მოქალაქენო!
ამ ასი წლის წინად საქართველომ ხელი აიღო თავის დამოუკიდებლობაზე. ამ 6 თვის წინად
იმავე საქართველომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა (ტაში).
ეს
ორი, ერთი მეორის მოპირდაპირე, ერთი მეორის საწინააღმდეგო აქტი არის, იმავე დროს აქტი
ჩვენი ცხოვრების ძირითადი პრობლემისა.
ამ ორ აქტს შორის
არის ბევრი რამ საერთო. ამ ორივე აქტის მი
ზეზი იყო ერთი და იგივე, და ორივე აქტმა მიაღწია ერთსა და იმავე შედეგს. ამ ორი აქტის საერთო მიზანი იყო ის, რომ საქართველოს ხალხს თავი დაეღწია აზიურ ბარბაროსობისაგან და შედეგი ორივე აქტისა იყო ის, რომ საქართველო იხსნა ბარბაროსების შემოსევისაგან.
ზეზი იყო ერთი და იგივე, და ორივე აქტმა მიაღწია ერთსა და იმავე შედეგს. ამ ორი აქტის საერთო მიზანი იყო ის, რომ საქართველოს ხალხს თავი დაეღწია აზიურ ბარბაროსობისაგან და შედეგი ორივე აქტისა იყო ის, რომ საქართველო იხსნა ბარბაროსების შემოსევისაგან.
აქ თქვენ ხედავთ,
რომ აქტი 26 მაისისა არ ყოფილა აქტი შემთხვევითი, აქტი უცაბედითი, აქტი შექმნილი რომელიმე
პირის, ჯგუფის ან პარტიის მიერ. ეს იყო აქტი აუცილებელი და ხალხის გულიდან ამოხეთქილი.
ამ აქტმა საქართველო გადაარჩინა განადგურებას. ამ აქტმა საშუალება მისცა საქართველოს,
რომ მის მიწა-წყალში არ შემოსულიყო შეიარაღებული ძალა მტრისა. თუმცა ასეთი ძალა შემოვიდა,
მაგრამ ჩვენ საშველად. და დარწმუნებული ვართ, რომ თუ კიდევ შემოვა ჩვენში შეიარაღებული
ძალა ევროპისა, ის იქნება ჩვენთვის საკეთილო. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩვენი მისწრაფება
იყო, რომ რამენაირად მოვშორებოდით აზიურ კულტურას და შევსულიყავით ევროპის კულტურაში.
ამიტომ ჩვენ არასოდეს გვქონია მტრული დამოკიდებულება ევროპასთან და არც ევროპას ექნება
ჩვენთან.
თუ ძველი რეჟიმის
გერმანიის ჯარს არ შეულახავს ჩვენი სუვერენობა, ახალი გერმანიის და სხვა სახელმწიფოების,
მით უმეტეს, დაიცავს ჩვენს ხელშეუხებლობას. ამიტომ არ გვმართებს არც ცრემლთა ფრქვევა,
არც უიმედობა. ჩვენ უნდა ვიდგეთ მაგრად ჩვენ ისტორიულ გზაზე და გადაჭრით ვთქვათ: „არ
გვინდა არც ქაოსი, არც ანარქია, სულ ერთი იქნება ის სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან (ტაში).
დღეს ჩვენ შეგვიძლია
პირდაპირ და უშუალოდ შევიდეთ ევროპაში. ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და მას არ გადავუხვევთ
(ტაში). გვეტყვიან, ეს თვენი სურვილია და მარტო სურვილით სხვა
ვინ შესულა სამოთხეშიო. ეს სურვილი ვუპასუხებთ ჩვენ, არ არის უნიადაგო და ვინც ფიქრობს,
რომ ეს მხოლოდ სურვილია ის ძალიან სცდება.
მოხდა ერთი დიდი
ფაქტი, ისეთი ფაქტი, რომელსაც ვერ უარყოფს ვერავინ: მოხდა რუსეთის დიდი რევოლუცია,
თებერვლის რევოლუცია და მან მხოლოდ საქართველოში ჰპოვა განმტკიცება. მთელს რუსეთში
ბოლშევიკების მოქმედებამ ერთის მხრით აამუშავა ანარქია, მეორეს მხრით რეაქცია. ხოლო
აქ, საქართველოში რევოლუციამ იპოვა თავისი ღირსეული პატრონი. საქართველოს დემოკრატია
ვერ წაიყვანეს ვერც ანარქიის, ვერც რეაქციის გზით. დემოკრატია მხოლოდ აქ იშვა და დაეპატრონა
მთელს ქვეყანას.
აქ, მხოლოდ აქ აღმოჩნდა დემოკრატია იმდენად ძლიერი,
რომ ის გადასცილდა თავის ისტორიულ გზას და არ აჰყვა არც ერთ ამ გზას, რომელიც რუსეთში
გამოჩნდა.თავისუფლება მხოლოდ აქ განმტკიცდა, წესიერებამ მხოლოდ აქ ჰპოვა დამცველი:
მოსპეთ თქვენ ეს თავისუფლება, და აქ გაჩაღდება დიდი არევ-დარევა. მოსპეთ წესიერება
- მოისპობა თავისუფლებაც.
და ჩვენ ვამბობთ,
რომ ვართ ხალხი ევროპიული და დემოკრატიული (ტაში).
ეს ხომ დაინახა
ყველამ, მტერმა თუ მოყვარემ. დაინახა, რომ ჩვენ არა თუ გვსურს დამოუკიდებლობა, თავისუფლება
და წესიერება, არამედ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებელნი, თავისუფალნი და შეგვწევს უნარი
წესიერების დაცვისა. ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ყოველივე ზომები, რომ
ამ თავისუფლებას მისცემოდა იურიდიული და კონსტიტუციური სახე. ჩვენი პარლამენტი და ჩვენი
მთავრობა ამ მხრით დიდ მუშაობაში იყო.
წინად ჩვენ ვმუშაობდით
რევოლუციისათვის, მაგრამ არ იყო დრო, რომ ჩვენ გვემუშავა სახელმწიფოს აღდგენისათვის.
მხოლოდ 6 თვეა, რაც ჩვენ შევუდეგით ამ რევოლუციის მონაპოვართათვის კონსტიტუციური ხასიათის
მიცემას. ექვსი თვის განმავლობაში მოვაწყეთ აპარატი, შემოვიღეთ ერობა, მოვახდინეთ აგრარული
რეფორმა. რაც უფრო საყურადღებოა. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს
ჰქონოდა საკმარისი ქონება; არ გვგონია, რომ სხვა, დიდი რესპუბლიკებსაც ჰქონდეს იმდენი
უძრავი ქონება რამდენიც აქვს ჩვენს რესპუბლიკას.
ჩენ მოვაწვეთ
ჯარი, საბაჟოები, შევიმუშავეთ გადასახადების ახალი სისტემა, გავამრავლეთ ფოსტა-ტელეგრაფის
დაწესებულებები და მოვჰფინეთ სოფელს ტელეფონის ქსელი. ჩვენ მივაქციეთ განსაკუთრებული
ყურადღება, იმას რომ ხალხში გაგვევრცელებინა სწავლა-განათლება. ჩვენ გავამრავლეთ სახალხო
სკოლები, შევქმენით ქართული უნივერსიტეტი. ჩვენ მივიღეთ ყოველი ზომა, რომ ჩვენი ქვეყანა
მართლა დამსგავსებოდა სახელმწიფოს. ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ სასამართლოს და შევქმენით
სამართალი გასაგებ ენაზე.
აი, ყველაფერი
ის, რაც ნებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი მუშაობით დავამტკიცეთ,
რომ არა თუ გვსურს დამოუკიდებლობა, არამედ შეგვიძლია და შეგვწევს უნარი განვამტკიცოდ
იგი.
უკანასკნელი სიტყვა
ეკუთვნის დამფუძნებელ კრებას, რომელიც ამ მოკლე ხანში იქნება. აქ მინდა ყურადღება მივაქციო
ერთ გარემოებას: ჩვენ აქ შეგვიძლია მუშაობა არა მარტო საქართველოსთვის, არა მარტო საქართველოს
მაგიერ, არამედ რუსეთისთვის, რუსეთის მაგიერაც. ჩვენი მტრები ავრცელებენ ხმებს, რომ
ჩვენ აქ ავღმართეთ დევნა რუსების, განსაკუთრებით რუსი ოფიცრების წინააღმდეგ. ამის თქმა
დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნებოდა. ჩვენ ღირსეულად გავაცილეთ რუსები თავის სამშობლოსაკენ.
ხელთ მაქვს ციფრები, რომლის წინაშე უნდა დადუმდეს ყოველი ორგული და ცილისმწამებელი . . . ჩვენმა ხაზინამ 98 მილიონი მანეთი გადასდვა
რუსეთის მაგიერ. და თუ მაინც ჩვენ ცილს გვწამებენ,
რომ ჩვენ აქედან ვერეკებოდით და ძალით გავრეკეთ ვინმეო, ეს მომდინარეობს მტრობით ჩვენი
დამოუკიდებელი რესპუბლიკისადმი. და აქ ჩვენ ვეტყვით მტრებს“ „ხელი შორს, ნურას უკაცრავად“.
. . ჩენ გვსურს გვქონდეს ჩვენებური წეს-წყობილება.
ჩვენ მოხარული
ვიქნებით აღდგენილი რუსეთისა, მაგრამ მოხარული ვიქნებით, რომ მეზობელი მოძმეები იყვნენ
უკეთეს პირობებში. მაგრამ, ეს განა მოითხოვს იმას, რომ ჩვენი წყობილება, ჩვენი დამოუკიდებლობა
მოვჰკლათ?! დემოკრატიული წყობილება არ მოითხოვს იმას, რომ მეორე დემოკრატიული წყობილება
მოისპოს. ისინი სხვა სურვილებით, სხვა მიზნებით არიან გატაცებულნი. ჩვენ ამ სურვილების
წინააღმდეგ მივიღებთ ენერგიულ ზომებს.
ჩვენ ვეძმობით
დემოკრატიულ რესპუბლიკას და მჭიდრო ეკონომიურ კავშირს ვიქონიებთ მასთან. მაგრამ მოვიტხოვთ,
რომ როგორც ჩვენ ვსცნობთ მათ სახელმწიფოს, მათაც სცნონ ჩვენი დამოუკიდებლობა და ვიყვნეთ ერთმანეთთან, როგორც თანასწორი
თანასწორთან. (ტაში).
ჩვენი ბედი არის
ჩვენს ხელში. ჩვენი რესპუბლიკა იარსებებს, თუ ამ ნიადაგზე მტკიცედ ვიდგებით. გისურვებთ
და ვუსურვებ ჩვენს თაობას, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი დღესასწაული. ეს არის დღე საქართველოს
გამარჯვებისა (ძლიერი განუწყვეტელლი ტაშის ცემა).
სახალხო საქმე, N399, 1918 წლის 3 დეკემბერი
დამაჟრჟიალა. ძალიან მაგარია. ნამდვილი პატრიოტი. ასეთი შვილები უნდა გავზარდოთ.
ReplyDelete