Thursday 23 July 2015

ევგენი გეგეჭკორი



ევგენი გეგეჭკორი (1881-1954) – 1918 წლის ნოემბრიდან საქართველოს მეორე და უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. ნოე ჟორდანიას სუსტი ჯანმრთელობისა და ხშირი ავადმყოფობის გამო, ხშირად ასრულებდა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას.
სოციალ-დემოკრატებში ის წარმოადგენდა ცენტრისტულ მიმართულებას და, ამ მხრივ, სხვებზე ახლოს იდგა ნოე ჟორდანიასთან. საქართველოს მთავრობაში (ჟორდანიასთან, რამიშვილთან და ჩხენკელთან ერთად) გეგეჭკორი ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და ავტორიტეტული ფიგურა იყო. 1917 წელს, ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, გეგეჭკორი სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის მთავრობას - „კომისარიატს“, მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან (ბრიტანეთი, საფრანტეთი, ამერიკა), 1918 წლის გაზაფხულზე, საქართველოს გერმანულ ორიენტაციაზე დადგომის შემდეგ, გეგეჭკორი ჩრდილში გადავიდა და ასპარეზი დაუთმო აკაკი ჩხენკელს. გერმანიის ომში დამარცხებისთანავე ჩხენკელი გადადგა და პროანტანტური რეპუტაციის მქონე გეგეჭკორი დაინიშნა საგარეო მინისტრად. გეგეჭკორმა, ახალი კურსის ერთგულების დასტურად და ანტანტის სამხედროთა გულის მოსაგებად, უხეში ფორმით გააძევა ქვეყნიდან გერმანული სამხედრო მისიის მეთაური ბარონი ფონ კრესენშტაინი.

გეგეჭკორმა, მთავრობასთან შეთანხმებით, საგარეო დიპლომატიური კორპუსი პარიტეტულად დააკომპლექტა და მასში, გარდა სოციალ-დემოკრატებისა, შეიყვანა სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილიც. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, 1918-1921 წლებში საქართველოს ყავდა „ეროვნული თანხმობის“ დიპლომატიური კორპუსი. თუმცა, კომუნიკაციის საშუალებათა უქონლობის გამო, 1919 წლისა და 1920 წლის პირველი ნახევრის მანძილზე, საგარეო მინისტრი თითქმის მოწყვეტილი იყო ევროპულ პოლიტიკას და ის ძირითადად ტფილისში მყოფ ევროპელ დიპლომატებთან ურთიერთობდა. ასევე, გეგეჭკორი იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ხვდებოდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა, სომეხ-აზერბაიჯანელთა შეტაკებების შესახებ მყისიერად აყენებდა საქმის კურსში დასავლურ მისიებს და მათ ჩარევას მოითხოვდა. 1919 წლის ადრე შემოდგომაზე ზანგეზურში შეტაკებების შეჩერებისათვის და შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში შეტანილი წვლილისათვის მან სომხეთში ანტანტის უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის - პოლკოვნიკ რეასა და ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის - ოლივერ უორდროპის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

1918 წლის ბოლოდან მოყოლებული, ჯერ დენიკინთან მოლაპარაკებებს, შემდეგ, 1920 წლის იანვრიდან საბჭოთა რუსეთის საგარეო მინისტრ გიორგი ჩიჩერინთან მიმოწერას უდგა სათავეში. 1920 წლის სექტემბრიდან გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. იმყოფებოდა იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. შეხვედრები გამართა ჩამოთვლილ ქვეყანათა უმაღლეს ხელისუფლებთან. საფრანგეთის საგარეო მინისტრთ არისტიდ ბრიანთან მისმა მეგობრობამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ 1921 წლის იანვარში, პარიზში მყოფმა გეგეჭკორმა ბრიანს დამოუკიდებლობის დე იურედ აღიარების შესახებ ოფიციალური თხოვნით მიმართა, ხოლო ამ უკანასკნელმა ეს თხოვნა მოკავშირეთა (ანტანტის) უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გაიტანა და დაამტკიცა.

კრიტიკისათვის უნდა ითქვას, რომ გეგეჭკორი არ ყოფილა პროფესიონალი დიპლომატი და ეროვნული ინტერესების საკითხებს, დასავლეთელ დიპლომატებთან მოლაპარაკებისას, ხშირად, საკმაოდ ხისტად სვამდა ხოლმე. ამერიკელი გენერალი ჰარბორდი, ოლივერ უორდროპი და სხვები, არ იყვნენ მოხიბლულნი მასთან თანამშრომლობით.

ბექა კობახიძე

No comments:

Post a Comment