Saturday, 30 May 2020

როგორ იკვებებოდნენ პირველი რესპუბლიკის ჯარში


ქართული არმიის ყოველდღიური რაციონი ქაღალდზე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალობა სხვა იყო, რაც დაფიქსირებულია როგორც საარქივო დოკუმენტებში, ისე ჯარისკაცთა მოგონებებში. 1918 წლის 18 ოქტომბrის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს  და შემდეგში ჯარისკაცის დღიურ ულუფად განისაზღვრა: ხორცი - 1/2 გირვანქა (1 გირვანქა უდრის 453 გრამსმარილი -8 მისხალი  (1 მისხალი უდრის 4,25 გრამს); ქონი- 1 მისხალი; სასურსათო ბურღულეული -24 მისხaლი; ბრინჯი, მუხუდო ან ოსპი - 8 მისხალი;  შაქარი -8 მისხალი; გამხმარი ბოსტნეული - 4 მისხალი; კარტოფილი -60 მისხალი; პილპილი-1/6 მისხალი; წვენის მოსაკიდებელი ფქვილი(კისელი) - 4 მისხალი; ორცხობილა - 1გირვანქა და 32 მისხალი; ფქვილი - 1 გირვანქა და 48 მისხალი ან პური -2 გირვანქა.  

 შემდგომში ყოველდღიური რაციონი მცირედით შეიცვალა. მაგალითად 1920 წლის 1 ოქტომბრიდან ამავე წლის 1 დეკემბრამდე ჯარისკაცებისა და სახალხო გვარდიელების დღიური ულუფა შემდეგნაირად განისაზღვრა: ხორცი-1/2 გირვანქა; მარილი - 8 მისხალი; ცხიმი - 8 მისხალი; ლობიო - 24 მისხალი; ან მისი მაგიერი -8 მისხალი; ჩაი - 1/2 მისხალი; წვენის მოსაკიდებელი ფქვილი - 2 მისხალი; წიწაკა - 1/6 მისხალი და 2 გირვანქა პური. საინტერესოა , რომ ზუსტად იგივე მენიუ იყო განაზღვრული სამხედრო ტყვეებისათვის. დოკუმენტებში დაკონკრეტებული იყო თუ რა შეიძლება მიეცათ ჯარისკაცთათვის 1 გირვანქა ხორცის სანაცვლოდ:  1 გირვანქა ხორცი შეიძლება შეცვლილიყო - ერთი გირვანქა ახალი და შებოლილი თევზით; დამარილებული ან ლორად გამოყვანილი ქონით, ორი გირვანქა ქაშაყით, შებოლილი თევზით და შებოლილი ხორცით, ნახევარი გირვანქა ყველით, 3 ბოთლი ძროხის რძით, ოთხი კვერცხით ან ხორცის ნაცვლად შეიძლება მიეცათ 72 მისხალი ხაჭო.  წინა ხაზზე მდგომ ქვედანაყოფებს ეძლეოდათ ხორცისა და თევზის კონსერვები. სინამდვილეში ჯარისკაცები უფრო ცუდათ იკვებებოდნენ ვიდრე განსაზვრული იყო. მაგალითად მეოთხე ათასეულის მეთაური პოლკოვნიკი ჩიქოვანი 1920 წლის ოქტომბერში დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარეს მოახსენებდა, რომ ჯარისკაცებს ეძლეოდათ გამოუმცხვარი ქერის პური, რომელიც ტალახს წააგავდა და სრულიად უვარგისი იყო საჭმელად, რის გამოც ბოლო კვირის მანძილზე სამჯერ მოუხდათ ბაზარში დამატებით პურის შეძენა. ასევე წერდა, რომ ხორცი სამხედრო სამინისტროს დადგენილ ფასზე ბევრად  ძვირი ღირდა და მოიჯარადრე მათ ფუთში 1600 მანეთს ართმევდა და აპირებდა გაძვირებას 2200 მანეთამდე, ბაზარზე კი ფუთი ხორცი საერთოდ 3000 მანეთი ღირდა. 
 ქართული არმიის ყოველდღიურ ღარიბულ რაციონს თავის მოგონებებში იხსენებდა ცნობილი მსახიობი და იმ დროს ბათუმში განლაგებული მეცხრე ბატალიონის ჯარისკაცი აკაკი ვასაძე: ,,დილის ექვსზე – ვარჯიში, ჩაი სახარინითა და გაფიცხებული მჭადით, რომელსაც გაუცრელი ფქვილისგან ფურნეში აცხობდნენ. შემდეგ -  მეცადინეობა იარაღზე, მწყობრი. Pპირველ საათზე – სადილი: ლობიო და გაუცრელი ფქვილისაგან გამომცხვარი მჭადი, საღამოს – ისევ ჩაი სახარინით.” იგივეს წერდა საკუთარ მოგონებაში საბჭოთა რუსეთთან მოხალისედ მებრძოლი ინჟინერი  იოსებ მამაცაშვილი - ,,დილა-საღამოს მოცვის ჩაი სახარინით, სადილად მეტწილად ლობიო, საღამოს - სიმინდის ფქვილის ფაფა, პურს ადამიანზე მხოლოდ  1.1/2 გირვანქას იძლეოდნენ." თითქმის ანალოგიური მონაცემები გააჩნდა სადაზვერვო ინფორმაცია საფუძველზე  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ატაშე პავლე სიტინს. სიტინი თავის საიდუმლო მოხსენებაში წერდა, რომ ქართველი ჯარისკაცები ძირითადად ლობიოს მიირთმევდნენ და ხორცს მხოლოდ იშვიათად. 
ჯარისკაცის ღარიბულ მენიუს საკუთარ მოგონებებში იხსენებდა მსახიობი აკაკი ვასაძეც , რომელიც 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურიში იმყოფებოდა. აკაკი ვასაძე შაჰ-აბასის როლში
ჯარისკაცთა კვების თვალსაზრისით საინტერესო მასალებია დაცული, დამფუძნებელი კრების მცირე სამხედრო კომისიის მიერ 1920 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე სამხედრო ნაწილებში ჩატარებულ რევიზიის მასალებში, სადაც ჩანს , რომ კვების პრობლემები ჯარში არსებობდა თუმცა, მდგომარეობა არაერთგვაროვანი იყო . მაგალითად ხრამის ხიდთან მდგარ მესაზღვრეებს საჭმელი საკმაოდ ჰქონდათ და თან კარგი ხარისხის, ასევე არ უჭირდა ბათუმის სახალხო გვარდიის ბატალიონს, მათ სადილად ყოველთვის ხორცი ქონდათ, ვახშმად ქონში მოხარშული ბრინჯი, კარგი ხარისხის პური და დღეში რვა მისხალი შაქარი.  ნორმალური მდგომარეობა იყო ქუთაისში განთავსებულ პირველი ბრიგადის მესამე ათასეულში, სადაც ჯარისკაცები კვირაში ოთხჯერ ნახევარი გირვანქა ხორცისაგან დამზადებულ წვნიანს იღებდნენ სადილად, ხოლო დანარჩენი სამი დღე კი ლობიოს მიირთმევდნენ, მათ კარგი ხარისხის პური ეძლეოდათ.  ამავე ბრიგადის მეოთხე ათასეულს კი რომელიც ბათუმში იდგა, მართალია კვირაში ხუთი დღე ხორცი ეძლეოდა და დანარჩენი ორი დღე ლობიო, მაგრამ პურს მიეწოდებოდა ცუდი ხარისხის.  ბათუმშივე მდგარ მესამე ბრიგადის მეცხრე ათასეულს ეძლეოდა  ცუდი პური, ერთი თვის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული შაქარი, ხოლო ორი თვის მანძილზე  უვახშმოდ რჩებოდნენ ბურღულეულის უქონლობის გამო. მეორე საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეაში ჯარისკაცები ზოგჯერ კვირაობით რჩებოდნენ ვახშმის გარეშე. კომისიის რევიზიის დროს, ბატარეაში არ ჰქონდათ არც ხორცი და არც ლობიო და ჯარისკაცებს სადილადაც და ვახშმადაც მხოლოდ ღერღილის ქაშს აჭმევდნენ. მესანგრეთა ათასეულის სამხედროები კი 1920 წლის თებერვალში აყროლებული თევზის წვნიანს მიირთმევდნენ. სურსათ-სანოვაგის და ტანსაცმლის ნაკლებობაზე სწერდა მესამე ბრიგადის სარდალი ვარდენ წულუკიძე გენშტაბის უფროსს ალექსანდრე ზაქარიაძეს 1921 წლის იანვარში, რომ მათ ყოველდღიურად უხდებოდათ ხორცისა და პურის ძებნა ჯარის ნაწილებისათვის, მაგალითად მეთორმეტე ათასეულს სამი დღის განმავლობაში არ მიეღო პური, ნაწილებს თავის დროზე არ აწვდიდნენ შეშას, სურსათს და ტანისამოსს, ამის შედეგად ჯარისკაცები ნაწილებიდან გარბოდნენ. 
ყველაზე ხშირად ჯარისკაცები ლობიოს მიირთმევდნენ
ქვეყანაში არსებული ინფლაციის პარალელურად კი, საკვებზე ფასები კატასტროფულად იზრდებოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ჯარის საკვებით მომარაგებას მაგალითად  თუ 1920 წლის 1 იანვრიდან- 1 მარტამდე სამხედრო სამინისტროს: 1 ფუთი პური - 200 მანეთად, 1 ფუთი სიმინდი - 150 მანეთად და 1 ფუთი ხორცი 360 მანეთად უნდა შეესყიდა, ამავე წლის  1 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე 1 ფუთი პურის შესასყიდი ფასი 760 მანეთზე ავიდა, სიმინდის 700-ზე, ხოლო ხორცის კი 1140 მანეთზე, ხოლო 1 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე პროდუქტის შესაძენი ფასები კიდევ უფრო კატასტროფული გახდა: 1 ფუთი სიმინდი - 900 მანეთი, ხოლო პური და ხორცს ფასი 2000 მანეთზე ავიდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ რეალური ფასები სამხედრო სამინისტროს მიერ დადგენილ პროდუქტის შესასყიდ ფასებს აღემატებოდა. 
სურსათ-სანოვაგის კრიზისი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ სამხედრო საბჭომ 1920 წლის 5 აპრილს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯარის ერთეულების უფროსებს ნება დართო, რომ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, დროებით მოეწყოთ ბოსტნები , სადაც ემუშავებინათ ნებით დაქირავებული ან კიდევ უკიდურეს შემთხვევაში, არასამწყობრო ნაწილების ჯარისკაცები. ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა სადღესასწაულო დღეებზე მაინც გაეუმჯობესებინა ჯარისკაცთა მენიუ, მაგალითად 1919 წლის 5 აპრილს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ფრონტზე მყოფ ჯარისკაცთა და გვარდიელთათვის სააღდგომო მენიუს გასაუმჯობესებლად დახარჯულიყო დამატებით 10-10 მანეთი, ხოლო ვინც ფრონტზე არ იყო მათთვის 5-5 მანეთი. შემდეგი წლის სამ მარტს კი ჯარისკაცთა სააღდგომო მენიუს გასაუმჯობესებლად მთავრობამ 750 000 მანეთი გადადო. ამ ფულით სამხედრო საბჭომ განსაზღვრა , რომ თითო ჯარისკაცსა და გვარდიელს მისცემოდა ერთი გირვანქა თეთრი ფქვილი და 4 მისხალი შაქარი ტკბილი პურის გამოსაცხობად, ასევე ფული 25 მანეთი ორი კვერცხისა და მეოთხედი გირვანქა ლორის საყიდლად, ხოლო იმ ნაწილებში სადაც საწყობიდან ფქვილი და შაქარი არ გაიგზავნებოდა სამხედროებს უნდა მისცემოდათ ამის ნაცვლად 50 მანეთი. 1920 წლის 29 დეკემბერს თავდაცვის საბჭომ გამოყო 8 მილიონი მანეთი (კაცზე 200 მანეთი) ჯარისკაცთა და გვარდიელთა საახალწლო მენიუს გასაუმჯობესებლად. 
 შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს ძირითადად აკლდათ ნორმალური საკვები, ზოგიერთი ნაწილი პერიოდულად კრიტიკულ ზღვარზეც იყო,  მათი ფიქტიური და ფაქტიური დღიური რაციონი საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ მთლიანობაში  სამხედროები არ შიმშილობდნენ და ავად თუ კარგად საკვები ეძლეოდათ.

დიმიტრი სილაქაძე


No comments:

Post a Comment