Wednesday, 15 July 2020

ქალები პირველი რესპუბლიკის ომებში


რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა თავის იუმორისტულ ბლოგზე სადაც მოგონილ, ფანტასტიკურ ამბებს წერდა, ქართველ გენერალთა ათეულში შეიყვანა გამოგონილი ადამიანი,   ქალი გენერალი - თამილა აყიშვილი. შეთხზული ამბის მიხედვით თამილამ 1918 წელს, მაზნიაშვილის შავიზღვისპირეთის სამხედრო კამპანიის დროს სამი ბატალიონით აიღო გაგრა და ქალაქის კომენდანტად დაინიშნა. 23 წლის ასაკში მიიღო გენერლის წოდება , ოსმალთა საარმიო კორპუსი ორი ასეულით შეაჩერა, იბრძოდა ქაქუცასთან ერთად და ა.შ. ეს  გამოგონილი ამბავი იოლად აიტაცა ქართულმა საზოგადოებამ, ფეისბუქი და ვეგ-გვერდები აჭრელდა  მასზე დაწერილი სტატიებით.  ერთ-ორ ტელევიზიაში მის შესახებ ისაუბრეს და ახალი ისტორიებიც კი მიაწერეს არარსებულ ადამიანს. ჰქონდათ  საგრანტო პროექტის გაკეთების მცდელობაც. 
მართალია გენერალი თამილა აყიშვილი მოგონილი პიროვნებაა, მაგრამ ქალებს პირველი რესპუბლიკის ომებში საკუთარი წვლილი ნამდვილად შეჰქონდათ.  მაშინ საქართველოსა და მსოფლიო უდიდეს ნაწილში, მცირე გამონაკლისების გარდა ქალი ოფიცრისა თუ ჯარისკაცის ფენომენი არ არსებობდა, მაგრამ ქალები ომების დროს ჯარში ეწერებოდნენ სანიტრებად და ექთნებად.

მარო მაყაშვილი
ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეროვნული გმირის 19 წლის მარო მაყაშვილის ისტორია. ის რუსეთ-საქართველოს 1921 წლის  ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა მოწყალების დად და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას სიმაღლეებისაკენ გაემართა. ცნობილია მის მიერ მშობლებისადმი 18 და 19 თებერვალს  გაგზავნილი ორი ოპტიმისტური ხასიათის წერილი, სადაც მარო აღფრთოვანებით წერს ქართულ ჯარზე , ამხნევებს მშობლებს და უეჭველ გამარჯვებას ჰპირდება. ასევე მათ სთხოვს  ცოტა თხილს , ტკბილეულს და  მისი უმცროსი ძმის ამბის გაგებას ცდილობს, რომელიც ასევე  ფრონტზე იყო.  დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე , მარო ნახა დამფუძნებელი კრების წევრმა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძემ, მარო ჩამუხლულიყო და დაჭრილ სტუდენტ ბეშკენაძეს ჭრილობას უხვევდა. ქალბატონო ჩიტო პოსტზე ვდგავარო უთქვამს ჩიტოსთვის მაროს.  მარო 19 თებერვალს  დაიღუპა,   მისი გარდაცვალების ამბავი  აღწერა იუნკერმა მიხეილ დადიანმა: „სწორედ ამ დღეს ამოვიდა ტაბახმელაზე მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც იქვე შტაბის აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან. სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული, სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი; უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას მოხვდა და მარო იმსხვერპლა“  მაროს დაღუპვის ამბავი ფრონტზე მყოფ სამხედრო ნაწილებში გავრცელდა. ჯარისკაცებს შორის იყო მაროს უმცროსი  ძმა,  სკოლის მოსწავე შალვა მაყაშვილი. შალვამ მაშინ არ იცოდა , მაგრამ მერე მიხვდა თუ ვის შესახებ ჩურჩულებდნენ ჯარისკაცები - ,,ჟანა დარკია, ჩვენი ჟანა დარკიაო." 
სანიტარული რაზმის წევრები სანიტარულ მატარებელში

1921 წლის ომში  მაროს გარდა კიდევ  ბევრი ქალი იყო ჩაწერილი სანიტარულ რაზმებში. მათგან ერთ-ერთი უცნობი მედდის   ისტორია შემოგვინახა მოხალისე ილიკო რამიშვილმა : ,,მტრის ყუმბარები სკდებოდნენ, ხან ჩვენს უკან, ხან ჩვენს წინ და ზიანს არ გვაყენებდენ. უცბად ერთი ყუმბარა სულ ახლოს გასკდა. როდესაც ზუზუნი და ხმაური შეწყდა მე ავწიე თავი და გავიხედე მარჯვნივ. ჩემ მეზობელს არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა მაგრამ რაღაცნაირად ჩაიფუყა და თავი ჰქონდა ჩარგული თოვლში. ამ დროს ფრონტის ხაზის გასწვრივ გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონა - მოწყალების და. ის მიდიოდა ყველა ჯარისკაცთან და ეკითხებოდა - როგორ ხარ? როდესაც ჩემთან მოვიდა, მე ვუპასუხე რომ მე კარგად ვარ მაგრამ აი იმ ყმაწვილს მიხედე-მეთქი. მან გადაირბინა მასთან, აუწია თავი და ჩაიქნია ხელი. ყუმბარის ნატეხი თავში ჰქონდა მოხვედრილი და ჩაემტვრია თავის ქალა. ამიტომ იყო, რომ არც განძრეულა და არც ხმა ამოუღია. ვერც ის გოგონა ვერ გავიგე ვინ იყო, ვინც ასე თავგანწირვით იცავდა სამშობლოს დამცველებს. რამდენი ვინანე მერმედ, ჩემ ცხოვრებაში, რომ არ გავიგე იმ ჯარისკაცის გვარი და სახელი, რომელმაც ასე უსიტყვოდ შესწირა თავი საქართველოს. და აგრეთვე იმ გოგონასი, რომელიც საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ასე თამამად და გაბედულად უვლიდა ფრონტის ხაზსს და უჩენდა დახმარებას დაჭრილებს."

ქალები მხოლოდ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში არ მონაწილეობდნენ. 1919 წლის 23 აგვისტოს სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში გამოჩენილი დამსახურებისათვის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვარი გადაეცა 4 ქალს: აგრაფინა ჭიჭინაძეს; ვერა პაპავას; ნატალია ჩიჯავაძეს და ევგენია კანდელაკს. მოწყალების და ნინო ნემსაძე კი ქართული ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა. მან ეს ჯილდო 1919 წელს საქართველოსა და ე.წ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის , იგივე ყარსის რესპუბლიკას შორის ომის დროს მიიღო.
ომების დროს სანიტარულ რაზმებში ხშირად ეწერებოდნენ სპორტული საზოგადოება შევარდენის ქალი წევრებიც.
სპორტული საზოგადოება შევარდენის ქალი წევრები
 პირველი რესპუბლიკის ომებში მონაწილე ქალების ალბათ ყველაზე ემოციური ამბავი კი ალბათ მედდა ელენეს ისტორიაა, რომლის ამბავიც ჯარისკაცმა შალვა ჭიჭინაძემ 1920 წელს აღწერა  ჟურნალ მხედარში. სამწუხაროდ ჯარისკაცი ჭიჭინაძე, ელენეს გვარს არ წერს, ან საერთოდ არ იცოდა ან კიდევ ვერ გაიხსენა გვარი. ელენეს ისტორია 1918 წლის ზაფხულში გენერალ მაზნიაშვილის შავიზღვისპირეთის ლაშქრობის პერიოდსა და რუს ბოლშევიკებთან  ბრძოლას უკავშირდება. : ,,1918 წელს, როდესაც სოხუმზე თავდამსხმელ მტერს ზურგი ვაბრუნებიეთ (ბოლშევიკების სახით), თავზარდაცემულებმა მხოლოდ სოფელ ხოსტასთან (სოჭის ახლოს) შესძლეს წინააღმდეგობის გაწევა. აქ ვხედავთ ელენეს თავდადებულ მუშაობას, იგი მწკრივში არ გვშორდება და დაჭრილ ძმებს შესაფერ დახმარებას უჩენს. - ყოჩაღ ძმებო, მტრის ტყვიამ იკლო, მტრის ზარბაზნებსაც ხმა ჩაუწყდა , მალე სანგრებსაც დაგვიტოვებენო ! ასთე ამხნევებდა დაჭრილ ძმებს და ჩვენგან ითხოვდა ძველი ქართველის სიმამაცეს. ამ დროს მოხვდა მტრის ტყვია მკლავში და რომ ასეთი ძვირფასი დანაკლისი არ შეგვემჩნია, ჭრილობაზე ხელი დაიფარა, რომ სისხლი არ ეჩვენებინა და წარბშეუხრელად ასრულებდა თავის მოვალეობას ჯვარედინა ცეცხლის სეტყვაში , რომელიც გაეჩაღებინა ჩვენსა და მოპირდაპირის ტყვიისმფრქვეველებს. ბრძოლა გათავდა ჩვენი გამარჯვებით. ელენემ მხოლოდ მერე შეიხვია ჭრილობა. უკანასკნელი მედგარი ბრძოლა სადგურ პშეხოვსკაისთან მოგვიხდა (არმავირ-ტუაფსეს ხაზზე), გაიმართა სასტიკი ბრძოლა რომელიც დილიდგან საღამომდე გასტანა. საღამოს ბრძანება მოგვივიდა: მტერი ნოვრასიიდგან ტუაფსეს მოსდგომოდა და ნახევარი ძალა უნდა მივშველებოდით იმ პატარა რაზმს, რომელიც აუარებელ მტრის ძალას აკავებდა. მტერმა გაიგო ჩვენი შემცირება და შემოტევა დაიწყო მარცხენა ფრთაზე, რამდენიმე კაცი დაგვიჭრეს და ელენე ამ დროს ტყვედ წაიყვანეს. დაჭრილებმა გადმოგვცეს : ელენე , ეხვეწებოდა თურმე - იმდენი დრო მომეცით დაჭრილ ძმებს მივხედო, დახმარება აღმოუჩინო და მერე თუ გინდა მომკალითო. ამ თხოვნამ უარესად გააგიჟა მუჟიკები და ელენე დიდის წამებით მოჰკლეს, თურმე. ასე პირნათლად მოიხადა ვალი მოწყალების დამ."
დღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბევრი ქალი სამხედრო მსახურობს, ვფიქრობ ეს ისტორიები მათთვის და საერთოდ მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ემოციის მატარებელი უნდა იყოს. 
დიმიტრი სილაქაძე

No comments:

Post a Comment