ქართველი ოფიცრები თავინთი ოჯახებით, მესამე რიგში ცენტრში გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე |
საქართველოს დამოუკიდებლობის
დაკარგვის შემდეეგ, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურმა ელიტამ თავი ჯერ კონსტანტინოპოლს
(დღევანდელი სტამბული) შეაფარა. შემდეგ პოლიტიკოსები
საფრნაგეთში გადავიდნენ, სამხედროები კი მათ
შორის სამხედრო სასწავლებლის კურსანტების უმეტესობა პოლონეთმა შეიფარა. კურსანტებმა
პოლონური სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს და პოლონურ არმიაში განაგრძეს სამსახური, მათთან ერთად პოლონურ არმიაში კონტრაქტის საფუძველზე
სამსახური დაიწყეს ქართველმა უფროსმა ოფიცრებმა - იმ
ხალხმა ვისაც ჯერ კიდევ რუსულ და შემდეგ ქართულ არმიაში ჰქონდათ მაღალი სამხედრო წოდებები.
პოლონურ არმიაში ქართველების სამსახური 1922 წლიდან დაიწყო. საქართველოს კანონიერმა
მთავრობამ რომელიც პარიზში ფუნქციონირებდა ამ ხალხის მეთვალყურეობა, მათი კოორდინაცია
, უფლებების დაცვა და გვერდში დგომა თავიდან რესპუბლიკის უკანასკნელ მთავარსარდალს
გენერალ გიორგი კვინიტაძეს შესთავაზა, თუმცა მისი უარის შემდეგ აღნიშნულ თანამდებობაზე
დანიშნა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, რომელსაც
პოლონურ ჯარში დივიზიის გენერლის წოდება მიანიჭეს. თუმცა მალევე ზაქარიაძესა და სხვა
უფროს ოფიცრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და
გაფუჭდა. ეს ურთიერთობა დრო და დრო კიდევ უფრო უარესდებოდა. ამაში ურთიერთობის გაფუჭებაში
თავის როლს ქართული პოლიტიკური პარტიების მცდელობა , რომ ოფიცრები თავისკენ მიემხროთ დიდ როლს თამაშობდა. ოფიცრები მეტ-ნაკლებად გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ
და პერიოდული ინციდენტების მიუხედავად მასობრივად და ღიად ნაკლებად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
ყველაფერი
კი 1929 წლის 14 სექტემბერს შეიცვალა როდესაც
პოლონეთის ჯარში მომსახურე 15-მა ქართველმა უფროსმა ოფიცერმა - გენერლების ალექსანდრე ჩხეიძის, ალექსანდრე კონიაშვილი,
ზაქარია ბაქრაძის მეთაურობით საქართველოს ემიგრაციული მთავრობას, გენერალ ალექსანდრე
ზაქარიაძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენება და პოლონეთიდან გაწვევა მოსთხოვეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში თავად იმუქრებოდნენ ამ საკითხის მოგვარებით. ისინი ასევე ითხოვდნენ,
რომ პოლონეთში საქართველოს წარმომადგენელი იოსებ სალაყაია, რომელსაც ზაქარიაძის თანამოაზრედ
მიაჩნევდნენ, მთავრობის დაუკითხავად არასდროს ჩარეულიყო ოფიცერთა საკითხში . ოფიცერები აღნიშნავდნენ, რომ ისინი შვიდი წლის განმავლობაში
ითმენდნენ ყველაფერს, სთხოვდნენ პოლონეთში
ჩასულ მთავრობის წევრებს ზაქარიაძის მოშორებას, ან ელოდნენ მის გამოსწორებას, მაგრამ
უშედეგოდ. მათი თქმით ზაქარიაძის უკანასკნელმა ნაბიჯმაც დაადასტურა მათი ტყუილი იმედი
მისი მისი გამოსწორებისა. მათ მიაჩნდათ, რომ
ზაქარიაძე სულაც არ ზრუნავდა სამშობლოს მომავალ
კეთილდღეობაზე და ქართველ ოფიცრებზე. უფროსი
ოფიცრები აცხადებდნენ, რომ საქმეში უმცროსი ოფიცრები არ ჩაურევიათ. განცხადების
ტექსტზე კი ხელი არ მოაწერეს გენერალმა ივანე ყაზბეგმა და პოლკოვნიკმა ალექსანდრე ბაგრატიონმა, ხოლო მაიორ
ვალერიან თევზაძისთვის ხელის მოწერა არც უთხოვიათ
რადგანაც იგი თავიანთი წრიდან გარიცხული ჰყავდათ.
,,უკანასკნელ ნაბიჯში"
უფროსი ოფიცრები გულისხმობდნენ პოლონური არმიიდან მათი შესაძლო დათხოვნის ამბავს, რაც
მათი აზრით გენერალ ზაქარიაძის ოინებით ხდებოდა.
ცენტრში გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე |
გენერალ ზაქარიაძის
საწინააღმდეგო წერილები, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად მათ ასევე გაუგზავნეს დევნილი
მთავრობის წევრებს: ევგენი გეგეჭკორს, კონსტანტინე კანდელაკს, სოციალ-დემოკრატიული
პარტიის გავლენიან წევრსა და ელჩს საფრანგეთში
აკაკი ჩხენკელს, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ შალვა ამირეჯიბს და გავლენიან
პოლკოვნიკს, საქართველოს 1924 წლის აჯანყების გმირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს.
პოლონური არმიის
რიგებიდან ქართველი უფროსი ოფიცრების შესაძლო დათხოვნის შესახებ საქართველოს მთავრობას
ინფორმაცია ჯერ კიდევ ოფიცერთა კოლექტიური წერილის მიღებამდე, 1929 წლის აგვისტოში მიაწოდა იოსებ სალაყაიამ. მთავრობის
24 აგვისტოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სალაყაიასთვის
დაევალებინათ დამატებითი ცნობების მიწოდება. იოსებ სალაყაიას მათთვის უნდა მიეწოდებინა
სრული სია თუ ვის ითხოვდნენ, და რა იყო დათხოვნის მიზეზი. კონტრაქტის დასრულება თუ
რაიმე ახალი კანონი, ასევე ხომ არ არსებობდა
სხვა მიზეზები გარდა წლოვანებისა და კონტრაქტის ვადის გასვლისა. მთავრობამ გადაწყვიტა,
რომ სრული პასუხის მიღების შემდეგ პოლონეთის მთავრობისათვის ეთხოვათ ოფიცრების სამხედრო
სამსახურში დატოვება და თუ ეს ვერ მოხერხდებოდა
მათი რაიმე სახით უზრუნველყოფა . ან გადაეყვანა სხვა სამახურში, მაგალითად საბაჟოში.
მთავრობის სხდომაზე ევგენი გეგეჭკორი გამოვიდა წინადადებით, რომ არ დალოდებოდნენ სრულ
ინფორმაციას და ახლავე დაეწყოთ მოლაპარაკებები პარიზში არსებულ პოლონეთის საელჩოსთან
საკითხის გარკვევის მიზნით, თუმცა მისი მოსაზრება არ გაიზიარეს მთავრობის წევრებმა
და სრული ინფორმაციის მიღებამდე მოცდა გადაწყვიტეს.
იოსებ სალაყაიამ მთავრობის დადგენილება პასუხად 30 აგვისტოს ევგენი გეგეჭკორს აცნობა, რომ დაზუსტებით
ჯერ არაფერი არ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ოფიციალური პირები აცხადებდნენ დათხოვნა
შეეხებოდათ ავადმყოფ და ხნიერ ოფიცრებს, ისევე როგორც ეს ხდებოდა პოლონელების შემთხვევაში.
მისთვის უცნობი იყო დათხოვნის მიზეზი. რაც შეეხებოდა კონტრაქტებს, პოლონელები კონტრაქტს ქართველ ოფიცრებს ყოველთვის ნახევარ წლის ან ნახევარი წლის გასვლის
შემდეგ ავტომატურად უგრძელებენდნენ. სალაყაია
წერილში დასძენდა რომ გენერლებმა ყაზბეგმა (69 წლის) და ბაქრაძემ (61წლის) თხოვეს მათ,
რომ აღეძრათ პოლონურ შტაბთან შუამდგომლობა მათი თადარიგში გასვლისა და პენსიის მიღების
შესახებ. ამის შემდეგ პოლონელებმა ზაქარიაძეს და სალაყაიას მოსთხოვეს ოფიცერთა სრული
სია და მისცეს პირობა, რომ 40 წელს გადაცილებული და ავადმყოფი ოფიცრები უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ, თუმცა რა ფორმით ამაზე
მუშაობა მიმდინარეობდა. სალაყაია დასძენდა,
რომ ჯერ არავინ არ იცის საბოლოოდ რა მოხდებდა , ის და გენერალი ზაქარიაძე მაქსიმალურად
ცდილობდნენ, რომ საქმე ქართველ ოფიცერთა სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ამას აკეთებდნენ
მიუხედავად იმისა, რომ ოფიცერთა ნაწილი მისსა და ზაქარიაძის წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებულნი.
კოლექტიური წერილის
გაგზავნამდე , ოფიცერთა დათხოვნის საკითხზე რამდენიმე წერილი გაცვალეს ერთმანეთში გენერალმა
ზაქარიაძემ და ჩხეიძემ. ჯერ კიდევ 15 აგვისტოს ზაქარიაძემ, გენერალ ბაქრაძეს, ჩხეიძეს და მაიორ
ტერიაშვილს მისწერა, რომ შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, ქართველ ოფიცრებზე გავრცელდებოდა
ის ზოგადი დებულებები, რაც პოლონელებზე. მისი ვარაუდით ეს მოხდებოდა წლის ბოლომდე.
თუ რომელიმე ქართველი ოფიცერი, წლოვანებისა თუ ჯანმრთელობის მიხედვით იძულებული იქნებოდა
დაეტოვებინა სამსახური, ის დაკმაყოფილდებოდა კარგად, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო პოლონეთის
ქვეშევრდომობის მიღება. ამ საკითხს კი მოაგვარებდა სპეციალური ბიურო, რომელიც თავად
დაუკავშირდებოდა ოფიცერებს. მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ მხოლოდ ისინი
ვისაც 40 წელი შესრულებოდათ, ან კიდევ ავად იყვნენ, სხვებზე მატერიალური უზრუნველყოფა
არ გავრცელდებოდა. ასევე გენერალი მათ ატყობინებდა, რომ იმ ეტაპისთვის ჯერ-ჯერობით
ყველა ოფიცრისთვის ქვეშევრდომობის მიცემა ძნელი აღმოჩნდა. მის წერილს 10 სექტემბერს უპასუხა გენერალმა ჩხეიძემ
და ზაქარიაძეს ორი კითხვა დაუსვა. ვისი ინციატივით
ხდებოდა ეს ყოველივე, პოლონური შტაბის თუ ქართული მთავრობის? ასევე რა მდგომარეობაში
იყო ახალგაზრდა ოფიცერთა საკითხი? ზაქარიაძემ
ორ დღეში , 12 სექტემბერს უპასუხა ჩხეიძეს, რომ ამ კითხვებზე პასუხი მის წინა წერილში
იყო, თუმცა დამატებით განმარტავდა, რომ შექმნილი მდგომარეობა ყველამ კარგად იცოდა.
მისდამი არაერთ უფროს ოფიცერს მიუმართავს, მათი უხერხული მდგომარეობის შესახებ. მას
ორმა უფროსმა ოფიცერმა მიმართა თხოვნით, რათა დასმულიყო მათი ჯარიდან მატერიალური უზრუნველყოფით
დათხოვნის საკითხი. ის დაძენდა, რომ იმჟამინდელი კონიუქტურა, იძლეობდა კარგ საშუალებას
ასეთი ოფიცრები კარგად ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი. ის ვერ მოსთხოვდა პოლონელებს, ქართველებისთვის მეტი
გაეკეთებინათ ვიდრე პოლონელებისთვის. რაც შეეხებოდა მოქალაქეობის საკითხს , იგი განმარტავდა
რომ მისი პირველი წერილიდან სჩანდა, რომ ეს საკითხი გაუმჯობესების გზაზე იყო და არა
გაუარესების.
იოსებ სალაყაია |
ქართველი ოფიცრები პოლონურ არმიაში |
გენერალი ჩხეიძე
მოგვიანებით განმარტავდა, რომ მან ზაქარიაძის პირველი წერილის მიხედვით დაასკვნა, რომ
მათ სამსახურიდან ითხოვდა პოლონური შტაბი და ის ელოდა საქმის მსვლელობას. მაგრამ მერე მას მოუვიდა ხმები, თითქოს მათი დათხოვნა
ზაქარიაძემ მოითხოვა პოლონელებისგან მთავრობის სახელით. ამიტომ უპასუხა მის წერილს
ორი კითხვით, ხოლო ზაქარიაძის არეულ-დარეული პასუხიდან ვერაფერი გაიგო. მან ჩათვალა,
რომ პირველი წერილის მიხედვით შტაბი დაითხოვდა ყველა 40 წელს გადაშორებულს, მეორე წერილის
მიხედვით კი მისი აზრით ზაქარიაძე გაუგებრად ლაპარაკობდა შექმნილ მდგომარეობაზე და
ორი ოფიცრის თხოვნაზე. ამას
დაემატა სხვა მითქმა-მოთქმაც და ოფიცრებმა ზემოთ აღნიშნული კოლექტიური წერილი დაწერეს.
საგარეო საქმეთა
მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა 23 სექტემბერს მიიღო იოსებ სალაყაიას წერილიც, სადაც ის საკუთარი
და ზაქარიაძის სახელით თხოვდა გამოძიების ჩატარებას და დასძენდა, რომ ეს ოფიცრები მას
ბევრჯერ უხსნია სამსახურიდან დათხოვნისაგან და ამჯერადაც ოფიცერთა შესაძლო დათხოვნის
ინიციატივა მას და გენერალ ზაქარიაძეს არ ეკუთვნოდათ. 1929
წლის 4 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა რომ ვარშავაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი
გეგეჭკორი დეტალურად გამოიძიებდა საკითხს.
1929 წლის ოქტომბერში
ევგენი გეგეჭკორი შეუდგა საქმის გამოძიებას. გეგეჭკორს ცალკე წერილები მისწერეს და მოხსენებები
გადასცეს გენერლებმა ალექსანდრე ჩხეიძემ, ალექსანდრე კონიაშვილმა, ზაქარია ბაქრაძემ,
ასევე პოლკოვნიკმა ნიკოლოზ კანდელაკმა, პოლკოვნიკმა კონსტნატინე კვიკვიძემ, პოლკოვნიკმა ნიოლოზ ვაჩნაძემ,
პოლკოვნიკმა რომან გველესიანმა, მაიორმა ვლადიმერ
სიამაშვილმა, მაიორმა ბიძინა ქუთათელაძემ. როგორც
ოფიცრები ირწმუნებოდნენ, გენერალმა ზაქარიაძემ და საქართველოს წარმომადგენელმა პოლონეთში
იოსებ სალაყაიამ გადაწყვიტეს მათი თავიდან მოშორება და პოლონეთის გენერალურ შტაბს გადასცეს
22 ოფიცრის სია, ოფიცრებისა რომლებიც უნდა
გაეშვათ ჯარიდან და მათთვის მიეცათ პენსია,
ასევე ამ ოფიცრებს დააბრალეს რუსოფილობა და მონარქისტობა და პოლონელების თვალში მათი
სახელის შებღალვა გადაწყვიტეს. ოფიცრებმა არ დაიჯერეს გენერალ ზაქარიაძის და იოსებ
სალაყაიას განმარტება იმის თაობაზე, რომ ეს საკითხი მხოლოდ ქართველ ოფიცრებს არ ეხებოდათ
და ეს ეხებოდათ ზოგადად იმ პოლონელ ოფიცრებსაც რომელთაც გარკვეული ასაკი შეუსრულდათ
ან კიდევ ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აძლევდათ სამსახურის საშუალებას, არ სჯეროდათ ისიც , რომ ოფიცერთა სიის გადაცემა ზაქარიაძეს სწორედ პოლონურმა გენშტაბმა
სთხოვა. ოფიცრები ირწმუნებოდნენ რომ მათი პირადი კონტაქტებით პოლონელი ოფიცრებისგან გაარკვიეს რომ მსგავსი რამ
პოლონეთის გენერალურ შტაბს არ უთხოვია და ეს მხოლოდ გენერალ ზაქარიაძის და პოლონეთში
საქართველოს წარმომადგენლის იოსებ სალაყაიას ინიციატივა იყო. თუმცა უფროსი ოფიცრები
მხოლოდ ამ საკითხით არ შემოფარგლულან, მათ მთავრობას შესჩივლეს ყველა ის საკითხი რაც
მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ და რაც გენერალ ზაქარიაძის ბრალეულობად მიაჩნდათ.
მთლიანობაში მათი საერთო ბრალდებები გენერალ ზაქარიაძისადმი შემდეგნაირიად შეიძლება
ჩამოყალიბდეს.
ევგენი გეგეჭკორი |
მათი აზრით ზაქარიაძე
ცდილობდა პარტიული პოლიტიკის გატარებას, და ის უფრო მეტად ჰგავდა სოციალ-დემოკრატიული
პარტიის წარმოამდგენელს ვიდრე მთავრობისას, რომელსაც წესით თანაბრად უნდა ეზრუნა ყველა
ქართველი ოფიცრის მდგომარეობაზე. იგი ხელს ვერ უშლიდა პოლიტიკოსებს, მათ შორის კი განსაკუთრებით
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს ეწარმოებინათ ქართველ ოფიცერთა შორის პარტიულ
პროპაგანდა. მათი აზრით ზაქარიაძე ცდილობდა
უფროსი ოფიცრების სახელის გატეხას, როგორც ქართულუ ისე პოლონური მთავრობის წინაშე.
აბრალებდა მათ რუსოფილობას და მონარქისტობას, იმის გამო, რომ ნაწილმა ქართველი ოფიცრებისამ
ქართული ან ცუდად იცოდნენ ან კიდევ არ იცოდნენ , ან კიდევ რუსი ცოლები ჰყავდათ. მათი თქმით გენერალი ზაქარიაძე ცდილობდა ყოფილი
იუნკრები, იმ დროისათვის უკვე პოლონური არმიის უმცროსი ოფიცრები საკუთარ ჯაშუშებად
ექცია. მაგალითად მოჰყავდათ 1923 წელს ქალაქ
ვილნოში (დღევანდელი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი) გამართული სუფრა სადაც მათი ინფორმაციით
ზაქარიაძემ ოთხი იუნკერი რესტორანში დაპატიჟა, აქეიფა, დაათრო და უთხრა რომ ვიცი უფროსი
ოფიცრები ჩემზე ცუდს ლაპარაკობენ , მითხარით
რას ამბობენ ჩემზე ნუ მომერიდებითო. როდესაც ახალგაზრდებმა მას არაფერი უპასუხეს მაშინ
უთხრა, - ახლა თუ გერიდებათ როდესაც სახლში
წახვალთ წერილობით მომწერეთ თუ რას ამბობენ ოფიცრები ჩემზეო.
ასევე ისინი აბრალებდნენ
ზაქარიაძეს, რომ ის საკმარისად არ ცდილობდა პოლონეთში მყოფი ქართველი ოფიცრების შეკრებასა
და დაახლოებას. შვიდი წლის განმავლობაში იშვიათად
თუ შეკრებდა ხოლმე ოფიცრებს, ისიც არასრულად. ზაქარიაძეს აბრალებდნენ დაპირისპირების
გამოწვევის მცდელობას, ქართველ უფროს და უმცროს ოფიცერთა შორის. ოფიცრებმა თავად სცადეს
პოლონეთში მოქმედი ქართული კომიტეტის წევრობით მიეღოთ მონაწილეობა პოლონეთში არსებული
ქართული კოლონიის ცხოვრებაში და თავისი წარმომადგენლები შეიყვანეს კომიტეტში, მაგრამ
ზაქარიაძემ და სალაყაიამ ერთი წლის შემდეგ ქართული კომიტეტის სხდომაზე გამოაცხადეს,
რომ პოლონეთის გენერალური შტაბის განკარგულებით ქართველ ოფიცრებს აეკრძალათ კომიტეტში
მუშაობის უფლება. ოფიცრეთა აზრით ქართველი ოფიცრების ყოფნა ქართულ კომიტეტში არ უნდოდა
სწორედ ზაქარიაძეს და სალაყაიას და მათ მიაღებინეს პოლონეთის გენერალურ შტაბს ეს გადაწყვეტილება.
ამის შემდეგ ოფიცრებმა სცადეს შეექმნათ ქართველ ოფიცერთა კავშირი, მაგრამ ამ საქმეში
ხელის შეშლასაც ზაქარიაძეს მიაწერდნენ. ასევე
ისინი ზაქარიაძეს ახასიათებდნენ როგორც უპრინციპო, ამორალური, ინტრიგების მოყვარულ,
მეწვრილმანე, გაუბედავ, შურიან, სუსტ და მორცხვ
პიროვენებად, რომელიც სათანადოდ ვერ აყენებდა ქართველი ოფიცრების საკითხს პოლონეთის
არმიის გენერალურ შტაბში. რამდენიმე მაგალითის მოშველიებით ადანაშაულებდნენ იმაში,
რომ ქართველი ოფიცრებისა და კურსანტების კონკრეტულ თხოვნაზე ზაქარიაძე დადებით პასუხს
აძლევდა, პირდებოდა საქმის შესრულებას, თუმცა როგორც შემდეგ ეს ოფიცრები პირადი კავშირებით
გამოარკვევდნენ ზაქარიაძეს აღნიშნულ საკითხს
არც კი აყენებდა ხოლმე პოლონელებთან. მათი თქმით იგი ყველას უცინოდა, ყველას ყველაფერს
ჰპირდებოდა და სინამდვილეში კი არაფერს არ უსრულებდა, ხოლო ვინმეს თუ ცუდი თვალით შეხედავდა
მის წინააღმდეგ კი ყველაფერს კადრულობდა. გენერლის
შურიანობას მიაწერდნენ საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პოლკოვნიკ კანდელაკის
დანიშვნის საქმის ჩაშლას. ასევე ოფიცრები ეჭქვეშ
აყენებდნენ სამხედრო საქმეში ზაქარიაძის კომპეტენტურობას, მათი თქმით საქართველოს გენერალური
შტაბის უფროსად მისმა დანიშვნამ თავის დროზე ისინი ძალიან გააკვირვა , რადგანაც მათი
აზრით უმარავი გენერალი იყო მასზე გამოცდილი, მცოდნე , დამსახურების მქონე და ზაქარიაძის
დანიშვნა ამ თანამდებობაზე მათთვის გაუგებარი იყო. აქედან გამომდინარე რუსეთ-საქართველოს
1921 წლის ომში მარცხის ერთ-ერთ მიზეზად გენერალური
შტაბის გაუმართავ მუშაობას ასახელებდნენ, ისინი პირდაპირ ამბობდნენ რომ მათთვის სამხედრო საქმეში ზაქარიაძე ავტორიტეტი
არ იყო და ვერც პოლონურ ჯარში მათ კურატორად ყოფნისას ჩათვლიდნენ
ავტორიტეტად. გენერალი ბაქრაძე უფრო შორს მიდიოდა და სწერდა, რომ უკვე სჯეროდა ძველი
მოარული ხმების იმის შესახებ, თითქოს ზაქარიაძე
რუსულ ჯარში სამსახურის პერიოდში თაკილობდა მის ქართველობას და ჰფარავდა ქართული ენის
ცოდნას.
ოფიცრები ირწმუნებოდნენ, ზაქარიაძე მათ აბრალებდა, რომ ისინი საქართველოს
მთავრობას არ ცნობდნენ და პატივს არ სცემდნენ და ამით ,,აშავებდა" მათ როგორც
პოლონელების ისე საქართველოს მთავრობის თვალში. ოფიცრები ამას კატეგორიულად უარყოფნდნე
და დასძენდნენ, მართალია ისინი პოლიტიკაზე მსჯელობდნენ , მეტადრე დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო პოლიტიკაზე
, საუბრობდნენ შეცდომების შესახებ, მათ ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური სიმპატიები, ისევე
როგორც სხვა მოქალაქეებს მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი
მთავრობის ერთგულნი არ იყვნენ და საკუთარ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებდნენ. ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ რუსოფილობასა და მონარქისტობას. მათი თქმით გენერალი ზაქარიაძე აქამდეც ცდილობდა
მისთვის არასასურველი ოფიცრები დაეთხოვნათ პოლონური ჯარის რიგებიდან. შვიდი წლის მანძილზე
ზაქარიაძის ერთადერთ ინიციატივად თვლიდნენ ქართველ ოფიცერთა საამხანაგო სასამართლოს
დაარსებას, რისი წესდებაც პოლონეთის გენერალურმა შტაბმა დაამტკიცა. თუმცა მათ ეჭვი
შეჰქონდათ ამ სასამსართლოს რეალურ ფუნქციონირებაში, რადგანაც გამოტანილი გადაწყვეტილებები
ვერ სრულდებოდა. ზაქარიაძის პოლიტიკამ მათი
აზრით გამოიწვია ის, რომ უფროს ოფიცერთაგან მხოლოდ ორიოდე კაცი დარჩა მისი მხარდამჭერი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო ისინი მოითხოვდნენ ზაქარიაძის გადაყენებას თანამდებობიდან
და საერთოდ პოლონეთიდან გაწვევასაც კი, რადგანაც პოლონეთში დარჩენილი ზაქარიაძე თავის
გავლენას ისევ მათ წინააღმდეგ და ქართული საქმის წინააღმდეგ გამოიყენებდა ბოროტად.
ოფიცერთა თქმით, მათ არ სურდათ ზაქარიაძის ადგილი, მათ სჭრირდებოდათ უნარიანი და გამბედავი ხელმძღვანელი,
რომელიც არც თავს შეირცხვენდა და არც მთავრობას შეარცხვენდა.
თბილისის სამხედრო სკოლის ყოფილი იუნკრები პოლონურ არმიაში |
გენერალი ზაქარია ბაქრაძე |
უკვე გავეცანით
თუ რა ბრალდებები ჰქონდათ უფროს ოფიცრებს ზაქარიაძისა და სალაყაიასადმი. საინტერესოა
თუ რა პასუხები ჰქონდათ გენერალ ზაქარიაძეს, ან თუნდაც მის მომხრე ოფიცრებს.
პოლკოვნიკ ბაგრატიონის
ცნობით, გენერალ ზაქარიაძეს პოლონეთის გენერალური შტაბის მეორე განყოფილებამ სთხოვა,
ქართველ ოფიცრებს შეევსოთ სპეციალური ბლანკი
- სამსახურის აღწერის ფურცლები და მას გადაეცა მეორე განყოფილებისათვის. ამის შემდეგ
შტაბში ზაქარიაძეს განუცხადეს, რომ ის ოფიცრები ვინც 40 წელს არიან გადაცილებულნი დგანან სამსახურიდან გარიცხვის რისკის ქვეშ. თუმცა
ასეთ შემთხვევაში ისინი რიგიანად დაკმაყოფილდებოდნენ. ბაგრატიონის თქმით, ზაქარიაძე
აღელვებული იყო რადგანაც ვერ გაეგო რას ნიშნავდა ეს რიგიანი დაკმაყოფილება, და მას
განუცხადა, რომ ის ეცდება ქართველ ოფიცრებსაც დაენიშნოთ ის პენსია რაც პოლონელებს.
გენერალმა ზაქარიაძემ ეს ცნობა გაუზიარა მას, პოლკოვნიკ კვიკვიძეს და გენერალ ყაზბეგს.
ამის შემდეგ როგორც ბაგრატიონი ამბობდა ხმებმა მიაღწია სხვა ოფიცრებამდეც და ისინი
ძალიან აღელდნენ. ამიტომ მას, კვიკვიძეს და გენერალ ყაზბეგს სთხოვეს გადაეცა ზაქარიაძისთვის
რომ ამ უკანასკნელს მოეწყო ოფიცერთა საერთო კრება და იქ განეცხადებინა მათთვის არსებული
მდგომარეობა. ამ თხოვნის შესრულებაზე ზაქარიაძემ უარი განაცხადა, რადგანაც თავადაც
არ იცოდა ზუსტად როგორ გადაწყდებოდა საკითხი და თუ რომელიმე ოფიცერი დაინტერესდებოდა
საკითხით, მასაც იგივეს უპასუხებდა წერილობით რაც მოუთხო ბაგრატიონს, კვიკვიძეს და
ყაზბეგს. ზაქარიაძის უარმა ააღელვა ოფიცრები,
რასაც დაერთო იოსებ სალაყაიას და სამი ქართველი ოფიცრის შეხვედრა ქუჩაში. ამ ოფიცრებმა
კითხეს სალაყაიას თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება,
რაზეც სალაყაიას უპასუხია რომ ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო და მისთვის ძნელი
იყო რაიმე შეეცვალა. ამას დაერთო ოფიცერთა მიერ პირადი წყაროებით საკითხის გარკვევის
მცდელობა , რა დროსაც მათ უთხრეს თითქოს ინიციატივა
ეკუთვნოდა ქართულ მხარეს. ამის შემდეგ ბაგრატიონის ცნობით ის, კვიკვიძე და ყაზბეგი
ოფიცერთა თხოვნით შეხვდნენ ზაქარიაძეს და სალაყაიას
განმარტების მოსასმენად. ზაქარიაძემ მათ განუცხადა, რომ მდგომარეობა ქართველი ოფიცრების სასიკეთოდ იყო
შებრუნებული და ჯარიდან მათი გაშვების საკითხიც შეჩერებული იყო. მიმდინარეობდა მხოლოდ
საპენსიო საკითხის შემუშავება, რათა ჯარში მყოფმა ოფიცერს სცოდნოდა, თუ რა ელოდა სამსახურის
დასრულების შემდეგ. როგორც ბაგრატიონი ამბობდა
მიუხედავად ამისა, ზაქარიაძესთან დაპირსპირებულმა ოფიცრებმა მისი და სალაყაიას განმარტება
აღარ დაიჯერეს და მისწერეს კოლექტიური წერილი საქართველოს მთავრობას. ამ წერილზე მან
ხელი არ მოაწერა, რადგანაც არ ეთანხმებოდა წერილის შინაარს. იგი ამავდროულად თვლიდა,
რომ შესაძლოა ყოველთვის ვერ იყო გენერალ ზაქარიაძის ქმედებები სრულიად მისაღები რიგი
მიზეზების გამო, მაგრამ ბაგრატიონი არ ფიქრობდა რომ ასეთ შემთხვევებში გენერალი ბოროტი
განზრახვით მოქმედებდა, ან კიდევ რაიმე სახით შეურაცხყოფდა ქართველ ოფიცრებს. იგი ასევე
თვლიდა, რომ ამგვარი კოლექტიური წერილის მიწერა არც კანონიერი იყო და არც ზნეობრივი.
ევგენი გეგეჭკორმა,
ასევე გამოჰკითხა პოლონეთში არსებული ქართული კომიტეტის მდივანი კოტე იმნაძე. მან განაცხადა,
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მხოლოდ მითქმა-მოთქმის სახით ჰქონდა, თუმცა უარყოფითად
დაახასიათა ზაქარიაძესა და სალაყაიასთან დაპირსპირებული ოფიცრები. რაც შეეხება თავად
ზაქარიაძეს, იმნაძის აზრით მას ქონდა როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვისებები. უარყოფითი
იყო ხასიათის სისუსტე. რაც შეეხება დადებითს, იმნაძის აზრით მთელ უფროს ოფიცრებში ეროვნულ
საკითხში ის ყველაზე სანდო კაცი იყო. მისთვის წარმოუდგენელი იყო ზაქარიაძეს რაიმე სახით
ეღალატა ეროვნული საკითხისათვის, რასაც მის მოწინააღმდეგეთა ნაწილზე ვერ იტყოდა.
ამ პერიოდში გენერალი
ზაქარიაძე ითხოვდა, მისთვის ,,ამბოხებულთა"
ჩვენებების გაცნობას, რათა მათთვის პასუხი გაეცა. ასევე იგი კითხულობდა ჩართული
იყო თუ არა პოლონეთის სამხედრო სამინისტროს წარმომადგენელი გამოძიების პროცესში, მას
მიაჩნდა , რომ ეს აუცილებელი იყო, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ მოსპობილიყო პროვოკაციის
ბუდე და ახალგაზრდა ოფიცრებიც ეხსნათ გახრწნისაგან. მან იოსებ
სალაყაიას ევგენი გეგეჭკორისთვის გადასაცემად გაუგზავნა პორუჩიკ არკადი სხირტლაძის
მიერ ზაქარიაძისადმი მოწერილი წერილი. წერილში
ნათლად სჩანდა, რომ სხვა ოფიცერი (
როგორც ზაქარიაძის სხვა წერილიდან ირკვევა პორუჩიკი კვალიაშვილი) მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. სხირტლაძეს
უმტკიცებდნენ რომ ერთ მხარეს იდგენენ სოციალისტები - სალაყაია, ზაქარიაძე, რამიშვილი
და ბევრი სხვა, ხოლო მეორე მხარეს ნამდვილი ქართული მხედრობა - კვინიტაძე, ჩოლოყაშვილი,
ჩხეიძე და მთელი ახალგაზრდობა ნანუაშვილისა და მახარაძის გარდა. სხირტლაძეს ოფიცერი უმტკიცებდა, რომ ზაქარიაძემ
თავისი ფავორიტების გარდა ყველას გაყრა მოინდომა პოლონური ჯარიდან , პოლონელებს უთხრა
რომ ამას საქართველოს მთავრობა ითხოვდა, საქართველოს მთავრობას კი უთხრა თითქოს პოლონელები
ითხოვდნენ მათ გაშვებას. მთავრობამ ეს ამბავი გაიგო და საქმის გამოსარკვევად ევგენი
გეგეჭკორს გზავნიდა. ოფიცერი სხირტლაძეს ,,ძმაკაცობით"
ურჩევდა, რომ სწორ მხარეს დამდგარიყო, რათა
ცუდ დღეში არ აღმოჩენილყო, რაგდანაც სალაყაის
და ზაქარიაძეს პოლონეთიდან გაუშვედნენ.
ამის შემდეგ გენერალმა
ზაქარიაძემ მიიღო მის წინააღმდეგ დაწერილი ზოგიერთი საჩივრის ტექსტი და 30 ოქტომბერს
ვრცელი პასუხი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს
არკადი სხირტლაძე |
იგი ამტკიცებდა,
რომ უფროსი ოფიცრების პოლონურ არმიაში ყოფნის საკითხი ყოველთვის იდგა კითხვის ნიშნის
ქვეშ და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა ის ყოველთვის ცდილობდა საკითხი ოფიცრების
სასარგებლოდ გადაეწყვიტა. ზაქარიაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, კერძოდ ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის წევრებს და საფრანგეთში მათთან დაახლოებულ ქართველ გენერლებს და ოფიცრებს
( გიორგი კვინიტაძეს, სპირიდონ ჭავჭავაძეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილს) აბრალებდა ქართველ
ოფიცრებში მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ მუშაობას, რათა მათ ხელში ჩაეგდოთ
მთელი ემიგრაცია და მათ შორის პოლონეთში მყოფი ქართველი ოფიცრები. ამავდროულად ზაქარიაძე
დასძენდა, რომ პოლონელები არ არიან კმაყოფილნი ქართველი უფროსი ოფიცრების დიდი ნაწილით,
მისი აზრით ეს გამოწვეული იყო თუნდაც იმით, რომ ოფიცერთა ნაწილმა არ იცოდა თავისი მშობლიური
ენა ქართული და მეტყველებდნენ რუსულად. ზაქარიაძე უარყოფდა იმ ფაქტს, თითქოს ამის გამო
ამ ოფიცრებს პოლონელებთან რუსოფილებად მოიხსენიებდა. იგი ამტკიცებდა რომ არცერთ ოფიცერზე ამის გამო უარყოფითი დახასიათება
არ დაუწერია და პირიქით პოლონელები როდესაც მას ამ საკითხს დაუყენებდნენ ხოლმე, ზაქარიაძე უმტკიცებდა, რომ საქართველოს
განთავისუფლების შემდეგ ამ ოფიცრებს ამიერკავკასიის მასშტაბით გამოიყენებდნენ, სადაც
მათ რუსულის ცოდნა გამოსადეგი იქნებოდა . ამის მიუხედავად ზაქარიაძე თავის მოხსენებაში
ჩამოთვლიდა ფაქტებს, რაც შეიძლება საფუძველი ყოფილიყო ამ ოფიცერთა რუსოფილობას, მონარქისტობას
და ზოგიერთის შემთხვევაში ბოლშევიკებთან შესაძლო თანამშრომლობაში ეჭვის შეტანისა. ამავდროულად
ზაქარიაძეს არცთუ იშვიათად მოსდიოდა პოლონელი ოფიცრებისგან ინფორმაცია, ზოგიერთი ქართველი უფროსი ოფიცრის ამორალური და უზნეო საქციელის შესახებ. რაც შეეხება ბრალდებას ქართველი ოფიცრების საერთო
შეკრებების გაუმართაობის შესახებ, ზაქარიაძე ამას ორი არგუმენტით ასაბუთებდა. პირველ
რიგში ეს იყო პოლონელების თხოვნა, რათა ქართველი ოფიცრების საქმიანობა უფრო მეტად კონსპირაციული
ხასიათის ყოფილიყო, რადგანაც მათ არ უნდოდათ
ბოლშევიკებამდე მისულიყო ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრობა პოლონურ ჯარში ორგანიზებულად
მუშაობდა. რაც პოლონურ მხარეს უხერხულ სიტუაციაში
ჩააგდებდა. მეორე მიზეზი იყო უფროს ოფიცერთა
ნაწილის მიერ ქართული ენის არცოდნა. იუნკერთა საკუთარ ჯაშუშებად გადაბირების შესახებ
ზაქარიაძე ამბობდა, რომ როდესაც ის 1923 წელს ვილნოში (ვილნიუსში) ჩავიდა და იუნკრები
ინახულა, იმ დროს დაპირსპირება არც იყო მასსა და სხვა ოფიცრებს შორის. იმ დროს ვილნოში გარდა 4-5 ქართველი იუნკერისა არცერთი ქართველი
ოფიცერი არ იყო და საიდან ეცოდინებოდათ ამ იუნკრებს თუ რას ფიქრობდნენ სხვა ოფიცრები
ზაქარიაძეზე. ზაქარიაძე უარყოფდა იუნკრების
დაპატიჟებას რესტორანში, იგი წერდა რომ მათ შეხვდა იქაური ქართველის ოჯახში სუფრაზე,
რა პირობებშიც ვინმეს ჯაშუშად გადაბირება შეუძლებელი იყო. ზაქარიაძე ითხოვდა დაეკითხათ
ვილნოში მცხოვრები ქართული ოჯახი, რომლის წევრებიც იმყოფებოდნენ იმ სუფრაზე. გენერალი
განრისხებული იყო მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანით და დასძენდა რომ მას საკმაოდ
დიდი პრაქტიკული და თეორიული მომზადევა ჰქონდა გავლილი რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო
ომებში, ასევე გენერალური შტაბის აკადემიაში.
გენერალი ზაქარიაძე (XX), მარშალ იუზეფ პილსუდსკის (X) გარემოცვაში |
ზაქარიაძე სავსებით
უარყოფდა 1929 წელს პოლონური არმიიდან ქართველი უფროსი ოფიცრების გაშვების და მათთვის
პენსიით უზრუნველყოფის ინიციატივას. ამტკიცებდა რომ ეს პოლონეთის გენერალური შტაბის
საქმე იყო და ის სცდილობდა საკითხი ქართველი
ოფიცრების სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. გენერალი ზაქარიაძე ოფიცერთა ამ კოლექტიურ ქმედებაში
ხედავდა ერთგვარ შეთქმულებას, არა მხოლოდ მისი პიროვნების, არამედ მთავრობის წინააღმდეგ.
ზაქარიაძე ითხოვდა ეს საკიტხი მთავრობას კარგად გამოეძიებია, დამნაშავეები დაესაჯა
და მომხდარი კარგად გაეშუქებინა , რათა ეს
მაგალითი ყოფილიყო ახალგაზრდა ოფიცრებისთვის. მაგალითი იმისა, რომ ჯარი უნდა ყოფილიყო ერის მიერ არჩეული მთავრობის
განკარგულებაში და არა სხვადასხვა ჯგუფების და პიროვნებების. ზაქარიაძე გეგეჭკორს თხოვდა,
რომ მას პოლონეთის სამხედრო სამინისტროსათვის ეთხოვა გამოძიება და ზომების მიღება.
მისი აზრით ამაზე პოლონელები უარს არ იტყოდნენ, რადგანაც მათ ჯარში ასეთი მაგალითი
მათთვისაც სახიფათო იყო.
ამის შემდეგ ევგენი
გეგეჭკორმა განაგრძო საქმის ძიება , პოლონეთის გენერალური შტაბის მეორე განყოფილების
უფროსმა მას განუცხადა, რომ სწორედ მათ ითხოვეს ზაქარიაძისაგან სიის გადაცემა და არავითარი
ინიციატივა ზაქარიაძეს არ ეკუთვნოდა. გამოძიების
დასრულების შემდეგ გეგეჭკორი პარიზში ჩავიდა და გამოძიების შედეგები მთავრობას მოახსენა, მთავრობამ საკითხი განიხილა 26 ნოემბერის სხდომაზე
და გადაწვიტა შემდეგ სხდომაზე გამოეტანა დადგენილება
.
მთავრობამ 1929
წლის 30 ნოემბერს პოლონეთის არმიის ქართველი
ოფიცრები საჩივრის საკითხზე შემდეგი დადგენილება მიიღო:
1- მდგომარეობა ქართველი ოფიცრებისა პოლონეთის ჯარში მუდამ მერყევი
იყო, რადგან ისინი აყვანილი იყვნენ კონტრაქტით და განსაზღვრული ვადით, ამიტომ ჩვენი
წარმომადგენლების ზრუნვას შეადგენდა რათა ჩვენი ოფიცრები ჩაყენებული ყოფილიყვნენ გარკვეულ
პირობებში და თუ მათი სამსახურიდან გასვლა აუცილებელი შეიქნებოდა ეს მომხდარიყო უმტკივნეულოდ
და ჩვენი ოფიცრების უზრუნველყოფით.
2- ქართველ
უფროს ოფიცერთა დათხოვის და საპენსიო უწყებაში გადარიცხვის საკითხი ყოფილა აღძრული
პოლონეთის სამხედრო შტაბის მიერ თანახმად იქ
არსებული კანონებისა.
3- გენ.
ზაქარიაძეს თავის მხრივ სრულიად კეთილსინდისიერად უფიქრია, რომ უფროს ოფიცრებისთვის
სრულიად უსახსროდ დატოვების მაგიერ, რის საფრთხეც ყოფილა, პენსიის დანიშვნა საუკეთესო
გამოსავალი იქნებოდა შექმნილი მდგომარეობიდან.
4- მაგრამ
ეს ამბავი თავის დროზე ჩვენს წარმომადგენლებს არ გადაუციათ დაინტერესებულ პირთათის
ხოლო ამ უკანასკნელთ ეს თავიანთი წყაროებიდან გაუგიათ გადასხვაფერებულად, ამიტომ მათ
გულწრფელად შეეძლოთ ეფიქრათ, რომ ამ საქმის ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს წარმომადგენლებს.
5- ასეთი
ეჭვების ნიადაგი მომზადებული ყოფილა უფროს ოფიცერთა და გენ ზაქარიაძის შორის დამყარებულ
არანორმალურ დამოკიდებულების გამო და აგრეთვე ზოგი მათგანის მიერ წინეთ გაწეული აგიტაციით,
როგორც გენ. ზაქარიაძის, ასევე მთავრობის და მისი წარმომადგენლის წინააღმდეგ უმთავრესად პოლიტიკურ მოტივებით.
6- 15 უფროსი ოფიცრის მიერ მთავრობის თავმჯდომარის და ზოგიერთ მთავრობის წევრებისადმი
კოლექტიური მიმართვა მათი უფროსის გადაყენების თხოვნით, მაჩვენებელია იმის რომ, ამ
წრეში ატმოსფერო მოწამლულია და შინაური დისციპლინა ძალზე შერყეული. ასეთი გამოსვლები
საზოგადოდ და განსაკუთრებით ჩვენს მდგომარეობაში მეტად მავნებელია საქართველოს საქმისათვის.
მისი გამართლება, თუგინდ მის ავტორებს ქონოდეს საკმაო საბუთი ეფიქრათ, რომ მათმა უფროსმა
დაარღვია სამართლიანობა და ჩაიდინა არალოიალობა, ყოვლად დაუშვებელია.
7- მთავრობა სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ქართველ ოფიცერთა
მიერ საერთოდ სწორად იყო გაგებული მათი პოლონეთის
ჯარში მოწყობის მთავარი აზრი და ამიტომაც ქართველ ოფიცერთა დიდმა უმრავლესობამ პოლონეთის
ჯარში გამოიჩინა შესაბამისი ნიჭი და მუყაითობა და სრული იმედია იმისა რომ ისინი მომავალი
სამშობლოს ჯეროვან სამსახურს გაუწევენ.
8- მრავალი გაუგებრობა, სამხედრო დისციპლინის და კანონიერ მთავრობისადმი ლოიალური
განწყობის არაერთხელ დარღვევა, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად ზოგიერთ ოფიცრების
მიერ, გამოწვეული იყო მათი არანორმალური სამსახურის მდგომარეობით. ისინი
ერთის მხრივ ემორჩილებიან პოლონეთის სამხედრო შტაბს, რომელსაც მათზე აქვს ადმინისტრაციული
უფლებამოსილება, ხოლო მეორეს მხრივ ემორჩილებიან საქართველოს მთავრობას, რომელსაც ასეთი იძულებითი
ძალა არ აქვს და მაშასადამე უძლურია ქართველ მხედრებში დაიცვას შესაფერი დისციპლინა
და მისდამი ლოიალური განწყობილება.
გამოდის რა ყველა ამ მოსაზრებიდან, მთავრობა ადგენს:
ა) პოლონეთის ჯარში მყოფი ქართველი ოფიცრები გადაირიცხოს სავსებით პოლონეთის შტაბის
სრულ განკარგულებაში, ისე რომ მათი სამსახურის მდგომარეობაში ჩვენი წარმომადგენელნი
არ ერევიან და არც რაიმე პასუხს აგებენ.
ბ) ხელს ვიღებთ რა ქართველ ოფიცერთა პოლონეთის სამსახურში
საქმეებში ჩარევაზე, ვიტოვებთ უფლებას დახმარება გაუწიოთ განსაკუთრებით უფროს ოფიცრებს
როცა ამას მოითხოვს მათი სამხედრო აღზრდის შეთანხმება საქართველოს მომავალი ჯარის ინტერესებთან. ამასთან მთავრობა თავისუფლებას იტოვებს მფარველობა
გაუწიოს ქართველ ოფიცრებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს.
გ)
გენ. ზაქარიაძე რჩება მთავრობის რწმუნებულად და განაგრძობს მთავრობის მიერ დაკისრებული
მოვალეობის ასრულებას.
ზემოთ
აღნიშნული დადგენილების გამო უნდა ეცნობოს პოლონეთის მთავრობას შემდეგი:
საქართველოს
ნაციონალურმა მთავრობამ თავის 30 ნოემბრის 1929 წლის სხდომაზე განიხილა პოლონეთის ჯარში მოსამსახურე
ქართველ ოფიცერთა მდგომარეობა და დაადგინა
შემდეგი: პოლონეთის მთავრობას გამოუცხადოს უღღმესი მადლობა იმ ნდობისა და ყურადღებისთვის
რომლითაც ის მოეპყრო ჩვენი მთავრობის რეკომენდაციას ქართველ მხედრების ჯარში მიღებისათვის
და იქ დარჩენისათვის.
ჩვენ იმედი გვაქვს ქართველმა სახმედროებმა სავსებით
გაამართლეს როგორც ჩვენი იმედები, ისე პოლონეთის სამხედრო შტაბის ნდობა და იმ შვიდი
წლის განმავლობაში მათ ღირსეული ქცევით დაიმსახურეს უფროსთა ყურადღება.
პოლონეთის სამხედრო შტაბი ამჟამად საკმაოდ კარგად
იცნობს ქართველ ოფიცერთა სამსახურის თვისებებს და ჩვენი განსაკუთრებული რეკომენდაციებს
არც შტაბი და არც ოფიცრების აღარ საჭიროებენ.
ამიტომ
მთავრობა ადგენს: პოლონეთის ჯარში მყოფი ქართველი ოფიცრები გთხოვთ გადარიცხოთ სავსებით
თქვენს ბრძანებულობაში, რომელთა სამსახურის საქმეებში ჩვენი წარმომადგენლობა არ ჩაერევა.
გენ.ზაქარიაძე რჩება თავის პოსტზე და აგრძელებს მთავრობის დავალების ასრულებას. მთავრობა
იტოვებს უფლებას მფარველობა გაუწიოს ქართველ ოფიცრებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს.
ქართული სამხედრო და პოლიტიკური ემიგრაცია პოლონეთში |
მთავრობის
დადგენილება სანამ საბოლოოდ დამტკიცდებოდა, მანამდე იმავე დღეს განხილულ იქნა მთავრობის,
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და სოციალისტური პარტიების დამოუკიდებლობის კომიტეტის
დელეგაციის გაერთიანებულ სხდომაზე. სხდომის
დასაწყისში , მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო მთავრობის დადგენილების
ბოლო რედაქცია. ევგენი გეგეჭკორმა კი მის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე ისაუბრა. მან
აღნიშნა, რომ საქმეში ორი მხარე იყო, კონკრეტული იცნიდენტი და ქართული ოფიცრობის 7
წლიანი ისტორია პოლონურ ჯარში. გამოძიების
მიზანი იყო დაედგინა ვინ აღძრა უფროს ოფიცერთა დათხოვნის საკითხი, პოლონურმა შტაბმა
თუ ზაქარიაძემ. გეგეჭკორმა დაადგინა, რომ ინიციატივა შტაბს ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ამბავი
დაინტერესებულმა პირებმა გაიგეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქმე გადაწყვეტილი არ იყო,
ამან ნერვიული ატმოსფერო შექმნა, დათხოვნის
შიში მოედოთ ოფიცრებს და ჭორებს დიდი გასავალი მიეცა. ამიტომ, ოფიცრებს სიმართლის აღარ
სჯეროდათ. ზოგადად კი მისი აზრით მდგომარეობა ძალზე უცნაური იყო, ოფიცრები ითვლებოდნენ
პოლონეთის სამსახურში და ემორჩილებოდნენ პოლონურ შტაბს, ამავდროულად კი ემორჩილებდონენ ზაქარიაძეს როგორც
მთავრობის წარმომადგენელს, რომელსაც მათზე უფროსობის არანაირი ადმინისტრაციული ბერკეტი
არ გააჩნდა. ეს გაორებული მდგომარეობა, ხელს
უწყობდა გაუგებრობას. ამიტომ საჭირო იყო, ზაქარიაძე
გაეთავისუფლებინათ ამ მოვალეობისაგან და ჯარი
მხოლოდ პოლონურ შტაბს დამორჩილებოდა.
ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ზაქარიაძეს დიდი ღვაწლი ჰქონდა ამ ოფიცრების მოწყობასა
თუ ზრუნვაზე. თუმცა მისი აზრით სჯობდა, ოფიცრების პოლონურ სამსახურში მოწყობის შემდეგ
აღარ ჩარეულიყვნენ მათ საქმეში, მაგრამ ამას ისევ მათი დახმარების მიზნით აკეთებდნენ,
მათ კი ეს არ დააფასეს. მისი თქმით არსებითად არც ჰქონდა მთავრობას უფლება ჩარეულიყო
მათსა და პოლონური შტაბის ურთიერთობაში, ისევე როგორც არ ერეოდნენ მაგალითად სიტროენის,
რენოსა და სხვა ქარხნებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ამბებში. მაგრამ ამას
აკეთებდნენ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონოდათ
სპეციალური სამხედრო ცოდნის გაფართოების საშუალება. ბოლოს ის დასძენდა, რომ ოფიცრებმა
ეს ვერ შეიგნეს და სხვა არაფერი დარჩენოდა პოლონური შტაბისთვის ეთქვათ: "ეს ხალხი
თქვენს სამსახურშია და მოეპყარით საერთო წესით.
ჩვენ არ ვერევით." ნოე რამიშვილმა
დაამატა, რომ მზრუნველობა არ უნდა მოეკლოთ ოფიცრობისთვის, მათი 2/3 მაინც გამოდგებოდა
საერთო საქმისთვის. ამიტომ ის ამბობდა, რომ დადგენილებაში ხაზი უნდა გასმოდა, იმ მომენტს,
რომ ეს ოფიცრობა საჭირო დროს ჩაბმული იქნებოდა საერთო საქმეში და ამ მიზნით მთავრობა
მათზე ზრუნვას გააგრძელებდა. აკაკი ჩხენკელი
გენერალ ზაქარიაძის როლს უარყოფითად აფასებდა. მისი თქმით გენერალს არანაირი წვლილი
არ მიუძღოდა, ოფიცერთა მოწყობის საქმეში, პირიქით მან კიდევ უფრო დააშორა ეს ოფიცრები
მთავრობას. ის ამბობდა, რომ ზაქარიაძე მიმდინარე მონეტშიც კი რეპრესიულ ზომებს იღებდა ორი ოფიცრის წინააღმდეგ,
ამიტომ მიუხედავად ზაქარიაძის თანამდებობიდან
ჩამოშორებისა, გამოთქვამდა ეჭვს რომ ის განაგრძობდა რეპრესიებს ოფიცერთა წინააღმდეგ.
იგი მტავრობას მოუწოდებდა, თუ უნდოდათ ქართველ ოფიცერთა გამოყენება დაენიშნათ ვინმე
სხვა ზაქარიაძის ნაცვლად, თუნდაც გენერალი ყაზბეგი ან ვინმე სამოქალაქო პირი. საბოლოოდ
სხდომამ, ცნობად მიიღო მთავრობის დადგენილება.
30 ნოემბერს მიღებული
დადგენილება 6 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. დადგენილება უნდა გაეგზავნათ
გენერალ ზაქარიაძისთვის, რომელსაც დადგენილება სახელმძღვანელოდ უნდა გამოეცხადებინა ყველა ოფიცრისათვის . დადგენილების საფუძველზე შემუშავებული მიმართვა
კი ეგზავნებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო ამ მიმართვის ასლი გენერალ
ზაქარიაძეს. თავის მხრივ მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება,
უკვე 14 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა მთავრობის,
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და სოციალისტური პარტიების დამოუკიდებლობის კომიტეტის
დელეგაციის გაერთიანებულმა სხდომამაც.
მთლიანობაში მიღებული
გადაწყვეტილება ერთგვარ შუალედურ ვარიანტს წარმოადგენდა და უფროს ოფიცერთა წრეში არსებული
მძაფრი დაპირისპირების განმუხტვას ისახავდა მიზნად. მართალია არც გენერალი ზაქარიაძე
და არც მისი მოწინააღმდეგე ოფიცრები არ დარჩენილან მიღებული გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულები,
მაგრამ მათ უსიტყვოდ მიიღეს მთავრობის გადაწყვეტილება და საკუთარი მხედრული მორჩილება გამოუცხადეს მას.
დიმიტრი სილაქაძე
ჩვეული პარტიული ინტრიგები და ჟინიანობა
ReplyDeleteუაღრესად ინფორმატიული, საგულისხმო და საინტერესო კვლევაა.
ReplyDeleteგმადლობთ, ბატონი დიმიტრი.