Monday 28 May 2018

ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ




... როგორის წარმოდგენის არ უნდა ვიყოთ ჩვენ ჩვენის თავისუფლების ხანაზე, როგორის კრიტიკით არ უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რასაც ადგილი ჰქონდა ამ ხანაში, იგი ყოველ შემთხვევაში, თვალსაჩინო ადგილს დაიჭერს საქართველოს საერთო ისტორიაში. ჩვენ გვახსოვს მარტო ნაკლი და შეცდომები და დადებით მხარეებს არ ვეძებთ და არც ვიხსენიებთ. ჯერ ერთი, მარტო ის რად ღირს, რომ ყველა ქართველი მოდგმის ხალხები, ქართლელები, კახელები, იმერლები, მეგრელები, აფხაზები, გურულები, აჭარლები, სვანები და ინგილოები მჭიდროდ გაერთიანებულ ერად გამოვიდნენ მსოფლიო ასპარეზე. ასეთ გაერთიანებას მე-XIII საუკუნის შემდეგ ადგილი არ ჰქონია ქართულ ისტორიაში. მართალია, მონგოლების მიერ ორად და სამად გაყოფილი საქართველო გაერთიანდა გიორგი ბრწყინვალის დროს მე-XIV საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ ეს გაერთიანება ხანმოკლე იყო. შემდეგ, მე-XV საუკუნიდან საქართველო სამეფოებად და სამთავროებად დაყოფილი უფრო ხშირად ერთიერთმანეთში აწარმოებდა ომებს, ვიდრე გარეშე მტრებთან. ამ მხრით ჩვენი ინტელიგენციის და ნიჭიერ მოღვაწეთა თავგანწირულმა მუშაობამ მე-XIX საუკუნის მეორე ნახევრისა თავის მიზანს მიაღწია, ერი შეაკოწიწა, ეროვნული მეობა შეაგნებია და ერთობა დაამყარა. არავითარ სეპარატიულ ლტოლვას ქართველ ტომთა შორის ჩვენი თავისუფლების დროს ადგილი არ ჰქონიდა, თუ სახეში არ მივიღებთ ორიოდე მოსყიდული აბხაზის ცდას, რომელიც უშედეგოდ დარჩა. ხალხი მათ არ გაჰყვა. საერთო აშლილობის და ანარქიის დროს საქართველოს ეჭირა ხელში ინიციატივა და ხელმძღვანელობა კავკასიის ერებისა. მან უმსხვერპლოდ მოიგერია რუსთა დაშლილი ფრონტის გახულიგანებული და გობოროტებული ჯარების ტალღა, რომელიც მთელ ამიერკავკასიას წალეკვას და გაპარტახებას უქადდა. საქართველო იყო მოთავე კავკასიის ერების ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად შექმნისა და ამიერ კავკასიის სეიმის მოწყობისა და, თუ ამ ცდამ ნაყოფი არ მოიტანა და გაერთიანება არ მოხდა, ამის მიზეზი ჩვენი მეზობლების პოლიტიკურად მოუმზადებლობა და შეუგნებლობა იყო. როდესაც ამიერ   კავკასიაში სამი რესპუბლიკა დაარსდა და de facto სამივე ცნობილი იყო, მაგრამ მათში მარტო საქართველომ შეძლო, რომ ანტანტას ის de iure-თაც ეცნო. ეს არ ღირსებია არც ერთს ჩვენს მეზობლებს. საქართველოს სუვერენობა არა თუ მარტო ევროპის სახელმწიფოებმა ცნეს, ის იცნო აგრეთვე რუსეთმაც და სპეციალური ხელშეკრულებით საჯაროდ აღიარა მისი სუვერენობა არსებულს საზღვრებში. არც ერთი სხვა კავკასიის სახელმწიფო რუსეთს არ უცნია დამოუკიდებლად. მართალია, მან შემდეგ ვერაგულად თავს გაგვესხა და მოსპო ჩვენი თავისუფლება, მაგრამ იგი დღესაც ვერ ბედავს თქმას, საქართველო ძალით დავიპყარიო, არამედ თვით ხალხმა მოგვიწყვიაო. იურიდიულად ის ხელშეკრულობა ძალაში რჩება, მოვა დრო, საქართველო ეტყვის საბჭოთა რუსეთს, მიბრძანდიო და ხელშეკრულობა ძალაში დარჩება. სამი წლის განმავლობაში საქართველომ საკმაოდ გააცნო თავის თავი მთელს დედამიწის კაცობრიობას. მან დაპყრობის შემდეგაც შეინარჩუნა თავისი ელჩი და საელჩო მსოფლიოს ცენტრში პარიზში თოთხმეტის წლის განმავლობაში. ეს პირველი მაგალითი იყო საქართველოს ისტორიაში. წინეთ საქართველოს მეფეებიც ახერხებდენ ელჩების გაგზავნას სხვა და სხვა ევროპის სახელმწიფოებში, მაგრამ ხანგრძლივად ისინი არსად არ დარჩენილან. თეიმურაზ პირველის ელჩმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა, კათოლიკობაში ირბახად წოდებულმა, ინახულა ისპანიის მეფე და სხვა ევროპის სახელმწიფოს მეფენი და გამგენი, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მარტო რომში დარჩა პაპასთან (ერთი წელიწადი). ეს იყო მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ვახტანგ VI მიერ იყო გაგზავნილი საბა-სულხან-ორბელიანი საფრანგეთის კაროლთან ლიუდოვიკ XIV-სთან. საბა დიდის ამბით მიიღეს ვერსალში ორხელ, ლიუდოვიკი დაჰპირდა დახმარებას, მაგრამ დაპირება უშედეგოდ დარჩა. ჩვენი თავისუფლება მართალია ხანმოკლე იყო, მაგრამ ამ მოკლე დროშიც ბევრი თვალსაჩინო საქმეები გაკეთდა. ჩვენმა სამღვდელოებამ დაიბრუნა ავტოკეფალია, შევძელით დაგვეარსებია ქართული უნივერსიტეტი და ჯეროვანად მოგვეწყო მასში უმაღლესი განათლება. დაარსდა აუარებელი გიმნაზიები და სხვა სკოლები და სწავლის მიღების საქმე მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა, დაარსდა სენატი და მოეწყო სახალხო სუდი და სხვა. მე აღარ გავაგრძელებ სხვა თვალსაჩინო საქმეების აღნუსხვას, ვიტყვი მხოლოდ, რომ წარმატება აშკარა იყო და რომ უხეშ ძალას ანექსია არ მოეხდინა, საქართველო დღეს ერთი სამაგალითო პატარა სახელმწიფო იქნებოდა. 
 ექვთიმე თაყაიშვილი
ლევილი, 24 მაისი, 1934 წელი.

No comments:

Post a Comment