Thursday 23 July 2015

ზურაბ ავალიშვილი



ზურაბ ავალიშვილი (1874-1944). პირველი რესპუბლიკის, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი და განათლებული დიპლომატი. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი.
მისი სადისერტაციო თემა იყო "საქართველოს რუსეთთან შეერთება", განათლება საფრანგეთსა და პეტერბურგში მიიღო, იქვე დაიცვა დისერტაცია. 1918 წლიდან მოყოლებული დასავლეთის სახელმწიფოებისათვის გადაცემული ნებისმიერი ნოტა თუ მემორანდუმი მისი შედგენილი იყო. მონაწილეობდა ყველა უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. მათ შორის: ბრიტანეთის პრემიერ ლოიდ ჯორჯთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ კიულმანთან, იტალიის პრემიერ ფრანჩესკო ნიტისთან, საფრანგეთის პრემიერ ჟორჟ კლემანსოსთან და სხვ.
ის იყო 1918 წელს გერმანიაში, საგარეო მინისტრ ჩხენკელის თაოსნობით, გაგზავნილი დელეგაციის ერთი მთავარი წევრი; 1919-1920 წლებში პარიზის, ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე ქართველი დელეგატი.

თავისი მრწამსით ეროვნულ-დემოკრატი ავალიშვილი, ეროვნული ინტერესების გარშემო, საკმაოდ პროდუქტიულად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან. აკაკი ჩხენკელი 1919 წელს კარლო ჩხეიძეს პარიზში წერდა, რომ მთლიანად ავალიშვილისთვის ჩაებარებინათ ქართული დელეგაციის კანცელარია, რაც გაკეთდა კიდეც. ჩხენკელი მის ბერლინში მუშაობასაც უმადლოდა. თავად ავალიშვილის მხრიდანაც არაერთგზის დასტურდება საქართველოს მთავრობისადმი პატივისცემა და პროდუქტიული თანამშრომლობა.
თუმცა, დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, მან 1924 წელს დაწერა საკმაოდ კარგი წიგნი "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში", აღწერა საქართველოს საკითხის საერთაშორისო მდგომარეობა და, იქვე, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავად ჩხენკელიც, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკაც, რომლის ერთი მთავარი ავტორთაგანი თავადაც იყო. სამწუხაროდ, ასე იყო ემიგრაციაში, ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მეგობრობას ურთიერთბრალდებები ცვლიდნენ.

ბექა კობახიძე

1 comment:

  1. ძალიან კარგი საიტია და დიდი მადლობა ამ გაწეული შრომისთვის. უბრალოდ, იქნებ წყაროებიც მიუთითოთ ხოლმე, საინტერესოა. ანუ ვისაც ცოტა უფრო ღრმად გვაინტერესებს აღნიშნული თემები, უფრო გზა გაგვეხსნება. პატივისცემით.

    ReplyDelete