Tuesday, 7 February 2017

სახელმწიფო გერბის შესახებ კანონ-პროექტის განხილვა საქართველოს ეროვნულ საბჭოში




თავმჯდომარე (ნიკოლოზ ჩხეიძე): შემდეგი საკითხი გახლავთ ღერბის შესახებ.
კონ. მაყაშვილი: (დამოუკიდებელ უპარტიოთა კავშირი.): ბატონებო, ეროვნულ საბჭოს წევრნო! შიშით და კრძალვით ამოვედი ამ ტრიბუნაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მე იმ ვექილის მდგომარეობაში ვიმყოფები, რომლის კლიენტსაც სასჯელი მოელის და ეს სასჯელი წინასწარ გადაწყვეტილია ზოგიერთის მიერ.
ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები დავიცვა საქართველოს სპეტაკი რაინდი, თეთრი გიორგი ყველა ბრალდებისაგან, რომ იგი მხოლოდ წმინდა არის და სპეტაკი რაინდი.
საქმის არსებითად გარჩევამდე, საჭიროდ ვსთვლი შევეხო მოკლედ გერბის საკითხის ისტორიას.
გერბის საკითხი დაიბადა ჩვენს მთავრობაში ამ ორი თვის წინად, ქართული ფულის შემოღების იდეასთან ერთად. მაშინ ქართულ ფულზე საჭირო იყო რაიმე  ემბლემის გამოსახვა. ამიტომ მოიწვია მთავრობამ  მცოდნე პირები: მხატვრები, პროფესორები და მათთან ერთად შეუდგა ამ საკითხის განხილვას.
აზრების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ამ მცოდნე პირებმა ერთხმად სცნეს, რომ საქართველოს გერბზე უნდა იყოს გამოსახული თეთრი გიორგი, შვიდ მნათობებით.  მაგრამ მთავრობის უმრავლესობა იმჟამად არ დაეთანხმა იმათ და დაადგინა, რომ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკის გერბზე უნდა იყოს გამოსახული განმანთავისუფლებელი ამირანი. ამისთვის კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ ეს კონკურსი არ შესდგა, რადგანაც ჩვენ მხატვრების უმრავლესობას ძალიან ეუცხოვა განთავისუფლებულ ამირანის გერბზე გამოსახვა და კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს.
ამის შემდეგ გერბის საკითხი გადავიდა კომისიაში. აგვისტოს ხუთში შესდგა ამ კომისიის კრება, რომელსაც დაესწრნენ ფინანასთა და განათლების მინისტრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბ. ხოშტარია, ბ. ექვთიმე თაყაიშვილი, პროფესორი ჯავახიშვილი და კომისიის წევრნი: ბ-ნნი არსენიძე, აბაკელია, ამირეჯიბი და აგრეთვე წუწუნავა, შარაშიძე და სხვები. ამ კრებაზე კომისიამ მოისმინა ვრცელი, დასაბუთებული მოხსენება პრ. ჯავახიშვილისა. მცირე თათბირის შემდეგ, ერთხმად დაადგინა, რომ ქართულ გერბზე იყოს გამოსახული თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. ეს გადაწყვეტილება კომისიისა ეცნო ფრაქციებს და მთავრობას.
იმის შემდეგ ამ საკითხის გარშემო ასტყდა ერთი ალიაქოთი, ერთ ფრაქციიდან მეორეში გადავიდა და დღემდის არა ეშველა რა. და აი დღეს ეს საკითხი, სწორი და ხვეული გზით მოსული თქვენს წინაშე დგას და თქვენს მსჯავრს ელის.
მე ახლა შევეხები კომისიის პოზიციას, რომელსაც იგი ადგა იმ დროს, როცა ამუშავებდა ამ გერბის საკითხს. მე ბევრს არაფერს ვიტყვი ამაზე. იყო წარმოდგენლი რამდენიმე პროექტი, განთავისუფლებულ ამირანზე, შემდეგ მიჯაჭვულ ამირანზე, კიდევ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტები, სხვადასხვა პირები, ზღაპრებიდან ამოღებული მხეცები, რაში, ფრთოსანი რაში და სხვ.
რადგანაც ამირანის გამოსახულება გერბზე აღარ პოულობს მომხრეებს, რადგანაც გეროლდიკის მხატვრებმა და მცოდნეებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლებელია ამირანის გამოხატვა გერბზე, მე გადავალ პირდაპირ მეორე გმირზე, სპეტაკ რაინდზე, თეთრი გიორგი.
თეთრი გიორგი . . . ალბათ თქვენ გაგირბენთ აზრი თავში, რომ იგი მაინცა და მაინც წმინდანი არის და მაშასადამე არ ივარგებს გერბისთვის. თქვენთან ერთად არც მე ვარ მომხრე, რომ ქართულ გერბზე იყოს გამოსახული რაიმე ქრისტიანულ მოძღვრების სიმბოლო. თქვენთან ერთად მეც მიკვირს რად დასჭირდა შვეიცარიას ჯვრის გამოხატვა თავის გერბზე. ჩვენ, მადლობა ღმერთს, კლერიკალების ხანა განვლეთ უნდა მივესწრაფოდეთ სინდისისა და სარწმუნოების სრულ თავისუფლებისაკენ. ამის და მიუხედავად, მე მაინც მომხრე ვარ თეთრი გიორგისა და აი რატომ:
ფაბულა თეთრი გიორგისა, როგორც მოგეხსენებათ, არ ეკუთვნის საქრისტიანო ეპოქას. ძველიდანვე უმთავრეს ღვთაებად ყოველი საქართველოს ტომი თვლიდა მთვარის ღვათაებას. ქრისტემ დაამხო წარმართთა ღვთაებები, მაგრამ ვერა გააწყო რა უმთავრეს ღვთაებასთან. მან რასკვირველია, ცოტა ნაკლები ხარისხით, მაგრამ მაინც შეინარჩუნა თავისი არსებობა, თეთრი გიორგის სახით. ხალხმა არ დაუთმო ქრისტიანობას თავისი საყვარელი მფარველი და გმირი. და არამც თუ არ დაუთმო, ისეთი გატაცებით და პატივისცემით  გარს შემოეხვია, რომ ყველა ქრისტიანულ წმინდანებზე და თვით ქრისტე ღმერთზე მაღლა დააყენა. რით აიხსნება ის განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული გიორგისადმი? ხალხში წარმოდგენილი აქვს წმინდა გიორგი, როგორც მცველი, გულშემატკივარი, თუ დიდებული მფარველი მთაში მეცხვარისა და ბარად მშრომელ მიწადმოქმედ ხალხისა. თეთრი გიორგი შველის  ყველა გლეხკაცს ცხოვრებაში, ყველა წვრილმანებში. იგი აფრთხილებს, რჩევას აძლევს, იფარავს არა მარტო მავნე და სხვა არსებისაგან, არამედ თვით შურისმაძიებელ ღმერთისგან და ქრისტიანობის წმინდანებისაგან. იგი შუამავალია ღმერთისა და ადამიანის შორის და ამ შუამავლობაში იგი მხარს უჭერს ადამიანს, ნამეტნავად დაბეჩავებულ ადამიანს, დაჩაგრულ გლეხკაცს.
. . . თუ მაღალმა სასულიერო კასტამ, სასულიერო არისტოკრატიამ გამოასხივნა ღმერთი შურის მაძიებელი, მკაცრი დამსჯელი. მართალმა ხალხმა, დემოსმა, გამოიგონა თავისი მფარველი, კეთილი, გულშემატკივარი ქვრივ-ობლის შემნახავი, თეთრი გიორგი. ამით აიხსნება ის პატივისცემა, ის სიყვარული, რომელსაც უკმევს თეთრ გიორგის ყველა ქართული ტომი, განურჩევლად სარწმუნოებისა . . . კიდევ გავიმეორებ: თეთრი გიორგი საეკლესიო წმინდანი არ არის ამ სიტყვის ნამდვილ შინაარსით. ჩვენი საქმე ახლა არის აღვადგინოთ წინანდელი პირველი სახე მისი. იგი ჰკარგავს იმ ატრიბუტებს, რომელიც შემდეგ მას მიეცა სასულიერო კასტის მიერ. დავისახოთ, ისე როგორც იგი იყო უხსოვარის დროიდან დღეს დღეობამდე ქართველ ხალხის სასოებით. ჩვენ ამით არ ვუღალატებთ არც ისტორიას, არც ჩვენ ერს. ამ ერთ საუკუნეში საქართველომ დაჰკარგა თავისი გამოსახულება. დღეს ჩვენ საქართველო აღვადგინეთ, მაშასადამე უნდა აღვადგინოთ ჩვენი თეთრი რაინდი, რომ ვამცნოთ ქვეყანას, რომ საქართველო დღეს კი არ დაიბადა, არამედ დიდი ხანია სცოცხლობს.
      კომისიის აზრით, უნდა იყოს გამოსახული თეთრი გიორგი და აგრეთვე შვიდი მნათობი, რომელიც გამოახული იყო დროშაზე და სხვადასხვა ძველ სახელმწიფოს რეგალიებზე. უნდა ავღნიშნო, რომ 7 მნათობი და მთვარე 7 მთავარ თემების და სამმართველოების, გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლო, თავისთავად ლამაზია.
გვგონია, რომ ამას ექმნება ერთგვარი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგანაც ერთი ამ მნათობთა შორის, მთვარე ნიშნავს შეერთებულ საქრისტიანო და სამაჰადიანო საქართველოს. სიმბოლოა იგი შეერთებისა.
            ფონტაზიას საზღვარი არა აქვს, რა თქმა უნდა, კარგის გამოგონა ბევრი რამისა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ გამოგონება ვერაფერს ეტყვის ჩენ გულსა და სულს. ამის გარდა უცხოელი ვერაფერს გამოიკითხავს იმაში. საეჭვო თვალის ძებნაში არ დავკარგოთ ჩვენ ჩვენი ძვირფასი ობოლი მარგალიტი.
            ვტოვებ ამ კათედრას იმავე შიშით, მაგრამ რა თქმა უნდა მცირე ოდენის იმედით, რომ საქართველოს პირველი პარლამენტი დემოკრატიის მიერ შეჰქმნილი, მხარს დაუჭერს, ხალხის, დემოსის მფარველს, მის მშვენიერ სპეტაკ რაინდს, თეთრ გიორგის და მის სახელს დაგვისახავს საქართველოს გერბზე.
            თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საბჭოს წევრს ირაკლი წერეთელს.
ირაკლი წერეთელი (სოციალ-დემოკრატი) - ბატონებო, გერბის საკითხზე მსჯელობა მეტად გაგრძელდა.
            სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში არ არსებობს ამ გერბის შესახებ სრული ერთსულოვნება და რადგან ფრაქცია არ სთვლის გერბის საკითხს დიდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხად, ამიტომ მან გადაწყვიტა მისცეს თავის წევრებს თავისუფალი ხმის უფლება თავის აზრის გამოსათქმელად (ტაში).
            ჩვენ ვფიქრობთ რომ სხვა ფრაქციებიც ამ თვალით შეხედავენ საკითხს და ის, რის შესახებაც შეთანხმება ვერ მოხდა, გადაწყდება ხმის უმეტესობით ამ კრებაზე. მაგრამ მე მსურს რამდენიმე სიტყვით დავასაბუთო ის შეხედულება, რომელზედაც იდგა სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა. ბატონმა მაყაშვილმა შეცდომით სთქვა, რომ ამირანის მომხრე არ არსებობს. სწორედ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის უმრავლესობა საქართველოს გერბისთვის საუკეთესოდ თვლის ამირანის გამოსახულობას.
            ჩვენ ვფიქრობთ, რომ გერბის საკითხი ორგვარად შეიძლება დაისვას სახელმწიფოში: ისე, როგორც საქართველოს მოუხდა, სტიქიურად მიღება ამა თუ იმ სახელწმიფოს გერბისა.
            მეცნიერთაგან ჩვენ გაგვიგონია თუ როგორ წარმოიშვა სხვადასხვა სახელმწიფოში ღერბი. ჩვენ დავინახავთ, რომ იქ სადაც სახელმწიფო სტიქიურად, ხალხის შეუგნებლად მოქმედებდა, ის იქ სტიქიურად ხდება ესა თუ ის გამოსახულება სახელმწიფოს გერბად.
            რომელიმე მძლავრი ოჯახის წმინდა გამოსახულება, როდესაც ეს ოჯახი სახელმწიფოს სახით დაეპატრონებოდა ქვეყანას - ეს გამოსახულება ხდებოდა შეუგნებლად სახელმწიფოს გერბად. ასე შეიქმნა ჩვენი ისტორიული გერბი, რუსეთისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოებისა.
            მაგრამ არის მეორე გვარი პროცესი სახელმწიფოს გერბის შექმნისა და მაშასადამე, ამ სახელმწიფოს ემბლების მიღებისა. როდესაც მთევლი ქვეყანა თავის გერბად აცხადებს ამა თუ იმ გამოხატულებას, ეს არის შეგნებითი წარმოშობა სახელმწიფო გერბისა და შეგნებით დასურათხატება ამ გერბისა.
            ჩვენ ვიცით, რომ ხალხის მოწინავე ნაწილის შეგნებით და მიზნისათვის აღსდგა ძველი საქართველო. ტრადიციის აღდგენა ძველი საქართველოსი სწორედ იმიტომ არის მიუღებელი გერბის მხრივ, რომ არსებითად, როდესაც ჩვენმა ხალხმა მოისურვა და მოახერხა დამოუკიდებელ საქართველოს აღდგენა და საკუთარ სახელმწიფოს დაარსება, ის ხელმძღვანელობდა არა წარსულის აღდგენის სურვილით, არამედ სრულ ახლა ნიადაგზე ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ახალი ტრადიციის დამკვიდრებით. ეს ის ხანაა ჩვენს ცხოვრებაში, რომლის, მაგალითს იშვიათად წარმოადგენს ისტორია. მხოლოდ დიდი რევოლუციის დროს, როდესაც მთელი ხალხი აღფრთოვანებული იყო ახალი სახელმწიფოს იდეით, მხოლოდ ასეთ დროს გამოსჭედავს ხალხი ხალხის სახელმწიფოს და სახელმწიფოებრივ ემლემას შეგნებით და არა სტიქიურად.
            და ჩვენ რომ დღევანდელ სახელმწიფოს წარმოშობას დავუკვირდებით, ჩვენ დავინახავთ უდიდეს მაგალითს. სწორედ ხალხის შეძლებაა, რომ თვის ბედს გამოსჭედავს და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ  სახელმეიფოს გერბში გამოიხატოს ხალხის დღევანდელი ნამდვილი მდგომარეობა და ხალხის სულის სწრაფვა.
            კლერიკალური ღერბი, როგორც აქ განაცხადა ბატონმა მაყაშვილმა, ხალხისთვის მიუღებელია. ამას გრძნობს თვით ბატონი მაყაშვილი, მაგრამ იგი მაინც ამბობს: წმინდა გიორგი არის თეთრი გიორგი. წმინდა გიორგი წარმოსდგა იმ გიორგისგან, რომელიც კერპთაყვანისმცემლობის დროს იყო და ამიტომ ეს ღერბი არ არის რელიგიური ღერბიო.
            ჩვენ ვიცით რომ . . . ყველა წმინდანი, რომელნიც ქრისტიანულმა საყდარმა მიიღო არ დაბადებულა ქრისტიანობის დროს. ყველა მათგანი კერპთაყვანისმცემლობის დროს იშვა. შემდეგ საქრისტიანო ეკლესია უპირველეს ყოვლისა შეეცადა დაენგრია ეს კერპები, მაგრამ

როცა ვერ შეძლო, მაშინ ეს კერპები მონათლეს და დაარქვეს ქრისტიანობის სახელი. მხოლოდ ამ სახით მისაღები გაჩდა საქართველოში წმინდა გიორგი. წმინდა გიორგის და თეთრ გიორგის ერთი და იგივე გენეოლოგია ისეთივე ძველია, როგორც სხვა წმინდანებისა. ხალხის წარმოდგენაში, თეთრი გიორგი, რომელიც მიიღო ან და სულიერად გარდაქმნა, არის იგივე წმინდა გიორგი.
            ამიტომ, ვინც ამბობს, რომ კლერიკალური გერბი შეუფერებელია ჩვენს სახელმწიფოსათვის, მათ უნდა ლოღიკურად იმსჯელონ და პრაქტიკულად უარჰყონ თეთრი გიორგი. მე ვიცი, ბევრი იცინის, რომ თეთრი გიორგი და წმინდა გიორგი სხვა და სხვა არის და ერთი და იგივე არ არისო. მე მგონია, რომ ეს სიცილი უცოდინარობის მაჩვენებელია.
            მე მგონია, აქ ძალიან განათლებული ოპოზიცია გვყავს, მათაც იციან გენეოლოგია წმინდანებისა სხვა და სხვა ხალხის კერპთაყვანისმცემლობის დროის გადმოცემებიდან, ისინი აღმოაჩენენ თვითვეულ დღის ქრისტიანულ წმინდანს კერპთაყვანისმცემლებში. მაგრამ თუ მაინცა და მაინც სიცილის შეუძლიათ, მგონია სხვა მიზეზით, რომ მათ არაფერი აქვთ თეთრ გიორგის წინააღმდეგ და კიდევ უფრო არაფერი აქვთ წმინდა გიორგის წინააღმდეგ. (ვეშაპელი: წითელ გვარდიამ მოითხოვა საქართველოს დროშა თეთრ გიორგით) ბატონო? (ვეშაპელი იმეორებს) რაც შეეხება წითელ გვარდიის მოთხოვნილებას, კიდევ კარგია, ბატონი ვეშაპელი ერთხელ მაინც უწევს ანგარიშს წითელ გვარდიის მოთხოვნილებას, მაგრამ უნდა მოვაგონო ბატონ ვეშაპელს, რომ წითელ გვარდიის საუკეთესო წარმომადგენლები ჩვენთან ერთად მსჯელობდნენ ამ გერბის შესახებ და სწორედ იმათ ამირანს დაუჭირეს მხარი. და თუ თქვენ წითელ გვარდიის აზრი საბუთად გამოგადგებათ ამ საკითხის გადაწყვეტაში შეგიძლიანთ მისცეთ მათ ამირანის დროშა (ვეშაპელი: ტუაფსეს ფრონტიდან) დიახ! ტუაფსეს ფრონტზეა წითელ გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი, რომელიც თავგამოდებით იცავს სწორედ ამირანს.
            ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გადავწვიტოთ ეს საკითხი იმის და მიხედვით თუ რა შეეფერება ხალხის სურვილს.  და მე არაფერი მექნება წინააღმდეგ იმისა, თუ მთელი ეროვნული საბჭო მოისურვებს ამ კითვის ისე გადაწყვეტას, თუ რას იტყვის წითელი გვარდია. მე პირადად არაფერი მაქვს ამის წინააღმდეგ (რ. ივანიცკი: თუ დიდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი არ არის?). პოლიტიკური საკითხი თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, რომ გარკვეულად წარმოსდგეს სხვა და სხვა აზრი ამ საკითხზე  და საბჭომ მიიღოს ის, რაც სწორედ გამოხატავს ხალხის სურვილს. რასაკვირველია, კარგია დიდ მნიშვნელოვან საკითხების სწორე გადაწყვეტა, მაგრამ მეორე ხარისხის საკითხები, რომ სწორედ გადავწყვიტოთ სჯობია, ვიდრე შემდეგ არეული გზით ვიაროთ.
            მე ვფიქრობ ბატონებო, რომ ამირანი გამოხატავს სწორედ და სავსებით გადმოგვცემს ჩვენი ხალხის დღევანდელ მსგომარეობას და მისწრაფებას. ყველა დამახასიათებელი თვისების ჩვენი სახელმწიფოს წარმოშობისა ამ მითში გამოხატვა ჩვენ არ შეგვიძლიან.  ძლევამოსილ რაინდათ გამოვხატოთ ჩვენი სახელმეიფოს წარმოშობის მომენტი, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა სწორედ განიცადა ბევრი სასოწარკვეთილება და ბევრი თავის უდიდეს მისწრაფებაში დამარცხებული გამოსგა სწორედ იმ დროს, როდესაც თავისი საკუთარი სახელმწიფო დაარსა. და დღეს ისეთ ნაბიჯს ვსგამთ, რომლის გამართლება არც თანამედროვე კაცობრიობის წინაშე არ შეგვიძლიან, თუ ხელს დავაფარებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ დავუთმოთ ჩვენს მტრებს ამა თუ იმ საკითხში, ჩვენ სახელმწიფოს აშენების დროს - ჩვენი ხალხის საუკეთესო ნაწილი, ის რომელიც მიისწრაფვის თავისუფლების მოპოვებისაკენ, არა მარტო თავისთვის, არამედ მთელ კაცობრიობისათვის, აი ეს არის აღმშენებელნი ჩვენის სახელმწიფოისა. სწორედ იმიტომ, რომ უდიდეს საკაცობრიო სოციალისტურ იდეალებს ემსახურება გარშემორტყმულია ყვავ-ყორნებით, შავი მოსისხლე მტერი გულს უფლეთავს, ებრძვის და სწორედ ამისთანა შავ ძალებს ჰსურს იმდენად დასაჯონ იგი, რომ ამ სახელმწიფოს თავისუფლება მოსტაცონ და ჩაუქრონ ზეციური ცეცხლი საკაცობრიო თავისუფლებისაკენ მისრაფებისა.
            . . . ჩვენი მდგომარეობის გასაგებად უნდა დავხატოთ ის მომენტი, როცა მტრებს იერიშები მოაქვთ ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ ნახევრად ვმოქმედებთ, ხოლო ჩვენი მისწრაფება არის მიმართული სრულ თავისუფლებისა და სიმართლისაკენ.
            ივანიცკი (მდგომარეობა რომ შეიცვლება?)
            თუ მდგომარეობა შეიცვლება ბატონებო, იცოდეთ, რომ სახელმწიფოს ემბლემა, ჩვენი ღერბი გამოხატავს იმ მომენტს, როდესაც სახელმწიფო წარმოიშვა და მდგომარეობა თუ შეიცვლება ჩვენი ხალხის თავდადებულ მოღვაწეთა მეოხებით, ეს ღერბი ჩვენს მომავალ თაობას სასიქადულო ემბლემად ექნება იმისა, როდესაც მისი მამები აშენებდნენ თავისუფალ სახელმწიფოს და მთელი თავისი არსებით სრული თავისუფლებისაკენ მიისწრაფოდნენ, მაგრამ იმევე დროს ათას მტერს იგერიებდნენ. და აი ეს მომენტი - ჩვენი სახელმწიფოს წარმოშობა-შექმნისა, იქნება განხორციელებული იმ ემბლემაში, იმ ღერბში, რომელსაც ჩვენი ხალხი თავის საბრძოლველ ემბლემად აღნიშნავს. აი ამიტომ ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ სავსებით გამოხატული იყოს სასულიერო მისწრაფება ჩვენი ხალხისა. მისი ობიექტური მდგომარეობა - იმ დროს, როცა შენდება ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენი პარტიული დროშა, ჩვენი პარტიული ღერბი დღეს სახელმწიფოს მიეცეს; როდესაც დროშაზე იყო ლაპარაკი ჩვენ საერთოდ ხაზგასმით ავღნიშნეთ, რომ ერთია ჩვენი პარტიული დროშა და მეორე ჩვენი სახელმწიფო დროშა. როცა სოციალისტური სახელმწიფო დამკვიდრდება ჩვენ საზღვრებში, ჩვენ ფარგლებში, უსათუოდ ჩვენი პარტიული დროშა აფრიალდება სახელმწიფოს სახელით. (ტაში).
            დღეს ამირანის დროშა გამოხატავს არა მარტო ჩვენი ხალხის სოციალისტურ ნაწილის მისწრაფებას, არამედ ყველა იმ ნაწილის მისწრაფებას, რომელიც სრულ თავისუფლებისთვის იბრძვის და რომელსაც ისე, როგორც სოციალისტებს, გზას უბორკავს გარეშე და შინაური შავ-ბნელი ძალა. და როდესაც ამირანის გამოხატულებას მივცემთ ჩვენ ღერბს, ის გამოისახება მთელი ჩვენი ხლახის დემოკრატიულ ნაწილის სულიერი მისწრაფება და მისი დღევანდელი მდგომარეობა.
            ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამირანს და ჩვენ ვფიქრობთ: რომ გახვიდეთ ხალხის იმ ნაწილში, რომელიც დღეს თავგანწირვით იბრძვის, იმ სახალხო გვარდიაში, რომელზედაც აქ ბ. ვეშაპელმა ბრძანა და რომ უთხრათ: ჩვენი საქართველო, პატარა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, გულდაფლეთილი, როგორც ამირანი, მიისწრაფვის სრულ თავისუფლებისაკენ და თუ ჯერ ეს თავისუფლება ჯერ ვერ მოუპოვებია - იმიტომ რომ ძლიერნი არიან მტრები, რომელნიც მას დასევიან და ამ მტრებს იგერიებს და ორი ხელი თავისუფალი არა აქვს. ისინი დაინახავენ თავის ნამდვილ მდგომარეობას, ნამდვილ მისწრაფებას, ყველა სხვა სურათი, და განსაკუთრებით, მე ვამბობ, ისეთი ძლევამოსილი გმირის სურათი, რომელმაც უკვე თავისი სიძლიერით სძლია ყოველი დაბრკოლება - ეს სურათი არ იქნება დღევანდელ მდგომარეობის ისეთი სწორი გამომხატველი, როგორც ის მიჯაჭვული ამირანი, რომელსაც ერთი ხელი აუშვია და მხნედ ებრძვის მტერს.
            როდესაც ვეტყვით ჩვენს ამხანაგებს, მსოფლიო პროლეტარიატის საუკეთესო ნაწილს, და მთელ მოწინავე საერთაშორისო პროლეტარიატს, რა მდგომარეობაში ვართ და რისთვის ვიბრძვით, და თუ ჯერ სრულიად ვერ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, - ეს იმიტომ, რომ მძიმე პირობებში ვართ, გარშემორტყმული ვართ მტრებით და ჯერ ვერ მოვიშორეთ შავი ყორნები, რომენიც შიგნით და გარეთა გვყავს, - ამით ისინი გაიგებენ, გაითვალისწინებენ და ეს სურათი დაუბადებს უფრო ნამდვილ ცნობას, თანაგრძნობას და ნდობას ჩვენ დემოკრატიულ ნორჩ რესპუბლიკისადმი, ვიდრე ისტორიული ტრადიციით აღდგენილი სურათი, რომელიც არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენ მდგომარეობას.
            ამიტომ ჩვენი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის უმრავლეოსობა ვემხრობით ამირანის გამოხატულებას.
            . . . ეს მითი ამირანის შესახებ, რომელიც ცეცხლისთვის იბრძვის, გავრცელებულია მთელ კაცობრიობაში და გავრცელებულია მთელს ჩვენ ხალხში; . . . რადგან ეს სურათი სწორად გამოხატავს ჩვენ მდგომარეობას, მისწრაფებას, ჩვენს შეხედულებას - უნდა გახდეს ჩვენ რესპუბლიკის საბრძოლველ გერბად.
            . . . გრ. ვეშაპელი (დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატი) . . . ფრაქციის აზრი ამ საკითხში არის სახელმწიფოებრივი, ე. ი. ჩვენ ვიცავთ იმ ტრადიციას, რომელიც აქვს საქართველოს.
            ჩვენ დღეს კი არ გაგვიგია, რომ ჩვენს სახელმეოფოს ტრადიცია არა აქვსო. ამას წინათ, ბატონმა ჟორდანიამ, რომელმაც სადიქტატორო მოღვაწობიდან დაისვენა, მოხსენება დასწერა საქართველოს კონსტიტუციისა და იქ ბრძანა, რომ „საქართველო  დღეს არის tabula raza“ (სუფთა ფიცარი), რასაც გინდა იმას დასწერ, რადგან იგი არ არის შებოჭვილი არც ნაციონალური სახელმწიფოებრივი იდეოლოგიით, არც სახელმწიფო ტრადიციით“. ჩვენ ცოტა სხვანაირად ვფიქრობთ: თქვენ ეჭვი არ დაგბადებიათ ჩვენი სახელმწიფოს  სახელწოდებაში და დამოუკიდებლობის შემდეგაც ამ ახალ სახელმწიფოს უწოდეთ ნამდვილი სახელი საქართველოს სახეწლმწიფოსი - საქართველო. მეორე, თუ გნებავთ ის დროშა, რომელიც თქვენ აქ დააკანონეთ და მესამე ის გერბი, რომელიც ეხლა უნდა დააკანონოთ; აი, ეს სამი ტრადიცია მაინც აქვს საქართველოს ისეთი, რომელიც არ შეიძლება რომ უარყოფილ იქმნეს; . . . თუ ისე ვიმსჯელებთ, როგორც ბატონი ირაკლი წერეთელი მსჯელობს, თუნდაც მთელ მის მჭერმეტყველებით, მაშინ ძალიან ძნელი იქნება იმის დამტკიცება, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ შეუცვალეთ სახელწოდება და ძველი სახელი, საქართველო, დაურჩინეთ.
            . . . ჩვენი მეცნიერნი და მცოდნენი ამტკიცებენ, რომ აქ ყოფილა სახელწმიფო გერბად თეთრი გიორგი (ფერზე ვერაფერს ვიტყვი, მოგვახსენებენ თეთრი იყოვო). აქ კი მოგვახსენებენ, რომ ღერბი უნდა შევქმნათ დღევანდელ საქართველოს მიხედვით. შეიძლება ზოგიერთ ჰგონია, რომ გიორგის გერბი სამეფო გერბი იყოს. ეს გაუგებრობაა. უნდა მოგახსენოთ, რომ ბაგრატიონთა ღერბი არის სულ სხვა. ასე რომ, ჩვენი რესპუბლიკანური სვინდისი უნდა დამშვიდებულ იყოს, როცა გიორგის ვაკანონებთ რესპუბლიკის გერბად. ასეთი ასოციაციები თუ ვინმეს აქვს, უნდა გაბათილებულ იქმნეს.
            ჩვენ გვეუბნებიან ისეთი გერბი უნდა დავხატოთ, ისტორიულად დავასურათხატოთ ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა საქართველოშიო. ჩვენ გვეუბნებიან ასეთი ღერბისთვის შესაფერისი იქნება ამირანი, იგივე პრომეთე. ირ. წერეთლის აზრით, ეს იქნება სიმშილი იმ გაჭირვებისა, იმ ტანჯვისა, რომელშიც დაიბადა საქართველოს რესპუბლიკა და რომელშიაც გვიხდება ჩვენ ბრძოლა ურიცხვ მტერთან. ჩვენ, ნაციონალისტებს მაინცა და მაინც არ მიგვაჩნია საუკუნებრივ მოვლეთ, სასოწარკვეთილების მოვლენად, რომ ასე ვიტიროთ.
რასაკვირველია, საქართველო შენდება დიდის  შეცდომებით, დიდის დაგვიანებით, რომ ვიხმაროთ თქვენი სიტყვები. შეიძლება ეს ხდება ობიექტური მიზეზების გამოც, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც შენდება და როგორ გინდა აიძულოთ საქართველო და შემდეგ პარლამენტი და დააკანონოთ ის გერბი, რომელიც გამოხატავს კრიზისს, ტანჯვას, უიმედობას. ამირანი არის სიმბოლო მიჯაჭვული გმირისა . . . ის იტანჯება.
           
ამირანი რომ გავხადოთ ჩვენს სახელმწიფო გერბად, ჩვენ გვეშინიან აქ არ იყოს ჩართული ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას სამწუხარო მოვლენად სთვლიდა და ასეთ ეპისტოლეს სწერდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული ცენტრალ კომიტეტს.



            და კიდეც, რომ მოხდეს ასეთი დაკანონება, რაც ფსიხოლოგიურად არ შეეფერება ჩვენს სახელმწიფოს, როგორ გნებავთ დაჰფარონ ეს ჩვენმა მეზობელ სახელწიფოებმა, თუნდაც იქ, საიდანაც ჩვენ ფულის სესხებს მოველით. ასეთი სახელმწიფო . . . ვერ დაიმსახურებს თანაგრძნობას, რომ აი ასეთი გერბი უარყოს და მის მაგივრად თავის ფულზე გამოხატოს მიჯაჭვული ამირანი.
            ჩვენ ამირანის სახელმწიფო გერბად დაკანონება ერთგვარ პოლიტიკურ აქტად მიგვაჩნია.  უმრავლესობა, რომელიც აშენებს ჩვენს სახელმწიფოს სულ სხვა პერსპექტივებს განიცდის ამ იძულებით საქმის დროს. საერთოდ კი ტანჯვის კილოს შეტანა, რომელიც აიძულებს ბატონ ირ. წერეთელს სწორედ ტანჯული ადამიანი გვირჩიოს სახელმწიფო გერბად მე მიმაჩნია ერთგვარ პოლიტიკურ ავადმყოფობად; . . . მე კიდევ გავიგებდი, რომ აქ საბჭოს უმრავლესობის პარტიიდან მოგვესმინა ოპტიმისტური პესიმიზმი და არა ასეთი იკიდურესი პესიმისტური. ამ შემთხვევაში ბატონი ნოე ჟორდანია ოპტიმისტურ პესიმისტების წყებას ეკუთვნის. ნოე ჟორდანია ქართველი ხალხის მისიას იმაში ხედავს, რომ იგი სოციალიზმს განახორციელებს კავკასიაში, მაშინ როდესაც ირაკლი წერეთლის პესიმისტობა იმდენს არაფერს კარგს არ მოელის საქართველოსგან. ყოველივე შავად არის შეღებილი მისთვის; . . . თუ თქვენ ხალხის ფსიხოლოგიას მისდევთ და ანგარიშს უწევთ იმას, თუ რას ფიქრობს ხალხი, თუ თქვენ გინდათ დღევანდელ მდგომარეობის მიხედვით ყველაზე პოპულარული გერბი გამოიგონოთ, გარწმუნებთ, რომ ამირანი არ ივარგებს. დღევანდელ ქვეყნის ანარქიულ მდგომარეობას და ყაჩაღურ-ტერორისტულ ინსტიქტების გაბატონებას ყველაზე უფრო არსენა ოძელაშვილი შეჰფერის, ან და რომელიმე მისი ანტიპოტი იმერეთში;  . . . რაც შეეხება გიორგის ჩვენ ვიცავთ მას, როგორც ტრადიციას. ჩვენ ხალხს ეს ჰქონდა სახელმწიფო გერბად და გერბადვე უნდა დარჩეს.
            ამბობენ, რომ ქართველ ხალხისთვის თეთრი გიორგი წმინდა გიორგი იქნება და წმინდა გიორგის კი, როგორც კლერიკალურ სიმბოლოს ქართველი ხალხი არ მოიწონებსო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მაქვს ხელთ ის ნომერი „ერთობისა“, სადაც ეწერა ტუაფსეს ფრონტის წითელ გვარდიის მოთხოვნილება. ტუაფსეს ფრონზე ყოფილა თათბირი. სამხედრო მინისტრს მიეცა წინადადება, რომ ჯილდოს საკითხი გადაეწყვიტათ და აი წითელგვარდიელები იტყობინებიან: ჩენ ჯვარი და მენდლები არ გვინდა. მთელს რაზმს ერთი რევოლუციური დროშა გამოუგზავნეთ შესაფერისი წარწერით მთავრობისაგან და წმინდა გიორგის ლენტით ნიშნად გმირობისა. არ ვიცი რა აზრისაა ამაზე სარდალი, შეიძლება ის სხვა წარმოდგენისაა, მაგრამ როგორც ხედავთ თვით რაზმში არის ასეთი გიორგოფობები ყოფილან.
            საქართველოს სახელმწიფოს ტრადიციული ღერბი რომ გიორგია ეს რუსეთის ძირითად კანონებშიც იყო დაწერილი, ის სადაც რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილთა ღერბებია აღწერილი. და ეს მარტო რუსეთში კი არა, მთელს ევროპაში იციან, სადაც საქართველოს სახელი „გეორგია“-თ ითარგმნება. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოებრივ ტრადიციას და გთხოვთ, გირჩევთ ნუ გვიღალატებთ და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც შევირჩინოთ ეს ტრადიცია და თეთრი გიორგი ჩვენს სახელმწიფო გერბად დავაკანონოთ.
            თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საბჭოს წევრს ფაღავას.
            აკაკი ფაღავა (სოციალ-ფედერალისტი): ბატონებო, თავიდანვე, როდესაც ეს საკითხი დაისვა, ჩვენს ფრაქციაში პრონციპად იქნა მიღებული ის თავისუფალი ხმის მიცემა, რომელიც დღეს სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ მიიღო, მაგრამ დიდმა უმრავლესობამ ჩვენი ფრაქციისა მაინც მხარი დაუჭირა თეთრი გიორგის ღერბს, ყველა იმ მოსაზრების გამო, რომელნიც თქვენ აქ მოისმინეთ.
            ბ. ირაკლი წერეთელს, მაინც და მაინც ამირანი უნდა იმისათვის, რომ ის დღევანდელ მდგომარეობას გამოსახავს. მე ვიტყვი: ეს ხანა წარმავალია. ჩვენი სურვილი ხომ არ არის, რომ მუდამ ამ ყოფაში დავრჩეთ. ჩვენი მისწრაფება, ჩვენი სურვილი არის ერთხელ მაინც განვთავისუფლდეთ ასეთ მდგომარეობიდან. როდესაც ეს სანეტარო ჟამი საქართველოს, ქართველ ხალხს და ქართველ დემოკრატიას დაუდგება, ეს ემბლემა დაჰკარგავს თავის აზრს. მე კი მგონია, რომ  ღერბის ემბლემა არის და უნდა იყოს, უფრო მარადიული. ვინაიდან ეს ემბლემა ჩვენ ხალხს მოსდევს ძველი დროიდან, საუკუნეებიდან, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმას და ეს მარადიული ემბლემა უნდა განვაგრძოთ მომავალში.
            აქ არის იდეა ბრძოლისი სიკეთისა, სინათლისა - ბოროტებასთან. და ეს იდეა, ეს აზრი მუდამ დარჩება, ვიდრე არსებობს კაცობრიობა. შემდეგში, როდესაც თავისუფლება დამკვიდრდება, ეს აზრი, ეს ემბლემა მაინც დარჩება, ვინაიდან ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა მერმისისათვის;  . . . ჩვენ მოვახდინეთ რევოლუცია, ესეიგი გარდავქმენით ცხოვრება. იგივე უნდა მოვახდინოთ ემბლემის საკითხში. ჩვენ გვინდა გარდავქმნათ იგივე გიორგი: საქარისტიანო ხანაში გიორგის გაუკეთეს ჯვარი, შარავანდედი და სხვა ატრიბუტები. დღეს სხვა ხანაში ვართ, სხვა იდეები, სხვა დრო არის. ჩვენ მას სატანადო გამოსახულებას ვაძლევთ. დღეს რჩება ის, რაც ქრისტიანობასთან დაკავშირებული არ იქნება.
            . . . დავხედოთ ესტეტიური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ გიორგის გამოსახულება შეიქმნას, ვიდრე ამირანისა, რადგან ისტორიული ტრადიციის მიხედვით, გამოსახულება თეთრი გიორგისა მჭიდროთ არის ქართველ ხალხთან და
ქართველ დემოკრატიასთან ფსიქოლოგიურად დაკავშირებული, ვინაიდან ეს უფრო მარადიული ემბლემა არის, ესტეტიურად უფრო დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან ჩვენი პირობების წყალობით რომლებშიაც ვარსებობთ, ისტორიულის, გეოგრაფიულის, რიცხვით, ჩვენი სიცოტავის და სხვა და სხვა პირობების გამო, ჩვენ ვიყავით, ვართ და მომავალშიც მებრძოლ ერად დავრჩებით. ჩვენ განსაკუთრებული ბრძოლა გვჭირდება. ჩვენს ისტორიაში არ გვაქვს არც ერთი ისეთი დიდი ხანა, როდესაც ბრძოლიდან დასვენებულები ვყოფილიყავით. უეჭველია, დღესაც და მომავალშიაც დაგვჭირდება და უკეთეს ემბლემას ღერბისა, ემბლემას ბრძოლისას ვერ წარმოიდგენთ გარდა თეთრი გიორგისა. ყველა ამ მოსაზრების გამო უმრავლესობა სოციალ-დემოკრატების ფრაქციისა მხარს უჭერს თეთრი გიორგის გამოსახულებას, შვიდი მნათობით, როგორც ემბლემას განახლებულ საქართველოსი, დამოუკიდებელ რესპუბლიკისა.
            . . . თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლორივ განხილვაზე? არავინ.  გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
            კ. მაყაშვილი (კითხულობს).
            საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი სახელმწიფო გერბი.
            თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? არავინ. პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.
            კ. მაყაშვილი (კითხულობს მეორე მუხლს).
            გერბზე უნდა იყოს გამოსახული თეთრი გიორგი და შვიდი მნათობი.
            თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა, რომელიც კომისიამ წარმოადგინა? ვის ჰსურს ამ მუხლზე ლაპარაკი? არავის. კამათი მოსპობილ არის.
            ირ. წერეთელი. შეიძლება წაიკითხოთ შესწორება? (ხმაურობა).
            თავმჯდომარე. კენჭს უყრი საერთო კანონ-პროექტს.
            ირ. წერეთელი. რეგლამენტის დარღვევის გამო.






            თავმჯდომარე: მოგცემთ სიტყვას, როცა გადავალთ . . . ვინ არის წინააღმდეგი?  . . . (ხმაურობა). აი საქმე რაში გახლავთ. მე არ ვიცი რა აქვს სახეში საბჭოს წევრს წერეთელს, როცა ჰსურს სიტყვა მიიღოს რეგლამენტის დარღვევის შესახებ. ამის შემდეგ რა საკვირველია, სიტყვას მოგცემთ, მაგრამ აქ არის მეორე წინადადება, რომ იყოს არა გიორგი, არამედ ამირანი. ეს აქ ავტორს შესწორებათ მიაჩნია, ეს შესწორება კი არა, ეს უარყოფაა კომისიის წინადადებისა. ამის მიხედვით კენჭი უნდა ვუყარო, თუმც ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ რადგანაც ორი საკითხია კენჭი უნდა ვუყარო მეორე წინადადებას. ვინ არის მომხრე იმ წინადადების, რომ მეორე აზრი იყოს მიღებული? მეორე წინადადება, ესეიგი ამირანი უარყოფილი არის. (ხმაურობა, თავმჯდომარე რეკს ზარს). უკაცრავად ბატონებო, საბჭოს წევრნო. მე პირველად ვუყარე კენჭი კომისის აზრს და მოხდა ასენაირად, რომ ვერ დასთვალეს კარგად ხმების რაოდენობა. ამიტომ გთხოვთ ასწიოთ ხელები და გააჩეროთ. (ვეშაპელი: მიჯაჭვეთ. მაჩაბელი: ფეხზე ადგომით). ვერ გიბედავთ ბატონებო, თორემ დიდი დიამოვნებით. გთხოვთ აბრძანდეთ ვინც მომხრე არის ამირანისა. (ქვესტორს) გთხოვთ დაითვალოთ ვინ არის წინააღმდეგი ამირანისა.
            შეიძლება ვინმემ თავი შეიკავა: გთხოვთ აბრძანდეთ (დგებიან ნუცუბიძე და ფირცხალავა). ამ რიგად, ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ შედეგი ამ კენჭის ყრისა.
            გიორგიმ მიიღო 33 ხმა, წინააღმდეგ გიორგისა აღმოჩნდა 17. ორმა შეიკავა თავი. ამირანის მომხრე აღმოჩნდა 16, ხოლო მოწინააღმდეგე 34. ამ რიგათ გაიმარჯვა გიორგიმ. (ხმები: გაუმარჯოს გიორგის!).
            ვინ არის წინააღმდეგი მთელ კანონპროექტის? ამ რიგად კანონპროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. ეხლა კრებას ვხურავ.
            კრება იხურება 4 საათსა და 25 წუთზე.


            1918 წლის 17 სექტემბერი

No comments:

Post a Comment