Thursday 14 July 2022

კავკასიური ქვეყნების გაწევრიანება ერთა ლიგაში: საბჭოთა რუსეთის როლი

 

შესავალიამიერკავკასია 1918–1920 წლებში

ამიერკავკასია [1] მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ყოველთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი იყო. აქ ბატონობისთვის ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთმა ის შეიერთა. თუმცა, ოსმალეთის იმპერიას (მოგვიანებით თურქეთის რესპუბლიკა) რეგიონში ინტერესი და გავლენა არასოდეს დაუკარგავს. თურქული ნაციონალიზმი აგრძელებდა პანთურქული იდეების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. ეს ითვალისწინებდა საერთო თურქულ გაერთიანებას - თურანს, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ყველა თურქულენოვან ხალხს.

პირველმა მსოფლიო ომმა და ბოლშევიკურმა რევოლუციამ ამიერკავკასიაში ახალი ისტორიულ-პოლიტიკური ვითარება შექმნა. 1917 წლის 15 ნოემბერს ბოლშევიკურმა მთავრობამ მიიღო დეკლარაცია რუსეთის ხალხთა უფლებების შესახებ, რომელშიც ასევე გამოცხადდა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების გამოყოფისა და ჩამოყალიბების უფლება. 1917 წლის ნოემბერში შეიქმნა დამოუკიდებელი ამიერკავკასიის პირველი მთავრობა – ამიერკავკასიის კომიტეტი და ამიერკავკასიის კომისარიატი (სეიმი).*პირველივე დღიდან რეგიონმა საბჭოთა რეჟიმის მიმართ  უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა. (Wade 2005, 268) ბოლშევიკები ქართული მენშევიკური პარტიის ხანგრძლივი პოლიტიკური მეტოქეები იყვნენ; ოსმალეთთან საომარი მოქმედებების გამო, საბჭოთა რუსეთის განზრახვას, გასულიყო მსოფლიო ომიდან, სომხებისთვის   დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა; ხოლო აზერბაიჯანელი მუსლიმებისთვის ბოლშევიკები რეჟიმის მტრები იყვნენ, რადგან მათი ლიდერების უმეტესობა ხანებისა და ბეგების ფეოდალური კლასს წარმოადგენდა. ბოლშევიკები მათ კაპიტალისტებთან ერთად მოსპობას ითხოვდნენ.  

საბჭოთა რუსეთის გადაწყვეტილებამ გამოსულიყო პირველი მსოფლიო ომისგან, ამიერკავკასიაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და ცენტრალურ სახელმწიფოებს შორის დადებული ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება  რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილის, განსაკუთრებით ყარსის, არდაგანისა და ბათუმის  ოსმალეთის იმპერიისათვის დათმობას ითვალისწინებდა (Sicker 2001, 114). ბრესტ-ლიტოვსკმა ნათლად აჩვენა, რომ არც საბჭოთა რუსეთი და არც ცენტრალური სახელმწიფოები არ ცნობდნენ ამიერკავკასიის დამოუკიდებელად არსებობას. [2] სეიმი ეწინააღმდეგებოდა მისი სახელით ხელშეკრულების დადებას და მან ტრაპიზონში, ოსმალეთის იმპერიასთან,  დამოუკიდებელი  მოლაპარაკებები წამოიწყო. შედეგად, 1918 წლის 22 აპრილს, სეიმმა გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. მაგრამ 1918 წლის ზაფხულში, რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შექმნიდან მალევე, მოსკოვის  მთავრობამ გამოცხადებული პოზიცია გამოყოფის უფლების შესახებ შეცვალა და ხელახლა დაიწყო ბრძოლა იმ რეგიონებისთვის, რომლებიც ადრე რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა (Hill 2010)., 96).

საბჭოთა კავშირის ლიდერი ი. სტალინი (1947, 96) ბრესტ-ლიტოვსკის შემდეგ, ამიერკავკასიის მიმართ საბჭოთა პოლიტიკის შეფასებისას წერდა: „საბჭოთა პოლიტიკის მიზანი იყო გერმანიას  სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრობლემები რუსეთის საშინაო საქმედ ეღიარებინა. ეს ცხადყოფს რუსეთის ამიერკავკასიიდან გამოსვლის დროებით ხასიათს და დრომ დაადასტურა ძლიერ სახელმწიფოთა შიში, რომლებიც დასაბუთებულად არ აღიარებდნენ მოსკოვის ახალ მთავრობას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბოლშევიკებს, მოხალისეთა არმიისა და რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოების მხარდაჭერით, დაამარცხებდნენ და ყოფილი რუსეთის იმპერიის ფარგლებში, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებით, „სანიტარულ კორდონს“ შექმნიდნენ.

ახლად დაარსებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დღეგრძელი ვერ გამოდგა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ  დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა მოჰყვა. იმავე წლის სექტემბრისთვის, კავკასიის სამივე რესპუბლიკა ნაწილობრივ მაინც  ოსმალეთის ან გერმანული ჯარების ოკუპაციას ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა, მალე საკუთარი თავის გადარჩენისათვის რუსეთის სამოქალაქო ომში  ბოლშევიკების ბრძოლამ და პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიისა და გერმანიის დამარცხებამ კავკასიის რეგიონში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნასამხრეთ კავკასიაზე ბატონობა დროებით ბრიტანეთს გადაეცა. ოსმალეთს, მუდროსის ზავის თანახმად, მოუწია ამიერკავკასიის დანარჩენი ტერიტორიების დატოვება და ამიერკავკასიის მთელი რკინიგზა მოკავშირეთა კონტროლის ქვეშ მოექცა. 1918 წლის 17 ნოემბერს,  ზავის პირობების შესასრულებლად, ბაქოში შევიდა  მესოპოტამიაში ბრიტანელი სამხედრო მეთაური, გენერალი ტომსონი;** ბრიტანეთს ჰქონდა მნიშვნელოვანი ინტერესები და აქციები  ბაქოს ნავთობის ინდუსტრიაში (Kopisto 2011, 32). დედაქალაქში და ასევე ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ზოგიერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტში, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით შეიქმნა ადმინისტრაცია.  (Nicolson 1974, 63).

1919 წლის ზაფხულისთვისფართომასშტაბიანი ომის გარეშე   ბოლშევიკების დამარცხების შეუძლებლობა აშკარა იყო, რადგან რეგიონიდან მოხსენებები მიუთითებდნენ, რომ ისინი თითქმის ყველა ფრონტზე, მათ შორის კავკასიაში, წინ მიიწევდნენ (Gokay 1996, 58). საბოლოოდ, პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ გადაწყვიტა მოკავშირეთა ყველა ძალა გაეყვანა რუსეთიდან, ხოლო რეგიონში ბრიტანული ჯარების გაგზავნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1919 წლის მარტს, ლოიდ ჯორჯის კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გარდა რამდენიმე დამკვირვებელი ოფიცრისა და ბათუმში არსებული გარნიზონისა, ბრიტანული ჯარები გაეყვანა კავკასიიდან  (Yarrow 1920, 251). თუმცა პოლიტიკის ამ ცვლილებას ზეგავლენა არ მოუხდენია ბრიტანეთის საბოლოო მიზანზე - კავკასიაში ანტიბოლშევიკური ძალების მხარდაჭერით და თურქეთის მიწებზე მტკიცე კონტროლის გამოყენებით შეენარჩუნებინა შეენარჩუნებინა საკუთარი გავლენა.

მოკავშირეთა გამარჯვებამ და ოსმალეთის იმპერიის კაპიტულაციამ  თურქეთის გეგმები ამიერკავკასიაში დროებით შეაფერხა. თუმცა, თურქეთში, მუსტაფა ქემალის მეთაურობით არსებულმა მზარდმა ნაციონალისტურმა მოძრაობამ  და საბჭოთა რუსეთის წინსვლამ,  ძალების განაწილება საბოლოოდ შეცვალა. თურქი ნაციონალისტები, რომლებიც უარყოფდნენ კონსტანტინოპოლის მთავრობას დამათ შორის ამიერკავკასიის მიმართ,  ნელ-ნელა ხელახლა აცოცხლებდნენ წარსულის მისწრაფებებს. შედეგად, მალე მსოფლიო რუს ბოლშევიკებსა და თურქ ნაციონალისტებს შორის არსებული მზარდი თანამშრომლობის მოწმე აღმოჩნდა. თურქ ნაციონალისტებთან თანამშრომლობამ, ბოლშევიკების სასარგებლოდ,  კავკასიის თურქულ-მაჰმადიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზებას ხელი შეუწყო. 1919 წლიდან ქემალისტი ემისრები თავისუფლად მოქმედებდნენ კავკასიაში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში (როგორც პაიპსმა აღნიშნა (1997, 99) „აზერბაიჯანისთვის თურქეთი, მმართველობის ნებისმიერი ფორმით, არ იყო და არასოდეს ყოფილა მტერი, არამედ მოკავშირე“) და დაღესტანში (Zohrabyan 1997, 19). თურქი ნაციონალისტები საბჭოთა რუსეთიდან თურქეთში სამხედრო მასალების შეტანს ცდილობდნენ, რათა თავიანთი ხელისუფლება დაემყაებინა; შესაბამისად, მათ დასაკავშირებლად კავკასია მნიშვნელოვან ხიდს წარმოადგენდა. თავის მხრივ, დამოუკიდებელი და პროდასავლური ამიერკავკასია, ამ საბჭოთა-თურქული გეგმების განხორციელებისთვის რეალური დაბრკოლება იყო.

ამიერკავკასიის „პროდასავლური სტატუსის“ შესანარჩუნებლად მოკავშირეთა ძალებმაც გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯები. 1920 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სამხრეთ რუსეთის ანტიბოლშევიკური შეიარაღებული ძალების დამარცხებაში დარწმუნდნენ [3] პარიზის სამშვიდობო კონფერენციის უზენაესმა საბჭომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობები დე ფაქტოდ აღიარა. (Izmirlian 1964, 202–204; Sicker 2001, 123). თუმცა, აღიარების თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა ორი ძირითადი შესწორებით: საკითხი ეხებოდა არა კავკასიის სახელმწიფოებს, არამედ მათ მთავრობებს და არ გულისხმობდა საზღვრების საბოლოო შეთანხმებას, რომელიც შემდგომი ორმხრივი   ხელშეკრულებებით უნდა განსაზღვრულიყო. ამ ტექნიკური მანევრის მიზეზები მრავალმხრივი იყო: რუსეთის დასუსტების სურვილი, „სანიტარული კორდონით“ მოსაზღვრე „წითელი ზონის“ მიზანი ან „სადემარკაციო ხაზი“ და ამოცანა დასავლეთის დაცვა მოკავშირეთა გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების ჯგუფის შექმნით. (Akzin 1937, 495508). მოკავშირეებს შორის ასევე იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებსაც არ სჯეროდათ ამ მიზნების განხორციელების: იმპერიის გენერალური შტაბის უფროსი ფელდმარშალი სერ ჰენრი უილსონი თვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ „ეს სულელები პარიზში მხოლოდ გუშინ შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს დე ფაქტო მთავრობების აღიარებაზე, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გახდნენ ბოლშევიკურნი“ (Callwell 1927, 221). -222). [4]

აშშ-ს პოლიტიკა „რუსეთის საკითხთან დაკავშირებით“ გარკვეულწილად განსხვავებული გახლდათ: აშშ თვლიდა, რომ ბოლშევიკური არეულობა რუსეთში დროებითი იყო და ამ მხრივ რუსეთის ინტერესები - მომავლის, დემოკრატიული რუსეთის ინტერესები, რომელიც ბოლშევიკებს დაამარცხებდა დაცული უნდა ყოფილიყო და ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე მისი სუვერენული უფლებები უნდა შენარჩუნებულიყო. შედეგად, რუსეთის თანხმობის გარეშე, ვაშინგტონმა უარი თქვა ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა დაემტკიცებინა პარიზის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება „საქართველოს და აზერბაიჯანის ე. წ. რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ (LNA 1920b). თუმცა, პოლიტიკის ეს ხაზი  პოლონეთს, სომხეთსა და ფინეთს არ ეხებოდა, რომელთა დამოუკიდებლობა, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უნდა აღიარებულიყო და შენარჩუნებულიყო (აშშ, პოლონეთი და რუსეთი 1920, 319; Buzinkai 1967, 261).

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთი კავკასიაში საგრძნობლად გააქტიურდა. 1920 წლის 8 აპრილს, რუსეთის კომუნისტური პარტიის ბიურომ რეგიონის ხელახალი დაპყრობის საკოორდინაციოდ, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანში, შექმნა კავკასიის ბიურო (კავბურო) (Altstadt 1992, 97). იმავდროულად, 1920 წლის 26 აპრილის წერილში ქემალმა საბჭოთა ლიდერს ვ. ლენინს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება და ბრიტანეთის ჯარების კავკასიიდან გაყვანა შესთავაზა, ხოლო თურქეთი სამხედრო შეტევას განახორციელებდა იმპერიალისტურ სომხეთზე და აზერბაიჯანს აიძულებდა  საბჭოთა ოჯახში შესვლას (Kheifets 1964, 107). ერთი დღის შემდეგ, რუსეთის XI არმია  ბაქოში შევიდა და იქ ბოლშევიკური მთავრობა ჩამოყალიბდა. 1920 წლის 24 სექტემბერს, წითელ არმიასთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან შეერთების მიზნით, აღმოსავლეთის ფრონტზე განლაგებული თურქული არმია სომხეთში შეიჭრა (Zohrabyan 1997, 149–151). ამრიგად, როგორც გოკაიმ (1996, 54) აღნიშნა, ამიერკავკასიის მომავალი „ძირითადად რუსულ საკითხს წარმოადგენდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული თურქეთთან მორიგებასთან.“

ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის მრავალმა შიდა ტერიტორიულმა კონფლიქტმა ურთიერთობები გაართულა (სომხურ-ქართული დაპირისპირება ლორესა და ახალქალაქის გამო; სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ნახიევანის, ყარაბაღსა და ზანგეზურის გამო; აზერბაიჯან-საქართველოს კონფლიქტი ზაქათალასთან დაკავშირებით და სხვ.). სწორედ ამ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, კავკასიის სამმა რესპუბლიკამ, რომლებიც ცდილობდნენ საერთაშორისო საზოგადოებისაგან აღიარების, როგორც მათი სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვან ელემენტის მიღებას, ერთა ლიგაში (შემდგომში ლიგა) გაწევრიანება მოითხოვეს.

ამ სტატიის მიზანია შეისწავლოს საბჭოთა რუსეთის როლი კავკასიური სახელმწიფოების ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  თავდაპირველად წარმოდგენილია საბჭოთა რუსეთისა და ლიგის იდეოლოგიური დაპირისპირება და ამ დაპირისპირების გავლენა, რომელიც  ორგანიზაციაში კავკასიის სახელმწიფოების მიღებისას აისახა. აქ მოყვანილი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საბჭოთა რუსეთის სწრაფვა ყოფილი რუსეთის იმპერიის - კავკასიისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული ახლადშექმნილი სახელმწიფოებისაკენ და მათი შემდგომი გასაბჭოება, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომელიც ეხებოდა  ლიგის წევრობას.

ამიერკავკასია და ერთა ლიგა: პოლიტიკის ფორმულირება

პირველი მსოფლიო ომის დასასრული ერთა ლიგის დაარსებით აღინიშნა, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას და სახელმწიფოთა ურთიერთობის საფუძვლად საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებას. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მისმა ზოგიერთმა დამაარსებელმა, ორგანიზაცია შეფასა როგორც ბოლშევიზმის ალტერნატივა (Temperley 1924, 579–580), მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მის წინააღმდეგ საბრძოლველად, სახელმწიფოთა „პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობების“  შემსუბუქებით და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იზოლაცია ბოლშევიზმის გავრცელებისგან.

ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ბოლშევიკური რუსეთი არასანდო და მტრულად განწყობილი სახელმწიფო იყო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეღოთ ლიგაში (Buzinkai 1967, 260), რაც შეეხება დემოკრატიულ რუსეთს, მას არა მხოლოდ მიესალმნენ, არამედ ორგანიზაციის საბჭოში მნიშვნელოვანი როლიც შესთავაზეს. (Miller 1928, 296). რაც შეეხება ბოლშევიკებს, მათთვის ლიგა იყო „ბურჟუაზიული ყაჩაღების ლიგა“, „კაპიტალისტთა წმინდა ალიანსი“, რომლის მიზანსაც ერების ჩაგვრა და მუშათა რევოლუციის დაძლევა წარმოადგენდა. (Buzinkai 1967, 259; Khodnev 1995, 22).

1919 წლის ბოლოს რუსეთის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკის შემუშავებისას (რომელიც ასევე მოიცავდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს), სამდივნოს იურიდიულმა განყოფილებამ შეადგინა შემდეგი სამი ძირითადი კითხვა: შეეძლო თუ არა ლიგას რუსეთის პრობლემის მოგვარება, იყო თუ არა ეს გარდაუვალი და ბოლოს - როგორ. პირველ ორ კითხვას დადებითი პასუხი გაეცა, რადგან ისინი ორგანიზაციის მიზნების არსიდან გამომდინარე, კერძოდ კი, „საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას“ მოითხოვდნენ. რაც შეეხება რუსეთის საკითხის მოგვარების გზებს, მხოლოდ მორალური და დამაჯერებელი ხასიათის ქმედებები მიიჩნეოდა შესაძლებლად (LNA 1919).

ლიგამ ასევე ჩამოაყალიბა საკუთარი, ფრთხილი პოლიტიკა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული სახელმწიფოების მიმართ, რამდენადაც ლიგის ქმედებებმა ზეგავლენა მოახდინ მათი მთავრობების მდგომარეობაზე ან რუსეთის ტერიტორიებზე მოქმედ რეჟიმებზე; სხვაგვარად ის ხელისუფლებები, რომელებიც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად სცნეს, ჩაურევლობის პრინციპ წინააღმდეგ იქნებოდნენ და, ეს შესაბამისად, თეორიულად არალეგიტიმურ და პრაქტიკულად დამღუპველი აღმოჩნდებოდა. ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიებზე დე ფაქტო მთავრობების შემთხვევაში ფორმულირება განსხვავებული იყო: სამართლებრივი განყოფილება აქცენტს შესაბამისი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარებაზე აკეთებდა. თუმცა, ეს აშკარად არასაკმარისი ჩანდა. იურიდიულმა განყოფილებამ წევრ ქვეყნებს ღიად მისცა უფლება უარი ეთქვათ ახალი სახელმწიფოს მიღებაზე, თუ მათ არ მოსწონდათ ამ ქვეყნების მმართველობის ფორმა. თუმცა, ეს მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ორგანიზაციის  წესდებას. წევრების მიღების მარეგულირებელი პირობები გათვალისწინებული გახლდათ დოკუმენტის 1.2 მუხლში, რომელიც შემდეგი პირობებით იყო:

ნებისმიერი სრულად თვითმმართველი სახელმწიფო, დომინიონი ან კოლონია, რომელიც არ არის დასახელებული დანართში, შეიძლება გახდეს ლიგის წევრი, თუ მის მიღებას თანხმდება ასამბლეის ორი მესამედი, თუკი ისინი მისცემენ მას გულწრფელი განზრახვის შესახებ ქმედით გარანტიებს, დაიცავენ საერთაშორისო ვალდებულებებს  და მიიღებენ ისეთ წესდება, რომლებიც ლიგის მიერ შეიძლება დადგინდეს მის სამხედრო, საზღვაო, საჰაერო ძალებთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით.

თუმცა, ორგანიზაციის მომავალმა ისტორიამ საბოლოოდ აჩვენა, რომ ამ პირობების დაკმაყოფილება ფაქტობრივად არ იყო საკმარისი რომელიმე სახელმწიფოს ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის.

წევრობის I განაცხადი

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეროვნულმა დელეგაციებმა ლიგის წევრობისთვის განაცხადი შეიტანეს. 1919 წლის 21 მაისს პირველი იყო საქართველო. ერთი წლის შემდეგ, 1920 წლის 13 მაისს, სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა საბჭოს სრული წევრობის მოთხოვნით დეპეშა გაუგზავნა. სომხეთის რესპუბლიკის ეს გვიანი განცხადება დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ როდესაც 1920 წლის იანვარში ლიგა შეიქმნა, ყველა სამშვიდობო ხელშეკრულება, გარდა ოსმალეთთან დადებული შეთანხმებისა, გაფორმებული იყო და ხელმომწერი მხარეები, გარდა დამარცხებული სახელმწიფოებისა, ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები გახდნენ.

მოგვიანებით მიიღეს ოფიციალური წერილები შესაბამისი მთავრობებიდან. საინტერესოა, რომ კავკასიის სამმა სახელმწიფომ მიღების საფუძვლად სხვადასხვა პუნქტებზე გაამახვილა ყურადღება. თავის ოფიციალურ განცხადებაში (1920 წლის 1 სექტემბერი) საქართველოს მთავრობამ ლიგის ყურადღება მიიქცია ქვეყნის   განსხვავებებზე რუსეთთან გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და რელიგიური თვალსაზრისით (LNA 1920e). 25 სექტემბერს სომხურმა დელეგაციამ აცნობა საბჭოს პრეზიდენტს, რომ სევრის ხელშეკრულების საბოლოო ფორმულირებამ მოახდინა მოკავშირე ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის აღიარება და სომხეთის მთავრობას შეჰქონდა განაცხადი წევრობაზე.  (Armenian National Archives 1920 dos. 368, doc. 114).

1920 წლის 1 ნოემბრის წერილითსამშვიდობო კონფერენციაზე, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა სრულუფლებიანი წევრობა. აღსანიშნავია, რომ მათი მანდატი მომდინარეობდა იმ მთავრობისგან, რომელიც ბაქოში 1920 წლის 27 აპრილამდე იმყოფებოდა. ამგვარად, განცხადების წარდგენის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, რომელმაც დელეგაციაზე რწმუნებათა სიგელები გასცა, ფაქტობრივად არ იყო ხელისუფლებაში: საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ბაქოში აზერბაიჯანის მუსავატური მთავრობა ბოლშევიკურით შეიცვალა  [5] ლოგიკური იქნებოდა, თუ ლიგა უარს იტყოდა დამხობილი ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის განაცხადის განხილვაზე. ლიგის წევრ ქვეყნებს აშკარად ეჭვი ეპარებოდათ, რომ ბაქოში ბოლშევიზმი მუდმივი იქნებოდა, რის გამოც  ლიგის ორგანოებმა, რომლებიც გაწევრიანების საკითხს განიხილავდნენ,  პასუხებს ბევრ განსხვავებულ კითხვებზე მოითხოვდნენ, რომელიც ეხებოდა კავკასიის სახელმწიფოების სახმელეთო, საზღვაო  და საჰაერო ძალების მდგომარეობას, ასევე მათ საზღვრებსა და მომავალ წარმომადგენლებს ჟენევაში (LNA 1920h, 107). გენერალური მდივნის მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა კავკასიური სახელმწიფოების სომხეთისა და საქართველოს გაწევრიანებას, ძირითადად, პოზიტიური იყო, მასში საუბრობდნენ რუსეთთან უთანხმოებაზე და შემდეგ სხვა სახელმწიფოების მიერ აღიარებაზე. დოკუმენტში მითითებული იყო ამ ორი ძველი ერის ისტორიული, ეთნიკური და ენობრივი მახასიათებლები, რომლებმაც რუსეთის ანექსიის შედეგად დაკარგეს თავიანთი სახელმწიფოებრიობა. რაც შეეხება სომხეთს, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სევრის ხელშეკრულების ხელმოწერით მოკავშირე მთავრობებმა დე იურე აღიარეს რესპუბლიკა. სომხეთი ასევე არგენტინამ და შეერთებულმა შტატებმა დე იურედ სცნეს.  (LNA 1920d, 1920f). ანგარიშის მიხედვით, საქართველო დე იურე აღიარეს არგენტინამ, გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა, ხოლო დე ფაქტო სცნეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ბელგიამ (LNA 1920e).

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის ტერიტორია, რომელიც იკავებს 40 000 კვადრატული მილის ფართობს, ადრე არასოდეს წარმოადგენდა სახელმწიფოს; უფრო სწორად, იგი შედიოდა უფრო დიდ მონღოლურ ან სპარსულ წარმონაქმნებში, ხოლო 1813 წლიდან გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. ხოლო ახალი რესპუბლიკისთვის არჩეული სახელი აზერბაიჯანი წარმოადგენდა  მდინარე არაქსის სამხრეთით მდებარე მეზობელი სპარსეთის პროვინციის დასახელებას. მოხსენებაში ორი სამართლებრივი საკითხი იყო გამოკვეთილი: პირველი, საკმარისი იყო თუ არა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება და 1920 წელს მოკავშირეთა მიერ  აზერბაიჯანის დე იურედ „სრულად თვითმმართველ სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბება. უფრო მეტიც, რესპუბლიკა დე ფაქტო აღიარეს მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ და იაპონიამ, ხოლო აშშ-მ უარი თქვა. მეორე კითხვაში საუბარი იყო აზერბაიჯანის ლეგიტიმური დელეგაციის მზაობაზე შეეტანა წევრობის შესახებ განაცხადი და შეეძლო თუ არა ამ მთავრობას ვალდებულებების აღება და გარანტიების გაცემა „სრულიად თვითმმართველი სახელმწიფოს“ სტატუსის მიღების შემთხვევაში. (LNA 1920c) მოხსენებისადმი საერთო დამოკიდებულება აშკარად უარყოფითი იყო.

როდესაც 1920 წლის ნოემბერში, ლიგის ასამბლეა პირველად შეიკრიბა  წევრობასთან დაკავშირებული კითხვები მეხუთე კომიტეტს გაეგზავნა. კომიტეტი ზუსტი წესების გარეშე მოქმედებდა: ყველა სხვა წევრის მიერ სახელმწიფოს სავარაუდო ან შეზღუდული უფლებით აღიარება თუ მოხდებოდა, შესაბამისად მანამდე არაღიარებული ქვეყნები ხდებოდნენ დე ფაქტო მოკავშირეები. არსებობდა მრავალი განსხვავებული მოსაზრება, თუნდაც იმაზე, უნდა გადაწყვეტილიყო თუ არა ყველა სამართლებრივი საკითხის მანამ, სანამ ლიგა მუშაობდა წევრობის განაცხადზე, ან საბოლოო პასუხებს უნდა განსაზღვრა პრეცედენტები, რომელებიც შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ინდივიდუალური, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებით.  

მეხუთე კომიტეტმა წევრობის შესახებ განაცხადები სამ ქვეკომიტეტს გაუგზავნა, რათა დაედგინა, წესრიგში იყო თუ არა საჭირო დოკუმენტები, აღიარებული იყო თუ არა სახელმწიფოების მთავრობები დე ფაქტო თუ დე იურე, იყვნენ თუ არა ისინი თავისუფლად არჩეულები, იყო თუ არა ეს სახელმწიფოები და მათი საზღვრები სტაბილური და გამოავლინეს თუ არა ამ მთავრობებმა სერიოზული დამოკიდებულება მათი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შეიარაღების შემცირების მიმართ (Hudson 1924, 453). სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საქმეები გადაეცა მესამე ქვეკომიტეტს, რომელსაც თავმჯდომარეობდა ფრიტიოფ ნანსენი (ნორვეგია).

ქვეკომიტეტის ანგარიში აზერბაიჯანის შესახებ არასახარბიელო იყო. მასში ნათქვამია, რომ განცხადება შეტანილი იქნა მუსავატური მთავრობის მიერ, რომელიც 1920 წლის 27 აპრილიდან აღარ იყო ხელისუფლებაში და იძულებული გახდა დაეტოვებინა დედაქალაქი და თავი ქალაქ განჯისთვის შეეფარებინა. ბაქოს მეორე მთავრობა იყო ბოლშევიკური, რომელსაც „ზღვის სანაპიროზე სარკინიგზო ხაზი და ნავთობის ჭაბურღილები ეპყრა“ და რუსეთთან საზღვაო გზით პირდაპირი კავშირი ჰქონდა. ქვეკომიტეტმა აღნიშნა, რომ ბრძოლა ორ მეტოქე მთავრობას შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, თუმცა ბოლშევიკური მხრის სიძლიერე უფრო მიღებულად ითვლებოდა. მოხსენებაში ასევე დაწვრილებით იყო საუბარი აზერბაიჯანის ტერიტორიულ დავებზე მეზობელ სომხეთთან (მთიანი ყარაბაღი, ზანგეზური და ნახიჭევანი) და საქართველოსთან (ზაქათალა) (Gzoyan, ბეჭდვა მთავრდება). აზერბაიჯანის შეთანხმებები მეზობლებთან შეფასდა, როგორც უმნიშვნელო, ხოლო სტაბილური სახელმწიფო საზღვრების საკითხი ძალიან საკამათო იყო (LNA 1920h, 664–665).

სომხეთის შესახებ ქვეკომიტეტის მოხსენებაში მითითებულია, რომ რესპუბლიკის მთავრობა სამართლიანად წარმოადგენდა ერს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არ შეიძლება დახასიათდეს, როგორც სათანადოდ სტაბილური. რესპუბლიკის ტერიტორია შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს, თუ  ვანის, ერზერუმის და ტრაპიზონის ნაწილის ვილაიეთები დაემატება, როგორც ეს სევრის ზავით არის დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის საზღვრები საბოლოოდ არ იყო დაფიქსირებული, სევრის ხელშეკრულების 52-ე მუხლი ითვალისწინებდა აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მეთვალყურეობის ქვეშ მედიაციას. თუმცა, ის მიუთითებდა, რომ სომხური დელეგაციის თანახმად, ხელშეკრულება გულისხმობდა ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ სომხეთის აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეკომიტეტმა არ უპასუხა ყველა კითხვას, წევრობის სომხეთის ანგარიში დადებითად შეფასდა.

საქართველოს შესახებ ანგარიში ზოგადად უფრო მისაღები იყო. ის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სტაბილურად მიიჩნევდა. საინტერესოა, რომ ქვეკომიტეტი აკვირდებოდა საქართველოს ზუსტ საზღვრებს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა რეალობას და აზერბაიჯანის შესახებ საკუთარ მოხსენებას. საქართველოს სასარგებლოდ გადამწყვეტი ფაქტორი იყო მისი მოწესრიგებული საზღვარი რუსეთთან, რომელიც ცნო საბჭოთა მთავრობამ 1920 წლის 7 მაისს (საბანინი 1924, 41–42). გარდა ამისა, ორი სახელმწიფო გეოგრაფიულად სათანადოდ იყო გამიჯნული. ეს ნათელს ხდიდა, ქვეკომიტეტი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს. საქართველოს მიმართ ამ უფრო ხელსაყრელ დამოკიდებულების შესახებ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს  დელეგაციის ხელმძღვანელი ავალოვი (1924, 298) წერდა: „1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და ლიგა თვლიდა, რომ რუსეთი საქართველოში არ შეიჭრება და ამიტომ ამ უკანასკნელს მეტი მომხრე ჰყავს“.

1920 წლის 1 დეკემბერს ქვეკომიტეტის მოხსენებები განიხილებოდა მეხუთე კომიტეტის მიერ. კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის მიღებას, რადგან „ძნელი იყო ტერიტორიის ზუსტი საზღვრების დადგენა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის მთავრობა ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას. მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო დავა არ იძლეოდა ქვეყნის საზღვრების ზუსტი განსაზღვრის საშუალებას“ (LNA 1920j, 139).

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციში არაფერი იყო საბჭოთა რუსეთის შესახებ ნათქვამი, აზერბაიჯანის გასაბჭოების ფაქტი ამ უკანასკნელისათვის უარის სათქმელად გადამწყვეტი აღმოჩნდა.  ლიგის გენერალური მდივნისადმი მიწერილ წერილში, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი მარდინ-ბეკ თოფჩიბაშევმა ბოლშევიზმს, როგორც აზერბაიჯანის ორგანიზაციაში ვერგაწევრიანების მთავარ ფაქტორს, ხაზი გაუსვა. იმავდროულად, იგი ირწმუნებოდა, რომ მუსავატური მთავრობის მეთაურობით ხალხის ბრძოლა რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ გაგრძელდება მანამ, სანამ ბაქო და მისი ოლქები არ გათავისუფლდებოდა დამპყრობლებისგან. თოფჩიბაშევმა ასევე ისაუბრა ბოლშევიკურ საფრთხეზე, როგორც რეალურად სომხეთის და საქართველოს ემუქრებოდა. წერილში ასევე წამოჭრილი უარის მეორე მიზეზი - ტერიტორიული დავები მეზობელ სახელმწიფოებთან - მოხსენიებულია კავკასიის რესპუბლიკების საშინაო საქმედ, რომელიც გადაწყდებოდა ურთიერთშეთანხმებებით და ვერმორიგების შემთხვევაში წარედგინებოდა ლიგას. (LNA 1920a).

ამ სტატიის ამოსავალი დებულების გასაძლიერებლად, საბჭოთა რუსეთის როლისა და კავკასიის გასაბჭოების შესახებ კავკასიური სახელმწიფოების ლიგაში გაწევრიანების საკითხში, რუსეთის იმპერიის, კერძოდ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) და უკრაინის წევრობის პრობლემა ლიგაში იმდენად განიხილებოდა, რამდენადაც ისინი დაკავშირებული იყო მთავარ არგუმენტთან. რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით ასევე ძალიან მოკლე და არასახარბიელო იყო, რომელიც ასახავდა ვითარებას იმ ტერიტორიაზე, სადაც, აზერბაიჯანის მსგავსად, უკვე დამყარებული იყო საბჭოთა რეჟიმი (LNA 1920j, 139; Sabanin 1924, 39–40). შვეიცარიული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლიგა რუსეთის ყოფილ იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების დამოკიდებლობისათვის“   ამტკიცებდა, რომ რადგან  უკრაინელ ხალხს არ სურდა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, მათი ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ ხელსაყრელი მიზეზი იყო უკრაინის ლიგაში მისაღებად და მხარდასაჭერად. საბჭოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში ისინი ღიად ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიღებასთან დაკავშირებით, პეტიციებს სომხეთის, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის სახელით, ცალ-ცალკე წარმოადგენდნენ, რადგან ეს სახელმწიფოები ძირითადად დამოუკიდებელნი იყვნენ, ჰქონდათ განსხვავებული მახასიათებლები - ეთნიკური, ისტორიული, ენობრივი და ა.შ. - და ებრძოდნენ ბოლშევიზმის წინააღმდეგ

სომეხი ხალხის მიმართ სიმპათიაში, ქვეკომიტეტს ერთსულოვანი პოზიცია ჰქონა, მაგრამ ის ვალდებული იყო აღენიშნა, რომ ქვეყანას, გარკვეულ კითხვებზე, სრული პასუხის გაცემა არ შეეძლო. სომხეთის მიღების შესახებ დებატების დროს ბ-ნმა ოქტავიომ (ბრაზილია) გაიხსენა, რომ მისმა მთავრობამ, როგორც სევრის ხელშეკრულების ხელმომწერმა, სომხეთი დე იურე აღიარა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა არგუმენტი, რომ სომხეთი დამფუძნებელი წევრი იქნებოდა, თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ადრე რომ  შესრულებულიყო. გარდა ამისა, სომხეთს   საშუალება მიეცა ხელი მოეწერა უმცირესობების დაცვის კონვენციაზე, რაც ადასტურებდა, რომ ის  დე იურე აღიარებული სახელმწიფო იყო. ასევე საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა  რეკომენდაცია გაუწიეს სომხეთის გაწევრიანებას. იმავდროულად, რობერტ სესილიმ (სამხრეთ აფრიკა) განაცხადა, რომ სომხეთის მიღებას მოჰყვებოდა ლიგის წესდების  მე-10 მუხლის ამოქმედება [7] და ასევე ბოლო მოეღებოდა გეგმას, რომ სომხეთი  სამანდატო სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ შეიქმნებოდა. მანდატის იდეა ბრიტანეთის წარმომადგენელმაც წამოსწია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალებმა, რომლებსაც შესთავაზეს სომხეთის მანდატი, ისევე როგორც თავად ლიგამ, უარი თქვეს მასზე (Marshall 1920, 398; Gzoyan 2009, 35–53). მათ შორის იყო აშშ-იც, რომლის პრეზიდენტიც ენერგიულად იცავდა სომხეთისათვის მანდატის გარანტირების იდეას. სომხეთის საკითხის განხილვა რაიმე კონკრეტული დასკვნის გარეშე გადაიდო.

საქართველოს შესახებ მოხსენებაში ხაზგასმული იყო საბჭოთა რუსეთის როლი კავკასიაში. დოქტორმა ნანსენმა ისაუბრა საქართველოს, როგორც უძველესი სახელმწიფოს ლიგაში გაწევრიანების სასარგებლოდ, რომელიც დიდი ხან არ არის რაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და ასევე ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას სომხეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის ბუფერის შესაქმნელად და ბოლშევიზმის გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის წარმომადგენელმა ასევე წამოაყენა დისკუსიის შეწყვეტის საკითხი; ამგვარად, საქართველოს საქმე განიხილულ იქნა რუსეთის ძველი იმპერიის შემადგენლობაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, როგორც დიდი „პოლიტიკური მნიშვნელობის“ საკითხი (LNA 1920h, 183).

წევრობის II განაცხადი: იმ ქვეყანათა შემთხვევები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ნაწილს შეადგენდნენ.

1920 წლის 4 დეკემბერს მეხუთე კომიტეტმა განიხილა ბალტიისპირეთის ქვეყნების განაცხადების მიღების საკითხი. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მნიშვნელოვანი როლი რუსეთისთვის, რადგან რუსული იმპორტისა და ექსპორტის დიდი ნაწილის ტრანსპორტირება ბალტიის საზღვაო პორტებში ხდებოდა,  რაც შილდის (1995, 118) მიხედვით არ შეიძლება ბალტიის ქვეყნების პოლიტიკის შეფასებისას იგნორირებული იყოს.

გამოხმაურებები ძირითადად დადებითი იყო და კიდევ ერთხელ ადასტურებდნენ, რომ ძველი ერების მიერ მკაფიო ეთნიკური და ენობრივი თავისებურებების მქონე სამი სახელმწიფო დაარსდა. მთავარი წინაპირობა მათ სასარგებლოდ, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დე იურე აღიარება. თუმცა, წევრ ქვეყნებს ჯერ კიდევ ეპარებოდათ ეჭვი, მიეღოთ ეს ქვეყნები ორგანიზაციაში თუ დაელოდებოდნენ მათ საერთაშორისოდ აღიარებას. ჩეხოსლოვაკიის დელეგატი ფიქრობდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არასტაბილურობა დაკავშირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან და ამ სახელმწიფოების მიღება ორგანიზაციას რეალურ საფრთხეში ჩააგდებდა.

იმის აღიარებით, რომ ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების შემთხვევაში მსგავსება არსებობდა (ეს ეხებოდა მხოლოდ სომხეთსა და საქართველოს, რადგან აზერბაიჯანის განაცხადი არასახარბიელო იქნა მიჩნეული), შესთავაზეს  წევრობის განაცხადების ერთობლივი განხილვა. რ. სესილმა  სახელმწიფოების მიღების საკითხი წესდების მე-10 მუხლის მითითებით დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მუხლი არაერთხელ იყო ნახსენები წევრების მიერ ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების განცხადებების უარყოფის საფუძვლად, მუხლის გულდასმით განხილვამ  შეშფოთების რეალური საფუძველი არ გამოავლინა. მე-10 მუხლს ლიგის მხრიდან რაიმე კონკრეტულ სამხედრო მოქმედება არ მოჰყოლია. როგორც ლიგის შემქნელებმა („ერთა ლიგა იწყებს მოკლედ მოხაზვას“ 1920, 232) აღნიშნეს

რომ მე-10 მუხლი უნდა იქნას წაკითხული 11-ე და 19-ე მუხლების შესაბამისად, რაც ცხადყოფს, რომ წესდება არ არის გამიზნული აღნიშნოს ახალი შეთანხმება, როგორც ხელშეუხებელი და მუდმივი, არამედ პირიქით, მომართულია უზრუნველყოს მექანიზმი საერთაშორისო საქმეების მომავლის საჭიროებების შესაბამისად პროგრესული მართვისთვის.

ამ მუხლის მთავარი იდეა იყო წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და  საერთაშორისო აგრესიის დაგმობა, რადგან ეს საფრთხე  მიმართული იყო სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის  და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ცხადია, იყო წესდების სხვა მუხლები, რომლებიც ასევე ეხებოდა არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ანიჭებს თითქმის იგივე პასუხისმგებლობებსა და უფლებებს. 11-ე მუხლში ნათქვამი იყო:

ყოველი ომი (ან ომის საფრთხე) უნდა ყოფილიყო ლიგის საზრუნავი, მიუხედავად იმისა, ეხებოდა თუ არა ის უშუალოდ წევრ ქვეყნებს, და რომ ორგანიზაციას შეეძლო მოეხდინა სათანადო და ეფექტური ინიციატივების კოორდინირება, რათა კონფლიქტის გარდუვალი საფრთხის მიუხედავად, მსოფლიო მშვიდობა შეენარჩუნებინა. ლიგის წევრებს შეეძლოთ ასამბლეის ყურადღების მიქცევა ნებისმიერ გარემოებაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა ერებს შორის მშვიდობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

წესდების ადრეულ ინტერპრეტაციებშიც კი, ორგანიზატორებმა  8-17-ე მუხლები დაახასიათეს, როგორც ომების თავიდან აცილებისა და   წევრი სახელმწიფოების წინაშე ვალდებულებების დაკისრების მიზნით საერთაშორისო ნდობის უზრუნველყოფის გარანტიები. იმავდროულად, მათ აღიარეს, რომ როდესაც საქმე არაწევრ სახელმწიფოებს ეხებოდა დავების მოსაგვარებლად მსგავსი დებულებები არსებობდა. წესდების თანახმად, ლიგა უნდა ჩარეულიყო ნებისმიერ საქმეში, რომელიც გავლენას მოახდენდა საერთაშორისო ურთიერთობებზე და საერთაშორისო მშვიდობაზე.

გარდა ამისა, წესდების 16-ე მუხლი მოიცავდა კომერციულ, ეკონომიკურ, ფინანსურ და დიპლომატიურ სანქციებს ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არღვევდა საერთაშორისო მშვიდობას.  17-ე მუხლზე გაავრცელა მე-16 მუხლის დებულებები, რომლებიც ეხებოდა არაწევრ სახელმწიფოებს. ასე რომ, თეორიულად  შესაძლებელი იყო ლიგას გადედგა ფინანსური, კომერციული, ეკონომიკური ნაბიჯები ან არა: წევრი ქვეყნების ნება უნდა არსებობდეს ლიგის საქმიანობის გასაგრძელებლად. როგორც ლოიდმა (1995, 160-161) სწორად აღნიშნა: ”რა შეუძლია ან არ შეუძლია მიაღწიოს სუვერენული სახელმწიფოების საზოგადოების მეშვეობით დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურ წევრ სახელმიფოებს გააკეთონ და რა არა.” ეს სიმართლე  1920 წლის რუსეთ-პოლონეთში ომში დადასტურდა. [8] ამგვარად, ერთა ლიგას დიდად არ შინოდა ამ მუხლიდან გამომდინარე პირობებია, რომელიც ბალტიის და კავკასიის სახელმწიფოთა გაწევრიანების შემდეგ წარმოიშობოდა.

სესილის წინადადებამ წამოჭრა მრავალი სამართლებრივი საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო ლიგაზე წესდების გავლენის მოხდენის შესაძლებლობასთან. კანადელმა დელეგატმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მთელი რუსული საკითხი და მისი საფუძვლიანად განხილვის მნიშვნელობა. მან გააფრთხილა ლიგა ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების არმიღებასთან დაკავშირებით, რადგან არსებული საგარეო მდგომარეობა შეიძლება შეცვლილიყო და თუ რუსეთის ახალ მთავრობას, რომელიც ზღვაში გასასვლელის ითხოვდა, დაუპირისპირდება, ლიგა საფრთხეში აღმოჩნდებოდა. ამ შემთხვევაში ორგანიზაციას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ენიჭებოდა. კანადელმა დელეგატმა ითხოვა შეკითხვით მიემართად სამდივნოს იურიდიული განყოფილებისათვის, რათა მიეცეთ რჩევა სხვა ნებისმიერ ვარიანტზე, გარდა სრული წევრობისა. დაინტერესებული სახელმწიფოების მიღებით, ლიგა იღებდა ვალდებულებას, დაეხმარებოდა მათ და ღიად დაუპირისპირდებოდა ბოლშევიზმს, რაზეც ზოგიერთი წევრი  წინააღმდეგ წავიდა. ბრიტანელი დელეგატი საკითხის ქვეკომიტეტისათვის ხელახლა განსახილველად გაგზავნის იდეით გამოვიდა.  (LNA 1920h, 185–189).

ამასობაში, 1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკაში ფატალური ცვლილებები მოხდა. სომხეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებით რესპუბლიკაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. ორი დღის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობებმა ლიგაში თავიანთ წარმომადგენლებს დეპეშა გაუგზავნეს, სადაც აცნობეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სომხეთის ორგანიზაციაში არ დაშვების შესახებ. მიზეზებს შორის იყო სევრის ხელშეკრულების ვერრატიფიცირება და სომხეთის გაფართოებული საზღვრები, როგორც ეს  აშშ-ს პრეზიდენტმა უილსონმა განსაზღვრა; ეს კი ლიგას „დაცვის უზრუნველყოფას“ ურთულებდა. (Mandelstam 1970, 115). თუმცა, როგორც ასეთი, თავად სევრის ხელშეკრულება არ იყო დამფუძნებელი დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკისთვის: მისი 88-ე მუხლი უბრალოდ მიუთითებდა, რომ თურქეთმა აღიარა სომხეთი დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ რაც „მოკავშირე ძალებს  უკვე გაკეთებული ჰქონდათ.“ როგორც აჰარონიანმა (1933, 63–66) 1920 წლის 10 აგვისტოს აღნიშნა, სომხეთის რესპუბლიკამ ასევე ხელი მოაწერა საერთაშორისო შეთანხმებას უმცირესობათა შესახებ, რომლის  პრეამბულა რომლის მიხედვითაც „მოკავშირე ძალებმა სომხეთი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარეს.“ უფრო მეტიც,  სომხეთმა ხელი მოაწერა ლიგის წესდებას, რომელიც ასევე ცალსახად გულისხმობდა, რომ სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

1920 წლის 6 დეკემბერსქვეკომიტეტის სესიაზე ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნებს გაწევრიანების პრობლემასთან დაკავშირებით ზოგიერთი შესაძლო გამოსავალი შესთავაზესმათ შორის, რუსეთის საკითხის საბოლოო მოგვარებამდე ორგანიზაციაში მიღების შესაძლებლობ. თუმცაამაზე მნიშვნელოვანი  დაბრკოლებები გაჩნდა. ერთი მხრივ, ეს იყო ამ სახელმწიფოების დროებითი შეთანხმების სირთულე წესდების დებულებებთანმეორე მხრივ, პრობლემები არსებობდა სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის, რადგან არასაიმედო ვითარებაში წევრობის კანდიდატის ბედი დამოკიდებული იყო ისეთ გარემოებებზე, რომლის განჭვრეტაც შეუძლებელია (ანუ სამომავლო გასაბჭოება - ე.გ.). ამ პირობებშიც კი, ქვეკომიტეტმა ჩათვალა, რომ მაინც უნდა ეცადა გამოსავლის პოვნა და მათი საერთაშორისო და შიდა ვითარებები განემტკიცებინა. ნიდერლანდების წარმომადგენელმა, ჰერმან ადრიან ვან კარნებეკმა, წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ქვეკომიტეტმა მიიღო და დასამტკიცებლად მე-5 კომიტეტს გაუგზავნა. შუამდგომლობა ასე ჟღერს:

კომიტეტი რეკომენდაციას გასცემს, რომ ასამბლეამ აცნობოს ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს:

1. რომ მათი მოთხოვნები გაწევრიანების თაობაზე ერთსულოვნად იქნა განხილული, მაგრამ ხელისშემშლელი გარემოებების გამო ასამბლეამ ვერ შეძლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

2. რომ ასამბლეის შემდგომ გადაწყვეტილებამდე ამ სახელმწიფოებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ერთა ლიგის ისეთ ტექნიკურ სტრუქტურებში,***** რომლებიც ზოგად ინტერესს წარმოადგენდა. (LNA 1920h, 238–240) 9 დეკემბერს, მე-5 კომიტეტში შუამდგომლობის განხილვისას, საბჭოთა რუსეთის, როგორც ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების ბედისათვის გადამწყვეტი ფაქტორს მნიშვნელობა, ბევრად უფრო აშკარა გახდა. სომხეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი   მისი გასაბჭოების გამო შემცირდა. სპარსეთის წარმომადგენელმა, ემირ ზოკა ედ დოულემ, რომელიც საქართველოზე საუბრობდა და მის მოსახლეობას  რუსეთისგან როგორც ეროვნებით, ასევე ტრადიციებით, აბსოლუტურად დამოუკიდებლად თვლიდა. მისი აზრით  აზერბაიჯანს არ ჰყავდა სტაბილური მთავრობა, რადგან იქ უკვე არსებობდა საბჭოთა რეჟიმი. მსგავსი ვითარება იყო სომხეთშიც. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას არ გააჩნდათ მკაფიო საზღვრები  და არ ჰყავდათ სტაბილური მთავრობები. შესაბამისად ისინი  მიღების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. თუმცა, დელეგატმა იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვითარება შეიცვლებოდა და ამ სახელმწიფოებს ერთა ლიგაში მიიღებდნენ. სპარსეთის დელეგატი დაჟინებით მოითხოვდა იმ სახელმწიფოების გაწევრიანებას, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ რუსეთთან საერთო და რომლებიც უკანონოდ იყო ანექსირებული. დელეგატმა ამ სახელმწიფოების მიღება ორგანიზაციის მორალურ ვალდებულებად შეაფასა. სპარსეთის შეშფოთება ბოლშევიზმის გავრცელებასთან დაკავშირებით აიხსნება იმით, რომ 1920 წლის ივნისში გილანის პროვინციაში სპარსეთის თვითგამოცხადებული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დაარსდა (ის არსებობდა 1921 წლის სექტემბრამდე), ასევე  საბჭოთა რუსეთი ამ ქვეყანაში ქურთების მოძრაობას ეხმარებოდა. სპარსეთის წარმომადგენელმა, საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლის თხოვნით, ლიგასაც კი მიმართა. (Fenwick 1920, 492). კოლუმბიის დელეგატმა ანტონიო რესტრეპომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის სასაზღვრო სახელმწიფოების მიღება ხელს შეუწყობდა ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ჯარების გაგზავნისთვის საკუთარი მთავრობის მზადყოფნას ხაზი გაუსვა. (LNA, Minutes of the Committees, Admission of Armenia, Georgia and of Baltic States, Finland excepted, 1920, 238–240).

საბოლოოდ, მე-5 კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანისა და უკრაინის არმიღების შესხებ და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სომხეთსა და საქართველოს შესთავაზა სპეციალური სტატუსი. გადაწყვეტილება ლიგის პირველ ასამბლეას წარედგინა.

ოდისეა დასასრულს უახლოვდება

1920 წლის 16 დეკემბერს ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების შესახებ ასამბლეამ დისკუსია დაიწყო. აზერბაიჯანისა და უკრაინის განაცხადების უარის შემდეგ, ასამბლეამ გააგრძელა ხუთი სახელმწიფოს მოხსენებათა განხილვა, რომელთა მიღებაზეც არ გასცა რეკომენდაცია, თუმცა მათთვის ლიგის ტექნიკურ ორგანიზაციებში შეთავაზებულ იქნა  წარმომადგენლობა. შვეიცარიის მთავარი მომხსენებლი მოტა თავის გამოსვლაში რუსეთის საკითხს შეეხო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში მღელვარება იყო  და რომ ბოლშევიკური მთავრობა ცუდად იყო განწყობილი ლიგისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. რუსეთი კვლავ რჩებოდა განხილვის მთავარ საგნად და ლიგას სერიოზულად უნდა ემსჯელა რუსეთის საკითხზე (Sabanin 1924, 4849). ფრანგმა დელეგატმა რენე ვივიანმა ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთის საკითხზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების მიღებას, რადგან ისინი რუსული პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ნამდვილად მოითხოვდა მთლიანობაში განხილვას. დელეგატმა ძალიან სახიფათოდ მიიჩნია რუსეთის საკითხის გამოყოფა და მისი ცალკეული კომპონენტების ცალკე გადაწყვეტის მცდელობა. მან ლიგას შესთავაზა  დემოკრატიული რუსეთის ჩამოყალიბებას დალოდებოდა. (The First Assembly of the LN, IV, 1921).

თავდაპირველად საუბარი იყო სომხეთის მიღებაზე. ნანსენმა, როგორც მომხსენებელმა  აღნიშნა, რომ კომიტეტს სურდა მაქსიმუმი გაეკეთებინა სომხეთისთვის, მაგრამ დიდი სირთულეების, მათ შორის ოკუპაციის გამო, მისი გაწევრიანება არ იქნა რეკომენდირებული. თუმცა, სევრის ხელშეკრულების რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი შესაძლოა ავტომატურად გამხდარიყო ლიგის წევრი; ნანსენმა დაასკვნა, რომ ამ დროისთვის შეუძლებელი იყო სომხეთის მიღება და გამოთქვა სურვილი, რომ ეს მალე მოხდებოდა. დელეგატების აზრით, სომხეთს არ გააჩნდა ჩამოყალიბებული საზღვრები, არ გააჩნდა აღიარების სამართლებრივი საფუძველი, ქვეყანაში შჭრილები იყვნენ თურქეთი და ბოლშევიკები, არ ჰყავდა სტაბილური მთავრობა და არ იყო დამოუკიდებელი.  შედეგად, სომხეთის მოთხოვნა გაწევრიანების შესახებ უარყოფილ იქნა. 21 ხმიდან 8 წინააღმდეგი აღმოჩნდახოლო 13 თავი შეიკავა (LNA 1920i, 588).

გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, ასამბლეამ კენჭი უყარა სომხეთის წევრობას ტექნიკურ სტრუქტურებში, როგორც ეს მე-5 კომიტეტის მიერ იქნა შეთავაზებული. სომხეთის მიმართ სიმპათიის ხაზგასმით, ასამბლეამ აღიარა, რომ  საბჭოთა სისტემისათვის სახელმწიფოს შესაძლო მიერთების  შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა არსებობდა. ამიტომ გადაწყდა კენჭისყრის გაუქმება და საკითხი მე-5 კომიტეტს ახალი რეზოლუციისთვის გადაეგზავნა.   იმავდროულად, მე-5 კომიტეტმა სამუშაოების დასრულება ორი დღის შემდეგ დაგეგმა, იმავე დროს, როდესაც ასამბლეა უნდა დასრულებულიყო, რითაც თითქმის შეუძლებელი გახდა სომხეთის შესახებ რეზოლუციის გადახედვა.

იმავე საღამოს განიხილეს საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკითხი, რომელთაც მე-5 კომიტეტმა ასევე შესთავაზა წარმომადგენლების ყოლა ტექნიკურ სტრუქტურებში. ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ დიდი სიმპათიის მიუხედავად, კომიტეტმა "მსოფლიოში არსებული ვითარების" და "მათი მთავრობების მდგომარეობის" გამო შესთავაზა წევრობის საკითხის გადადება და  მხოლოდ ზოგადი ინტერესის მქონე ტექნიკურ სტუქტურებში გაწევრიანება, სადაც არ მოხდებოდა რუსეთის პრობლემასთან გადაკვეთა,  რომელიც ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო. კოლუმბიელმა დელეგატმა ღიად განაცხადა რომ ამ სახელმწიფოებისთვის უარის თქმის მიზეზი ბოლშევიზმი იყო. გეოგრაფიული მდგომარეობით, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ღია იყო საბჭოთა რუსეთის თავდასხმებისთვის, რომელიც „ერთ დღეს ევროპის თავისუფლებისათვის საფრთხის შემცველ სახელმწიფოდ იქცევა.“ მან დაასკვნა, რომ თუ ლიგა მათ დახმარებისგან თავს შეიკავებდა, ეს იქნებოდა წარუმატებლობა ბოლშევიზმის შიშის გამო (LNA 1920i, 622–629). ბალტიისპირეთის ქვეყნებს ორგანიზაციაში მიღებაზე უარი თქვათ.

საქართველოსთან დაკავშირებით ნანსენმა ხაზგასმით აღნიშნა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით ამ ქვეყნის რუსეთთან განსხვავებული გეოგრაფიული კავშირი. ამ უკანასკნელმა რუსეთს  ზღვაზე წვდომა შეუზღუდა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში კავკასიის მთები ორ ქვეყანას შორის  ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენდა. რუსეთს საქართველოსგან დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ჰქონდა თავისუფალი წვდომა შავ ზღვაზე, რაც ამ ქვეყანაში შემოსაჭრელად მის არგუმენტზე მიუთითებდა. მომხსენებლის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი საბუთი იყო რუსეთის იმპერიასთან შეერთებამდე ქართველი ერის დამოუკიდებელი არსებობა. ასე რომ, საქართველოსთვის სასარგებლო ორი ძირითადი მიზეზი რუსეთს უკავშირდებოდა. სირთულეებთან დაკავშირებით, რომ კავკასიასა და ბალტიისპირეთში დიდი იყო ბოლშევიზმის გავლენა, ნანსენმა განაცხადა, რომ თუ ლიგას სურდა ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მას უნდა მიეღო საქართველო; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბოლშევიზმისთვის აშკარა დახმარება იქნებოდა და ლიგის უარი მცირე ერების მიღებაზე მათ მეტოქე  პოლიტიკური რეჟიმისკენ უბიძგებდა (LNA 1920i, 640; Sabanin 1924, 52). იმ ვალდებულების პრაქტიკული მოცულობა, რომელსაც ლიგა საქართველოს შემთხვევაში თავის თავზე აიღებდა, სერიოზულად არ შეფასდა, რადგან საქართველოს რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდა. ასე რომ, არ არსებობდა საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველო „შეტევის მძიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა (The First Assembly of the League of Nations, 1921). საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი იყო სომხეთის დახმარების აუცილებლობა, რომელიც „გაბოლშევიკებას აპირებდა“. [9] თუმცა, ბრიტანეთის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უფრო უსაფრთხო, და სტაბილური ვითარებაა იყო, მაინც არსებობდა დიდი შანსი, რომ ბოლშევიზმი ამ სასაზღვრო სახელმწიფოშიც გავრცელდებოდა „როცა მისი საჭიროება დადგებოდა“ (LNA 1920i, 633). განხილვის შედეგად 13 ხმით 10-ის წინააღმდეგ  საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე უარი ეთქვა. თუმცა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ტექნიკურ სტრუქტურებში საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიღებას.

ასე რომ, მე-5 კომიტეტმა თავიდანვე უარი თქვა აზერბაიჯანისა და უკრაინის მიღებაზე, რადგან მათი საზღვრები საბოლოოდ არ იყო ჩამოყალიბებული; ისინი დე იურე არ იქნნენ აღიარებული, მაგრამ, რაც მთავარია, საბჭოთა რეჟიმი ორივე რესპუბლიკაში უკვე დამყარებული იყო. თავდაპირველად ბალტიისპირეთის ქვეყნების, სომხეთისა და საქართველოს პოზიცია უფრო პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ სომხეთში საბჭოთა რეჟიმის ჩამოყალიბების შემდეგ, ლიგის ტექნიკურ სტრუქტურებში მისი მიღების პერსპექტივა თანდათან გაქრა.

მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეამ საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე უარი თქვამათ ნება დართეს  ტექნიკური სტრუქტურების მუშაობაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ პოლიტიკის მიზანი ორმხრივი იყო:  არმიღების გამო გაეწია კონსულტაციები, რათა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს იმედი არ გაცრუვებოდათ და რეგიონის მომავალი განვითარებისათვის ედევნებინათ  თვალყური. იმის გამო, რომ საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა (როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში), ლიგა თვლიდა, რომ რუსეთი საქართველოში არ შეიჭრებოდა. თუმცა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული გარიგება დაიდო, რომლითაც საქართველო ყველაზე დიდ დათმობაზე წავიდა და კომუნისტური პარტიის თავისუფალი არსებობისა და საქმიანობის უფლება, შეხვედრების თავისუფლად გამართვისა და პუბლიკაციების გამოცემის უფლება აღიარა, რამაც  ის უფრო დაუცველი გახადა. საბჭოთა რუსეთმა  ქართველი ბოლშევიკების სასარგებლოდ ჩარევის უფლება შეინარჩუნა (Kazemzadeh 1951, 300).

1921 წლის 27 იანვარს საქართველო, იმ დროისთვის ამიერკავკასიის ერთადერთი შემორჩენილი რესპუბლიკა, დიპლომატიური ტრიუმფის მოწმე გახდა - ის მოკავშირეების მიერ დე იურედ იქნა აღიარებული. (Avalov 1924, 6064). თუმცა, ერთი თვის შემდეგ, 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ჯარებმა  ტფილისი აიღეს. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარებამ შეუძლებელი გახადა მეორე ანსამბლეაზე ამ უკანასკნელის ლიგაში გაწევრიანება, როგორც ეს მე-5 კომიტეტის დადგენილებაში იყო შემოთავაზებული. ამის საპირისპიროდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები (ამ უკანასკნელმა მიიღო მხოლოდ 5 ხმა პირველი ასამბლეის დროს) საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში 1940 წლამდე (Senn 1958, 123–129) არ შთანთქმულა. ისინი  მეორე ასამბლეის დროს ლიგას შეუერთდნენ  (Vakar 1943, 48).

დასკვნა

დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, კავკასიის რესპუბლიკები ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი საერთაშორისო აღიარების მოპოვებით და ერთა ლიგის წევრობის მიღწევით რათა გაეძლიერებინათ თავიანთი საერთაშორისო სტატუსი და მიეღოთ დაცვის გარანტიები. ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდი სახელმწიფოების მიერ აღიარება და ლიგაში გაწევრიანება მათ ბოლშევიკური რუსეთის შემოჭრისაგან დაიცავდა. პოლიტიკური ერთიანობის ნაკლებობამ, შიდა კონფლიქტებმა, განსხვავებულმა პრიორიტეტებმა და გარეშე მტრებმა ხელი შეუწყო კავკასიის რესპუბლიკების დაცემას. თუმცა, საერთო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი და დომინანტი ფაქტორი იყო გეოპოლიტიკური სიტუაცია და საბჭოთა რუსეთისთვის რეგიონის მნიშვნელოვანი როლი.

 

მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი ამიერკავკასიაზე და მის გამოყოფას მხოლოდ დროებით მოვლენად თვლიდა. კავკასიაში რუსეთის ისტორიულ და გეოპოლიტიკურ როლს კავკასიაში მსოფლიო პოლიტიკის სხვა მოთამაშეებიც აღიარებდნენ: 1918 წელს ბაქოში ჩასვლის შემდეგ, ბრიტანელი გენერალ-გუბერნატორი ტომსონი (მოგვიანებით კავკასიის გუბერნატორი) კავკასიას კვლავ რუსეთის ნაწილად განიხილავდა. როგორც კაზემზადემ (1951, 165), ალტშტადტმა (1992, 93) და სიკერმა (2001, 119) სწორად აღნიშნეს, ამიერკავკასიასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი თვალსაზრისი არსებობდა - ის რუსეთის განუყოფელი ნაწილი იყო და ადრე თუ გვიან ეს რესპუბლიკები  მშვიდობიანად თუ ძალით მას შეუერთდებოდნენ. უინსტონ ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ სისუსტის გამო კავკასიის სახელმწიფოებს საბოლოოდ კვლავ რუსეთი შთანთქავდა.  (Altstadt 1992, 106). პარიზში იტალიის ელჩმა გამოთქვა რწმენა, რომ „თუკი შეიქმნება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა, მას შეუერთდებიან კავკასიის სახელმწიფოები“ (Kazemzadeh 1951, 227–228). შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მას სურდა ერთიანი რუსეთის აღდგენა ფინეთის, პოლონეთისა და სომხეთის გარეშე (Norman 1921, 66–70; Schild 1995, 118–121). ბრიტანელებმა რეგიონი მანამ დატოვეს, სანამ წითელი არმია მის საზღვრებს მიაღწევდა და არ ჩარეულან, როდესაც საბჭოთა რუსეთმა  აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო დაიპყრო.

რუსეთისთვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის შეფასებისას საბჭოთა კავშირის ლიდერი ი. სტალინი (1947, 408) წერდა: „კავკასიის მნიშვნელობა საბჭოთა რუსეთისთვის უდავოა. ის არა მხოლოდ ნავთობისა და ნედლეულის წყაროა, არამედ მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობით  ევროპასა და აზიას შორის, რუსეთსა და თურქეთს შორის“. თავდაპირველად, დიდი სახელმწიფოები არ ელოდნენ, რომ ახალბედა საბჭოთა რეჟიმი გადაურჩებოდა მის წინაშე მდგარ საფრთხეებს. ისინი ინტენსიურად ეხმარებოდნენ დენიკინის „მოხალისეთა არმიას“ ბოლშევიზმთან ბრძოლაში, რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიებს ასევე ყოფილი რუსეთის განუყოფელ ნაწილად თვლიდა. „თეთრების“ მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინასწარი აღიარება დენიკინმა ასე ახსნა: „მე ვაღიარებ საზღვრებთან დე ფაქტო მთავრობების დამოუკიდებელ არსებობას, რომლებიც იბრძვიან ბოლშევიზმის წინააღმდეგ...“ (Sicker 2001, 121) ასე რომ, როგორც  წითელი ისე თეთრი რუსებისათვის კავკასია „საკუთრება იყო“, რომელსაც ადრე თუ გვიან დაიბრუნებდნენ.

„მოხალისეთა არმიის წარუმატებლობამ აიძულა მოკავშირეები შეეცვალათ დამოკიდებულება და ეღიარებინათ კავკასიის რესპუბლიკების დე ფაქტო დამოუკიდებლობა, რითაც მათ საბჭოთა რუსეთთან დაკავშირებით  პოზიციების განმტკიცება  და სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს მხარდაჭერით,  საბჭოთა რუსეთის ექსპანსიის შესაძლო ბარიერის შექმნა განიზრახეს. თუმცა, ამიერკავკასიის რუსეთთან გაერთიანების თავიდან აცილების მიზნით პატარა რესპუბლიკების მხარდაჭერის პროექტიც ჩავარდა. სამ რესპუბლიკას შორის მტრობამ ასევე გაანადგურა მშვიდობიანად ცხოვრებისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ ერთად ბრძოლაში დასავლეთის ნდობა. XI წითელი არმიის შეჭრისა და კავკასიის რესპუბლიკებში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, რეგიონმა დაკარგა პოტენციური ბარიერის ღირებულება და დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროდან გავიდა. შედეგი იყო მათთვის ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე უარის თქმა, რაც ეწინააღმდეგებოდა ორგანიზაციის წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჰქონდა პოლიტიკური და არა სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

ავტორის შენიშვნები:

[1]  ერთა ლიგის მიმოწერასა და ოფიციალურ საბუთებში აზერბაიჯანი, სომხეთი და

საქართველო იწოდება როგორც კავკასიის სახელმწიფოები, თუმცა  უფრო გავრცელებულია რეგიონის ამიერკავკასიად მოხსენიება. სტატიის ფარგლებში ორივე ტერმინი გამოყენებულია სინონიმებად.

[2] ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთმა მას შემდეგ გააუქმა, რაც  ოსმალეთის იმპერიამ და გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადეს.

[3] „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალები“   ამიერკავკასიას „ერთი და განუყოფელი დიდი რუსეთის, “ნაწილად განიხილავდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის დაშლას.

[4] უილსონმა ახსენია მხოლოდ აზერბაიჯანი და საქართველო, რადგან სომხეთმა დე ფაქტო აღიარება  რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო.

[5] საბჭოთა რეჟიმს საკმაოდ ღრმა ფესვები ჰქონდა აზერბაიჯანში. 1918 წელს, როცა ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ბაქო ჯერ კიდევ ბოლშევიკების ხელში იყო და მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის (1918 წლის 4 ივნისი), ბათუმის ხელშეკრულების დადების შემდეგ ამ უკანასკნელმა თავისი ძალები „ნავთობის ქალაქის“ წინააღმდეგ გააერთიანა. შედეგად, მუსავატური მთავრობა თავის უფლებამოსილებებს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ 20 თვით ახორციელებდა.

[6] 1920 წლის 22 ნოემბერს, უილსონმა მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც თურქეთ-სომხეთის საზღვრები დაფიქსირდა ერზერუმის, ტრაპიზონის, ვანისა და ბითლისის ვილაიეთებში (პროვინციებში).

[7] ტექსტში ნათქვამია: ლიგის წევრები იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ და აგრესიისაგან დაიცვან ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ნებისმიერი ასეთი აგრესიის  ან  აგრესიის შემცველი საფრთხის შემთხვევაში საბჭო გასცემს რჩევებს, თუ რა საშუალებებით უნდა შესრულდეს ეს ვალდებულება.

[8] ერთა ლიგა 1920-1921 წლების რუსეთ-პოლონეთის ომში არ ჩარეულა, მიუხედავად იმისა რომ  პოლონეთი ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი იყო.

[9] სომხეთი ფაქტიურად უკვე ბოლშევიკური იყო.

 

მთარგმნელის შენიშვნები:

*აქ უზუსტობაა: 1917 წლის ნოემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი. სეიმი კი მოგვიანებით, 1918 წლის თებერვალში. „ამიერკავკასიის კომიტეტში“ ავტორი ალბათ გულისხმობს ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტს („ოზაკომს“), რომელიც 1917 წლის მარტში დაფუძნდა და ნოემბრამდე არსებობდა.

** სერ უილიამ მონტგომერი ტომსონი - 1877-1963 (Sir William Montgomerie Thomson);

*** ფრიტიოფ ნანსენი (Fridtjof Nansen 1861-1930) - პოლარეთის ნორვეგიელი მკვლევარი, ზოოლოგი, ფიზიკური ოკეანოლოგიის ფუძემდებელი. ასევე დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით. 1921 წელს დაინიშნა ერთა ლიგის უმაღლეს კომისრად ლტოლვილთა საკითხებში. 1922 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პირველი მსოფლიო ომისა და მასთან დაკავშირებული კონფლიქტების მსხვერპლთა სასარგებლოდ მუშაობისთვის.

**** ზურაბ ავალიშვილი (ავალოვი) პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე იყო საქართველოს დელეგაციის წევრი და არა ხელმძღვანელი.

***** ტექნიკურ სტრუქტურებში (ორგანიზაციებში) იგულისხმება: საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი საბჭო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ჯანდაცვის ორგანიზაცია, მუდმივი სამანდატო კომისია, ეკონომიკური და ფინანსური ორგანიზაცია, ინტელექტუალური თანამშრომლობის საერთაშორისო კომიტეტი და სხვ.

 

ავტორი: ედიტა გ. გზოიანი, სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი

ერევანი, სომხეთი, 2017 წელი

 ჟურნალი: CAUCASUS SURVEY, 2018 VOL. 6, NO. 1, 117

  

ინგლისურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა

 

No comments:

Post a Comment