Thursday, 21 May 2020

სამხედრო-სავალდებულო სამსახური პირველი რესპუბლიკის არმიაში


ჟურნალი მხედრის ჩანახატების მიხედვით კოლაჟი შეადგინა ნატა ყუბანეიშვილმა

პირველი რესპუბლიკის რეგულარული არმიის რიგითების პირადი შემადგენლობა  მამრობითი სქესის მოქალაქეების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გზით კომპლექტდებოდა. ჯარის ასეთი სისტემით დაკომპლექტებას საქართველოში მცირე ისტორია გააჩნდა. ერთიანი საქართველოს და მოგვიანებით საქართველოს ცალკეული პოლიტიკური ერთეული ჯარები ფეოდალური პრინციპით კომპლექტებოდა გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც მორიგე ჯარის სახელითაა ცნობილი. მორიგე ჯარის სახელი უკავშირდება ქართლ-კახეთის  მეფის ერეკლე მეორის სახელს (1720-1794), მის მიერ 1774 წელს შექმნილი სისტემის მიხედვით , სამეფოში მცხოვრები ნებისმიერი სოციალური ფენის მამაკაცი, ვალდებული იყო წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯებით ემსახურა ჯარში. ამის სანაცვლოდ ისინი გადასახედებში გარკვეულ შეღავათებს იღებდნენმეცხრამეტე საუკუნეში, მას შემდეგ რაც ქართული სამეფო-სამთავროები რუსეთმა დაიპყრო, რუსეთის იმპერიას თითქმის მთელი საუკუნე დასჭირდა სანამ ქართველების სამხედრო სამსახურში გაწვევას დაიწყებდა.

იმპერია ერიდებოდა მოსახლეობის მღელვარებას, რომელიც ამ საკითხზე ნებისმიერ ჭორზე უარყოფითად რეაგირებდ. ქართველები დიდი ხალისით მიდიოდნენ ხოლმე რუსეთ-სპარსეთის და რუსეთ-ოსმალეთის მეცხრამეტე საუკუნის ომების პერიოდში შექმნილ ეთნიკურ ირეგულარულ მილიციურ რაზმებში და  ეფექტურადაც იბრძოდნენ, მაგრამ რეგულარულ ჯარში სამსახური მათთვის ციმბირთან, უუფლებობასთან , ქვეყნიდან, ოჯახიდან მოშორებასთან და ყველაფერ ცუდთთან ასოცირდებოდა. დაბალი სოციალური ფენების ამ განწყობას ხელს უწყობდნენ თავადებიც, რომელთაც არ სურდათ  მუშახელი მოჰკლებოდათ. საბოლოოდ იმპერიამ  ბატონ-ყმობის გაუქმებისა და 1874 წლის სამხედრო რეფორმის შემდეგ, როდესაც რეკრუტირების მძიმე სისტემა, სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შედარებით მსუბუქი სისტემით შეიცვალა,  1886 წელს დაიწყო ქართველების გაწვევა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ქართველებს თავდაპირველად სამხედრო სამსახურში შეზღუდული დროით   , მცირე რაოდენობით და მხოლოდ კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში იწვევდნენ.  1899 წლიდან კი ეს შეღავათები მოისპო და  მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართველები სრულყოფილად მსახურობდნენ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. იმპერიის ჯარში  სამხედრო-სავალდებულო სამსახური, განსხვავებით სამხედრო სასწავლებლებში სწავლისა და ოფიცრობისაქართველებში პოპულარული არ იყო და ეს განწყობა გადმოყვა კიდეც დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 20 აგვისტოს მიიღო კანონი ,,სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების დებულების" შესახებ.  კანონის მიხედვით სამხედრო სამსახური ეხებოდა პირს  20-დან -45 წლის ჩათვლით.   ყოველი წლის 15 ნოემბერს სამხედრო სამსახურში უნდა გაწვეულიყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც მომავალი წლის პირველ იანვრამდე 20 წელი უსრულდებოდათ. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლიანი იყო: აქტიურ სამხედრო სამსახური ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა, რის შემდგომაც იგი 15 წლით თადარიგში და ბოლოს 8 წლით  ლაშქარში (მეორე რიგის რეზერვში) გადაირიცხებოდა. მოლაშქრე და სათადარიგო ჯარისკაცები სამხედრო კონტროლს ექვემდებარებოდნენ და პერიოდულად წრთვნებს გადიოდნენ. ვინც ჯარში სამსახურისთვის ვარგისი ვერ იქნებოდა, არმიაში ისეთი მოვალეობის შესასრულებლად გაიწვევდნენ, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჯარში გაწვევის გადადება რამოდენიმე შემთხვევაში შეიძლებოდა: თუ კონტიგენტი შეივსებოდა; თუ გასაწვევი პირი საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და შესაბამის მოწმობას წარადგენდა (ასეთი პირებისთვის სამხედრო ბეგარის გადადება შეიძლებოდა 22 წლამდე); თუ პირი პასუხისგებაში მიცემული იყო, ან მის მიმართ  გამოძიება მიმდინარეობდა. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს ჯარიდან სამუდამოდ ათავისუფლებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში საკანონმდებლო დაწესებულებას შეეძლო 17-50 წლამდე (1919 წლიდან 55წლამდე)  მოქალაქეების ჯარში გაწვევა.  კანონის თანახმად, ისევე როგორც რუსულ საიმპერიო არმიაში ჯარში გაწვევის ვალდებულება არ ჰქონდათ, რესპუბლიკის მუსლიმ მოქალაქეებს, თუმცა მათ შეეძლოთ საკუთარი სურვილით სამსახური და რესპუბლიკაში არსებობდა კიდეც, რამდენიმე მუსლიმური ქვედანაყოფი.  1919 წლის 20 მაისიდან, ოჯახის ერთადერთი მარჩენალნი გათავისუფლდნენ მუდმივ და სათადარიგო ჯარში გაწვევისაგან და პირდაპი მეორე რიგის რეზერვში, ლაშქარში გადაეწერენ. ოჯახის ერთადერთ მარჩენალად კი ითვლებოდა ერთადერთი ვაჟი უნარმოკლებული მამისა ან ქვრივი დედისა, ერთადერთი მარჩენალი ძმა შრომის არშემძლე ობოლი ძმისა ან გაუთხოვარი დისა, ერთადერთი მარჩენალი შვილიშვილი შრომის უუნარო ბაბუისა და ბებიისა, იგივე პრინციპები ვრცელდებოდა უკანონი შვილზე, გერსა და შვილობილზე. 1919 წლის ნოემბერში სამხედრო სამინისტრომ შეიმუშავა ახალწვეულთა ჯარში გაწვევის წინ სამედიცინო შემოწმების ზუსტი სავალდებულო ინსტრუქცია სამხედრო აღრიცხვის ნაწილების ექიმთათვის.  ინსტრუქციაში  დეტალურად იყო განსაზღვრული  ახალწვეულის შემოწმების წესები, თუ როგორ უნდა გამოერკვიათ ახალწვეული განგებ იგონებდა ან აზვიადებდა ავადმყოფობას, როგორ უნდა დაეთვალიერებინათ სხეულის ესა თუ ის ნაწილი, როგორ უნდა შეემოწმებინათ ჯარისკაცთა მხედველობა თუ სმენითი უნარი, სიმაღლე, წონა, გულმკერდის გარშემოწერილება და ასე შემდეგ.  ერთი წლის შემდეგ 1920 წლის ოქტომბერში კი დაზუსტდა სია სნეულებებისა და ფიზიკური ნაკლოვანებებისა, რომლებიც წვევამდელს სამუდამოდ ათავისუფლებდა ჯარიდან და ასევე სია იმ სნეულებებისა და ფიზიკური ნაკლისა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში ახალწვეული ჯარის არასამწყობრო ნაწილში გაიგზავნებოდა . ჯარიდან სამუდამოდ გასათავისუფლებელ სნეულებათა და ფიზიკურ ნაკლთა ჩამონათვალში შედიოდა: ჩიყვი; კეთრი; შაქარი; დამბლა; ნერვის ანთება; რევმატიზმი; ჭლექი; რეგვენობა ანუ ჭკუანაკლებობა; უსწორ-მასწორო გულ-მკერდი, სასქესო ასოს უქონლობა, 14 კბილის არქონა და სხვა. ხოლო არასამწყობრო ნაწილებში შეეძლოთ გაეწვიათ ცალთვალა და ცალყურა ახალგაზრდა, ასევე მხედველობის მცირედი დაქვეითებისა და ცალ ყურში სმენა დაკარგულები, არასრული კურდღის ტუჩის მქონენი, ბრტყელტერფიანნი და სხვა.
სამხედრო-სავალდებულო სამსახურის 1919 წლის 31 ივლისის კანონი 

1919 წლის 31 ივლისს მიღებულისამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსებისახალი კანონის თანახმად, შემცირდა სამსახურის ვადა აქტიურ სამხედრო სამსახურში. ქვეითთა ჯარში 2 წლის ნაცვლად მსახურობდნენ წელიწადსა და 4 თვეს ხოლო, სხვა სახეობის ჯარებში - წელიწადსა და 8 თვეს. აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ, ჯარისკაცებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ ჯარში დარჩენა. სკოლის მოსწავლეთათვის სამხედრო სამსახურის გადავადებამ 22-ის ნაცვლად 21 წლამდე გადმოიწია. მუსლიმებთან ერთად , ახალი კანონით სამწყობრო ნაწილებში გაწვევისაგან გათავისუფლდნენ დუხაბორთა რელიგიური ჯგუფის წევრები, რომელთა რწმენა პაციფიზმს ქადაგებდა, თუმცა დუხაბორთა გაწვევა შეიძლება მომხდარიყო არასამწყობრო ნაწილებში1919 წლის 4 ნოემბრის მთავრობის დადგენილებით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საკუთარი სურვილით შესვლის უფლება მიეცათ იმ მოქალაქეებს ვისაც სკოლა დამთავრებული ჰქონდათ და ჯერ არ შესრულებოდათ 20 წელი, თუმცა მინიმუმ 17 წლის უნდა ყოფილიყვნენ.  მთავრობის იმავე დღის დადგენილებით სამხედრო სამსახურში გავწვისაგან დროებით გათავისუფლდნენ აფხაზები, მათ შეეძლოთ საკუთარი სურვილით ჩარიცხულიყვნენ სამხედრო სამსახურში.
მოქალაქეს 17 წლის ასაკში შეეძლო საკუთარი სურვილით დაეწყო სამხედრო სამსახური, ომში კი მოხალისეებად ზოგჯერ უფრო პატარა ასაკის, სკოლის მოასწავლეებიც კი მიდიოდნენ


1920 წელს, დროებით გაუქმდა ოჯახის ერთადერთ მარჩენალთა ჯარისგან განთავისუფლების დეკრეტი1920 წლის 25 ივნისიდან : მფრინავების; ტელეგრაფისტების; რადიო-ტელეგრაფისტების; რადიო--ტელეგრაფის მექანიკების; ტელეგრაფის და ტელეფონის მექანიკების;  მძღოლების; მემატორეების; მეხიდეებისა და დურგლების სამსახურის ვადა ორ წლამდე გაიზარდა.  ჯარში ჩარიცხული ახალგაზრდა დებდა სამხედრო ფიცს: "მე, მოქალაქე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, აღვთქვამ საჯაროდ და რაზმის დროშის წინაშე, რომ შემოვედი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში ვემსახურო სამშობლოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ეს შეეფერება პატიოსან, ერთგულ და მედგარ რესპუბლიკის ჯარის კაცს; ყოველგვარ გაჭირვების და ნაკლულოვანების მიუხედავათ, მოვალე ვარ დავიცვა საყვარელი სამშობლო ჩემი - საქართველო  უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, როგორც გარეშე, ისე შინაურ მტრებისგან. ამიტომ მოვალე ვარ ვიყო ერთგული, სამართლიანი, თავგანწირული და უცილობელი შემსრულებელი უფროსთა ბრძანებებისა, რომელნიც შეეხებიან რესპუბლიკის სარგებლიანობას და მთავრობის მოთხოვნილებათ. ზემოაღნიშნულ ფიცს დაურღვევლად და სავსებით შესრულებას სრულ მოქალაქეობრივ შეგნებით ვაწერ ხელს."
მიუხედავად ახალწვეულების მიერ დადებული ერთგულების ფიცისა, დეზერტირობა პირველი რესპუბლიკის არმიის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იყო, მაგალითად 1918 წელს გაწვეული 12 025 ახალწვეულიდან 5263 გაიქცა ჯარიდან. დეზერტირობას მრავალი ფაქტორი განაპირობებდა: სამხედრო-სავალდებულო სამსახურის არაპოპულარულობა; რთული მატერიალური პირობები;  ეპიდემიები; ბოლშევიკების პროპაგანდა და ა.შ. სახელმწიფო კანონმდებლობის დონეზე მკაცრად, თუმცა რეალობაში კი ზომიერი სიმკაცრით ებრძოდა დეზერტირობას. ასევე ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა ციდლობდა  ჯარისკაცთა განათლების დონის, მოქალაქეობრივი შეგნებისა  და მორალური სულისკვეთების ამაღლებას, რამაც დეზერტირობის პრობლემა ვერ მოაგვარა, თუმცა დინამიკა მცირედით დადებითისაკენ გადახარა.  
დიმიტრი სილაქაძე

No comments:

Post a Comment