Tuesday 14 July 2015

იუნკერთა საბრძოლო დანაკარგები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს


რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი ქართული საზოგადოებისათვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტების თავგანწირულ ბრძოლასთანაც ასოცირდება. უმეტეს შემთხვევაში ისეც ხდება, რომ ამ ომში მებრძოლ თუ დაღუპულ პირებს ყველას იუნკრებთან აიგივებენ, მაშინ როდესაც გამოუქვეყნებელ თუ გამოქვეყნებულ დოკუმენტების მიხედვით ზუსტადაა ცნობილი დაღუპულ და დაჭრილ იუნკერთა თუ მათ ოფიცერთა ვინაობა. მემუარების მიხედვით კი შეგვიძლია აღვადგინოთ მათი  ბრძოლის ველზე დაცემის ეპიზოდებიც კი.

იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი შეიქმნა 1919 წლის სექტემბერში, სკოლის მიზანი იყო ქართული რეგულარული არმიისათვის მოემზადებინა უმცროსი ოფიცრები. სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორისა და პირველი მეთაურის გენერალ კვინიტაძის ჩანაფიქრის მიხედვით სასწავლებლიდან გამოსული ოფიცრები უნდა გამხდარიყვნენ ახალი ქართული არმიის ძირითადი ქვაკუთხედი, ამიტომ სამხედრო საქმის სწავლასთან ერთად სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცეოდა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. სწავლის ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრებოდა, პირველ წელს კურსანტები გაივლიდნენ საერთო თეორიულ სამხედრო კურსს, ხოლო მეორე წელს დაიყოფოდნენ სპეციალობების მიხედვით. შტატების მიხედვით სკოლას უნდა მიეღო 180 იუნკერი, 90-90 ორი წლის განმავლობაში, აქედან 120 ქვეითი ჯარისათვის,  30 არტილერიისათვის, 10 კავალერიისათვის, ხოლო 20 საინჟინრო ნაწილების ოფიცერთა მოსამზადებლად. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში სიის მიხედვით ირიცხებოდა 183 იუნკერი, მათმა უდიდესმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში.  
  მას შემდეგ რაც 11-17 თებერვალის ბრძოლებში რუსეთის მეთერთმეტე არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე უხეიროდ განლაგებული ქართული შენაერთები, დღის წესრიგში დადგა დედაქალაქის დაცვა. მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, ამიტომ ახალმა სარდალმა გენერალმა კვინიტაძემ მის ხელთ არსებული ყველა სამხედრო შენაერთი თბილისის დასაცავად განალაგა, მათ შორის სამხედრო სკოლის იუნკრები და ნაცვალთა ათასეულის 350 ახალწვეული თავდაცვის მარცხენა ფლანგზე, კოჯორ-ტაბახმელას პოზიციებზე. მოგვიანებით მათ დაემატათ რეგულარული არმიისა და გვარდიის რამოდენიმე ბატალიონი და თავდაცვითი მონაკვეთი  მანგლისამდე გაიწელა. თავდაცვის ამ სექტორს სარდლობდა გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ხოლო უშუალოდ სამხედრო სკოლას (იუნკერთა ასეული და ნაცვალთა ათასეული) კი პოლკოვნიკი (შემდგომში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე, 18 თებერვალს კი მის დაქვემდებარებაში გადავიდა მე-10-ე ათასეულიც (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის ბატალიონები ათასეულებად იწოდებოდა, ხოლო სახალხო გვარდიისა კი ბატალიონებად). თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე 19-25 თებერვალს შეტევას ანხორციელებდა:  რუსული 32-ე დივიზიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, მე-20-ე დივიზიის 58-ე მსროლელი ბრიგადის 172-ე მსროლელი პოლკი; აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადის მებრძოლები; მე-12 საკავალერიო დივიზიის 72-ე ცხენოსანი პოლკი, 20-ე მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი,   სომხური საკავალერიო ბრიგადა , ასევე მცირე რაოდენობით სხვა სომხური ირეგულარული შენაერთები და 16-მდე საარტილერიო დანადგარი. ცხენოსან ნაწილებს რელიეფისა და ბუნებრივი პირობების გამო ძირითადად დაქვეითებულებს უწევდათ ბრძოლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ შენაერთები სრულად არ იყვნენ შევსებულნი.   განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა 19-21 და 24 თებერვალს.  
 თბილისზე შეტევის პირველ დღეს 18-19 თებერვალს გენერალმა მაზნიაშვილმა თბილისის დაცვის ცენტრალურ მონაკვეთზე მძიმე მარცხი აგემა მტრის ძალებს , რუსებმა იერიში კოჯორ-ტაბახმელაზე განლაგებულ შენაერთებზე მიიტანეს. მათი მიზანი იყო დილის 8 საათზე დაეკავებინათ კოჯორი და იქიდან  შესულიყვნენ თბილისში. ბრძოლის დასაწყისშივე პოლკოვნიკ ჩხეიძესთან საუბრის დროს ბრმა ტყვიის მსხვერპლი შეიქმნა იუნკერთა ასეულის მეთაური მაიორი არჯევან ანანიაშვილი.  მტრის ყველა ფრონტალური შეტევა მოგერიებულ იქნა იუნკრების მიერ, თუმცა ბოლშევიკებმა კოჯორში მდგომი მე-4-ე ათასეულის წინააღმდეგობა გატეხეს და მტერს ეძლეოდა საშუალება გასულიყო სამხედრო სკოლის და მე-10-ე ათასეულის ზურგში, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა ამ შენაერთებს მამა დავითისკენ დახევა უბრძანა რაც ფაქტობრივად თბილისის ბედსაც წყვეტდა ბოლშევიკების სასარგებლოდ. გენერლის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა პოლკოვნიკმა ჩხეიძემ , რის შემდეგაც ანდრონიკაშვილმა ჩხეიძეს მოქმედების თავისუფლება მიანიჭა - ,,ჩემო კარგო თუ შენ ხედავ გამოსავალს, იმოქმედე ჩქარა და შენი მადლობელი ვიქნები !“.  პოლკოვნიკის გეგმის მიხედვით პირველ რიგში უნდა შეეჩერებინათ ბოლშევიკთა წინსვლა და შემდგომ მთავარსარდლის მიერ დამატებითი ძალების მოშველების შედეგად უნდა განედევნათ მტერი კოჯრიდან.  ჩხეიძის ბრძანებით მაიორმა ბახუტაშვილმა საველე არტილერიის ცეცხლი გაუხსნა ზურგში მიმავალ რუსულ ნაწილებს, ამასობაში კი ფრონტიდან მოხსნა გარკვეული ძალები კონტშეტევაზე გადასასვლელად: იუნკერთა ერთი ოცეული (23კაცი) ლეიტენანტ თოიძის მეთაურობით, ნაცვალთა ათასეულის ერთი ასეული და მეათე ათასეულიდან ნახევარი ასეული კაპიტან ქარუმიძის მეთაურობით. ამ მცირე ძალების  მოხერხდა ბოლშევიკთა ჭარბი ძალების შეჩერება და უკან დახევა.  კონტშეტევას შეეწირა ლეიტენანტი თოიძე, რომელსაც როგორც შემდეგ ნახეს ჰქონდა ჭრილობა მუცლის არეში და ხიშტი ჰქონდა დარტყმული გულში, ლეიტენანტის გვამი ბოლშევიკებს გაეძარცვათ და საცვლების ამარა დაეტოვებინათ. კოჯრიდან მომავალი მტერი შეჩერებული იყო, მთავარსარდლის მიერ დამატებითი ძალების მოშველების შემდეგ კი 20-21 თებერვალს კოჯორი მტრისგან სრულიად იქნა გაწმენდილი, ქართველებმა ტყვედ აიყვანეს მტრის 200-მდე ჯარისკაცი, ხელში ჩაიგდეს 4 საველე ზარბაზანი, ტყვიამფრქვევები და პატარა ჯავშნოსანი. ამ დღეებში არ წყდებოდა ფრონტალური იერიშები ტაბახმელაში იუნკერთა სანგრებზე, თუმცა ყველა შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ დაჭრილ-დაღუპულთა სახით იუნკრებს 25-მდე მებრძოლი დააკლდათ. მათ შორის იუნკერი მიხეილ ლოლუა რომელიც სანგარში იწვა შაშხანა მტრისკენ მიეშვირა და დალაპარაკებაზე პასუხს არ იძლეოდა, ახლოს მისულებმა ნახეს, რომ იგი მტრის ტყვიის მსხვერპლი შექმნილიყო. ბოლშევიკებმა კონდახების ცემით დაჩეჩქვეს იუნკერი ლევან კეზელი თუმცა იგი ცოცხალი გადარჩა.   22 და 23 თებერვალს მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა, ხოლო 24 თებერვალს ისევ ამოქმედდა ომის ღმერთი მთელი თავისი ძლევამოსილებით. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული და რუსული არმიის  ახალგაზრდობა და მომავალი ელიტა:  იუნკრები და აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტები.  შეტევები და კონტშეტევები ერთმანეთს ცვლიდა, არცერთი მხარე არ აღმოჩნდა ჯაბანი. იუნკერთა ასეულში 100 მებრძოლამდე დარჩა, ბოლშევიკები მოუახლოვდებოდნენ ქართველთა პოზიციებს გადმოვიდოდნენ ხიშტებით იერიშზე თუმცა ქართველი ახალგაზრდების კონტრშეტევას ვერ უძლებდნენ და უკან იხევდნენ,  ბოლოს მათ შეძლეს N4 სანგრის აღება რომელიც 1-ლი ათასეულის ჯარისკაცებს ეკავათ. აქედან რუსები გაიჭრნენ ლეიტენანტ მესხიშვილის ბატარეაზე, რომელმაც იძრო ხმალი და თავის არტილერისტებთან ერთად გადაეშვა ბრძოლის მორევში. ამ დროს ბაღში ჩასაფრებული იუნკრები ეკვეთნენ მესხიშვილის ბატარეაზე შევარდნილ კურსანტებს და უკან გააქციეს ისინი მეოთხე სანგრის მიმართულებით. უკან დახეულმა რუსებმა გორაკზე   მაქსიმის ტყვიამფრქვევი დადგეს და ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს კონტრშეტევაზე გადასულ ქართველ ახალგაზრდებს.  საჭირო იყო ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა, და მუხლმარდმა იუნკერმა შალვა ერისთავმაც არ დააყოვნა, სწრაფი სირბილით გადაირბინა მონაკვეთი ტყვიამფრქვევამდე და მემიზნე ოფიცერს ხიშტით თავი გაუპო თვითონ კი მაქსიმის ლულას გადაესვენა. როდესაც დაჭრილ ჯერ კიდევ სულთმობრძავ ერისთავს სანიტრები მიუახლოვდნენ იუნკერმა მათ უკანასკნელი სიტყვები შესძახა: ,,დადექ ვინა ხარ?“.  როგორც პოლკოვნიკი ჩხეიძე წერდა: ,,ამ  ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება, ტყვიამფრქვევეზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“.  კონტრშეტევას ემსხვერპლა იუნკერი იოსებ ჯანდიერი, იუნკერ ალექსანდრე ხიმშიაშვილის მოგონების მიხედვით  იოსები წინასწარ გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და მას ეუბნებოდა , რომ იმ დღეს უეჭველად მოკლავდნენ. მან ხიმშიაშვილს 24 თებერვლის ბრძოლის წინ ყურში ჩასჩურჩულდა : ,,თუ შენ გადარჩი ცოცხალი, შეიძლება ნახო დედაჩემი და პატარა ძმა, უთხარი , რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ერთგული ჩემი ქვეყნის. მომხსენი ეს ჯვარი და გადაეცი დედაჩემს, რომ ჩამოჰკიდოს პატარა ძმას ... დეე! ეს იყოს მისთვის მომავლის სიმბოლოდ...“ . მართლაც ალექსანდრემ შუა ბრძოლის დროს , როდესაც რუს ჯარისკაცს ხიშტი გაუყარა და თვითონაც ძირს დაეცა, მისგან ორ ნაბიჯში დაინახა იოსებ ჯანდიერის ფართოდ გახელილი უძრავი თვალები, რომელსაც მასთან ერთად საიქიოს ორი რუსი კურსანტი გაეყოლებინა. კონრშეტევას ემსხვერპლა იუნკერი ოთარ ლორთქიფანიძე, თუმცა მისი დაღუპვის ამბავს სხვაგვარად იხსენებს მისი ძმისშვილი: ,,მზის ჩასვლისას, როდესაც ცხარე ბრძოლა დამთავრდა. ჩემი ბიძა 19 წლის იუნკერი ოთარ ლორთქიფანიძე საქართველოს სადღეგრძელოს სანგარში ფეხზე მდგომი სვამდა, რის გამოც მეგობრებმა გააფრთხილეს: ოთარ თავი დახარეო, მაგრამ მან უპასუხა: ,,თავი ვის დავუხარო, ამათ?“. გავარდა საბედისწერო ტყვია და ბიძაჩემი უსულოდ დაეცა“. ორივე ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა იუნკერი ილია ჯანდიერი,  ჭრილობისაგან გარდაიცვალა პლატონ დოლიძე. ასევე ომში დაიღუპნენ იუნკრები:ალექსანდრე ახვლედიანი;  პავლე იაკობაშვილი და ლევან კანდელაკი.
   მთლიანობაში როგორც ვნახეთ ბრძოლის ველზე დაიღუპა 9 იუნკერი:ალექსანდრე  ახვლედიანი ;პლატონ დოლიძე; შალვა ერისთავი ; პავლე იაკობაშვილი;ლევან კანდელაკი; ოთარ ლორთქიფანიძე; მიხეილ ლოლუა; ილია და იოსებ ჯანდიერები. იუნკრებს დაეღუპათ ორი ოფიცერი: მაიორი არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაღუპულების გარდა ბრძოლაში დაიჭრა 4 ოფიცერი და 42 იუნკერი. მთლიანობაში იუნკრთა დანაკარგები დაჭრილ-დაღუპულთა სახით  მათი პირადი შემადგენლობის  35%-მდე ადიოდა, მიუხედავად ამისა მათ ბრძოლის ველი არ დაუტოვებიათ და 24 თებერვალს საღამოს საკუთარი პოზიციები სრულიად გაწმინდეს მტრისაგან, რომელმაც დაღამებისთანავე უკან დაიხია. რუსული დოკუმენტების მიხედვით,  კი კოჯორ-ტაბახმელაზე რამოდენიმე სტრატეგიული სიმაღლე 24 თებერვლის ბრძოლების შემდეგ წითელარმიელებს ეკავათ, თუმცა ამავე დოკუმენტების მონაცემებით იმდენად დიდი იყო წითელარმიელების დანაკარგი ამ სიმაღლეებისათვის ბრძოლაში, რომ ქართველთა მოსალოდნელი კონტრშეტევის შემთხვევაში მათივე აღიარებით დაკავებული პოზიციების შენაერჩუნებას ვერ შეძლებდნენ.    მალევე როდესაც მთავარსარდალმა კვინიტაძემ ჩათვალა , რომ თბილისი ალყაში ექცეოდა იუნკრებსაც მოუვიდათ საკუთარი პოზიციებისა და თბილისის დატოვების ბრძანება. თბილისის დატოვებასთან ერთად მათ დიდ ნაწილს რამოდენიმე კვირის შემდეგ სამშობლოს დატოვებაც მოუხდათ, მაგრამ მათი სახელი ვაჟკაცობისა და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა ..

                                                                                                  დიმიტრი სილაქაძე
                            (პირველად დაიბეჭდა ჟურნალ არსენალში. 2012წ.12-25 ოქტომბერი. -                                                                                                                                                   N21(168) 

2 comments:

  1. ძალიან საინტერესო ფაქტებია თებერვლის მძიმე დღეებზე.

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო ინფომაციაა თავმოყრილი. მადლობთ, წავიღეებ

    ReplyDelete