გიორგი კვინიტაძე
დაიბადა
1874 წლის 21 აგვისტოს
დაღესტანში, ქალაქ თემირ-ხან-შურაში (ამჟამინდელი ბუინაქსკი).
მისი მამა, ივანე
კვინიტაძე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. გიორგი კვინიტაძემ ბავშვობის დიდი ნაწილი საქართველოში
გაატარა და 1892 წელს, თბილისის კადეტთა სასწავლებელი დაამთავრა.
გენერალი, საკუთარ ნაწერებსა თუ ინტერვიუებში, სასწავლებელში ყოფნის ერთ ეპიზოდს სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა. ამ ეპიზოდმა მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. სოფელ ძეგვში, სასწავლებლიდან გზაზე მიმავალს, მას ძეგველმა გლეხმა უთხრა - გენერალი გახდები, გაგვიძეხი და რუსებს გავყრითო.
მომავალი გენერლის
ნათქვამზე - რუსები ბევრნი და ძლიერები არიანო, გლეხმა ამაყად უპასუხა, რომ თავისი
სახრით ათ კაცს მოერეოდა.
გლეხის ეს სიტყვები,
სახლში დაბრუნებულ კვინიტაძეს, მამამაც ისტორიული მაგალითებით დაუდასტურა.
გიორგი კვინიტაძემ,
1892 წელს, კადეტთა სასწავლებლი დაამთავრა, შემდეგ პეტერბურგის კონსტანტინეს სახელობის მეორე სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, რომელიც
პირველი თანრიგით დაამთავრა და უმცროსი ლეიტენანტის
წოდება მიიღო.
1894-1895 წლებში მსახურობდა კავკასიის მესანგრეთა
ბატალიონში, ხოლო 1895-1904 წლებში ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში, ასეულის მეთაურად.
1897 წელს ლეიტენანტის, ხოლო 1901 წელს, შტაბს-კაპიტნის
წოდება მიიღო. 1904-1907 წლებში მსახურობდა ციმბირის მე-3 მსროლელი დივიზიის მე-9 და
მე-10 ქვეით პოლკებში, ჯერ ქვეითი ასეულის, ხოლო შემდეგ,
მეტყვიამფრქვევეთა ასეულის
მეთაურად.
გენერალი კვინიტაძე
1904-1905 მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში და 1905 წელს მიიღო კაპიტნის წოდება.
1907-1910 წლებში
სწავლობდა რუსეთის გენერალური
შტაბის აკადემიაში, რომელიც პირველი თანრიგით წარმატებით
დაამთავრა. აკადემიაში გამორჩეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა მისი წოდების სარგოს ერთი
წლის ოდენობით.
რუსეთის იმპერიის გენერალური შტაბის აკადემიის შენობა. პეტერბურგი |
გენერალური შტაბის აკადემიის დასრულების შემდეგ, გიორგი კვინიტაძე რუსეთის არმიის გენერალურ შტაბში ჩაირიცხა და სტაჟირებისთვის, ვარშავის სამხედრო ოლქში, მე-17 ქვეითი დივიზიის შტაბში გაიგზავნა.
1910-1911 წლებში
მსახურობდა მე-16 გრენადერების პოლკში, ასეულის მეთაურად და 1912 წლიდან ჩაირიცხა გენერალური
შტაბის კავკასიის სამხედრო ოლქში ობერ-ოფიცრად.
1914 წლიდან იყო კავკასიის
ფრონტის მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტერმეისტერის დაქვემდებარებაში მყოფი შტაბ-ოფიცერი
და პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე.
1914-1915 წლებში
იყო თბილისის გამაგრებული რაიონის ჯარების მეთაურისა და დროებითი კომენდანტის შტაბის
უფროსი.
1915 წელს, გიორგი
კვინიტაძე ყუბანის „პლასტუნთა“ I ბრიგადის შტაბის უფროსი იყო, ხოლო 1915-1917 წლებში, კავკასიის მე-4
მსროლელი ბრიგადის და ამ ბრიგადის გაშლის შედეგად ჩამოყალიბებული მე-4 დივიზიის შტაბის
უფროსი.
1915 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის,
1916 წელს პოლკოვნიკის, ხოლო 1918 წლის 2 მაისს გენერალ-მაიორის წოდება.
პირველი მსოფლიო ომის
დასაწყისში გენერალი კვინიტაძე იყო თბილისის გამაგრებული რაიონის შტაბის უფროსი და
ხელმძღვანელობდა თბილისის ირგვლივ თავდაცვითი პოზიციების მოწყობას, იმ შემთხვევისთვის,
თუ ოსმალთა არმია კავკასიის ფრონტზე გაიმარჯვებდა და თბილისს საფრთხეს შეუქმნიდა.
1915 წელს მონაწილეობდა
ალაშკერტის ოპერაციაში, ასევე კერპიკეის ოპერაციაში და 1915 წლის 28 დეკემბრიდან 1916
წლის 8 იანვრამდე, კერპიკეის ოპერაციისას, იყო სანომერის შენაერთის შტაბის უფროსი.
გიორგი კვინიტაძე
მონაწილეობდა ერზერუმის ოპერაციაში.
1916 წლის 9-დან
28 იანვრამდე, გენერალი კვინიტაძე ირიცხებოდა კავკასიის პირველ საარმიო კორპუსში, ხოლო
ოპერაციის დასკვნით ეტაპზე (29 იანვარი - 3 თებერვალი) იყო დამოუკიდებლად მოქმედი დივიზიის
შტაბის უფროსი.
1916 წლის 24 ივნისიდან
25 ივლისის ჩათვლით, ის მონაწილეობდა ერზინჯან-ბაიბურთის ოპერაციაში, თურქესტანის მეორე
საარმიო კორპუსის დაქვემდებარებაში.
1916 წლის ივლისის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე,
ის მონაწილეობდა ოგნოტის ოპერაციაში. 13 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე, ოპერაციის მსვლელობისას,
იყო ოგნოტის შენაერთის (ორი მსროლელი დივიზია და „პლასტუნთა“ ბრიგადა) შტაბის უფროსი.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის მეორე ნახევარში, გიორგი კვინიტაძე კავკასიის მე-15 მსროლელ პოლკს მეთაურობდა. 1917 წლის ნოემბრიდან, ის კავკასიის ფრონტის გენერალ-კვარტერმეისტერის მოადგილე, ხოლო 1918 წლის 14 მაისს, ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი გახდა.
რუსეთის არმიაში სამსახურის
პერიოდში, სამხედრო წარჩინებისთვის, გიორგი კვინიტაძემ შემდეგი ჯილდოები
მიიღო:
. წმინდა
გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის იარაღი
. წმინდა
ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი ხმლით
. წმინდა
ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი შემკული ხმლითა და ბაფთით
. წმინდა
ანას მეორე ხარისხის ორდენი ხმლით
. წმინდა
ანას მესამე და მეოთხე ხარისხის ორდენები
. წმინდა
სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი ხმლითა
და ბაფთით
. წმინდა
სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი.
1917-1918 წლებში,
დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გიორგი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის
ჩამოყალიბების პროცესში.
დამოუკიდებლობის გამოცხადების
შემდეგ, მცირე ხანს, მას სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ამავდროულად, ის აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საკითხზე მიმდინარე დისკუსიაში. გიორგი კვინიტაძის აზრით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა რეგულარული არმიის ჩამოყალიბებამდე, ის სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ რეგულარულ ჯართან მკაცრი კოორდინაციით.
გენერალი კვინიტაძე , ქართველი და გერმანელი სამხედროების გარემოცვაში. 1918 წელი. |
გენერალი კვინიტაძე
სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსად
დაინიშნა. გენერალ მაზნიაშვილმა მას უთხრა - ,,აჰა, რუქა, ქაღალდი, მელანი, ფანქრები
და კალმები. აბა შენ იცი."
გიორგი კვინიტაძემ
წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1919 წლის თებერვალ-მარტში,
გენერალმა კვინიტაძემ ახალციხესა და არტაანში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა,
სადაც ე.წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი
სეპარატისტები დაამარცხა. გენერალი კვინიტაძე ამ ოპერაციის სარდლად მას შემდეგ დანიშნეს,
რაც გენერალმა მაზნიაშვილმა, მის ხელთ არსებული მცირე ძალებით, მოწინააღმდეგის შეტევას
ვერ გაუძლო და ახალციხე დაკარგა. გენერალმა კვინიტაძემ ახალციხიდან უკანდახეულ ძალებს
ბორჯომსა და აწყურს შორის მოუყარა თავი, დაელოდა დამატებით მობილიზაციას, 5 მარტს შეტევაზე
გადავიდა და ერთ საათში აწყური აიღო. მოწინააღმდეგე უკან იხევდა და კვინიტაძემ, 7 მარტის
დილით, ახალციხე უბრძოლველად დაიკავა, რის შემდეგ მან ფოცხოვი და არტაანი (არდაგანი) აიღო. ამ ომის შემსწავლელი
კომისიის თავმჯდომარემ, დამფუძნებელი კრების წევრმა გიორგი ანჯაფარიძემ გენერალ კვინიტაძის
საქმიანობა შემდეგნაირად შეაფასა:
„გენერალმა კვინიტაძემ დიდი ხნით გადასწყვიტა მესხეთ-ჯავახეთის
ბედი; შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ მან პირნათლად აასრულა თავისი მოვალეობა. როგორია
ამ გენერლის პოლიტიკური მრწამსი ჩვენ არ ვიცით. ის თავის საქმის ზედმიწევნით მცოდნეა.
მას აქვს გარკვეული კურსი, შეურყეველი ლოღიკა, რისი წყალობითაც მან საოცარი დისციპლინა
და წესიერება დაამყარა როგორც შტაბში, აგრეთვე მთელ ჯარშიაც. შტაბის მუშაობა ისე სწარმოებს,
თითქოს მის გარშემო მშვიდობიანი დროის წესიერება მეფობდეს და არა ომის არევ-დარევა.
განცვიფრებას იწვევს განსაკუთრებით ჯარის დისციპლინა და სულიერი განწყობა. ჩვენი მტერი
პარტიზანულ ომს აწარმოებდა; ეს გარემოება აუტანელ პირობებში აყენებდა ჩვენს ჯარს, მაგრამ
ჯარისკაცები და გვარდიელები, ყელამდე თოვლში, უდრტვინველად მიიწევდნენ წინ და საუცხოოდ
იბრძოდნენ. მეოთხე პოლკმა, რომელმაც ახალციხის დაკარგვის დროს თავი შეირცხვინა, სავსებით
გამოისყიდა თავისი ცოდვა - გმირული ბრძოლით. ერთი მაღლობის აღების დროს 60 კაცი დასტოვა
ამ პოლკმა ბრძოლის ველზე დაჭრილი და დახოცილი, რაც დიდ პროცენტს შეადგენს. ჩვენი ჯარის
გამარჯვება უეჭველი გენერალ კვინიტაძის პიროვნებას უნდა მიეწეროს. ცხადია, რომ ეს გენერალი
მტკიცედ ადგას საქართველოს ორიენტაციას“.
გენერალი კვინიტაძე
იყო ქართული
სამხედრო სკოლის შექმნის მთავარი ინიციატორი,
რომელსაც ქართული არმიისთვის მომავალი უმცროსი ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები უნდა
მოემზადებინა. გიორგი კვინიტაძე, გარკვეული დროით, თავადაც ედგა სკოლას სათავეში, როგორც
ამ სასწავლებლის პირველი ხელმძღვანელი.
სამხედრო სკოლის შენობა თბილისში |
1920
წლის გაზაფხულზე, საბჭოთა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასია დაიკავა და სამხრეთ კავკასიის
რესპუბლიკების ოკუპაციის სამზადისს შეუდგა. წითელმა არმიამ 1920 წლის 28 აპრილს ბაქო
დაიკავა და საქართველოს ოკუპაცია სცადა. ბაქოს დაცემის მეორე დღეს, 29 აპრილს, გენერალი
კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად
დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული
აზერბაიჯანიდან, საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები დაამარცხა.
ომის დასრულების შემდეგ, აგვისტოში, შეიარაღებული ძალების დემობილიზაციის გამო, მთავარსარდლის
თანამდებობა გაუქმდა და გენერალი კვინიტაძე თადარიგში ჩაირიცხა. თადარიგში გადარიცხვის
წინ მან ოფიციალურად მიმართა რეგულარულ ჯარს და სახალხო გვარდიას, მისი მიმართვა შემდეგი
სიტყვებით სრულდებოდა - ,, მე უნდა დავადასტურო , რომ თქვენ, საქართველოს მეომარნო,
იბრძოდით თქვენი მოვალეობის სრული შეგნებით. თქვენთვის საჭირო არ იყო მოცემულ დავალების
შესასრულებლათ ძალდატანება, თქვენთვის მხოლოდ მიზნის დასახელება იყო საკმარისი და თქვენ
ყოველთვის სრული შეგნებით და მხურვალე გულებით ეკვეთებოდით მტერს. უფროსობა და ხელმძღვანელობა
ასეთი მხედრობისა, რომელსაც უსაზღვროთ უყვარს თავისი სამშობლო და მტკიცეთ ესმით თავისი
მოვალეობა მის წინაშე, ყოველი სამხედრო პირისათვის არის უაღრესი ბედნიერება. ჩვენს
ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა,
ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს.
ვსტოვებ
რა მთავარსარდლის თანამდებობას, მე მსურს სრული პატივისცემით და მხურვალეთ აღვნიშნო
თქვენი გმირული სამსახური სამშობლოსადმი. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ღირსეული შვილნი
ჩვენი ღირსეული წინაპრებისა.
აღსდგენ
საქართველოს ძველი გმირები. დიდება სამშობლოს, დიდება თქვენ, გაუმარჯოს საქართველოს
და მის სახელოვან მხედრობას."
რუსეთ-საქართველოს
1921 წლის ომის წინ, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს ასე ახასიათებდა:
„ფიცხი,
მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან, ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას,
16 თებერვალს, მანამდე განცდილი უმძიმესი მარცხის შემდეგ, თანამდებობიდან გადააყენეს
გენერალი ილია ოდიშელიძე და მის ნაცვლად, მთავარსარდლად გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.
გენერალმა კვინიტაძემ, მის ხელთ არსებული მცირე ძალებით,
თბილისის დაცვა გადაწყვიტა და თბილისის თავდაცვის სამი სექტორი ჩამოაყალიბა.
გიორგი კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, დედაქალაქზე, რამდენიმე
შტურმი მოიგერია და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს.
თუმცა, 24 თებერვლის საღამოს, მან დედაქალაქის დატოვების
და მცხეთის პოზიციებიდან ბრძოლის გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც
ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა.
კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლის და დაუცველი
ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი დივიზიების მანევრების გამო მიიღო, რაც, მისი აზრით,
დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა.
თბილისიდან უკანდახევის შემდეგ ჯარის მორალური სულისკვეთება
დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა.
მოწინააღმდეგის დასამარცხებლად კვინიტაძის უკანასკნელი
მცდელობა, 4-6
მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ,
გიორგი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა
გიორგი კვინიტაძე,
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად დამარცხდა, თუმცა ის ხალხის მეხსიერებაში დარჩა ქვეყნისათვის მებრძოლ გენერლად:
„კოჯრის
მთაზე დაფლეთილი
თეთრი
დროშა ფრიალებდა
კვინიტაძის
ზარბაზნები
ისროდა
და გრიალებდა“...
გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში |
პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული
ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერებისა და განვითარების ხარისხს“.
დიმიტრი სილაქაძე
გამოყენებული მასალები:- გიორგი კვინიტაძე. მოგონებები
- საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. ფონდი 1969. აღწერა 1. საქმე 661.
- გიორგი კვინიტაძე. ჩემი პასუხი. პარიზი 1954.
- გენერალი გიორგი კვინიტაძე. ავტობიოგრაფია სამსახურეობრივი სიის მიხედვით. გამოაქვეყნა გიორგი მამულიამ. ჟურნალი თანამემამულე N4 (30) პარიზი. 2008.
- რომან მკურნალი. მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა.
- გურამ შარაძე. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ.6 თბ. 2005.
No comments:
Post a Comment