წარწერა ფოტოზე ლმობიერება ჰქმნის მეგობრობას ამაყთ ამკვიდრებს აძლევს მხნეობას დღეს ეგ სურათიც აქ მოგვაგონებს ოდესმე წარსულ მწარე ტყვეობას ! .. 1918წ. ქალაქი ეგერი (ბოჰემია) |
პირველ მსოფლიო ომში რუსეთის იმპერიის არმიაში 200 000-მდე ქართველი გაიწვიეს. მათი ნაწილი ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა მაგალითად ცნობილია, რომ ცოსენის ტყვეთა ბანაკში 1915 წლის აგვისტოსათვის 1617 ქართველი ტყვე იყო, ხოლო ეგერის ბანაკში კი 1000-მდე.
ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე დაიწყო. როცა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობ მოიპოვა, ორი დღის შემდეგ გერმანიის იმპერიასთან, რომელიც ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს მოკავშირე უნდა ყოფილიყო ქალაქ ფოთში დაიდო შეთანხმება და ხელი მოეწერა რამოდენიმე კონვენციას, რომელიც ტყვეთა გაცვლის საკითხსაც აგვარებდა. ქართველ ტყვეთა პირველი ნაკადი გერმანიიდან ივლისში ჩამოვიდა, რის შემდეგაც რეგულარულად, თვეში ერთი ეშელონი ჩამოდიოდა. თუმცა მალევე პირველი მსოფლიო ომიც დასრულდა და გერმანელებსა და მის მოკავშირეებს ქართველი ტყვეების ბედი ნაკლებად აღელვებდათ. იმ დროისათვის ევროპაში ქართველ ტყვეთა ყველაზე დიდი ნაწილია (2000-2200კაცი) გერმანიაში რჩებოდა. ქართველი ტყვეების ნაწილი იყო საფრანგეთში, რომლებიც იქ ორი გზით მოხვდნენ. ერთნი გერმანიიდან საფრანგეთში გაიქცნენ , ხოლო მეორენი საფრანგეთში ფრანგების მხარდამხარ მებრძოლ რუსულ შენაერთებში იბრძოდნენ და 1917 წლის რუსული რევოლუციების შემდეგ უარი განაცხადეს ბრძოლის გაგრძელებაზე. გარდა ამისა, ქართველები გაბნეულნი იყვნენ ავსტრია-უნგრეთში, ევროპის სხვა სახელმწიფოებში და ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეგვიპტეშიც კი. სხვადასხვა ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ქართველ ტყვეთა მოძებნა და სმშობლოში დაბრუნება, რაც ტექნიკური, ფინანსური თუ პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინრე საკმაოდ რთულად მოსახერხებელი იყო. ყველაზე მრავალრიცხოვანი ტყვეთა გერმანული ნაწილის ჩამოყვანა საქართველოში მხოლოდ 1919 წლის შემოდგომაზე გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ დაიქირავა შვედური გემი ,,ქრისტიან ნებე”, რომელიც ჰამბურგიდან ფოთამდე დიდი წვალებით ჩამოაღწია, ამ საქმეში ცნობილი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსხურდიაც მონაწილეობდა. საქართველოში ევროპიდან ტყვეთა ჩამოყვანის პროცესი 1920 წლის შემოდგომისათვის თითქმის დასრულდა, თუმცა 1921 წლის დასაწყისისთვის როდესაც დამოუკიდებელი საქართველო თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა, ავსტრიას, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში კიდევ იმყოფებოდა პირველ მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი 71 ქართველი სამხედრო.
უინტერესო არ იქნება გავეცნოთ, საქართველოს დიპლომატიური დელეგაციებისადმი ტყვეების მიერ გაგზავნილ ზოგიერთ წერილს.
1919 წლის 16 ივლისი
ძვირფასო თანამემამულევ. ჩვენ ვართ მოწყვეტილი სანატრელ სამშობლოს, მშობლებს და ყოველივე უფლებას. სამშობლო ჩვენი კი ტანჯვას განიცდის შინაური და სხვა გარეგანი მტრებიდან. დროა ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა როცა სამშობლო ცდილობს თავის ერისთვინ წმინდა საქმეს. ჩვენც ვგრძნობთ რომ საქართველოს ჩვენც ვეკუთვნით და ჩვენც მისი შვილები ვართ. მაშ გაუმარჯოს მის ხელმძღვანელებს. გაუმარჯოს ქართველი ერის თავისუფლებას და დემოკრატიულ მმართველობას, ,,ძირს რეაქცია”. ჩვენ ვიცით რომ საქართველომ 26 მაისს 1918წ. ააღვიარა დამოუკიდებლობა. საუბედუროდ მეტი არაფელი არ ვიცით რადგანაც ქართულ გაზეთებს არ ვღებულობ. გთხოვთ უმორჩილესად ბატონო გამოგვიგზავნოთ ქართული გაზეთები. პოლიტიკური და ლიტერატურული ქართული წიგნები. ჩვენ ვართ აქ სამი ქართველები. თბილისის გუბერნიიდან და ქუთაისის გუბერნიიდან.
პატივისცემით 1.უნტერ-ოფიცერი ალექსანდრე დარჯანია 2.კაპიტანი გადელი და 3. სანდრო ჩიკვაიშვილი . 16.7.1919. – გთხოვთ კიდევ შეგვატყობინოთ, დიდმა სახელმწიფოებმა (ინგლისი, საფრანგეთი და სხვა) დაამტკიცეს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა?
1919 წლის 23 ივლისი
ბატონ დელეგატებს
თქვენ კითხულობთ ქართველების ადრესს. მე ქართველი გახლავართ თბილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრის, სოფელი ბარალეთი. მე ოთხი დღის წინათ გაცნობეთ ჩემი ადრესი. მხოლოდ არ ვიცი მიიღეთ თუ არა. ბატონო დელეგატურნო გთხოვთ თუ რომ შეიძლება ქართული გაზეთი გვიბოძეთ. მეორეც ეს თქვენ კითხულობთ ქართველების ადრესს რუსის გაზეთში , გთხოვთ თუ რომ შეიძლება ქართველების ადრესი ფრანცის გაზეთში მოათავსოთ. აქ მალ-მალე კითხულობენ პოლიაკებს, ლატიშებს, ისტონცებს და ქართველების გამო არაფერი ამბავია.
ფილიპე მურჯიკნელი
1919 წლის 13 სექტემბერი
საქართველოს დელეგაციას გაუმარჯოს. თქვენს პატიოსნებას, საქართველოს ძმებს. მივიღე თქვენი მოწერილი პასუხი. ძალიან გამიხარდა რომ ჩემი პატრონი არავინ არ გამოჩნდა ამ ხუთი წელიწადში თქვენს მეტი. ახლა ველოდები შინ წასვლას, სამშობლოს ნახვას. დიდი მადლობას მოგახსენებთ ჩემი პატივისცემისთვის. ქართველნი ბევრნი არიან ფრანციაში მხოლოდ არ აჩენენ, რუსის პრავიტელსტვას არ უნდა რომ შინ წავიდნენ. ყველგან საქმე გაიფუჭეს რუსებმა და ისევ სხვას ემდურებიან. ეჯავრებათ ქართველები. ეხლა რას გთხოვთ ერთი ქართული ბეჭდური გამამიგზავნეთ თუ შაიძლებოდეს ხუთი წელიწადი არ წამიკითხავს ჩვენ მხარეს რა ამბავია.
გწერთ საქართველოს შვილი სიმონ ბურნაძე კახელი
1919 წლის 31 ოქტომბერი
მოვახსენებთ ბატონ დელეგაციას.
ბატონო ჩხეიძე , ჩვენ თხოვნას მოგახსენებთ. ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქ პრივაში. სამოცდაათი ქართველები და სომხები. ჩვენმა კომენდანტმა მე გამაგზავნა ქალაქ მარსელში ტანისამოსის მისაღებათ და მე მივიღე ტანისამოსი ჩვენი ძმებისთვის. მემრე მარსელის კაპიტანს ჰქვიან ჟერლიე. მითხრა რამდენი ქართველები ხართ პრივაში: მე ვუთხარი ჩვენ ვართ 70 კაცი ქართველნი და სომხები. მემრე მითხრა: რომ შეიძლება ათი დღის შემდეგ გაგზავნოთ პარახოდით ნოვოროსიისკში. მემრე მე ვუთხარი რომ ჩვენ უნდა გაგვგზავნოთ ბათუმში არათუ ნოვოროსიისკში. მემრე მითხრა, რომ ახლა მე ვერ გაგზავნით ბათუმში უნდა გაგზავნოთ ნოვოროსიისკს. მემრე ნოვოროსიისკიდან გაგზავნიან ბათუმში. ეხლა ჩვენ დაღონებულები ვართ და ბიჭები იძახიან რომ გაგვგზავნიან ჩვენ ნოვოროსიაში მემრე დენიკინი აღარ გაგვიშვებს სამშობლოში. და მემრე მოგვცემს თოფებს და გვეტყვის რომ იომეთ. ეხლა თუ შეგიძლიათ ბატონო დელეგაცია ერთი წერილი მისწერეთ მარსელში კაპიტანზე, რომ არ გაგვგზავნოს ნოვორასიაში. გაგვგზავნოს ბათუმში ან ფოთში. მე ვნახე მარსელში რომ რუსის პლენიკები გაგზავნეს ერთი პარახოდით და რუსები ტიროდნენ და იძახდნენ რომ სიკვდილი მოგვიახლოვდა: და ისინიც მიდიოდნენ ნოვოროსიაში.
უნტერ ოფიცერი. არამ ტალგაუმოვი
1920 წლის 4 იანვარი
ბატონ საქართველოს დელეგატებს
ჩვენი მშველელი არვინ არის. ჩვენ როდესაც ინგლისელებმა
წამოგვიყვანეს არაბეთიდგნ (მესოპოტამია) მაშვინ ვიყავით 72 კაცი ქართველები. ამ 72
კაცებიდან პირველათ გაგზავნეს 64 კაცი მოტყვილებით: 8 კაცი რომ დავრჩით, იმისგან ერთი
მოკვდა ქ.ალექსანდრიაში, ვორი მსურველი წავიდა საჩხუბრად დენიკინთან. ეხლა ვართ დარჩენილები
5 ქართველები ეგვიპტეში. გთხოვთ თუ შეიძლებოდეს ჩვენი სამშობლოში გაგზავნის თაობაზე
ზომები მიიღოთ. როგორც რომ მოგეხსენებათ ჩვენთვის დიდი სასიხარულო არის სამშობლოში
წასვლა, 5 წლის უნახავი ცოლშვილის, დედმამის და კეთილების დანახვა. ამასთან გაზეთით
ისთე გავს, რომ ჩვენი საქართველო ცალკეთ უნდა იყოს და ის არის ჩვენთვის ზომაზე მეტი
გულისმომკვლელი რომ ვერ ვხედავთ ჩვენ თავისუფალ კოხტა საქართველოს. ერთხელ გამოგიგზავნეთ
ჩვენი სახელები და ანდერძები რუსულად დაწერილი , მაგრამ მიიღეთ თუ არა ვერაფერი ვერ
გავიგეთ. ამასთან ჩვენი აქაური ცხოვრებაც დიდი საქებარი არ არის, ერთი სიტყვით რომ
მოგხსენოთ: როგორც დედინაცვლის ხელში შვილი იქნებ ისე ვართ ჩვენც
გწერთ თქვენი მოსიყვარულე ქართველები. ვარდენ აბესაძე,
გიორგი არჩუაძე, ვანო შაქარაშვილი, შაქრო ცანკაშვილი, აკაკი გოგენია
1920 წლის 30 იანვარი
ძვირფას საქართველოს დელეგატებს
მივიღეთ თქვენი
ამა თვეში გამოგზავნილი წერილი რომელიც დიდი სასიხარულო შეიქმნა ჩვენთვის, რომლის მიღებისთანავე
გწერს მაგიერს.21 იანვარს ბანაკის უფროსი ინგლისის აფიცერმა დაიწერა ჩვენი სახელი გვარები
და საქართველო რა ალაგას ვცხოვრობდით. როცა გათავდა დაწერა მაშვინ, რომელიც გადამთარგმნელი
იყო რუსი იმან გვითხრა: თქვენც მალე წახვალთ ისთე გწერავთ მთავრობიდგან გამოგზავნილ
წერილშიო. დიდ მადლობას გწერავთ და ბოდიშს გიხდით წინა წერილში რომ გწერდით ჩვენი საშველი
არავიტარი კაცი არ გამოჩნდაო. მაგრამ რა უნდა გვექნა, იმდენი ტანჯვა გავიარეთ, ჯერ
ბრძოლის ველზე, მერე სათათრეთში ტყვეთ ყოფნა, მშიერი და შიშველი. არც ახლა ვართ ტყვეზე
უკეთეს მდგომარეობაში, მხოლოდ საჭმელი და ტანსაცმელი გვაქვს.
აკაკი გოგენია,
ვარდენ აბესაძე, გიორგი არჩუაძე, ვანო შაქარაშვილი, შაქრო ცანკაშვილი
დიმიტრი სილაქაძე
This comment has been removed by the author.
ReplyDelete