Friday 17 July 2015

საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგა, გაუმარჯოს საქართველოს!



დღეიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება აღდგენილია. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!
                 საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის ყოველი საზოგადოებრივი წრე, ჯგუფი ქედს მოიხრის საქართველოს აღდგენილ თავისუფლების წინაშე.
            ქართველი ხალხი - სოფლის მეურნე, ქალაქის მუშა, ხელოსანი თუ ვაჭარ-მრეწველნი ერთსულოვნად უნდა შემოკრბენ საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღმშენებლობისათვის. ყოველი კლასის, ყოველი ჯგუფის და თვითეული ქართველი მამულიშვილის მხნე და თავგანწირული მოქმედებაა საჭირო საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მცკიცე ნიადაგზე დასამყარებლად.
            მთელი ერის საქმიანი ამოძრავებაა საჭირო, რომ ჩვენმა სამშობლომ დროზე დაახწიოს თავი დღევანდელ ეკონომიურ ჩამოქვეითებას, ფინანსიურ გასაჭირს, ანარწიას და უწესრიგობას.
            ხალხის ამოქმედება მეურნეობის აღსადგენათ და ასაყვავებლად, მრეწველობისა და აღებ-მიცემობის გასაცხოველებლად, ხალხის გონებრივის და კულტურულ კეთილდღეობის დასამყარებლად, მოითხოვს ეროვნული ცხოვრების მშვიდობიან პირობებს.
          დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგება ოსმალეთთან და მის მოკავშირეებთან და აგრეთვე ყველა მეზობელ ერებთან მშვიდობიანი გამწყობილების დამყარებას. საქართველოს არ დაუწყია ომი და არ უწარმოებია ის.  ომი დაწყებული იყო რუსეთის მთავრობის მიერ, რომელმაც უხეში ძალით გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ომი გამოაცხადა დაუკითხავად ქართველი ერისა და წინააღმდეგ მისი სურვილისა. ეს ომი განაგრძო ამიერკავკასიის რესპუბლიკამ, რომლის ფარგლებიდან დღეს გამოდის საქართველო.
            ქართველ ერს სურს მშვიდობიან და მეგობრულს განწყობილებაში იყოს ოსმალეთთან. ოსმალეთის აზრიც მრავალჯერ სმენია ქართველ ხალხს, რომ მას არ სურს ომი საქართველოსთან, რომ ოტომანთა მთავრობას საქართველოსთან შეთანხმება და მეგობრული განწყობლების დამყარება აქვს მიზნათ. საუკუნეთა მაგალითები გვარწმუნებს, რომ ასეთი გზა ორივე ქვეყნისთვის არის საიმედო და სასარგებლო.
            ოსმალეთთან მორიგებით, მასთან და მის მოკავშირეებთან შეთანხმებით საქართველო უზრუნველყოფს ყველა თავის საზღვრებს და თავისუფალ სახელმწიფოებრივ განვითარებას. საქართველოს იმედი აქვს, რომ ძლიერი გერმანია ამის გარდა გაუწევს მას პოლიტიკურ მფარველობას და დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს სუსტ ქვეყანას ეკონომიურ-ფინანსიური ცხოვრების მოგვარებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკურად მოწყობილი და ეკონომიურად მოღონიერებეული საქართველო საიმედო ბაზა იქნება იმ უდიდესი ეკონომიურ-კულტურული მსვლელობისათვის, რომელიც შუა ევროპიდან მომდინაეობს,
            დამოუკიდებელ საქართველოს ამჟამად მრავალი მტერი ჰყავს შინ და გარეთ. მაგრამ მთელი ერი იქნება დამცველი სამშობლოს თავისუფლების. ქართველი მხედრობა იქნება ფხიზელი დარაჯი საქართველოს დამოუკიდებლობის.
            ამიერიდან საქართველოს ჯარებს საქართველოს დროსა წარუძღვება წინ და ქართველი მხედარი ვერ უღალატებსმრავალ-საუკუნეთა ქარცეცხლში გამომწვარ სახელოვან ეროვნულ დროშას.
            საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და საქართველოს ეროვნული დროშის გაშლა აღადგენს ერში საუკუნის მონობის დროს მიყუჩებულ მამულიშვილურ გრძნობებს, სამშობლოსათვის თავდადებას და თავგანწირულობას. ქართველი მხედრობა ღირსეულად განაგრძობს სახელოვან წინაპართა გზას და მტკიცედ დაიცავს საქართველოს მიწა-წყალს, მის თავისუფლებას და ეროვნულ მთავრობას, რომელიც ამ საიმედო ძალაზე დაყრდნობილი შეუდგება ჩვენი დაუძლურებული ეროვნული ცხოვრების აშენებასა და აღდგენას.
            საქართველოს მამულიშვილნო! საშინელს მსოფლიო ქარტეხილს, შინაურ და გარეშე ბრძოლაში საქართველოს თავისუფლება იშვა. შემოკრბით ყველანი მის დასაცავად და ასაყვავებლად.
            გაუმარჯოს განთავისუფლებულს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!


გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 26 მაისი

No comments:

Post a Comment