარხვა ყოველთვის შეადგენდა ჩვენი დემოკრატიის საოცნებო საგანს, მის პირველ იდეალს, წყევლა-კრულვით გადავუშვით მეფის თვითმპყრობელობა იმ უფსკრულში, რომლის პირამდის მიიყვანა მან მრავალ-ტანჯული და წამებული მშრომელი ხალხი. აი, ბატონებო, სიდიადე თებერვლის და მარტის რევოლუციისა.
ბედნიერი არის ეს ახალი თაობა, რომელმაც მხოლოთ იხილა დამარხვა, მაგრამ თავსი ნორჩ სხეულზე არ უგრძვნია საშნელი ბრჭყალები ორთავიან არწივის რეჟიმისა. მაგრამ, ეს ცოტაა, ეს არ კმარა. არ კმარა მარტო დანგრევა ძველსა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალ, მტკიცე საძირკველის დაფუძნება. და აი აქედანწარმოდგება ჩვენი მეორე იდეალი: სრულ-უფლებიანი დამფუძნებელი ყრილობა.
დამფუძნებელი ყრილობა - ეს გვირგვინია რევოლიუციისა, მის მონაპოვართა განმტკიცებისა. მთელი 9 თვე ატარა რუსეთის დემოკრატიამ იდეა ამ ყრილობისა, ბოლოს დიდი ვაივაგლახით და ტანჯვითწარმოშვა მან ეს ყრილობა. მაგრამ, აქვე გამოაშკარავდა სისუსტე ამ დემოკრატიისა. მან ვერ შესძლო მისი მოვლა და პატრონობა, და აი ერთი ცხოველისა არ იყოს - დაბადებისთანავე შთანთქა მშობელმა თავისი შობილი. ოქტომბრის გადატრიალებამ გადაუშვა ანარქიის მორევში დიდი გემი დიდი რევოლიუციისა.
ლოცვა-კურთხევით მოიგონებს მომავალი თაობა, მადლიერი ჩვენს დემოკრატიასა და მის მთავრობასმ რომელმაც ერთად ერთმა არ დაჰკარგა გონება, არ მიეცა სასოწარკვეთლებას - ამ საერთო განცდის დროს. მხოლოდ ამ დემოკრატიამ გადაარჩინა ჩვენი პატარა ნავი, მწარე ხვედრს დიდი რევოლიუციის, დიდი გემისა, რომელზედაც მთელი 100 წლის მანძილზე მიკრული იყო მაგარი ჯაჭვით. მხოლოთ მან ერთმა ააცილა ეს ნავი ათასგვარ დაბრკოლებას და კლდეებს, ანარქიის უძირო ზღვაში ამოზიდულთ და მოიყვანა აქ, ამ სამშვიდობოში, ამ დიად და ძვირფას განძით, დამფუძნებელ კრებით. ცხადია, ეს დიდი საქმე არის შედეგი არა უბრალო, ბრმა და ბედნიერი შემთხვევის, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, არამედ ჩვენი დემოკრატიის იმ სწორი პოლიტიკური სიბრძნე-სიმწიფისა, რაზედაც ეს ეს იყო მოგასხენებდით. არ არის დარგი ისეთი რთული და საიდუმლოებით მოცული, როგორც პოლიტიკა და ვაი იმ ხალხს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ შესწევს გამჭრიახობა ჩაიხედონ ამ საიდუმლოების სიღრმეში და გაიკვლიონ გზა ამ იშვიათ ხელოვნების ბნელ ლაბირინტში. თვიტეული ნაბიჯი მრუდეთ გადადგმული ამ სფეროში, შეიძლება გახდეს საბედისწერო ნაბიჯად მთელი ხალხისათვის.
აბა რა ხეირი დააყარეს, ბატონებო, თავიანთ ხალხს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მხოლოდ სხვა ხალხის დაღუპვაზე, სხვის უბედურებაზე პცნებობენ. მეორე ცოცხალი მაგალითი, რას ფიქრობენ და რას ცდილობენ ჩვენი ფეხ-მარდი კომუნისტ-ბოლშევიკები? მთელ ქვეყნიერებაზე და არა მარტო რუსეთის ცხოვრებაში, სოციალიზმის ხელატ განხორციელებაზე და ერთი მუჭა წითელ არმიელების ხიშტებით ვეებერთელა რუსეთის გლეხთა ამ უმაღლეს სოციალურ სამეფოში გადატყორცნას.
სულ სხვა გზა აირჩია ჩვენმა დემოკრატიამ. კაცი-ჭამიაობას და მეზობელთა მძულვარებას მან დაუპირისპირა ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპი ერთა სოლიდარობისა და კეთილგანწყობილებისა. კომუნისტთა დამღუპველ ექსპერიმენტებს წინ დახედულობა და შორსმჭვრეტელობა. ჩვენი სურვილი იყო რუსეთის დემოკრატიასთან ერთად ბრძოლა ჭირსა და ლხინში მასთან ყოფნა, მასთან სიცოცხლე, მაგრამ მწარე სინამდვილემ გვიმტყუნა, და გაგვიცრუა ეს იმედები. ანარქიის ტალღებმა მოგვწყვიტა მას და ობლათ გაგვრიყა და როცა ჩვენ ანგარიში გაუწიეთ სინამდვილეს, მაგრათ შემოვიბარეთ, შემოვიბეკნეთ პირველად მთელ ამიერკავკასიის და შემდეგ ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში, ჩვენმა "კეთილის მოსურნეებმა" დაიწუნეს და დაგმეს ეს ჩვენი ტაქტიკა. შემდეგ როცა ჩვენი და ჩვენი განმარტოებულ რესპუბლიკის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ დაისვა კითხვა ჩვენი ფიზიკური ყოფნა არ ყოფნისა და როცა ჩვენ არ ყოფნას ყოფნა ვარჩიეთ და კარზედ მოსულ განსაცდელს თავი დავახწიეთ, ეს იმავე ჩვენმა "კეთილის მსურველებმა" არამც თუ დაგვიწუნეს, არამედ პირდაპირ, დამალულად დემოკრატიულ პრინციპის ღალატად ჩამოგვართვეს და ასტეხეს საშინელი განგაში: - ქვეყანა იქცევა, ჩვენ თან მივყვებით, თქვენ კი რაღაც საკუთარ არსებობაზე ფოჩხიობთო.
ასეთია ბატონებო, ბუნება ბუშმენთა მორალისა: როდესაც ამოშიშვლებული ხმლებით თავს გესხმიან, კარგ საქმეს შვრებიან! როცა თავს იცავთ ვერაგულ თავდასხმიდგან ეს - ცუდზე უცუდესია! დავუტოვოთ ბუშმენებს მათი ბუშმენური მორალი და გავსწიოთ წინ, იმ ჩვენი გზით, სოწრი გზით, რომელმაც არა ერთხელ გამოგვიყვანა გამოუსვლელი ჩიხიდგან, რომელმაც შეგვინარჩუნა ძვირფასი მონაპოვარი რევოლიუციისა.
ბატონებო, დღეს ამ რევოლიუციის, რუსეთის რევოლიუციის 2 წლისთავია. ჩვენი დემოკრატია, მადლიერი დემოკრატია არ დაივიწყებს დიდ ამაგს რუსეთის დემოკრატიისას. მუხლის მოდრეკით მოვიხსენიებთ ამ დემოჯრატიის გმირებს, რომელთაც თავი დასდვეს საკაცობრიო სამსხვერპლოზე. 2 წელიწადია რაც მოპოვებულ ჩვენს თავსიუფლებას ემუქრებიან ყოველ მხრიდან კოზღვავებული მტრები. სახელი და დიდება ჩვენ ხალხის რჩეულ შვილებს - სახალხო გვარდია და ახალგაზრდა ჯარს, რომელთაც თვისი თავდადებული მამაცობით შეინარჩუნეს, დაიცვეს შეგვინახეს და ჩაგაბარეს თქვენ ეს თავსიუფლება (ტაში). აწი ბატონებო თქვენს ხელთ არის ბედი, ჩვენ ქარცეცხლში გამოტარებული ავლა-დიდებისა. ვერ ვიტყვით, რომ სრულიად უზრუნველი, დაზღვეული იყოს ეს თავისუფლება მოსალოდნელ საშიშროებისაგან, ვინაიდან არ სჩანს დასასრული იმ ქაოსისა, რომლის ალში ჩააგდო მთელი განათლებული კაცობრიობა საშინელმა მსოფლიო ომმა, მაგრამ ერთი რამკი შეიძლება აქ ითქვას გადაჭრით: ხალხი, რომელმაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინულის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოებულ თავისუფლებას. მაშ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავსიუფალ დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას! ერთხელ კიდევ გიძღვნით ჩემს გულწრფელ სალამს და კიდევ გისურვებთ წარმატებას და თავსიუფალ მუშაობას (ხანგრძლივი ტაში)!

No comments:

Post a Comment