Monday 20 July 2015

საქართველოს რესპუბლიკის პირველი სამხედრო მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე


დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რის გარშემოც თავიდანვე წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა გახლდათ სამხედრო სამინისტროს სათავეში სამოქალაქო პირის დანიშვნა.
ჯერ კიდევ სამხედრო მმართველობის დებულების დამტკიცებამდე მისი განხილვის პროცესში, ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის 1918 წლის 12 ივლისი სხდომაზე სამხედრო მინისტრმა სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ მისა და მის თანაშემწეს (მოადგილე) შორის არ იყო ორგანული დამოკიდებულება და ორივენი ერთმანეთის დამოუკიდებლად გამოსცემდნენ განკარგულებებს, გერმანელების პროექტის გაცნობისა და მათთან საუბრის შემდეგ იგი მიხვდა, რომ ამის მიზეზი არის ის რომ სამხედრო მინისტრი და მისი თანაშემწე უნდა იყვნენ სამხედრო პირები-სპეციალისტები, მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ ისინი საქმის გაზიარებას და მთელი ჯარის აღზრდა - მოწყობის თვალყურის დევნებას. თუმცა სამხედრო მინისტრმა ორიოდ თვეში აზრი შეიცვალა და როდესაც გენერლებმა კოტე აფხაზმა და ილია ოდიშელიძემ გამოთქვეს საკუთარი აზრი სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნის შესახებ მან განაცხადა, რომ - ,,დღევანდელ სოციალ-პოლიტიკურ პირობებში პროპაგანდა სამხედრო მინისტრის როგორც სამოქალაქო პირის წინააღმდეგ, იქნებოდა ბოროტმოქმედება და თავისი შედეგებით მომაკვდინებელი.’’ ეროვნული საბჭოს 1918 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე, ეროვნულ-დემოკრატმა რევაზ გაბაშვილმა, სამხედრო მინისტრს გრიგოლ გიორგაძეს წამოაძახა, რომ ამბობდნენ, თითქოს მინისტრ გიორგაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი საქმე არ იყო სამხედრო მინისტრობაო. გენერალი კვინიტაძე, უარყოფითად აფასებდა სამხედრო უწყების სათავეში სამოქალაქო პირის ყოფნას და სამოქალაქო სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის შესახებ ერთ კურიოზულ ფაქტს იხსნებდა - ,,ერთხელ, ბატალიონის გასტუმრებისას, მეთაურს ვუთხარი, ორი ქვემეხი წაიღე-მეთქი და სამხედრო მინისტრმა მკითხა – ბატონო გიორგი, ორი ქვემეხი რამდენი ზარბაზანია?.” მიუხედავათ ამისა , 1919 წლის მარტში როდესაც გიორგაძე, სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე ნოე რამიშვილმა ჩაანაცვლა, 52-მა გენერალმა, შტაბისა და ობერ ოფიცერმა გამოსამშვიდობებელ წერილში, მინისტრის მუყაითობას, საქმის სიყვარულს, მოვალეობის შეგნებას, დინჯ მუშაობას, თავაზიანობას გაუსვეს ხაზი. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში ყოფილი მინისტრი გიორგაძე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გამოეთიშა და ცალკე შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში შევიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1921 წლლის აპრილში დაარსა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია. პარტიის პოლიტიკა კარგათ იყო გამოხატული პარტიის წევრ კირილე ნინიძის მოხსენებაში სადაც ის ამბობდა -სადაც მოხერხებული იქნება ვიმუშავებთ კომუნისტებთან და სადაც არა, ჩვენსას ვიტყვით და თუ ამისათვის საჭირო იქნება, არც ციხეებს დავერიდებით. გიორგაძემ 1921 წელს გამოსცა ბროშურა საქართველო, ანტანტა და რუსეთი. ბროშურაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებები საკმაოდ იდეალიზირებულად აქვს წარმოჩენილი ავტორს, მაგრამ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა წმინდა საქმეა. გრიგოლ გიორგაძე 1930 წელს დააპატიმრეს, 1933 წელს გადაასახლეს ყაზახეთსი, სადაც მუშაობდა იურისკონსულად სხვადასხვა ორგანიზაციებში. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე (ცენტრში 1) სამხედრო სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად


                                                                                                         დიმიტრი სილაქაძე

No comments:

Post a Comment