Tuesday 19 July 2022

იდეოლოგიასა და პრაგმატიზმს შორის: სოციალ დემოკრატია და გარდამავალი პერიოდი საქართველოს ეკონომიკაში - 1918-1921

 

კონტექსტი

მას შემდეგ რაც 1921 წელს არსებობა შეწყვიტა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) თითქმის შეუმჩნეველი გახდა. 1921 წლის შემდეგ, მისი დოკუმენტებით დასაბუთებული ისტორია საბჭოთა არქივებში დავიწყებას მიეცა, მაშინ როცა მემუარები ან რესპუბლიკის ისტორიული ანალიზი, უმეტესად, ტენდენციური ქართული ემიგრაციისაგან ან მტრულად განწყობილი საბჭოთა ისტორიკოსებისგან მოდიოდა. სდრ-ს შესახებ დასავლური რეცენზირებადი ნაშრომები გაფანტულია, თუმცა დღემდე არ არსებობს სრულყოფილი ანალიზი მის საშინაო ან საერთაშორისო პოლიტიკაზე. [1] უკანასკნელ დეკადაში ვითარება გაუმჯობესდა; რესპუბლიკის შესახებ ქართველმა ისტორიკოსებმა მნიშვნელოვანი მონოგრაფიები დაწერეს, მაგრამ მათი ძირითადი ფოკუსი იყო შიდა კონფლიქტებზე, ინსტიტუციურ მშენებლობაზე და საგარეო პოლიტიკაზე (სიდამონიძე 1970; გურული 1999; ვადაჭკორია 2001; ბენდიანიშვილი 2001; მაცაბერიძე 1996). თუმცა, ახალგაზრდა სახელმწიფოს პრობლემების საფუძველს ეკონომიკა წარმოადგენდა; მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ნაწილობრივ, სოციალ-დემოკრატიული ფილოსოფიის მეშვეობით ჩამოყალიბდა, წარმოადგენს წარმატებული ეკონომიკური გარდაქმნების მოდელის სირთულეების (და შეზღუდვების) ადრეულ დემონსტრირებას პოსტრევოლუციურ ვითარებაში და იგი ხასიათდებოდა სუსტი ინსტიტუტებით, რეგიონული არეულობით და თანხებისა და ინვესტიციების არქონით. მაგრამ ქართული სოციალიზმი ეკონომიკას საბოტაჟს არ უწყობდა. 1918-1921 წლებში ქართული სოციალიზმი მისი ბოლშევიკი მეზობლისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ის იყო მოქნილი, დინამიური, პრაგმატული და ეროვნული. ახალი ხელისუფლების ლიდერებს სჯეროდათ, რომ სოციალიზმის შემოტანამდე ისინი ევროპული კაპიტალიზმის მოდიფიცირებულ მოდელს უნდა მიჰყოლოდნენ.

1918 წელს, რევოლუციასა და უცხო არმიების სამხედრო წნეხს შორის, საქართველოს სოციალ დემოკრატმა ლიდერებმა, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, დაასრულეს ამიერკავკასიის ფედერალიზმის ექსპერიმენტი. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს რევოლუციურმა ლიდერებმა, გერმანიის მხარდაჭერით (საქართველო იყო გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის [Drang nach Osten] ნაწილი) დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. საქართველოს ახალი ლიდერები გაღატაკებულ, დიდწილად წერა-კითხვის უცოდინარ პროვინციაში ფინანსური რესურსების, გამოცდილების ან უცხოეთის მხარდაჭერის გარეშე,  ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის დაუძლეველი ამოცანების წინაშე აღმოჩდნენ. ეს იყო ნაკლებად ცნობადი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა დადგენილი საზღვრები. საქართველო დაუპირისპირდა მტრულად განწყობილ მეზობლებს, შიდა ამბოხებებს და საერთაშორისო არასტაბილურობას. ერთ-ერთი ყველზე ძნელად მოგვარებადი პრობლემა, რომელიც ძირს უთხრიდა ახალი სახელმწიფოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, იყო ეკონომიკა. 1920 წლის ივლისში, „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის“ (სსდმპ) მეორე კონგრესზე მოხსენებით გამოსვლისას მიწათმოქმედების მინისტრმა, ნოე ხომერიკმა, დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი საქართველოს სუვერენულ არსებობას რისკის ქვეშ აყენებდა. „ეკონომიკა არის სახელმწიფოს უდიდესი პრობლემა“ განაცხადა მან. ის იქნება „ყველაფრის განმსაზღვრელი“ (კანდელაკი 1960, 51). საქართველოს მთავრობის მარცხი, შეექმნა ეკონომიკური სტაბილურობა, მოულოდნელი არ ყოფილა. 1918 წლის შემდეგ  ევროპის ყველა ქვეყნის მთავრობა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და მასობრივი  უმუშევრობიდან და გაფიცვებიდან აჯანყებამდე და რევოლუციამდე, საკუთარ პრობლემებს ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო ევროპული და არა ქართული კატასტროფა. მთავრობებიდან ცოტას ჰქონდა რაიმე იდეა როგორ დაესრულებინა კრახი, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს მსგავს ხელისუფლებაზე, რომელიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, შიდა რესურსების გარეშე, ახალი ეკონომიკური სისტემის აშენებას ცდილობდა.

საქართველო სხვა პოსტიმპერიული სახელმწიფოების, რუმინეთის, ბულგარეთის და ჩეხოსლოვაკიის მსგავსად, განსაკუთრებულად რთული ამოცანების პირისპირ აღმოჩნდა. [2] თანამედროვე (და დემოკრატიული) სახელმწიფოს მშენებლობისათვის მისი ეკონომიკური რესურსები პრაქტიკულად არ არსებობდა. პატარა აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო გაუმაძღარ იმპერიებს, ბუნდოვან საზღვრებს, ჩამორჩენილობის ისტორიას და ეთნო-სოციალურ ანტაგონიზმს ებრძოდა. პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსის მუდმივი შიშით მოცული მთავრობა ინსტიტუციურად ღარიბი და უძლური იყო დაერეგულირებინა დამოუკიდებელი ეკონომიკის მოქმედება. სახელმწიფოს უნარიანობის, მის მიერ დასაცავი ტერიტორიის განსაზღვრის, გადაწყვეტილებების აღსრულების, გადასახადების აკრეფის,  საბაზო სერვისების მიწოდების და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის შესახებ ნორმალური ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელი იყო. 1920 წლის ოქტომბერში, ეკონომიკური სტრატეგიისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, აღიარა, რომ 1918 წელს „ჩვენ იძულებულები ვიყავით სახელმწიფოს შენება ცარიელი ხაზინით დაგვეწყო; რუსეთისგან გამოყოფის შემდეგ ჩვენ გვქონდა მხოლოდ რამდენიმე მილიონი რუბლის საქონელი.“ ის წუხდა: „ჩვენ ვიყავთ ახალი მოსულები. ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო აპარატი, არც ჩვენი ტრადიციული სისტემა და არც ფინანსები. ჩვენი მემკვიდრეობა იყო ომის ეკონომიკა ...“ [3] ამავე დროს, ქართველმა სოციალ დემოკრატებმა განიზრახეს სისტემის შეცვლა, რაც განსაკუთრებულ რესურსებს მოითხოვდა. მათ სურდათ აგრარული ეკონომიკა ინდუსტრიულად, რელიგიურ-ტრადიციული საზოგადოება სეკულარულად და ავტორიტარული სისტემა დემოკრატიულად ექციათ.

ფუნქციური სახელმწიფო იყო ეკონომიკური ზრდის და სტაბილურობის გასაღები. საქართველოში არ არსებობდა რესურსები საგანგებო სიტუაციებისთვის და არც რეალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების შესაძლებლობა. ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას მცირე გამოცდილება ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აშენებულიყო დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა ნულიდან, მთელი მისი ფისკალური სირთულით, საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემებიდან, ფულად და საბანკო კონტროლამდე. ახალ ხელისუფლებას არ ჰქონდა არც ერთი მაკროეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც დღეს სახელმწიფოები არ აფასებენ და არც მხარდაჭერა ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, კარგად დაფინანსებულ ანტიკრიზისულ პროგრამებთან ერთად. აქ არ ყოფილან საერთაშორისო ექსპერტები და არც ევროკავშირის მსგავსი მეგობრულად განწყობილი მეზობლები. წევრ ქვეყნებს ერთა ლიგამ შესთავაზა ტექნიკური მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი სესხები რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ 1922 წლის შემდეგ და საქართველოს, ნებისმიერ შემთხვევაში, 1920 წლის დეკემბერში, უარი ეთქვა ორგანიზაციაში შესვლაზე.

იმპერიულმა მემკვიდრეობამ მძლავრად ჩამოაყალიბა ახალი რეჟიმი და მისი მოქალაქეობა. 1917 წლისთვის, რუსეთმა საქართველო მოდერნულობის  ზღვარზე მიიყვანა. მან ხელი შეუწყო საქართველოს მოპოვებით ინდუსტრიას. მანგანუმი ჭიათურაში, ქვანახშირი ტყიბულში, ცემენტი კასპში და სპილენძი ალავერდში. ჭიათურა გახდა „შავი ქვის“ მთავარი მომპოვებელი ცენტრი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო მარაგების თითქმის ნახევარს აწარმოებდა. 1913 წელს, ჭიათურის მანგანუმის 43% გავიდა გერმანიაში და 2% გაერთიანებულ სამეფოში. [4] ბათუმი იქცა სწრაფად მზარდ ინდუსტრიულ პორტად, რომელიც 1902 წლისათვის, რუსეთის იმპერიის მიერ გადამუშავებული მთელი ნავთობის სამი მეოთხედის ექსპორტს ანხორციელებდა და ნავთობთან დაკავშირებულ მრეწველობაში 12 000 მუშას ასაქმებდა. 1860-იან წლებში დაწყებული რკინიგზის მშენებლობა, რომელშიც ბრიტანული კაპიტალი ჩაიდო და მათივე ინჟინრები უწევდნენ ზედამხედველობას, 1917 წლისათვის უმსხვილეს სახელმწიფო დამსაქმებლად იქცა. [5] რკინიგზამ დააკავშირა მთავარი ქალაქები: თბილისი, ფოთი, ბათუმი, თელავი, ქუთაისი და სოხუმი, გახსნა საერთაშორისო ბაზრები, ბაქოდან ბათუმამდე გაიარა ნავთობმა (1904 წელს მილსადენმა გაატარა 64 მლნ. ფუთი წელიწადში) [6] და გლეხებს ადრე იზოლირებული რურალური რეგიონებიდან, როგორიცაა გურია ან კახეთი, საშუალება მიეცათ  თავიანთი პროდუქცია საზღვარგარეთ გაეგზავნათ და  მიწის შესაძენათ საკმარისი თანხა მიეღოთ. [7] 1913 წელს შემოვიდა პირველი ვაგონ-მაცივარი, რამაც შესაძლებელი გახადა ხილის ექსპორტი მოსკოვში (Сельскохозяйственная перспектива Грузии). დროდადრო, შორსმჭვრეტელ რუს მეფისნაცვლებს (наместники) ისეთებს, როგორიც იყო მიხეილ ვორონცოვი, იმპერია ესმოდათ, როგორც ცივილიზაციის საჩუქარი ჩამორჩენილი ხალხებისათვის, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივ ვაჭრობას, განათლებას და სამოქალაქო საზოგადოების მოწყობას. ამ მნიშვნელობით, რასაც ბენედიქტ ანდერსონმა  "ნაციონალიზმის გრამატიკა" უწოდა, რუსეთის იმპერიამ, ინფრასტრუქტურულ მექანიზმებთან ერთად, საქართველოს მისცა მოდერნული ნაციის ინტელექტუალური საფუძველი. [8]

მაგრამ ყველა ეს მოქმედება ემსახურებოდა მეტროპოლიის საჭიროებებს, რუსულ  ბაზრებს და იმპერიულ ინტეგრაციას. კავკასიის სამეფისნაცვლოს ახასიათებდა იერარქიული პრაქტიკა, საგარეო ცენტრზე დამოკიდებულება და ნაკლებად წინ წასული ადგილობრივი ბაზარი. ტრანსპორტი ჯერ კიდევ განუვითარებელი იყო და საქართველოს რეგიონებს ენობრივი და კულტურული განსხვავებები ჰყოფდა. ცარისტული სახელმწიფო ინსტიტუტები ცუდად იყვნენ ორგანიზებულნი ადგილობრივი რესურსების ასათვისებლად. სახელმწიფო არ იყო  ის რასაც მარგარეტ ლევი „შემოსავლის მაქისმიზატორს“ უწოდებს, არამედ  გულგრილი და მინიმალური შემოსავლის მხარჯავი. [9] არ არსებობდა ეკონომიკური განვითარების სტრატეგია სახელმწიფო ნედლეულის წარმოების, ტრანსპორტის განვითარების, სამხედრო მარაგებისა და განსაკუთრებული კულტურების განვითარების გარდა, ისეთების როგორიცაა ჩაი, თამბაქო და ბამბა. 1911 წელს, მთელ კავკასიის სამეფისნაცვლოში ხარჯმა 82.5 მლნ. რუბლი შეადგინა, საიდანაც 30 მლნ. ომის სამინისტრომ დახარჯა. საქართველოს ტერიტორიაზე (ჩვეულებრივ, ქუთაისისა და ტფილისის გუბერნია, სოხუმის ოკრუგი და ბათუმის ოლქი) დახარჯული მთლიანი 33 მილიონი რუბლიდან ერთი მესამედი (11,6 მილიონი) მოდიოდა ომის სამინისტროზე; შედარებისთვის, საჯარო განათლებაზე 1.65 მლნ., ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1.5 მლნ. დაიხარჯა. (Aperçu sur les recettes et depénses du trésor Russe - რუსეთის ხაზინის შემოსავლებისა და ხარჯების მიმოხილვა (მთარგმნელის შენიშვნა). აქართველო დარჩა უკიდურესად რურალური და სოფლის ცხოვრებამ, მეოცე საუკუნის ბაზრებთან პირდაპირი კავშირების მეშვეობით, ძლივს შეცვალა წარმოების ის მოდელი, რომელიც შუა საუკუნეებიდან იღებდა სათავეს.

ამ იმპერიულმა მემკვიდრეობამ გავლენა მოახდინა ახალი მთავრობის მმართველობის ფორმებზე, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. კორუფცია ბუნებრივი მოვლენა იყო და ეკონომიკის მართვის ავტორიტარული მეთოდები ნორმას წარმოადგენდა. იმპერიულმა სტრუქტურამ დომინანტური როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკურ სისტემაში. სტანდარტი იყო საგარეო ვაჭრობის კონტროლი. ეს მიდრეკილებები 1914-1918 წლების განმავლობაში, ომის ეკონომიკის წნეხის ქვეშ, უფრო აშკარაც გახდა. ომის შემდგომმა საქართველოს რესპუბლიკამ მემკვიდრეობით მიიღო ეს იერარქიული სისტემები და მენტალიტეტი. ამ მემკვიდრეობას დაემატა მრეწველობა და სამთავრობო ორგანოები, რომლებიც ომისა და რევოლუციის შემდეგ აღარ ფუნციონირებდა. ასეთმა გარემომ თითქმის შეუძლებელი გახადა საქართველოს ახალი პარლამენტის მიერ დაკანონებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და მეთვალყურეობა. ხელისუფლებას არ შეეძლო სახელმწიფოსადმი მტრული დამოკიდებულების შერყევა, მაგრამ ჯერ კიდევ ვალდებული იყო გამოეყენებინა მისი სტრუქტურები; საჯარო მოხელეები ეკონომიკური ზედამხედველობის იმპერიული ჩვევებით იყვნენ გამსჭვალულნი. გადასახადების აკრეფაში სახელმწიფომ არაეფექტურობა შეინარჩუნა და ვერ შეძლო  ინსტიტუტების დაფინანსება და ვერც დინამიური ეკონომიკისათვის აუცილებელი „გონებრივი რევოლუციის“ განმტკიცება;

ცარისტულ მიდრეკილებებს  ეთნო-კლასობრივი იერარქიული დაყოფები ართულებდა. ბურჟუაზიაში, რომელიც სუსტი იყო საქართველოში, დომონირებდნენ ადგილობრივი სომხები. ადმინისტრაციის უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები. ქალაქში მცხოვრები ქართველები იყვნენ წვრილი ვაჭრები, მასწავლებლები, ჟურნალისტები, დაბალი კვალიფიკაციის მუშები, პოეტები, ინტელექტუალები და არმიის ოფიცრები. მცირე გამონაკლისების გარდა არ არსებობდნენ ქართველი ბანკირები, ბიზნესმენები, ქარხნების მეპატრონეები ან კაპიტალისტები. ქართველის მფლობელობაში არსებული პირველი მსხვილი ბანკი იქამდე ერთი წლით ადრე გაიხსნა, სანამ რევოლუცია იფეთქებდა. [10] ეს ეთნო-ეკონომიკური დაყოფა  ადგილობრივ კაპიტალსა და სახელმწიფოს შორის პროდუქტიული ურთიერთობის შექმნის წინააღმდეგ მუშაობდა. ბევრი ადგილობრივი სომეხი მეწარმე, 1918 წლის დეკემბრის ავბედითი სომხურ-ქართული ომის შემდეგ, პარლამენტში ანტისომხური რიტორიკის, თავდასხმების, ექსპროპრიაციის შიშის და ციხის პირისპირ აღმოჩნდა. 1918 წლის 24 დეკემბერს, [11] ომის დროს, მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ნებადართული იყო ნებისმიერი მოქალაქის ქონების კონფისკაცია, ვინც მტერს დახმარებას უწევდა „იარაღით, ფულით ან ინფორმაციის მიწოდებით.“ (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1990, 177). ამ კანონმა, რომელიც სომხებისკენ იყო მიმართული გამოიწვია საქართველოს ძირითადი საქმიანი წრეების და, ადგილობრივი ეკონომიკური ინვესტიციის მთავარი წყაროს, დაკარგვა. მეწარმეთა ეროვნული კლასის არ არსებობის პირობებში, რომელიც ეკონომიკური ზრდის გარანტიას ქმნის, სახელმწიფოს თავად უწევდა დანაკლისის კომპენსირება.

 

რესპუბლიკის გეგმები

საქართველოს თავის კავკასიელ მეზობლებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, ჰქონდა გარკვეული უპირატესობები. მის ახალ ლიდერებს, განსაკუთრებით დახვეწილ ევროპელ სოციალისტებში, საერთაშორისო მასშტაბით იცნობდნენ, რომლებთანაც ქართველები, ევროპაში ემიგრაციის დროს, წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. მათ ჰქონდათ ხედვა, რომელიც ევროპის წარმატებული სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო პარტიების ზომიერ იდეებს ეყრდნობოდა. ამ ხედვას, ხშირად, უიმედო გარემოებებში, იგნორირებას უწევდნენ, მაგრამ ქვეყანაში გაბატონებული ეკონომიკური ანარქიის ფონზე, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული შერეული ეკონომიკის კონცეფცია, დამამშვიდებელ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. ევროპაში, ომისშემდგომი ფინანსური კრახის პირობებში,

ლიბერალური კაპიტალიზმი დისკრედიტირებული იყო და სახელმწიფოს ეკონომიკური ჩართულობა განიხილებოდა, როგორც საბაზრო ქაოსიდან რაციონალური გამოსავალი.

მეორე, არსებობდა სახელმწიფო აქტივიზმის მარქსისტული გამართლება, რომელიც გაძლიერდა პოპულარული მოწოდებით „ხალხის“ დასაცავად ძლიერი ეკონომიკური ძალებისა და სპეკულანტების წინააღმდეგ. მეოცე საუკუნის დასაწყისში სოციალიზმი ითვლებოდა არა „ჩავარდნილ“ სისტემად, არამედ გზად მოდერნიზაციისაკენ. უფრო მნიშვნელოვნად, როგორც ეს ქართველმა სოციალ დემოკრატებმა დაინახეს, სოციალიზმი იყო ნაციის მშენებელი, კოლონიალიზმისაგან ეკონომიკური გათავისუფლების მექანიზმი. სოციალიზმი ქართველებს აძლევდა შანსს დაესრულებინათ ადგილობრივი სომეხი მრეწველების დომინაცია და რუსი საჯარო მოხელეების პოლიტიკური კონტროლი. საქართველოს მთავრობა შეეცადა შეექმნა რაღაც ახალი, თანასწორი და დემოკრატიული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეროვნული. 1918-21 წლებში საქართველოს მთავრობის ნაციონალიზაციისა და სახელმწიფო მონოპოლიების პოლიტიკა  განპირობებული იყო არა მარქსისტული ეკონომიკური თეორიით, არამედ ნაციონალიზმითა და აუცილებლობით. მთავრობა იყო უფრო მეტად ანტიიმპერიალისტური ვიდრე ანტიკაპიტალისტური და უფრო პრაგმატული, ვიდრე იდეოლოგიური. ქარხნებზე კონტროლის დამყარება, პორტების ნაციონალიზაცია ან მანგანუმის მონოპოლიების შემოღება იყო „პატრიოტული“ პოლიტიკა. საქართველოს მთავრობის თვალსაზრისით, ისინი შექმნილია სახელმწიფოს გასაძლიერებლად, ხალხის დასაცავად და ერის გადარჩენის უზრუნველსაყოფად. ომისგან გამოწვეული ნგრევის, ქართული კაპიტალიზმის სისუსტის და კაპიტალის გაზრდის საჭიროების გათვალისწინებით, ასეთი ნომინალურად მემარცხენე პოლიტიკა გავრცელებული იყო ომისშემდგომ ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის განუვითარებელ ეკონომიკებში. ეკონომიკაში, რომელსაც ახასიათებს ფულის გაუფასურება, წარმოების კოლაფსი და სოფლის მეურნეობის სტაგნაცია, ეკონომიკაში ჩაურევლობა არაპრაგმატული იყო და მმართველი პარტიის პოლიტიკურ მარცხს გამოიწვევდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა, ევროპის სხვა მთავრობებზე და მათ ომისშემდგომ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მითითებით, გაამართლა სახელმწიფოს ჩარევა. დამცავი ტარიფების, ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზიების, სამრეწველო სინდიკატების და შიდა მონოპოლიების დაწესებისას საქართველოს მთავრობა მხოლოდ მათ მაგალითს მიჰყვებოდა. ეს პოლიტიკა არა სოციალიზმით, არამედ ეროვნული ხსნით იყო განპირობებული. [12]

მესამე, ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას ცენტრალური იყო სოცილ დემოკრატიული პარტიის სახალხო ბაზა და მისი ლიდერის, ნოე ჟორდანიას მორალური ავტორიტეტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის პატივსაცემი ლიდერის, თომას მასარიკის ქართულ ვერსიას წარმოადგენდა. გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის წარმატების ან პოსტრევოლუიური ცვლილების მშენებლობის ფაზაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამფუძნებელებს, მაგრამ ისინი,  ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკაში, ერთი ეტაპიდან მეორე გადასვლის დროს. საქართველოს შემთხვევაში, პარტიების ლიდერების რეპუტაციამ მათ მისცა ის უმრავლესობა, რაც  კანონების მისაღებად სჭირდებოდათ, მორალური ავტორიტეტი, რომელიც საჭირო იყო მკაცრი ეკონომიკური გადაწყვეტილებებისათვის და პატივისცემა, რომელიც აუცილებელია კოალიციების მობილიზებისა და კონფლიქტური ეკონომიკური ინტერესების დარეგულირებისთვის. სოციალ დემოკრატების დამაჯერებლობა საბოლოოდ ცუდი შედეგებით გაფერმკრთალდა, მაგრამ საგარეო საფრთხეებმა მოთოკა ოპოზიცია და შეუნარჩუნა ეროვნული მხარდაჭერა. პოლონეთის მსგავსად, აქ არ არსებობდა მსხვილი ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც შეეძლო, მარჯვენა ფლანგიდან, ეჭვქვეშ დაეყენებინა სსდმპ-ს ეკონომიკური პოლიტიკა. ასეთმა ჯგუფებმა, 20-იანი წლების შუაში, პოლონური სახელმწიფო გახლიჩეს.

მეოთხე უპირატესობა იყო საქართველოს გეოგრაფია. ახალ სახელმწიფოს ჰქონდა წვდომა კავკასიის სტრატეგიულ გადასასვლელებზე, რომელთათვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ იმპერიები და ესწრაფოდნენ ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლის მოპოვებას. აბრეშუმის გზის განშტოებაზე (1900 წელს, თბილისში იყო მინიმუმ 14  ქარვასლა) საქართველო წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის ბაზრებს შორის დამაკავშირებელ კომერციულ რგოლს. მისი სატრანზიტო ფუნქცია - ნავთობისა თუ საქონლის გადაზიდვა რკინიგზით - პოტენციური ინვესტორებისა და დასავლური მთავრობებისათვის მნიშვნელოვან კომერციულ არგუმენტს წარმოადგენდა და ქმნიდა ბერკეტს სომხეთთან და აზერბაიჯანთან ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომლებიც, შავის ზღვაზე გასასვლელად,  საქართველოზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ გეოგრაფიული ფაქტორების გარეშე, საეჭვოა, რომ 1918 წელს, საქართველო,  სტაბილური, დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყო. 1918 წლის მაისში, გერმანიისათვის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის „მიყიდვა“ (საქართველოს მანგანუმის ექსკლუზიურ მონოპოლიასთან ერთად), ითვლებოდა, რომ თურქული და რუსული საფრთხეებისაგან ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. საქართველოსადმი გერმანიის ინტერესში გაერთიანებული იყო სტრატეგიული და ეკონომიკური მოტივები. [13] მეორე მხრივ, ევროპული ბაზრებიდან  საქართველოს სიშორემ და მისმა სიახლოვემ საერთაშორისო კონფლიქტებთან, თურქეთთან სამხრეთით და რუსეთთან ჩრდილოეთით, ასევე 1920 წლის ზაფხულამდე შავ ზღვაზე არსებულმა დე ფაქტო ეკონომიკურმა ბლოკადამ - ეკონომიკის გაჯანსაღება გაართულა. აზერბაიჯანსა და სომხეთში, საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის გავლით ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალი სატრანზიტო გზა ჩაიკეტა და მოკავშირეებმა, განსაკუთრებით, 1918 წელს, რეგიონში თურქულ-გერმანული ოცნებების მსხვრევის, ბოლშევიკების წინააღმდეგ დენიკინის შეტევის მარცხის და ერაყის ახალ სახელმწიფოსა და ირანში ნავთობის მნიშვნელოვანი კონცესიების მიღების შემდეგ, კავკასიის გეოგრაფიული უპირატესობების მიმართ ინტერესი დაკარგეს;

მეხუთე, საქართველოს გააჩნდა სტრატეგიული რესურსები - მანგანუმი, ქვანახშირი და სპილენძი. საქართველოსთვის ეს ნედლეული პოტენციური უცხოური ვალუტის, ჯანსაღი სავაჭრო ბალანსის პერსპექტიული წყარო და რაც მთავარია ის საფუძველი იყო რომელზედაც ევროპულ ქვეყნებთან საქართველოს  ალიანსების ჩამოყალიბება შეეძლო. ართველი დიპლომატი, ზურაბი ავალიშვილი, მოგვიანებით წერდა:არცთუ მცირე მიზეზის გამო, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობების შენობაშავ ქვაზეაღიმართებოდა“ (ავალიშვილი 1940, 93). საუბედუროდ, დე ფაქტო ბლოკადამ და რუსეთის სამოქალაქო ომმა საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზებისათვის  ასეთი სამთო მოპოვებითი სექტორების გამოყენება შეაფერხა, მიუხედავდ იმისა რომ მსხვილ კონცესიებს დაპირდნენ დაინტერესებულ გერმანელებს (და მოგვიანებით ფრანგებს, იტალიელებს და სხვა ევროპელებს). საქართველოს არ ჰქონდა შიდა წარმოების ბაზა (ჩეხოსლოვაკიის მსგავსად), რომელსაც შეეძლო ეკონომიკური ზრდისა და მასთან ერთად პოლიტიკური სტაბილურობის სტიმულირება. მაგრამ რევოლუცია ეკონომიკისთვის ყველა თვალსაზრისით ცუდი არ ყოფილა. ამან მეწარმეობასა და სოციალურ მობილობაზე იმპერიულ კონტროლს დიდი დარტყმა მიაყენა. რევოლუციურმა ქაოსმა ბევრი ინდუსტრია გაანადგურა და გამოიწვია კორუფცია, მაგრამ მმართველობის დასუსტებამ სამეწარმეო შესაძლებლობებიც მოიტანა. კავკასიის სამი ახალი რესპუბლიკისთვის თბილისი იყო კომერციული, სატრანზიტო და პოლიტიკური ცენტრი. იმატა მრავალენოვანმა გაზეთებმა (რომელიც ყველა პარტიას ჰქონდა), გაიზარდა საგანმანათლებლო შესაძლებლობები (1918 წელს  საქართველოს პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა), ქართულენოვანმა უწყებებმა ჩაანაცვლა ცარისტული ინსტიტუტები და შეიქმნა ადგილობრივი მმართველობის ახალი ორგანოები.

 

ეკონომიკური გამოწვევები

ინფლაცია

ახალი სახელმწიფოს ეკონომიკური პრობლემები ღრმა და მრავალმხრივი იყო. მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო ომის შედეგად განადგურებული ეკონომიკა. ქართული მრეწველობა ვეღარასოდეს აღდგა. საქართველოსთვის ნედლეულიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც მას შეიძლებოდა სოციალური და ეკონომიკური რეკონსტრუქციისთვის მიეღო, შავ ზღვაზე არსებულმა დე ფაქტო ბლოკადამ  ბოლო მოუღო. 1913-1919 წლებში ჭიათურის მანგანუმის მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 3500-დან 250-მდე შემცირდა (საქართველოს არქივი, ყუთი 13, წიგნი 71). მანგანუმის წარმოება 12,488,000 თიდან (1917)  მკვეთრად შემცირდა 1,583,000 ფუთამდე (1918). (1914 წელს მოპოვება 40 მილიონ ფუთზე მეტი იყო). 1920 წლისთვის თითქმის არ ხდებოდა მოპოვება და მხოლოდ იმავე წლის აგვისტოში, ბლოკადის შემსუბუქების შემდეგ, გაჩნდა აუმჯობესების იმედი. 60 მილიონ ფუთიანი მარაგიდან შვიდი მილიონი საბოლოოდ ექსპორტირებულ იქნა. საბოლოო ჯამში საექსპორტო მაჩვენებელმა  11,2 მილიონი ფუთი შეადგინა. [14] მაგრამ   არ შეიძლება ყველაფერი ომს დაბრალდეს: მანგანუმის ექსპორტი წლების განმავლობაში  ბრაზილიასთან და ინდოეთთან კონკურენციის გამო, მცირდებოდა. ომამდე, ნავთობის კასრებით მიწოდება შეცვალა ნავთობტანკერებით გადაზიდვამ, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს პორტებს.

რესპუბლიკის შემცირებულ წარმოებას ხელი შეუწყო სატრანსპორტო კოლაფსმა. 1899 წელს ცარისტული ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებული ამიერკავკასიის რკინიგზა (Transcaucasian  Railway (TCR) უინსტონ ჩერჩილმა აღწერა როგორც „[ერთ-ერთი] ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი მსოფლიოში (Hennessey 2004, 52). ომმა ამიერკავკასიის რკინიგზა, სამხრეთის ფრონტისათვის ჯარების და და რესურსების მიწოდებით, თავისი შესაძლებლობების  ზღვრამდე დატვირთა. მაშინ როცა ომი ნელ-ნელა სრულდებოდა მოძრავი შემადგენლობები გაქრა, სომხურ და მუსლიმურ თემებს შორის შეტაკებებმა გააჩერა მატარებლები და სარკინიგზო ხაზებთან ახლოს მცხოვრები სოფლების დამშეული მოსახლეობა ყველაფერს იპარავდა რაც კი შესაძლებელი იყო.  დეზერტირების მიერ მარადიორობას (განსაკუთრებით პოპულარული იყო ტყავის სკამებისა და ჯარისკაცების ჩექმების დამარბილებელი საპოხი ზეთის მოპარვა) დაემატა ბოლშევიკების საბოტაჟი. 1918 წლის მეორე ნახევარში სარკინიგზო ქსელში ქაოსი იყო. რუსული პერსონალის უმეტესობა წავიდა. ძრავებისთვის არ იყო საკმარისი საწვავი. 1918 წლის ივნის-დეკემბერში, იმავე წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, რკინიგზით გადაზიდული საქონელი 30%-ით შემცირდა. 40%-ით იკლო სამგზავრო ვაგონების გამოყენებამ (სატვირთო ვაგონებთან ეს მაჩვენელები 80% იყო).[15] ბათუმში ნავთობის ტრანზიტის უეცარმა კლებამ საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო წყარო წაართვა, რომელიც 1913 წელს შეადგენდა 13 მილიონ რუბლს შეადგენდა. თუმცა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა 1920 წელს, ბრიტანელების მიერ შექმნილი რკინიგზის კონტროლის საბჭო“ ზედამხედველობით; მატარებლები, რომლებიც ადრე ერთი დღის დაგვიანებით მოძრაობდნენ, ახლა მეტ-ნაკლებად დროულად,  ორი საათით იგვიანებდნენ.

1990-იანი წლების დასაწყისში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები მიხვდებოდნენ იმ მძიმე განსაცდელს, რომლის წინაშეც 1918 წელს აღმოჩნდა ახალი მთავრობა. შეუძლებელი იყო ეკონომიკის ორგანიზება და ეფექტური ფისკალური ბერკეტების შემოტანა, სანამ სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდებობდნენ. 1921 წლის თებერვლამდე, წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული კონსტიტუცია. არ არსებობდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისა და მათი უფლებამოსილების მკაფიო განსაზღვრება და, შესაბამისად, სხვადასხვა ადმინისტრაციული უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა და სადავო გახდა. არ ხდებოდა ეკონომიკური გადაწყვეტილებების კოორდინირება, შესრულება დან კონტროლი. ამან დატოვა სივრცე მასიური არასაბიუჯეტო ასიგნებებისა და დაუსრულებელი კრედიტებისთვის მრეწველობასა და საჭიროების მქონე ისეთ სხვა ჯგუფებში, როგორიცაა შრომის სფერო, სოფლის მეურნეობა, პოლიცია; მათ შორის, თანხის ყველაზე დიდი გადინება ეროვნულ გვარდიაში იყო.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ძირს უთხრიდა ეკონომიკის პროგნოზირებადობის აღდგენის ყველა მცდელობას, იყო ინფლაცია. ეს იყო საფრთხე არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თავად რესპუბლიკისთვისაც. ვაჭრობასა და მრეწველობაზე მისმა დამანგრეველმა ზემოქმედებამ მოახდინა მოსახლეობის დემორალიზება და ახალი მთავრობისადმი რიგითი მშრომელი ქართველების მხარდაჭერას ზიანი მიაყენა. ჟორდანიამ ინფლაციას მოსახლეობის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომი“ უწოდა, მაგრამ ეს იყო ომი საქართველოს მთავრობასთანაც, რაც შინ მის სანდოობას ზიანს აყენებდა. საქართველოს მონეტარული სისტემა დამაბნეველი იყო - 1919 წლისთვის ერთდროულად  ოთხი "ვალუტა" მოქმედებდა - "ნიკოლოზის" რუბლი, "კერენსკის" რუბლი, ამიერკავკასიის ბონები და ქართული ბონები. 1918 წლის დეკემბერში ორმოცი "ნიკოლოზის" რუბლი იყო 1 ფუნტამდე, 1919 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი გახდა 700; 1920 წლის თებერვლისთვის მისმა ღირებულებამ 1000-ს გადააჭარბა. დეკემბერში კურსი მოულოდნელად 18000-მდე ავარდა. (კანდელაკი 1960, 72). თუ ერთი კგ ხორცი 1917 წლის იანვარში 45 კაპიკი ღირდა, 1919 წლის სექტემბერში მისმა ფსმა 11,79 რუბლი შეადგინა. ამავე პერიოდში, პურის ფასმა რვა კაპიკიდან ხუთ რუბლამდე მოიმატა, ხოლო ერთი ბოთლი ღვინის - ქართველების მნიშვნელოვანი ნუგეშის ფასი  - 1918 წლის მაისიდან 1920 წლის თებერვლამდე, ათჯერ,  საშუალოდ სამიდან  ოცდაათ რუბლამდე გაიზარდა

მკვეთრი ზრდის მიზეზი მარტივი იყო: მთავრობის ხარჯები შემოსავლებს ღემატებოდა. ყოველდღიურად, ფინანსთა სამინისტრო  ხელფასების, სამხედრო ოპერაციების, ლტოლვილებისთვის დახმარების, რუსული ჯარების სამშობლოში გაგზავნის, ახალი დაწესებულებების შექმნისა თუ ძველის ლიკვიდაციის მოთხოვნებით წაილეკა. (ძვირადღირებული მომსახურება, რომელიც მოიცავდა საცხოვრებელ და მგზავრობის ხარჯებს. რუსეთის ყოფილი ჩინოვნიკებისათვის). მთავრობამ გადახდისუუნარობის პრობლემა ფულის ბეჭდვით მოაგვარა. 1919 წლის ივლისიდან 1920 წლის იანვრამდე, ადგილობრივი ბანკების სასტიკი წინააღმდეგობის, გამართული ბიუჯეტის ან რაიმე სესხის სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის გარეშე, 8,4 მილიარდი რუბლის ოდენობით, ქართული ბონების ოთხი ემისია განხორციელდა.  ფულის ბეჭდვა ადვილი იყო - ის წარმოადგენდა დროებით შიდა სესხს ან გადასახადს - მაგრამ დადგებოდა დრო, როგორც ეს მოხდა ვაიმარში, გერმანიაში, როდესაც ბეჭდვის ღირებულებამ გადააჭარბა ფულის ღირებულებას. მაშინ მთავრობა უკანასკნელ რესურსს დაკარგავდა. კარლ კაუცკიმ,  საქართველოში ვიზიტის შემდეგ, 1920 წლის ბოლოს თქვა:

“ქაღალდის ფულის სისტემა არა მხოლოდ ემუქრება სახელმწიფოს სრული გაკოტრებით და მის მიერ მიმოქცევაში ჩაშვებული ბანკნოტების  აბსოლუტური უსარგებლობით, არამედ იმით რომ მან, მთელ ეკონომიკურ სისტემაში, მზარდი ქაოსი და პარალიზება შემოიტანა...“ (კაუცკი 1921, 62).

ქართველმა მინისტრებმა ეს საკითხი გაიგეს. წლიური ბალანსები მუდმივ დეფიციტში იყო. 1918-1919 წლებში შემოსავალმა  174,2 მილიონი რუბლი შეადგინა (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი 1918 წლისათვის) - ძირითადად თანხები სახელმწიფო ქონებიდან, საბაჟო  და არაპირდაპირი გადასახადებიდან შემოვიდა. [16] მეორე მხრივ, ხარჯებმა 663,5 მილიონი რუბლი (44 მილიონი დოლარი) შეადგინა. თავდაცვაზე დაიხარჯა 30%, კომუნიკაციებზე და გზებზე 21%, ვაჭრობასა და მრეწველობაზე 30%.  დისბალანსი რეზერვებით ვერ დაიფარა და იმ ეტაპზე საქართველოსთვის სესხის გაცემის სურვილი არავის ჰქონდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისას საქართველოს ხაზინაში, სახელმწიფო და შემნახველ ბანკში და ყველა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული თანხა მთლიანობაში არ აღემატებოდა 394 მილიონ რუბლს. ეს ფული ძველი ცარისტული ინსტიტუტების ლიკვიდაციის დროს დათხოვნილი თანამდებობის პირების კომპენსაციების გადახდისას სწრაფად გაქრა და იხარჯებოდა ისეთი გადაუდებელი საჭიროებებისთვის, როგორიცაა პენსიები, ჯარის შენახვა და სამედიცინო ხარჯები (კანდელაკი 1960, 168).

მომდევნო წლის ბიუჯეტი (1919-20) მიზნად ისახავდა, დაახლოებით 795 მილიონი რუბლის ფარგლებში,  შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსის შექმნას. აქედან დაგეგმილი შემოსავლების ნაკადი, როგორც შემოსავლებიდან ისე სახელმწიფო საკუთრებიდან მიღებული მოგებით, იყო  574 208 000 რუბლი. რეალური ბიუჯეტი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა. ხარჯები სწრაფად გაიზარდა 3,252 მილიარდ რუბლამდე (რაც 4-ჯერ აღემატება წინასწარ ხარჯთაღრიცხვას) და შემოსავალი დარჩა 771 მილიონ რუბლზე. შემოსავალი მხოლოდ ხარჯების 23,6%-ს ფარავდა. ყოველწლიურად ყველაზე დიდი დანახარჯი მოდიოდა მომარაგების, თავდაცვის და გზათა სამინისტროებზე. ლომის წილი იხარჯებოდა სამხედრო ბიუჯეტზე. თუ 1918-1919 წლებში უწყებაზე მოდიოდა მთლიანი ხარჯების 30%, 1919-20 წლებში მაჩვენებელი ავიდა 36%-ზე, ხოლო 1920-21 წლებში 60%-მდე გაიზარდა (აფხაზი 1921). საქართველო უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა  თავდაცვაზე, რისი გაგრძელებაც შეუძლებელი იყო; სხვა სახელმწიფო დაწესებულებები თანხების უკმარისობას განიცდიდნენ. 1919-20 წლებში საბიუჯეტო ხარჯების 3% დაიხარჯა იუსტიციის სამინისტროზე, 4.7% განათლებაზე, ხოლო ქართული სოციალ დემოკრატიის სიმტკიცის წყაროზე, შრომის უწყებაზე მხოლოდ 0.06% (კანდელაკი 1960, 172). რეალურად, როგორც ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, „ყველა დაგეგმარებამ და ბუღალტერიამ  საფუძველი დაკარგა;“ მნიშვნელოვანი შემოსავლები და ხარჯები ბიუჯეტშიც კი არ იყო და პარლამენტი, მთავრობა და სამხედროები სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური რეალობის მიუხედავად განაგრძობდნენ თანხების მოთხოვნას.

ერთ-ერთი გამოსავალი იყო საგადასახადო სისტემის  შეცვლა (ეს ცვლილებები, როგორც უფრო ფართო მონეტარული პოლიტიკის ნაწილი, 1919 წელს, ჩეხოსლოვაკიამ, წარმატებით განახორციელა).  1920 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ანალიზისას, ფინანსთა სამინისტროს ექსპერტმა, ელისეი კოზლოვსკიმ, მიუთითა შემოსავლების ოთხ პრობლემაზე: დაკარგული თანხები ნავთობიდან შემოსული გადასახადებიდან (ადრე ამიერკავკასიაში არაპირდაპირი გადასახადები შემოსავლების 80%-ს შეადგენდა); ინფლაციის გამო პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებიდან შემოსული თანხების შემცირება. (რეალური გათვლებით (ინფლაციის გათვალისწინებით), 1918-1920 წლებში არყიდან შემოსულმა  გადასახადებმა 950%-ით, ხოლო შაქრიდან შემოსულმა  8000%-ით მეტით მოიკლო); გადასახადების აკრეფის შეუსაბამო სისტემა; და სამთავრობო უწყებების ზედმეტი ხარჯები. მთლიანობაში, დანახარჯების 45%  სურსათით უზრუნველყოფას მოხმარდა. კოზლოვსკი ითხოვდა პროპორციულ საგადასახადო სისტემა, 10%-ს პირველადი მოხმარების ნივთებზე, მეტს ფუფუნებაზე და ყველაფერი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით. მან რეკომენდაცია გაუწია საგერბო  გადასახადის გაზრდას, მიწაზე და მემკვიდრეობაზე ახალ საგადასახადო ვალდებულებებს  და არაპირდაპირ გადასახადებზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობას. მაგრამ ეს გადასახადები, ისევე როგორც არაპირდაპირი გადასახადები ღვინოსა და თამბაქოზე, ინფლაციამ შთანთქა. საგადასახადო კანონმდებლობა ხარვეზიანი იყო; ღვინის გადასახადი მხოლოდ ექსპორტზე ან ქალაქებში  დაწესდა. ექსპერტის აზრით, მთავრობას უნდა გაეზარდა როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გადასახადები. ერთ სულ მოსახლეზე მოქალაქეები წელიწადში სულ რაღაც 60 რუბლს იხდიდნენ, რაც მნიშვნელოვანი ზრდისათვის სივრცეს ტოვებდა. გადადგმული ნაბიჯები უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო; თამბაქოს გადასახადს ხუთი თვე დასჭირდა დამფუძნებელ კრებამდე მისაღწევად, თუმცა ამ დროისთვის ის ინფლაციამ უსარგებლო გახადა (კოზლოვსკი, 1920).

ეს იყო მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მაგრამ სამ წელიწადში საქართველომ ხუთი ომი გადაიტანა - თურქეთთან, მოხალისეთა არმიასთან, სომხეთთან, საბჭოთა აზერბაიჯანთან და საბჭოთა რუსეთთან. საგანგებო ვითარება ყოველთვიურად იქმნებოდა - იქნებოდ ეს ლტოლვილების შემოდინება, მწირი მოსავალი (1919 წელს სიმინდის მოსავალი ცუდი იყო), თუ მარცვლეულის მარაგების სასწრაფოდ შეძენა  (1920-21 წლებში ბიუჯეტში მომარაგების სამინისტროს წილი 30%-ს შეადგენდა), შიდა ამბოხებები და სტიქიური უბედურებები, როგორიცაა მიწისძვრა გორში 1920 წლის თებერვალში, ასევე ქოლერას აფეთქებები. ეს იყო უჩვეულო დრო, რომელიც საჭიროებდა განსაკუთრებულ ზომებს. სამინისტროებს აკლდათ პერსონალი და რესურსები (რუსი საჯარო მოხელეების უმეტესობა 1919-20 წლებში სახლში წავიდა) და არ არსებობდა შემოსავლების აკრეფის ეფექტური სამსახური. დასაბეგრი შემოსავალი  შეუსაბამო იყო (როგორც რურალური ეკონომიკის უმეტესობაში) და არ არსებობდა შემოსავლების თავმოყრის ძვირადღირებული ფორმა, პირდაპირი გადასახადების ტრადიცია.  არაპირდაპირი გადასახადების შემოსავლის სახით ზრდამ, დიდად დააჩქარა ინფლაცია. კორუფცია, რომლითაც, განსაკუთრებით პროვინციებში, აივსო ბიუროკრატიის დაბალი რგოლები,  ნიშნავდა, რომ სამთავრობო პროგრამები ცუდად ხორციელდებოდა. 1920 წლის მეორე ნახევარში საგადასახადო შემოსავლები 96,4 მილიონი რუბლიდან 42,8 მილიონამდე მკვეთრად დაეცა (აფხაზი, 1921).

 

კორუფცია

მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შავი ბაზრის მეშვეობით შემოსავლების დაკარგვა იყო. ბიზნეს გარიგებების დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა განხორციელდა. „სპეკულანტები,“ რომლებიც თავიანთ სიმდიდრი ქალაქის ყველაზე პოპულარულ რესტორნებში, უკანონოდ გამდიდრებულ ბიზნესმენებთან ერთად, თავს იწონებდნენ, ოპოზიციას უამრავ სალაპარაკოს  აძლევდნენ. 1920 წლის ნოემბერში, ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ინფლაციასთან ერთად იზრდება სპეკულაცია და სანამ ისინი (სპეკულანტები) იტაცებენ მილიონებს, მშრომელთა მასები შიმშილობენ“. მაგრამ პრობლემა არ იყო მხოლოდ ქრთამი ან ნეპოტისტური კავშირები.

ეს იყო წარსულის მენტალიტეტით წარმოქმნილი სტრუქტურული პრობლემა, რომელიც შედიოდა არაფორმალური წესების გავლენა, მფარველების გამოყენება, ერთმანეთის დახმარება და საჩუქრები, რაც 1918-21 წლების რეალობამ განამტკიც. ინფლაცია, დეფიციტი და სახელმწიფოსგან რესურსების მოპოვების შესაძლებლობები, შესაბამისი ინსტიტუტების ნაკლებობის, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და კანონების აღსრულების ხარვეზებთან ერთად, ახალი სახელმწიფოს სტრუქტურაში ჩანერგილ კორუფციას ნიშნავდა. როგორც 1990-იან წლების საქართველოში, რევოლუციამ წარმოქმნა ის, რასაც რასმა კარკლინსი უწოდებს „გარდამავალი პერიოდის სპეკულიანტებს“ (Karklins 2005, 15). ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ ფინანსური პრობლემა: ის იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ  საზოგადოების ნდობისა და რწმენის დაკარგვას  ემუქრებოდა, რომლის შექმნასაც სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ. მისი გაუმჯობესება (გადაწყვეტა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა) მოითხოვდა სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, კორუფციის   შემცირებას, ძალაუფლების დაყოფას და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას (ანგარიშვალდებულებას).

 

ავტორის შენიშვნები

[1] რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ეხება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (სდრ) არის ფირუზ კაზამზადეს შრომები (1951); ვერნერ ციურერი (1978); რიჩარდ ჰოვანისიანის 1971-1996 წლებში გამოცემული ოთხტომეული სომხეთის რესპუბლიკის შესახებ (1918-20), რომელიც საქართველოსაც ვრცლად ეხება.  რონალდ სანი (1989); ჩარლზ კინგი (2008); და დონალდ რეიფილდი (2012). აგრეთვე სტივენ ჯონსი (1992). სდრ-ის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მემუარები ეკუთვნის ვლ. ვოიტინსკის (1961); ფრიდრიხ ფრაინერ კრესს ფონ კრესენშტაინს, რომლის „ ჩემი მისია კავკასიაში“, რომელიც ითარგმნა

და გამოიცა ქართულად (2002); ოდეტ კეუნი (1924); და კარლ კაუცკი (1921).

[2] მსოფლიო ომებს შორის აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის შესანიშნავი მიმოხილვისთვის იხილეთ Kaiser (1985). ამ ორ ტომს ვეყრდნობოდი, როცა ვფიქრობდი საქართველოსა და დაშლილი ევროპული იმპერიების ნანგრევებზე აღმოცენებულ ევროპულ სახელმწიფოებზე. 

[3] „ერთობა,“ N235, 1918 წლის 16 ოქტომბერი, ციტირებულია ვადაჭკორიასთან (2001, 257).

[4] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამშვიდობო კონფერენციის დელეგაციის არქივი და დევნილობაში მყოფი მთავრობა (საქართველოს არქივი), ყუთი 4, წიგნი 8. საქართველოს არქივი შეიცავს 1918-1921 წლების ოფიციალურ მონაცემებს და განთავსებულია მიკროფილმებზე ჰაუტონში ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ამ დროისთვის საქართველოს ბუნებრივი რესურსების ყოვლისმომცველი შეფასებისთვის,

იხ. დ.აფხაზი (1923.).

[5] ამიერკავკასიის რკინიგზის შესახებ საუკეთესო ინგლისურენოვანი წიგნია რ.ა.ს ჰენესის) ამიერკავკასიის რკინიგზა და სამეფოს ინჟინრები: მესანგრებთან ერთად ბაქოში (Hennessey 2004).

[6] ფუთი, 36.121 გირვანქა

[7] მილსადენი  1906 წლამდე არ დასრულებულა. მისი ისტორიის შესახებ იხილეთ დ. ღამბაშიძე, კავკასიური ნავთობის მრეწველობა და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიისთვის (ღამბაშიძე 1918).

[8] იხილეთ ანდერსონი (2006), განსაკუთრებით თავი „აღწერა, რუკა და მუზეუმი“, 167-190.

[9] ორივე მარგარეტ ლევიმ და დუგლას ნორთმა თავიანთ ნაშრომში აღწერეს სახელმწიფო, როგორც მტაცებლური შემოსავალის მაქსიმიზატორი. იხილეთ მაგალითად,  Of Rule and Revenue (ლევი 1988.).

[10] თბილისის სათავადაზნაურო ბანკი დაარსდა 1875 წელს, მაგრამ ის ქართველი ხალხის მცირე ნაწილს ემსახურებოდა.

[11] დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველო-სომხეთის ურთიერთობების შესახებ  იხილეთ ნინო ვაშაყმაძე, საქართველო-სომხეთის ურთიერთობები  1917-1921 წლებში (ვაშაყმაძე 2002 წ.). სომხეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების შესახებ თბილისელი სომხებისათვის  საუკეთესო ინგლისურენოვანი გადმოცემაა  Hovannisian (1971, 93-125.).

[12] იხ. ვადაჭკორია (2001, 259), სადაც ციტირებულია შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი.

[13] 1918 წლის ზაფხულში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში გერმანულ-ქართული კომპანიების შექმნის შესახებ დისკუსიები გამართა სახელმწიფო მდივან ბარონ ფონ ტაინთან. საუბარი იყო ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ბამბაზე და მატყლზე.  (ავალიშვილი 1940, 73).

[14] დამოუკიდებლობის პერიოდში მანგანუმის მრეწველობის მოშლასთან დაკავშირებით (რიცხვებთან ერთად) იხ. აფხაზი (1923, 18-24).

[15] კლების შესახებ უფრო დეტალური ციფრებისთვის იხილეთ „Общие сведения о результатах Закавказских железных дорог.“

[16] რუსული რუბლი ცარიზმის ბოლო წლებში ძალზე არასტაბილური იყო. 1914 წლიდან 1918 წლის დეკემბრამდე ერთი რუბლის ღირებულება 50 ცენტიდან 15 ცენტამდე შემცირდა.

[17] ციტირებულია მეშჩერიაკოვთან (1921, 7).

[18] იხილეთ უილიამ მილერისა და მისი თანაავტორების ნაშრომი „ხალხი მსხვერპლია თუ თანამზრახველი: აღმოსავლეთ ევროპაში საჯარო მოხელეებთან საჩუქრების გამოყენება მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით,“ ციტირებულია კარკლინსთან, (2005, 6).

[19] იხილეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია, განსაკუთრებით თავი XIII.

[20] დესატინა არის 10,925.4 მ².

[21] მილნის ოპონენტები ჰყავდა ბრიტანეთის კაბინეტში, როგორიცაა ლორდ კრზონი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლოიდ ჯორჯის ომის შემდგომ კოალიციურ კაბინეტში. ინდოეთის ყოფილი ვიცე-მეფე კერზონი, რუსეთს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ბრიტანეთის იმპერიული ინტერესებისათვის   საფრთხედ თვლიდა და პოტენციურად კავკასიის სახელმწიფოებს განიხილავდა რუსული ექსპანსიის შემაკავებელ ბუფერებად. იხილეთ ჯონ ფიშერი (1997).

[22] ქართული სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის ფორმირების შესახებ იხ. ჯონსი (2005), განსაკუთრებით მე-8 თავი.

 

სტივენ ჯონსი

Caucasus Survey   Vol.1, No.2, April 2014, 63-81

 

ინგლისურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა

No comments:

Post a Comment