არჩილ ჯაჯანაშვილი (სოციალ-ფედერალისტი |
ყველას ძალიან კარგად ახსოვს ის საბედისწერო ჟამი, როდესაც ოსმალეთი საქართველოს შემუსვრას აპირებდა. ყველა ფრონტზე დამარცხებული ოსმალეთი კავკასიაში აპირებდა დანაკარგის ანაზღაურებას. მას იმპერიალისტური მადა გაეღვიძა, უკიდურეს პირობებში ჩაგვაყენა და გვაიძულა სამარცხვინო ზავის პირობებს დავყაბულებულიყავით. მაგრამ ოსმალეთი ამითაც არ დამკმაყოფილდა და ავატურისტულ გზას დაადგა, ხან ერთ კუთხეში მოინდომა აჯანყების მოხდება ჩვენს წინააღმდეგ, ხან მეორე კუთხეში. აი,
სწორედ მაშინ მოიწვია საქართველოს მთავრობამ გერმანია და ამ უკანასკნელის მფარველობით დაიხსნა ხალხი ფიზიკური განადგურებისა და აოხრებისაგან.
ყველას ძალიან კარგად ახსოვს რანაირი პანიკა იყო შექმნილი
მაშინ, როდესაც ოსმალეთის ჯარი და თათართა ბრბოები ტფილისს უახლოვდებოდნენ. მაშინ ყველა,
ვინც კი საქართველოსთან დაკავშირებული არ იყო, ვინც კი მწარედ არ განიცდიდა ტანჯვას
იმ უბედურების გამო, რომელიც ქართველ ხალხს თავს უნდა დასტეხოდა, ტფილისიდან გარბოდა,
მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.
იმ დროს, როდესაც ლტოლვილთა ავტომობლები, ეტლები და
ურმები გრძლად გაიჭიმა სამხედრო გზაზე, - საქართველოს ეროვნული საბჭო ფრეილინის ქუჩაზე
უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის საკითხს სწყვეტავდა. მაშინ გადაწყდა პირველად საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაშინ ჩაეყარა საფუძველი ასის წლის მონობისაგან გათავისუფლებულ
საქართველოს.
მაშინ ამ აქტს მაინცა და მაინც დიდი წინააღმდეგობა არავინ
გაუწია. ერთი მეორეზე დიდმნიშვნელოვანი ამბები ისე ზიედიზედ მისდევდა ერთმანეთს, გათამამებული
ოსმალეთი ისე ახლოს იდგა საქართველოს დედაქალაქთან, რომ რატომღაც სათანადო ყურადღება
არ მიაქციეს ამ აქტს საქართველოს მტრებმა. ამიერკავკასიის საზავო მოლაპარაკებების გამართვა
ოსმალეთთან, ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამიერკავკასიის დაშლა და საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადება - ყველაფერი ეს ისეთის ელვის სისწრაფით მოსდევდა ერთი
მეორეს, რომ მტრები გონს ვერ მოვიდნენ.
რამდენადაც მეტად მტკიცდებოდა და ღრმავდებოდა ჩვენი
დამოუკიდებლობა, იმდენად უფრო მწვავდებოდნენ
ჩვენი მტრები და ირაზმებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მათ
ეგონათ და ახლაც ჰგონიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ დეკლარაცია
იყო, გამართული ვიღაცის მოსატყუებლად. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, როდესაც
დარწმუნდნენ, რომ საქართველომ მხოლოდ დეკლარაცია კი არ განაცხადა, მართლა ჰსურს თავისი
დამოუკიდებლობის განმტკიცება და სახელმწიფოებრივი კავშირის გაწყვეტა რუსეთთან - როდესაც
ამაში დარწმუნდნენ დაიწყეს აშკარა განგაში ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ბევრს
ადგილას აჯანყების მოხდენაც კი მოახერხეს.
ორნაირს მოტივს ვამჩნევთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს:
1) მუქარას და 2) მტკიცებას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად არსებობა არ შეგვიძლიან, არ შეგვიძლიან
სახელმწიფოებრივი მექანიზმის შექმნა.
მუქარა, რასაკვირველია. საბუთი არ არის. თუ რუსეთში
მონარქიული წეს-წყობილება დამყარდა, მოინდომა საქართველოს დამოუკიდებლობის ბარბაროსულად
განადგურება და ამის წინააღმდეგ პროტესტი არ განაცხადა ევროპამ, - რასაკვირველია იგი
შეძლებს და საქართველოს გასრისავს. ეს იქნება აქტი უსუნდისო ძალადობისა და ძალადობის
წინააღმდეგ უფლება უძლურია. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროპა, რომლის წინაშეც წარსდგება
პატარა, თავისუფლების მოყვარული ერი, დახმარებას გაუწევს მას და დიდი ერებისა და სახელმწოიფოების
ჩასაწყლაპად არ გახდის. ხოლო თუ ევროპამ უზრუნველჰყო ჩვენი დამოუკიდებლობა ვეღარც რუსეთი
გაბედავს აგრესიული ნაბიჯების გადადგმას.
. . . რაიცა შეეხება მეორე საბუთს, ეს კი შეიძლება სადაო
გახდეს, ხოლო არა ჩვენთვის, არამედ რუსეთისათვის. ვინც იტყვის საქართველოს დამოუკიდებლად
არსებობა არ შეუძლიან, მას ვერ შეუძლიან სახელმწიფოს შექმნაო, იმან ამით ისიც უნდა
სთქვას, რომ სახელმწიფოს შექმნა ვერ შეუძლია დემოკრატიას. მართალია ჩვენი მტრები არიან, მაგრამ გვგონია მტრებსაც მოეთხოვებათ ობიექტურობა
ერის ნიჭის დაფასებაში. და თუ ჩვენ ამ თვალსაზრისით შევხედავთ ჩვენს ერს, უფლება არ
გვაქვს ის ისეთ უნიჭო ერად დავსახოთ, რომელიც ვერავითარ პირობებში, მაშინაც კი, როდესაც
ომი გათავდება და ჩვენი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება, თავის სახელმწიფოებრიობას
ვერ შექმნის. ჩვენ ვიცით, რომ ამისთანა აზრის არიან ზოგიერთი ქართველებიც. მაგრამ ეს
უმეტესწილად გადაგვარებული ქართვლები არიან, აღზრდილნი გადაგვარებულ ატმოსფერაში, რომელთაც
დაჰკარგიათ იმედი და სასოება საქართველოს აღდგენისა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ხელი
მოჰკიდა დემოკრატიამ, თვით ხალხმა.
ჩვენს მომავალს უიმედოდ, ჩვენს ძალღონეს სკეპტიკურად
დღეს მხოლოდ გადაგვარებული, გათახსირებული და მონურ ატმოსფერაში აღზრდილი ელემენტი
უცქერის.
დემოკრატია კი, რომელიც ხალხთან არის შესისხლხორცებული,
იმედიანად უცქერის მომავალს, სრული იმედი აქვს თავისი ძალღონისა, თუ რასაკვირველია,
გარეგანმა უხეშმა ძალამ ძალით არ ჩაჰკლა ჩვენი დამოუკიდებლობა. თუ თავი დაგვანებეს
და თუ ამოგვასუნთქვინეს ჩვენ შევძლებთ ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას და ხალხსაც
განვითარების გზაზე გამოვიყვანთ.
ამრიგად, ჩვენს უნიჭობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჩენ
გვაქვს საკმაო პოტენციური ძალა, ძალა დაგროვილი ათასი წლის კულტურული ცხოვრებით, რომელიც
ჩვენი ნიჭის საკმაო გარანტიად უნდა ჩაითვალოს. ჩვენს ერს ზურგზე ათასი წლის კულტურა
ჰკიდია და ეს გარემოება რამეს უნდა ექუბნებოდეს იმას, ვინც ჩენს უნიჭობაზე დაიწყებს
ლაპარაკს.
და თუ ამ ნიადაგზე არ გავდგებით, მაშინ იძულებული გავხდებით
აღვიაროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება არ შეგვძლებია მხოლოდ იმიტომ,
რომ მას ანხორციელებს დემოკრატია. რუსეთში დღემდის მონარქიული წეს-წყობილება იყო, ეხლა
კი ბლშევიკური ვაკხანალიაა. უნდა ვიგულისმოთ, რომ
ხვალ იგი ისევ მონარქიულ წეს-წყობილებას დაუბრუნდება. მტრებიც კი იძულებულნი
არიან აღიარონ, რომ რუსეთის ყოფილ ტერიტორიაზე საქართველო ერთად-ერთი კუთხეა, სადაც
ჯერ კიდევ შეიძლება ცხოვრება და ნორმალური განვითარება, სადაც ჯერ არ მომკვდარა რევოლუცია
და თავისუფლება ამ სიტყვის ნამდვილის და არა ანარქიულის მნიშვნელობით. საქართველო ერთადერთი
კუთხეა, სადაც რევოლუციით მოპოვებული თავისუფლებანი
სახელმწიფოებრივ, უფლებრივ, ჩარჩოებში ყალიბდება და ქვეყანა უპასუხისმეგბლო პირთა სათარეშო
მოედნად არა ხდება ეს მხოლოდ საქართველოს დემოკრატიის ნიჭსა და სახელმწიფოებრივი სააღმშებლო
უნარს უნდა მიეწეროს.
მართალია ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მართალია
ჩვენს მთავრობასაც ბევრი შეცდომა მოსდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს
სახელმწიფოებრიობას განსაკუთრებულ პირობებში ეყრება საფუძველი. ჩვენ ოთხი წლის ომის
შემდეგ გვიხდება სააღმშენებლო დადებითი მუშაობა. ნუ დაგვვავიუწყდება, რომ სახელწმიფოებრიობის
შექმნა, სახელმწიფო აპარატის განახლება ჩვენ გვიხდება ოთხი წლის ომის შემდეგ გვიხდება
სააღმშენებლო დადებითი მუშაობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ სახელმწიფოებრიობის შექმნა,
სახელმწიფო აპარატის განახლება ჩვენ გვიხდება ოთხი წლის ომის შედეგების ლიკვიდაციის
ხანაში. ამ ომმა აშენებული და გამართული სახელმწიფოები დაანგრია ნუ თუ უნდა გაგვიკვირდეს,
თუ ჩვენ ახალის შექმნა ვერ მოვახერხეთ ასე მალე და ისე კარგათ, როგორც ეს დამშვიდებულსა
და უფრო ხელსაყრელ პირობებში შეიძლება? რა ტქმა უნდა არა.
ყველა ზემოდთქმულის შემდეგ ჩვენ მხოლოდ ერთი დასკვნა
შეგვიძლიან გამოვიყვანოთ: საქართველოს შეუძლიან დამოუკიდებლად ცხოვრება და იცხოვრებს
კიდეც. მხოლოდ ამისთვის საჭიროა დაცული იყოს ორი პირობა: საჭირო აქ ჩვენი დამოუკიდებლობა
უზრუნველყოფილი იყოს ევროპის მიერ და შიგნით მოღალატენი და დეგენერატები არ გამოჩდნენ,
რომლებიც რამემოსაზრებით დემოკრატიის ღალატს ჩაიდებენ გულში და კვლავ გაიწევენ იქითკენ,
სადაც მონარქისტული წეს-წყობილების აღდგენას მოელიან.
დღევანდელ პირობებში საქართვეკლოსკენ გაიწევს საქართველოს
ან ბოლშევიკი ან მონარქისტი. დემოკრატიული წეს-წყობილების გულწრფელი მეგობარი კი საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების ნიადაგზე
დადგება და ჩვენს განმანთავისუფლებულს საქართველოს ისევ ყვავ-ყორნების საგლეჯად არ
გახდით.
საქართველოს დიდი კულტურული მომავალი აქვს. მდიდარი
და ლამაზი ქვეყანა თავისუფლებისმოყვარული ერით - აი, რა არის საქართველო და ჩვენ არავითარი
საბუთი არა გვაქვს არ ვისურვოთ, რომ იგი მუდამ თავისუფალი იყოს, მუდამ ლაღადა გრძნობდეს
თავს და მტკიცე ნაბიჯით მიდიოდეს იქითკენ, საითკენაც მიდის მთელი კულტურული კაცობრიობა.
ამიტომ ტყუილად იმედოვნებენ სხვადასხვა ჯურის ნაციონალისტები,
თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ვოდევილია, რომელიც დემოკრატიამ წაითამაშა
პოლიტიკური ტრაგედიის შემდეგ. არა! საქართველოს დამოუკიდებლობა მართლა სასიხარულო მოვლენაა.
მართალია იგი უდიდეს სიტკბოებას აგრძნობინებს ყველას, ვისაც კი სამშობლო უყვარს, მაგრამ
იგი მაინც ვიდევილი არ არის და ღრმა პოლიტიკური მოვლენა, ღრმა პოლიტიკური განცდა და ეს ჯერ შეუძლიან დაინახოს დაინახოს მხოლოდ იმას,
ვისაც მხოლოდ ერთი სამშობლო ჰქონია: სამშობლო მპყრობელი, სამშობლო მჩაგვრელი, სამშობლო
ტირანული. დაჩაგრული და დამონებული სამშობლოს შვილი კი უდიდეს სიხარულს განიცდის და
არც ასე ადვილად დაუთმობს ვისმეს თავისი მშობელი ერის თავისუფლებას.
არჩილ
ჯაჯანაშვილი
გაზ. „სახალხო საქმე“, N358, 1918 წლის
16 ოქტომბერი
No comments:
Post a Comment