Monday 27 July 2015

მეგრელი ყაჩაღები

23 სექტემბერი - შტაბში მოდის ერთი მეღვინე, რომელიც ფარულ   ვაჭრობისთვის დააჯარიმეს  და ითხოვს: გამოუცდელი ვარ, სულ რაღაც 10 წელია ვვაჭრობ და მაპატიეთო.
მეორე კაცი თხოულობს, ჩემმა ქალმა სოფ. ცაიშში ქოლგა დაჰკარგა და თქვენ ჯარს ხო არ უპოვნიაო. უთხრეს არ გვოპოვნია მაგრამ, თუ ვიპოვეთ გამოგიგზავნითო.
ჩამორთმეულ ცხენებისა და იარაღის პატრონთა თხოვნებს ხომ თვლა არა აქვს. თითო ცხენს ხანდახან სამი და ოთხი კაცი ჩემულობს. მოჰყავთ მოწმეები და წერილობით მოწმობებსაც ადგენენ. აქეთ ბევრია ისეთი პირი, რომელსაც წინადვე დამზადებული აქვს ყოველგვარი მოწმობა ყოველ შემთხვევისათვის. თვითონ მეგრელები ასე ოხუნჯობენ: ჩვენში ბევრია ისეთი, რომელაც ერთსა და იმავე დროს უბეში უდევს მოწმობები: სიღარიბისა, სიმდიდრისა (ქონებრივი ცენზი), ავადმყოფობისა, ჯანსაღობისა და სხვ.
24 სექტემბერი - სოფელ დიდნეცში შედის პოლკის უფროსი იოსებ გედევანიშვილი და ხალხს აცნობს საქართველოს ახლანდელ მსგომარეობას, უხსნის დემკრატიული მთავრობის საქმიანობას, ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვას და შემდეგ უდგენს მოთხოვნილებებს.
ამბობს: ჩვენ გვინდა მშვიდობიანობა და წესიერება დავამყაროთ. ცალი ხელით მოგვაქ მშვიდობიანობა, მეორეთი მახვილი. პირველი იმათთვის ვისაც სურს შრომა, მეორე ვისაც შრომა არ სურს, ყაჩაღობს და ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
რასაკვირველია ხალხმა აქაც არ იცის ქართული. ამიტომ საგუბერნიო კომისრის რწმუნებული კოწია ნორაკიძე მეგრულად თარგმნის ნათქვამს და ხალხს აცნობს გენერალ გედევანიშვილს, როგორც სოციალისტს, კარგ რევოლუციონერს და მშრომელი ხალხისთვის თავდადებულ კაცს. ნორაკიძე ხალხს უხსნის მომენტის სიმწვავეს და წინადადებას აძლევს აასრულოს მთავრობის მოთხოვნილებანი.
სექტემბრის 25, სენაკი - წინა დღით აქ ჩვეულებრივი ამბავი მომხდარა, რაც განსაკუთრებით აკვირვებს ამ მდგარ გერმანელ ჯარისკაცებს. ვიღაც უცნობნი ქალის გატაცების განძრახვით ერთს სახლს დასცემიან და სროლა შეხვედრიათ. ქალი ვერ გაუტაცნიათ. ერთი თავდამსხმელი გუგუნავა უცვნიათ. ეს გუგუნავა ამ ერთი თვის წინათ დაეცა ერთს სახლს და ქალის მოტაცება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. იგი ამისთვის დაპატიმრებული იყო და სექტემბრის 24-თვის თავდებით გაანთავისუფლეს, მაგრამ იმავე ღამით მეორე სახლს დაეცა.

სახალხო საქმე, N353, 1918 წლის 9 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment