Thursday 9 November 2017

რუსული კავალერია თბილისთან 1921 წლის 24-25 თებერვალს




რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ყველაზე დრამატულ მომენტში 24 თებერვლის საღამოს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი შენაერთები ქართული არმიის დაუცველ ფლანგებს გარს უვლიდნენ და დედაქალაქის დამცველ ძალებს ალყაში აქცევდნენ. საინტერესოა ამ ცხენოსანი შენაერთების პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაგება, საფრთხის რეალურობის განსასაზღვრად. გვარდიის იმერეთის მეორე ათასეულის მეთაური აკაკი კვიტაიშვილი წერდა , რომ ,,კუროჩკინის" დივიზია სინამდვილეში მხოლოდ ერთ ბრიგადას წარმოადგენდა და ეს ბრიგადა სულ 700-800 ,,ჯახრიკა" ცხენებზე შემჯდარი ცხენოსნებისაგან შედგებოდა და ეს ძალა გარს უვლიდა ქართველთა თავდაცვის მარცხენა ფლანგს, ხოლო მარჯვენა ფლანგს კი 1200-მდე ცხენოსანი. კვიტაიშვილის ამ მონაცემში რამდენიმე შეცდომაა, კუროჩკინი სინამდვილეში იყო მე-18 ცხენოსანი დივიზიის მეთაური კურიშკო, რომელიც ქართველებმა 17 თებერვალს მოკლეს  და მისი დივიზია თბილისთან არა ერთი არამედ, ორი ცხენოსანი ბრიგადით  იყო წარმოდგენილი. თბილისის თავდაცვის მარცხენა ფლანგისათვის ასევე უნდა შემოევლო მეორე მე-12 ცხენოსან დივიზიის ორ ბრიგადას. რაც შეეხება ქართველთა თავდაცვის მარჯვენა ფლანგს, ამ ფლანგის გარსშემოვლა ევალებოდა  მე-20 მსროლელი დივიზიის საკვალერიო პოლკს და სომხური წითელი არმიის ცხენოსან ბრიგადას. ცალკე შენაერთების ჩამოთვლა დაზუსტებულ პასუხს არ გვაძლევს ამ ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ. 

  რუსეთის სამოქალაქო ომის სხვადასხვა პერიოდში ცხენოსანი დივიზიების პირადი შემადგენლობა შტატი 7652-9499 კაცამდე მერყეობდა, თუმცა როგორც წესი მათი კომპლექტაცია სრული არ იყო და რეალურად ამ დივიზიების შემადგენლობა სხვადასხვა პერიოდსა და ფრონტზე 3000-8000 კაცამდე მერყეობდა. ცხენოსან დივიზიაში შედიოდა 3 ცხენოსანი ბრიგადა თითოეულში ორ-ორი პოლკით, ხოლო პოლკი შედგებოდა 4 ესკადრონისაგან. დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა ცხენოსანი საარტილერიო დივიზიონი (4 ბატარეა). დივიზიის მმართველობა (  დივიზიის მეთაური, კომისარი, დივიზიის შტაბი, პოლიტგანყოფილება, მომარაგების განყოფილება, სანიტარული და სამედიცინო ნაწილი);  ტექნიკური ესკადრონი (ტელეგრაფ-ტელეფონისტთა შენაერთი, ამფეთქებელი ოცეული, მოტოციკლისტთა ოცეული, რადიო-ცხენოსანთა შენაერთი). 
 ზუსტი მონაცემი თუ რამდენი მებრძოლი ირიცხებოდა 1921 წლის თებერვლაში მე-12 და მე-18 ცხენოსან დივიზიებში არ გვაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც შეიძლება მიახლოებით განისაზღვროს ამ შენაერთთა პირადი შემადგენლობა. 1920 წლის 15 ოქტომბრისათვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდგარ მე-12 ცხენოსან დივიზიის მებრძოლთა შემადგენლობა 2345 კაცისაგან, ხოლო ზურგის ნაწილებით სულ პირადი შემადგენლობა 4338 კაცისგან შედგებოდა. მათ განკარგულებაში იყო 12 ქვემეხი და 24 ტყვიაფრქვევი. მე-18 დივიზიის მებრძოლთა შემადგენლობა კი იმავე პერიოდათვის 2446 მებრძოლის, ხოლო ზურგის ნაწილების ჩათვლით კი 4622 კაცისაგან შედგებოდა. მათ განკარგულებაში იყო 11 ქვემეხი და 57 ტყვიამფრქვევი. უნდა ვივარაუდოთ, რომ არასაომარ ვითარებაში მყოფი ამ დივიზიების პირადი შემადგენლობა როგორც მინიმუმ მეტი ვერ იქნებოდა, 1921 წელს ომის პირობებში საქართველოში შემოსულ ამ დივიზიების პირადი შემადგენლობისაგან . ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 1921 წლის იანვარში საქართველოში შემოჭრამდე მე-12 ცხენოანი დივიზიის მხოლოდ ერთ ცხენოსან პოლკში 416 კავალერისტი მსახურობდა.  ჩვენთვის ცნობილია, რომ 1921 წელს საქართველოში შემოვიდა ამ ცხენოსანი დივიზიების ცხენოსანი ბრიგადების 2/3 , ასევე სამეთაურო შემადგენლობა, საარტილერიო ნაწილი და სხვა შენაერთები, ანუ მთლიანობაში ამ ცხენოსანი დივიზიების პირადი შემადგენლობის 2/3-ზე მეტი. ჩვენ თუ ზურგის ნაწილების გამოკლებით  მხოლოდ საბრძოლო შემადგენლობას ავიღებთ ორიენტირად, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ თითოეული ცხენოსანი დივიზია თბილისთან მინიმუმ 1600-1800 კაცისაგან შედგებოდა. რადგანაც ამ შენაერთებს 24 თებერვლის ჩათვლით ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი არ ქონიათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველთა თავდაცვის მარჯვენა ფლანგის შემოვლას 3000-3500-მდე რუსი ჯარისკაცი აპირებდა 25 თებერვალს. რაც შეეხება თბილისის თავდაცვის მარჯვენა ფლანგს, როგორც ზემოთ ვთქვით ამ მხარეს მოქმედებდა სომხური ცხენოსანი ბრიგადა და მე-20 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი. ზუსტად არის ცნობილი, რომ სომხური ცხენოსანი ბრიგადა 900 კაცისგან შედგებოდა, ხოლო მე-20 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკის პირადი შემადგენლობა 668 კავალერისტისაგან . ორივე შენაერთი 24 თებერვლის საღამომდე ქართველებთან მძიმე ბრძოლებში იყო ჩაბმული, ამიტომ მათ განსხვავებით მე-12 და მე-18 ცხენოსანი დივიზიებისაგან საკმაო დანაკლისი ექნებოდათ, თუმცა 1568 კაციდან მინიმუმ 1000 მაინც იქნებოდა მწყობრში 25 თებერვლის დილისათვის. მთლიანობაში, რომ შევაჯამოთ 25 თებერვლისათვის ქართველთა ზურგში გადიოდა 4000-4500 კავალერისტი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, იმ პირობებში როდესაც ქართული კავალერია მოწინააღმდეგისას მინიმუმ 8-9-ჯერ ჩამოუვარდებოდა რაოდენობაში და ქართველთა ფლანგები თითქმის დაუცველი იყო. 


დიმიტრი სილაქაძე







No comments:

Post a Comment