Tuesday 28 July 2015

ვარლამ ჩერქეზიშვილი

ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846 თოხლიაური-1925 ლონდონი), მსოფლიოში ჩერქეზოვად ცნობილი. თავისი დროის მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც არც ერთი დღე არ უღვაწია საქართველოში, როგორც ანარქისტს. ადრევე გაასახლეს ციმბირში, საიდანაც გაიქცა ევროპაში. საოცრად მოქნილი, ფართო სანაცნობო წრეების კაცი, რომელიც თავის ნაცნობობას საქართველოს ახმარდა.
ჯერ კიდევ 1875-1876 წლების სვანეთის აჯანყებისას წერდა ანტირუსულ წერილებს ევროპულ პრესაში. 1906 წელს, გურიაში დარბევების შემდეგ, ბრიტანელი ჟურნალისტები ჩამოიყვანა საქართველოში. სტატიები დაბეჭდა ჩიკაგო დეილი ტრიბუნშიც. 1904 წელს მონაწილეობდა პირველი ქართული პარტიის (სოციალისტ-ფედერალისტები) დაფუძნებაში. კაცი ანარქისტი და კიდევ უფრო მეტად ნაციონალისტი, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. როგორ ახერხებდა ორბუნებად ცხოვრებას ძნელი სათქმელია... ლონდონში დაარსა საქართველოს მხარდამჭერთა კომიტეტი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, მისი და ქართველი ხალხის ძველი მეგობრის - ოლივერ უორდროპის დახმარებით 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას წარუდგინა „ქართველი ხალხის პეტიცია“, სადაც გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, რუსიფიკაციასა და რეპრესიებში ადანაშაულებდა რუსეთს. იმავე ტრაქტატის საფუძველზე მოითხოვდა საქართველოს განთავისუფლებას. აღნიშნული მოვლენით კმაყოფილი კი ამბობდა: "ასი წლის შემდეგ, პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა".

ევროპაში, როგორც ანარქისტი, მარქსისტებს ებრძოდა. დაწერა ნაშრომები, სადაც მარქსი პლაგიატობაში დაადანაშაულა. თუმცა, ეროვნულ ინტერესთა გათვალისწინებით, ის დიდად ეხმარებოდა, საერთაშორისო ასპარეზზე, დამოუკიდებელი საქართველოს მარქსისტულ მთავრობას.

ანარქისტები პარლამენტსა და სახელმწიფო დაწესებულებებს არ ვცნობთო, უარი განაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში შესვლაზე. 1919 წლიდან პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წევრი იყო, თუმცა აქაც უარი განაცხადა ოფიციალურ დელეგატობაზე, იმავე მოსაზრებით. ეს საკითხის ფორმალური მხარე იყო, სინამდვილეში ვარლამი ქართული დელეგაციის ყველა სხდომას ესწრებოდა და კატონისებური დაჟინებით მოითხოვდა გამარჯვებული სახელმწიფოებისთვის (ანტანტისთვის) გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე მოეთხოვათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. მისი დაჟინება კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად გამწესებულ ოლივერ უორდროპსაც გადაედო, ხოლო უორდროპის მოხსენებებმა ბრიტანეთის საგარეო მინისტრ კერზონზე იმოქმედა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტისთვის 1919 წლის 24 დეკემბერს წარდგენილ მემორანდუმში ჩაწერა, რომ 1801 წელს რუსეთმა დაარღვია გიორგიევსკის ტრაქტატი და განახორციელა საქართველოს ანექსიაო. ეს იყო ამ ფაქტის პირველი საერთაშორისო აღიარება. 1919 წელსვე, ვარლამმა პარიზში ფრანგულ ენაზე დაბეჭდა წიგნი La Georgie.

ბრიტანელი გენერლების კავკასიაში მოქმედებით უკმაყოფილო ვარლამმა 1919 წლის 26 მაისს საყვედურნარევი წერილი მიწერა თავის ძველ მეგობარს ოლივერ უორდროპს, სადაც ეუბნებოდა, რომ მათი მოქმედება ჩემნაირ ანტანტოფილ კაცსაც კი ბრიტანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობსო და იქვე თხოვა, რომ ეგებ თვითონ ჩამოსულიყო დიპლომატიური მისიით საქართველოში. უორდროპმა ეს წერილი კერზონს აჩვენა, ხოლო ამ უკანასკნელმა უორდროპი სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად დანიშნა. პარიზში მომუშავე ქართულმა დელეგაციამ ვარლამი მაშინვე ტფილისში გამოგზავნა , რათა ის საქართველოს მთავრობის სახელით შუამავალი ყოფილიყო ხოლმე უორდროპთან, როგორც მისი უახლოესი მეგობარი. ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის დიდი მონდომებითა და საგარეო მინისტრ კერზონის ინიცირებით, მოკავშირეთა (ანტანტის) უმაღლესმა საბჭომ 1920 წლის 10 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

გავიდა ერთი წელი და საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. იმ დღეებში 75 წლის ვარლამი შენიშნეს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე მიდიოდა თავისი შაშხანით. ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში და, სადაც შეეძლო, ყველა გაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნის შესახებ წერდა. ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, უორდროპების კოლექციაში, ინახება ვარლამის მიერ პრესაში გამოსაქვეყნებელი წერილების ხელნაწერები, რომლებსაც რედაქტირებას უორდროპი უკეთებდა.

გარდაიცვალა 1925 წელს. ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად მოლაპარაკეს, როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, სიკვდილის წინ ყველა ენა დაავიწყდა და გაუგებარი ქართული ენით ელაპარაკებოდა ფრანგ მეუღლეს.

ვარლამი დღემდე დაუფასებელი, მხოლოდ ვიწრო ისტორიული წრეებისთვის ცნობილი დიდი ქართველია.

მის შესახებ ძალიან კარგი წიგნი დაწერა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ: „აი ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი!“ რეკომენდაციას გაძლევთ წაიკითხოთ.

ბექა კობახიძე

No comments:

Post a Comment