Thursday 23 July 2015

აკაკი ჩხენკელი



საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი (1874-1959).

ჩხენკელი, ქართველ სოციალ-დემოკრატებში, წარმოადგენდა მემარჯვენე, ნაციონალისტურ ფრთას. ჯერ კიდევ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წამოაყენა მან საქართელოს კულტურული ავტონომიის იდეა.
1918 წლის 22 მარტს კატეგორიულად მოითხოვა საქართველოს ეროვნული საბჭოსგან დამოუკიდებლობის გამოცხადება, მან ბათუმიდან მოიწერა: "ურისკოდ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!" იმავე წერილში ჩხენკელი ყველა რუსული ორიენტაციის გაზეთის დახურვას და საბოტაჟის მომწყობთა დაპატიმრებას ითხოვდა. "როცა სამშობლო უფსკრულის პირას სდგას, საჭიროა არა კინკლაობა, არამედ ყველა საჭირო ძალების კონცენტრაცია, რომ ერს არ მოაკლდეს თუნდ ერთი მუჭა ხალხის წვლილიც", შეაგონებდა ის ქართულ ეროვნულ საბჭოს. მისი შეგონებანი რეალობად იქცა და 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ჩხენკელი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, უკვე 28 მაისს ხელი მოაწერა პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას გერმანელებთან და გაემგზავრა ბერლინში, პროტექტორატის გასაღრმავებლად. აქ ის შეხვდა გერმანიის საგარეო, ფინანსთა მინისტრებსა და სარდლობას. ბერლინიდან მან ყველა ნეიტრალურ ქვეყნებს დაუგზავნა შეტყობინებები და აღიარება ითხოვა. არც ანტანტის მოწინააღმდეგე ბანაკი დაივიწყა და მათთან სამუშაოდ ზ. ავალიშვილი გაუშვა ქრისტიანიაში (ოსლოში). ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, რომ არა გერმანიის ომში დამარცხება. ჩხენკელი, როგორც პროგერმანული ორიენტაციის იარლიყით შემკული პოლიტიკოსი, გადადგა, ჩრდილში წავიდა და მთელი 1919 წლის მანძილზე შვეიცარიიდან კურირებდა გერმანიაში, შვეიცარიაში, სკანდინავიაში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში ქართულ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მუშაობას. ის შეურიგებლად ებრძოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მემარცხენე, ინტერნაციონალისტურ და ერთგვარად პრორუსულ ფრთას. ამ მხრივ საინტერესოა მისი ჰიპერკრიტიკული წერილები კაკი წერეთლისა (დელეგატი პარიზში) და ბიქტორ თევზაიასადმი (ელჩი უკრაინაში). ის წერეთელს წერდა: შენთვის საქართველოს ისტორია იწყება რუსეთთან შეერთებიდან, თავმდაბლობა კეთილი თვისებაა, მაგრამ გადაჭარბება მავნეა. ამას ვამბობ სხვათაშორის, მთავარი კი ისაა, რომ შენ არ აფასებ ეროვნულ თავისუფლებას, როგორც ასეთს, ამიტომ ჭკუაში არ მოგდის ჩამოთვალო რუსეთის ბატონობის ცოდვები: მისი სასკოლო, საეკლესიო, საკოლონიზაციო პოლიტიკა, რომ ამით ნათლად გაიგონ ევროპელმა ამხანაგემბა თუ რას მოასწავებს ჩვენთვის თავისუფლება."
1919 წლის დეკემბერში ის საქართველოში ბრუნდება, აქტიურად იწყებს დამფუძნებელ კრებაში მუშაობას. მუდმივად დადიოდა რეგიონებში და ხალხში საქართველოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა. საინტერესოა, რომ 1918 წლის ბოლოდან მოყოლებული, ჩხენკელს არ ჭერია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ ყოველთვის ითვლებოდა (ჟორდანიასთან, რამიშვილთან და გეგეჭკორთან ერთად) ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებას. ის ჩნდებოდა ყველაზე კრიტიკულ ეპიზოდებში, დაწყებული გორის მიწისძვრიდან, დამთავრებული ქართული ჯარისათვის ფულის შეგროვების ღონისძიებებით.
კრიტიკისათვის უნდა აღნიშნოს, რომ თანაპარტიელებთან ჩხენკელის კორესპონდენცია ხშირად შეიცავს საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის არასწორ აღქმას, რაც მისი ნაკლებინფორმირებულობით იყო გამოწვეული. ამასთანავე, ჩხენკელს უჭირდა ხოლმე ინტერნაციონალისტური სოციალუსტური მოძრაობიდან გამოსვლა და საერთაშორისო კონფერენციებზე "დასავლეთელ იმპერიალისტებსაც" აკრიტიკებდა: "თუ ჩვენ შეგვწევდა ძალა გვებრძოლა ცარიზმთან, ჩვენ შევებრძოლებით აგრეთვე მთელ მსოფლიოს, იმპერიალიზმს, მხოლოდ საერთაშორისო სოციალისტური კონფერენციისა და საერთაშორისო პროლეტარიატის დახმარებით!" ასეთი განცხადება იმ ქვეყნის წარმომადგენლისაგან, რომელიც აღიარებასა და დახმარებას სწორედ ამ "იმპერიალისტთაგან" ელოდა, ბუნებრივია კონტრპროდუქტიული იყო.
1921 წელს ის პირველი სრულფასოვანი, აკრედიტირებული ელჩი გახდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ბექა კობახიძე

No comments:

Post a Comment