1919 წლის
17 აპრილი,ს დილის ოთხ საათზე, მდინარე ბზიფთან განლაგებული ქართული არმიისა და
გვარდიის 6 000-მდე ჯარისკაცმა მდინარე გადალახა და გაგრისკენ დაიწყო შეტევა,
სადაც რუსეთის თეთრგვარდიული მოძრაობის გენერლის, ანტონ დენიკინის ჯარის ერთი
პოლკი იდგა. თეთრები ქალაქში 1919 წლის თებერვალში შევიდნენ, როდესაც
სოჭსა და გაგრაში განლაგებულ მცირერიცხოვან ქართულ ქვედანაყოფებს დაესხნენ თავს და
მდინარე ბზიფამდე მთელი ტერიტორია დაიკავეს.
ამის შემდეგ ბრძოლა დიპლომატიურ
სიბრტყეში გადავიდა, რუსეთის სამოქალაქო ომში დენიკინის მხარდამჭერი და ამავდროულად კავკასიაში მშვიდობის მოსურნე ბრიტანეთი ცდილობდა ორი მხარის მორიგებას. ერთის მხრივ ისინი დენიკინს
უკრძალავდნენ შეტევის გაგრძელებას და ბოლშევიკების წინააღმდეგ სრული
კონცენტირებისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო მეორეს მხრივ კი ჟორდანიას, რომელიც საკითხის მოუგვარებლობის გამო პრობლემის იარაღით გადაჭრისკენ იწევდა აშოშმინებდნენ და კონტრშეტევის დაწყების
შემთხვევაში მხარდაჭერის დაკარგვით ემუქრებოდნენ. ამასობაში ბრიტანელებმა თავისი
პიკეტები ჩააყენეს მდინარე ბზიფსა და გაგრის მიდამოებში. საკითხი ფაქტობრივად გაიყინა,
კავკასიის და რუსეთის სამოქალაქო ომის ცვალებადი მოვლენები ბრიტანელებს
საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაში ხელს უშლიდა, ამიტომ ისინი სტატუს-კვოს
შენარჩუნებას მეტად მიესალმებოდნენ, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების განახლებას.
დრო
გადიოდა, არაფერი არ იცვლებოდა და ქართულმა ჯარმა მდინარე ბზიფთან დაიწყო თავმოყრა. სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ ქართველებმა ფრონტის ხაზზე თავი მოუყარეს რეგულარული
ჯარისა და გვარდიის რვა ბატალიონს, სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს და
სახალხო გვარდიის ოთხ საარტილერიო ბატარეას (16-20 ქვემეხი). ოპერაციას მეთაურობდა
გენერალი იოსებ გედევანიშვილი, თუმცა მასთან ერთად და შეიძლება უფრო მეტადაც
ოპერაციას სარდლობდა სახალხო გვარდიის შეფი, თავზე ხელაღებული მეომარი და
რევოლუციონერი ვალიკო ჯუღელი. ქართულმა მხარემ ოპერაციის დასაწყებად კარგი დრო
შეარჩია, დენიკინის არმიის ძირითადი ნაწილი ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა და
შავი ზღვის სანაპიროზე მცირე ძალები ჰყავდა დატოვებული. ამის პარალელურად 12-13
აპრილს სოჭისა და ადლერის რაიონში დიდი ალბათობით ქართულ სარდლობასთან
კოორდინაციით დენიკინის ჯარებისაგან შევიწროებული გლეხების , ე.წ მწვანეების
აჯანყება დაიწყო , რამაც ამ რაიონებში განლაგებული 1500-მდე დენიკინის ჯარისკაცი ,,შებოჭა". გაგრაში კი დენიკინს მხოლოდ ერთი, გენერალ ივან უშაკის კავკასიის
ოფიცერთა პოლკი ჰყავდა განლაგებული, პოლკი რომელსაც ქოლერის ეპიდემია
,,ავიწროებდა".
გენერალი იოსებ გედევანიშვილი |
გენერალი ივან უშაკი |
12 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი
გეგეჭკორმა, კავკასიაში ბრიტანული ჯარების სარდალს გენერალ ტომპსონს მოსალოდნელი
სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აცნობა. გენერალმა ტომპსონმა მეორე დღრეს
საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილეს და იმ დროისათვის მთავარსარდალს
ალექსანდრე გედევანიშვილს (ოპერაციის სარდლის იოსებ გედევანიშვილის უფროსი ძმა)
ინგლისელი გენერლის სიტყვა მისცა, რომ მათი ნებართვის გარეშე ბზიფის გადალახვა
საქართველოსთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ გენერალ
დენიკინს მისცა 48 საათიანი ვადა თავისი ჯარები მდინარე მეხადირის (მდინარე ფსოუს
აღმოსავლეთით 3-4 კილომეტრში) დასავლეთით გადაეყვანა და თუ ის ამას არ გააკეთებდა,
ქართველებს თავისუფლად შეეძლოთ ემოქმედათ. 48 საათის გასვლის შემდეგ არაფერი
შეიცვალა, ამიტომ 15 აპრილს გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა დენიკინს ჯარების
მდინარე მეხადირის დასავლეთით გადაწევა მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
17 აპრილს
დილის ოთხ საათზე ქართულმა ჯარმა მდინარე ბზიფი გადალახა და შეტევა დაიწყო,
ბრიტანელი სამხედროების პიკეტები მათ ხელის აწევით ესალმებოდნენ. შეტევა გაგრისკენ
სამ კოლონად განვითარდა. მარჯვენა ფრთამ რომელსაც პოლკოვნიკი კარგარეთელი
მეთაურობდა, ქალაქს პრინცი ოლდენბურგის მამულის ,,ოტრადნოეს" მხრიდან შეუტია,
ხოლო მარცხენა ფრთამ, პოლკოვნიკ ხიმშიაშვილის მეთაურობით, გვარდიის ცხენოსანთა დივიზიონით ავანგარდში (ამ დივიზიონში პირველ ესკადრონს მეთაურობდა
ქაქუცა ჩოლოყაშვილი) გაგრას დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილის-ძის აგარაკის, ,,კოლხიდას" მხრიდან შეუტია. მესამე კოლონისათვის მდინარე ბზიფის შუა წელზე
ხიდი აიგო და მათ გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაურის სიმონ ხუხუნაიშვილის
სარდლობით, ჩრდილოეთის მთიანი ზოლიდან მოწინააღმდეგის ფლანგსა და ზურგში ღრმა
შემოვლითი მანევრი დაიწყეს.
გაგრა 1900-იანი წლები, პრინც ოლდენბურგის სასახლე.. პროსკუდინ-გორსკის ფოტო
17 აპრილს
, შუადღის 2 საათზე ქართველებმა გაგრა ძალიან მარტივად აიღეს, ბრძოლაში
მოწინააღმდეგეს 87 და ქართველების მხოლოდ ორი მეომარი დაიღუპა. ამის გარდა
გაგრის აღებისას ქართველებმა ტყვედ აიყვანეს მოწინააღმდეგის 238 ჯარისკაცი და
ოფიცერი, ასევე უკან დახევისას რუსებმა გაგრაში მიატოვეს საველე ჰოსპიტალი
სადაც ქოლერით და სხვა ეპიდემიური სნეულებებით დაავადებული 385 ჯარისკაცი და
ოფიცერი იყო მოთავსებული. უკან დახეულ მოწინააღმდეგეს ქართული ჯარი
ფეხდაფეხ მიყვებოდა და ავიწროებდა ფრონტიდან და ფლანგიდან. 18 აპრილის დილას
ქართული ჯარი უკვე მდინარე მეხადირზე იყო, ხოლო 19 აპრილს კი, ადლერთან მდინარე მზიმთას
(მდინარე ადლერის რაიონში, მდინარე ფსოუსგან 8 კილომეტრით დასავლეთით) მიადგა.
ქართულ ჯარს თავისუფლად შეეძლო მზიმთის გადალახვა, ადლერისა და სოჭის აღებაც,
თუმცა ბრიტანელების მწვავე პროტესტისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო იძულებულნი
გახდნენ ჯარები მდინარე მეხადირამდე დაეწიათ. საბოლოოდ მდინარე ფსოუს
დასავლეთით თეთრები დადგნენ, ხოლო მდინარე მეხადირზე კი ქართველები. მათ შორის
რამდენიმე კილომეტრიანი ზონა კი ერთი წლის განმავლობაში, სანამ
ქართველები მდინარე ფსოუზე არ გადავიდნენ, ნეიტრალურ ტერიტორიას
წარმოადგენდა.
დენიკინთან გამარჯვებამ, რესპუბლიკის მოქალაქეებს სიამაყის
გრძნობა გაუძლიერა. პოპულარული სამხედრო ლიდერი ვალიკო ჯუღელი კიდევ უფრო
პოპულარული პიროვნება გახდა. გაგრის ოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს უფლისციხელ ვანო
ბერეკაშვილს (სალიბეგოვი), ჯუღელისა და გაგრის ოპერაციის შესახებ ლექსი დაუწერია, რომელსაც
ჩონგურზე მღეროდნენ ხოლმე. მართალია ლექსი დიდი მხატვრული ღირებულებით არ
გამოირჩევა, მაგრამ ისევე როგორც ხევსურთა ,,ანდრეზები" კარგად
გადმოგვცემს მთელი ისტორიის ემოციურ და სარაინდო მხარეს. ეს ლექსი 1920-იან წლებში სოფელ უფლისციხეში თავად ვანო ბერეკაშვილისაგან ჩაიწერა ცნობილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ, ხოლო ჯანაშიას პირად არქივში კი მიაკვლია ეროვნული
არქივის თანამშრომელმა ქეთევან ასათიანმა.
სიმონ ჯანაშია |
ვანო ბერეკაშვილი
ჯუღელის ლექსი
ზარბაზანმა დაიჭექა , შეარყია მთა და
ბარი
საომრად ემზადებოდა საქართველოს ტურფა
ჯარი
წინ მიუძღოდა ჯუღელი, ხელში უჭირავ
ხმალია
თქვენი ჭირიმეთ ბიჭებო, არ მომაშოროთ
მხარი
უნდა ვებრძოლო დენიკინის, სულ დავუხოცო
ჯარი
ნოვრასიაში[1]
გადავჰყვეთ, ბალშევიკ მივცეთ მხარია
ანგლია გადაეღობა მეტი არ მისცა განია
ჯუღელი თქვენა ბრძანდებით, ცოტა
მაცალეთ ძამია
აქ იყვნენ დენიკინები სულ აფიცრები
ძველია
ხალხს ისეთ დღეს აყენებდნენ, სულ აღარ
ქონდათ ფერია
ვეღარ გამოდის მოხელე, ვეღარც ვაჭარი
ღვდელია
სუყველათ ცარცვა დაუწყეს, როგორც
მშიერი მგელია
ხალხი ვალიკოს ლოცულობს, სიდგან
გაგვიჩნდა მხსნელია
ღმერთო გვიცოცხლე დიდხანა, არ გაახაროს
მტერია
რესპუბლიკა დაარსოს , რომ გაამრავლოს
ერია
გვარდია გამწურთნული ჰყავ, როგორც
სალდათი ძველია
საჩხუბრად აგრე იწევენ , როგორც ცხვარზედა
მგელია,
კლდეებზე აგრე გარბიან, როგორც ირემი
მშველია,
ანგლია გაკვირვებია, რას შვება პატარა
ერია ,
დენიკინს გაანადგურებს თუ არ მივეცი
ხელია
ანგლიამ მიცა სურსათი, სულ იარაღი
მჭრელია,
ვერ დაუდგება ქართველებს, ის მოშხამული
მტერია,
ქართველის უკან დახევა, დავთარში არაი
სწერია
მოუგონია ომები, მათ მამა პაპაი ძველია
,
როგორ იბრძოდა ისპანძი,[4]
ერეკლეს ქართლის ჯარია,
ჯუღელი ცეპზე მიუძღვის, მინდორი ნახა
ველია,
გაისწიე ჩემო გვარდიავ, და მაიგონე
ძველია ,
დენიკინსა დავამარცხებთ, ის სისხლის
მსმელი ჩვენია,
ნუ გეშინიანთ ბიჭებო, თან ნელა-ნელა
მღერიან ,
გედევანოვიც მობრძანდა, თეთრ პაგონება
მშვენია
კამანდრობს კამანდრობას, ის გენერალი
ჩვენია,
ნაპრავლენია დაუჭი, არტილერია ჩვენია ,
ეხლა შევაქებ ქართველებს, კიდეც
ეკუთნით გმირობა
თუ რამ დაწერეს გმირობა
დიმიტრი სილაქაძე
[1]
ნოვოროსიისკი, ქალაქი რუსეთში კრასნოდარის მხარეში
[2]
პილენკოვო, იგივე დაბა განთიადი. მდებარეობს, საქართველოში აფხაზეთის ავტონიმიურ
რესპუბლიკაში, გაგრის რაიონში
[3]
ადლერი, ყოფილი დაბა რუსეთში, ამჟამად კი ქალაქ სოჭის ერთ-ერთი რაიონი
[4]
იგულისხმება ასპინძის ბრძოლა
No comments:
Post a Comment