1921 წლის 18-19 თებერვლის ღამეს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისზე პირველი იერიში მოიტანა. თბილისის თავდაცვა მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ სამ სექტორად დაყო. მარჯვენა სექტორი რომელიც მოიცავდა კოჯორ-ტაბახმელას მონაკვეთს სარდლობდა გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. ცენტრალური სექტორი იწყებოდა თელეთის ქედზე და სრულდებოდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სექტორს მეთაურობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. თავდაცვის მარცხენა სექტორი იწყებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და მოიცავდა ორხევისა და ვაზიანის მონაკვეთებს. სექტორს მეთაურობდა გენერალი არტემ ჯიჯიხია.
მოწინააღმდეგემ 19-20 თებერვალს ძირითადი იერიშები თბილისის თავდაცვის ცენტრალურ და მარჯვენა სექტორებში მიიტანა, მაგრამ სასტიკი მარცხი იწვნია. მხოლოდ 18-19 თებერვლის ღამეს, გენერალ მაზნიაშვილის მონაკვეთზე თითქმის სრულად განადგურდა რუსების 58-ე მსროლელი ბრიგადა. ბრიგადას დაეღუპა 530 ჯარისკაცი და ტყვედ ჩავარდა 1000-1600-მდე წითელარმიელი. საბჭოთა ისტორიოგრაფია წერდა, რომ ბრიგადამ დაკარგა რიგითების 3/4 და თითქმის მთელი სამეთაურო შემადგენლობა. თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში კი ქართულმა არმიამ 19-21 თებერვლის ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო ასზე მეტი წითელარმიელი, დამარცხებულ მოწინააღმდეგეს წაართვა 4 ქვემეხი , რამდენიმე ათეული ტყვიამფრქვევი და 1 ჯავშანმანქანა. თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორში მოწინააღმდეგის 26-ე მსროლელი ბრიგადის სამ პოლკს ნაბრძანები ქონდა 19 თებერვალს დილით აეღო ნავთლუღის სადგური და შესულიყო თბილისში. 19 თებერვალს თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორში მცირე ბრძოლები გაიმართა და მოწინააღმდეგემ ნავთლუღიდან 9 ვერსზე მდებარე სადგურ ყარაჯალას დაკავება მოახერხა. 20 თებერვალს თავდაცვის მარცხენა სექტორში მყოფმა გვარდიულმა ნაწილებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს და სადგური ვაზიანი დაიკავეს. 21 თებერვალს მოწინააღმდეგის სამმა მსროლელმა პოლკმა და ერთმა ცხენოსანმა პოლკმა კიდევ ერთხელ სცადა, სახლახო გვარდიის პოზიციების გარღვევა და შეუტია დედაქალაქის დამცველ ძალებს. გენერალ ჯიჯიხიას განკარგულებაში იყო გვარდიის 7 ქვეითი ბატალიონი , ცხენოსანთა ორი რაზმი და ჯავშანმატარებელთა რაზმი. გვარდიის ორი
ბატალიონი იდგა ორხევში და ფრონტალური დარტყმა მიიღო მოწინააღმდეგისგან, შემდეგ კი კონტრიერიში განახორციელა . ხუთმა გვარდიულმა ბატალიონმა ცხენოსან შენაერთთან ერთად რომელიც გაძლიერებული
იყო კაპიტან იედიგარაშვილის ბორჩალოს მოხალისეთა ცხენოსანი ასეულით სოფელ ლილოდან მოწინააღმდეგის ფლანგს დაარტყა. ქართულმა
არმიამ მოწინააღმდეგეს ათ კილომეტრზე მეტით დაახევინა. ვაზიანის ბრძოლას, თბილისის თავდაცვის ცენტრალური სექტორის მტკვირსპირა სიმაღლეებიდან გადაჰყურებდ, მეშვიდე ქვეითი ათასეულის მოხალისე ჯარისკაცი, თბილისის გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე გივი ღამბაშიძე. საკუთარ დღიურში, მან საკმაოდ დეტალურად და ხატოვნად აღწერა 21 თებერვალს მომხდარი ბრძოლა : ,,მე ბედნიერად
ვსთვლი ჩემს თავს, რომ ასე მშვენიერად ვიხილე მთელი ბრძოლის მიმოსვლა ასე თუ ისე, სამშვიდობოში
მყოფმა, ვინაიდგან ჩვენსკენ არავითარი ბრძოლა არც სწარმოებდა. შეტევაზედ გადმოვიდა
მტერი ვაზიანთან, საშინელი ტყვიის მფრქვეველთა ცეცხლით და ზარბაზნების მოქმედებით. პირდაპირ
ისეთი ხშირი სროლა ასტყდა, რომ ხმები ერთმანეთში ერეოდა. რუსები დიდი ენერგიით გადმოვიდნენ
შეტევაზე ისე, რომ ჩვენებმა ბევრი სროლისა და გამკლავების შემდეგ თითქმის სოღანლუღის ხიდამდე დაიხიეს. მაშინ კი ჩვენ
დიდი მღელვარება აგვიტყდა, მტერი გვჯობნიდა და თითქმის ზურგს გვივლიდა. წამსვე ჩვენთანაც
ერთი ფაციფუცი შეიქმნა, ყველანი საჩქაროდ მოგვამზადეს: თუ ვინიცობაა ჩვენები დამარცხდებოდნენ, იმ შემთხვევაში ჩვენ მოგვიხდებოდა
მტკვრის მარჯვენა ნაპირიდგან მტრის გვერდში
დაცხება. ტყვიის მფრქვეველები სულ იქით იყო მიშვერილი და მომენტს უცდიდა. ბრძოლა ძლიერ
გამწვავდა, ნაპოლეონივით ვიყავი ზევით
მაღლობზედ და დავსცქეროდი ბრძოლას, რომელსაც უნდა კინაღამ თბილისის ბედი გადაეწყვიტა. ჩვენ აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. როდესაც
ჩვენები გადავიდნენ კონტრატაკაზედ. რუსებმა უწესრიგოთ იწყეს უკან დახევა. მანძილის
გამო ადამიანები პატარა შავ წერტილებათ მოსჩანდა, მაგრამ მშვენიერად ვამჩნევდით მათ,
როდესაც გადირბენდნენ პატარა გორაკს, ჰორიზონტზე ერთი წუთით გამოჩნდებოდა მათი აჩრდილი.
ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, მაგრამ სიხარული მწარედ შეგვეცვალა: მტრის მხრიდან
მოისმა გაასკეცებული ჭაქა-ჭუხი ყველა სასროლი იარაღისა. ამას ვეღარ გაუძლო ჩვენმა ჯარმა
და ნელ-ნელა უკან იწყო დახევა. რამდენსაც ჩვენები იხევდნენ, იმდენი ძლიერდებოდა მტრის
ცეცხლი. ამან ყველანი ძალიან დაგვაღონა, მაგრამ გამარჯვება მაინც, ბოლოსდაბოლოს, ჩვენ
გვხვდა წილათ.
გივი ღამბაშიძე |
სამაგალითოდ იმუშავა ჩვენმა ჯავშნიანმა
მატარებელმა, ამოფარებულიყო პატარა გორაკს უკან ისე, რომ არც მოსჩანდა და არც ყუმბარა
მოხვდებოდა ადვილათ. როგორც გველი, გამოსცურდა იგი თავისი საფარიდან და გაექანა კახეთისაკენ
საშინელის სიჩქარით. ისე შორს შევიდა მტრის ზურგს უკან, რომ ბოლითღა ვამჩნევდით მას.
ამ დროს მოისმა ყურების გამჭექი, პანტასავით სროლა. ჩვენი ჯავშნოსანი ზურგში ესროდა
მტერს, მტერი კი გააფთრებით ესროდა რკინის გზის ლიანდაგს და სცდილობდნენ ლიანდაგის
განადგურებას, მაგრამ ამაოდ. ჩვენმა არტილერიამ ცხვირ-პირი ჩაამტვრია კარა-ჯალის სადგურს.
ყოველივე ეს ხდებოდა
ნაცნობ ადგილებზე; იმ ნაცნობ ადგილებზე, სადაც რამოდენიმე კვირის წინათ ისე დამშვიდებული
ვნადირობდით გარეულ იხვებზე მე და ჩემი ამხანაგები. ვინ იტყოდა, თუ ასე ცოტა ხანში
გადასწყდებოდა ამ ადგილებზე საქართველოს
ბედი. მართალი რომ ვსთქვათ, მეორეთ ჩვენმა ჯარმა რომ თითქმის რადიომდი დაიხია, იმედი
გადაგვიწყდა ბევრს. აღარ მოველოდით ჩვენების მესამედ შეტევაზე გადასვლას, მაგრამ დახე
საკვირველებას! ჩვენი გმირები უკანასკნელად ეკვეთნენ მტერს. ამას ყოველივეს, როგორც ხელის გულზედ, ისე
ვხედავდით. ჩვენი მცირე კავალერია, მაგრამ მამაცი, გაეკიდა მტერს. მშვენიერად მოსჩანდა
ოთხზე მიმქროლი ცხენები და თავმოგლეჯილი რუსების უკან დახევა. ჩვენ სიხარულს საზღვარი
არა ჰქონდა. რუსები საცოდავათ მიჭყლიტეს მტკვრის
ნაპირისაკენ, ხმაურობა შემცირდა. გამარჯვება ჩვენ გვხვდა წილათ.
სანამ ამას ვიტყოდე,
უნდა ვაღიარო, რომ ჯავშნოსანმა მატარებელმა გააკეთა თითქმის ყველაზედ მეტი საქმე, ზურგში
ტყვიის მფრქვეველების დაცხებით. ამასთანავე, ქარუმიძის
ბატარეიაც გააფთრებით მოქმედობდა. ჩემი თვალით ვნახე, როდესაც ერთი ჩვენი ყუმბარა შიგ ყარაჯალის სადგურს
მოხვდა და სულ შავი ბოლო აადინა. მშვენივრათ მოსჩანდა, თუ რუსები როგორ გადარბოდნენ
გორაკებზე და ჩვენი კავალერია კი საშინლად მისდევდა მათ. პირდაპირ მტკვრის ნაპირს მიაწყდნენ,
გასაქცევი პირი აღარ ჰქონდათ. ამავე დროს, მტერი ცდილობდა როგორმე რკინის გზა გაენადგურებინა,
რათა ჯავშნოსანი არ გამოსულიყო სამოქმედოთ.
ჩვენსკენ დიდი
აღელვება იყო. ყველანი გაფაციცებით თვალყურს ვადევნებდით ბრძოლას, რომელსაც შეიძლება
თბილისის ბედი გადაეწყვიტა. ჩვენს სიხარულს
საზღვარი აღარ ჰქონდა, როდესაც საჩქაროდ მოიქრიალა თბილისიდგან ავტომობილი და აპოლონ
ურუშაძემ მოგვიტანა ჯიჯიხიას სამახარობლო ტელეგრამმა, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეზედ იყო და მტერი საშინლად
გარბოდა უკან. სიხარული იმდენათ დიდი იყო, რომ აღტაცებულნი ვეცით ჩვენი გუნდის უფროსს,
კაპიტან ანდღულაძეს და მისი სურვილის წინააღმდეგ
რამოდენიმეჯერ შევაგდეთ ჰაერში. სულ ყველა გამოცოცხლდა, გამხიარულდა. ჩვენს სიხარულს
საზღვარი არა ჰქონდა. ასე დამთავრდა ვაზიანის გმირული ბრძოლა, რომელშიდაც ქართველები
კიდევ ერთხელ გამარჯვებულნი დარჩნენ."
დიმიტრი სილაქაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
აკაკი კვიტაიშვილი. რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წელს . საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ. ჟურნ. განთიადი N2 თბ. 1990
გივი ღამბაშიძე. ომის დღეები. წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო დიმიტრი სილაქაძემ. ეროვნული არქივი. თბ.2017
მიხეილ ბახტაძე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის
საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან. თბ.2013
მიხეილ ტრასკუნოვი. საბრძოლო თანამეგობრობის სახელოვანი ფურცლები. თბ.1962
Кадишев А. Б. Интервенция и гражданская война в Закавказе. M. 1960.
Директивы командования фронтов Красной Армии (1917-1922). Сборник документов в 4 Томах. T.III. M. 1974 .
No comments:
Post a Comment