Monday, 16 January 2017

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გვიყვარდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921)

1. მრავალსაუკუნოვანი ხვეწნის, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოხერხდა ის, რომ ევროპა, რუსეთის გვერდის ავლით შემოვიდა საქართველოში.
2. დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბელგიის მოქმედი იუსტიციის მინისტრი; ქართული დიპლომატია თავის მომავალს არკვევდა არა გარსევან ჭავჭავაძისა და პოტიომკინის შეხვედრებზე, არამედ კარლო ჩხეიძის შეხვედრებზე ლოიდ ჯორჯთან, სტეფან პიშონთან, ჟორჟ კლემანსოსთან; წერეთლის შეხვედრებზე კერზონთან. საბახტარაშვილის შეხვედრებზე ფრანჩესკო ნიტისთან და სხვ.
3. მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ, პირველად წარმოიშვა ერთიანი ქართული სახელმწიფო. არა სამეფო "რანთა და კახთა......", არამედ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
4. 1864 წელს ფორმალურად დასრულდა ფეოდალიზმი, რომელიც (ნადელები და სხვ.) რაღაც ფორმებით რესპუბლიკის გამოცხადებამდეც კი არსებობდა. ამ დროს ერმა შვა პოლიტიკური ელიტა, რომელმაც სადღაც რუსეთის პერიფერიაზე, დიდწილად წერა-კითხვის უცოდინარ საზოგადოებაში სრული სერიოზულობით განიზრახა დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება!
5. ამ რესპუბლიკამ შემოიტანა და წარმატებით დანერგა ისეთი უცნაური, ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვისაც კი ნაადრევი კატეგორიები, როგორიც იყო საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი და სხვა მრავალი.
6. რესპუბლიკამ, გაეროს დამფუძნებელი დოკუმენტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის არარსებობისა და ჯერ კიდევ იმპერიალისტური საერთაშორისო სამართლის პირობებში, რუსეთისა და თურქეთის აგრესიის წინაშე მდგომმა, ბლოკადისა და ომიანობის ქარცეცხლში მოახერხა ეკონომიკური და ინსტიტუციონალური პირველობა რუსეთის ყოფილ იმპერიაში.
7. რესპიბლიკამ, არაერთი წარმატებული ომის ხარჯზე, შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა. მოახერხა და არ დათმო: სამუსულმანო საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლორე, ზაქათალის ოლქი. დასავლეთში, ხშირად, ქართველთა ქმედებებს იმპერიალისტურ ამბიციებსაც კი უწოდებდნენ.
8. საერთაშორისო ასპარეზზე, ფაქტობრივად არარსებული ბიუჯეტის პირობებში, პოლიტიკურმა ელიტამ, პროპაგანდისა და დიპლომატიური მუშაობის მეშვეობით, გაიტანა საქართველოს სახელი. საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. დაუკვირდით, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს არ მიუღიათ ასეთი აღიარება. საქართველო აღიარეს ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად. უფრო მეტიც, ერთა ლიგაში საქართველოს წევრობას მხარი დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ხოლო ესტონეთისა და ლატვიის წევრობას ხუთმა სახელმწიფომ. ამ კონკრეტულ მომენტში, გეოგრაფიასაც კი მოუგო დაუღალავმა პოლიტიკურმა მუშაობამ.
9. პირველ რესპუბლიკაში სრულიად უნიადაგო იყო რუსეთთან კოლაბორაციონისტული, კაპიტულანტური დამოკიდებულება. პოზიციურ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ელიტას ცალსახა კონსენსუსი ჰქონდა ამის თაობაზე. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგაც კი, ციხეები გატენილი იყო ბოლშევიკი აგენტებით. ამ კონსენსუსის დასტური არის ისიც, რომ საგარეო პოლიტიკა მთლიანად დელეგირებული იყო ოპოზიციაზე. ემიგრაციული პერიოდისაგან განსხვავებით, ეროვნულ ინტერესთა სფეროში სრულიად ადეკვატურად თანამშრომლობდა პოზიცია, ოპოზიცია, გენერალიტეტი და სხვ.
10. თითქოსდა სოციალურმა რევოლუციამ, ქართული ნაციონალიზმის შეფერილობა მიიღო. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჯარში, სასამართლოში აიკრძალა რუსული ენა. დაიწყო ქართულ სახელმძღვანელოებზე, ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. ვისაც აღარ ახსოვდა მანაც ხელახლა დაიწყო ქართულის სწავლა. ამის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებობას აგრძელებდნენ სკოლები და ნოყიერი ნიადაგი არსებობდა მათი კულტურული განვითარებისთვის.
კიდევ ბევრი მიღწევის ჩამოთვლა შეიძლება და თუ სურვილი გექნებათ, კომენტარებში განავრცეთ სია.

ჩვენი მიზანი არის:
1. თავი დავაღწიოთ ბოლშევიკების მიერ დაწყებულ და შემდეგ 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროს გაგრძელებულ ყალბ ნარატივს.
2. ნუ გადავწერთ ისტორიას, გავითავისოთ ზემოთ, პუნქტებად ჩამოწერილი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ მამათა მიღწევები.
3. მივხვდეთ, რომ ჩვენ პირველი რესპუბლიკის არამართო სამართალ, არამედ იდეოლოგიური მემკვიდრეები ვართ. მათი მიზნები არის დღეს ჩვენი მიზნები, მათ ჩაუყარეს დეკოლონიზაციასა და დასავლეთისკენ სვლას საფუძველი. მათ დაიწყეს იმ ინსტიტუციათა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, რომელსაზ ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად ჩვენ ვაშენებთ.
4. სიმბოლიკაში, ისტორიოგრაფიაში, ცნობიერებაში, თარიღებში სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი პირველი რესპუბლიკა. გავაკეთოთ ეს ისე, როგორც ბალტიის რეგიონის სამი სახელმწიფო აკეთებს.
5. 26 მაისი ყველაფერ ზემოთქმულის აღნიშვნის, დაფასების დღესასწაულად ვაქციოთ!
ვინც "პირველრესპუბლიკელელები" ვართ, ყოველდღე ვიცხოვროთ იმისათვის, რომ ეს მიზნები ასრულდეს, თითო-თითო ქართველი "გადავიბიროთ", მიუდგომელი სამეცნიერო აზრი შევქმნათ ქართულ ისტორიოგრაფიაში, პოლიტიკოსებამდე მივიტანოთ ის ამბავი, რომ ქუჩების სახელწოდებებში, მათ გამოსვლებში, საზღვარგარეთ შეხვედრებში რაც შეიძლება ხშირად ფიგურირებდეს პირველი რესპუბლიკა!

ბექა კობახიძე

2 comments:

  1. მიჭირს დავეთანხმო თქვენს მოსაზრებას პირველი, მეორე და ასე შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკების შესახებ, ვინაიდან; 1921 წლის 21 თებერვლის საქართველოს კონსტიტუცია, მისი მე-10 მუხლის მიხედვით, 1990 წლის 9 მარტის საქ: სსრ დადგენილებიდან „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“ და 1991 წლის 9 აპრილის „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტიდან გამომდინარე,“ დღემდე ძალაშია და სავალდებულო შესასრულებლად ყველასათვის საქართველოში... ამიტომ, იურიდიულიად, არსებობს საქართველოს ერთად ერთი რესპუბლიკა, რომელის დამოუკიდებლობაც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს.... ჩვენი მოვალეობა არის, ვაიძულოთ საქართველოს დღევანდელი ფაქტიური ხელისუფლება გამართოს საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შესაბამისად ხოლო ამ კონსტიტუციის შესაბამისად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე, ამ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანეს საქართველოში დღეს მოქმედი ნორმატიული აქტები!!!

    ReplyDelete
  2. 1920 წელი, გაფორმდა რუსეთს და საქართველოს შორის განსაკუთრებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გადმოგვეცა ყველა ის მიწა, რომელსაც ფლობდა ცარიზმის რუსეთი, მე-14 საუკუნის შემდგომ არ გვქონია ამხელა მიწა და ასეთი ერთიანობა, დე იურე აღიარება, ცნობა და მილოცვა 1921 წლის 6 თებერვლისთვის 21 ქვეყნის მიერ მოხდა, ხოლო 1921 წელს 21 თებერვალს შეიქმნა მუდმივმოქმედი კონსტიტუცია, ანუ ყველა მიწა რაც გვაქვს ამ ჟამად "ოკუპირებული და ანექსირებული ოთხივე მეზობლის მიერ არის კონსტიტუციური და არა ისტორიული.
    1921 წელის 25 თებერვალს შემოვიდა 4 ქუეყანა (ოსმალეთი, საბჭოთა აზერბაიჯანი, საბჭოთა სომხეთი, საბჭოთა რუსეთი) ჩუენს დასაპყრობად და არა მარტო "კრასნი არმია", ვერ მოგვერეოდა, რადგან მთელი ქუეყანა იბრძოდა, ეს როგორ მთელი ქუეყანა იკითხავს მკითხველი? ეს იმიტომ მკითხველო, რომ ქუეყნის ქონებისა და ბიუჯეტის ნახევარი გადასცეს ხალხს, ათასობით მიცვალებულია დასაფლავებული, ისე ახლახანს გამოჩნდა გურიაში 15-17 წლამდე ბავშები ჩამარხულნი ერთად.

    101 წელია, რაც დაპყრობილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დაუცველია იურიდულად და არის კონტრიბუტორი, ანუ მეხარკე, რატომ? იკითხავს მკითხველი, როდესაც დაამხეს მკითხველო, ევრონული მთავრობა, და მოვდინენ ბანდ-ფორმიერებები ქუეყნის სათავეში, საქართველო შეიყვანეს გაეროში, როგორც საბჭოთა სამართლამეკმკვიდრე ქუეყანა, მისი დაშლის შემდგომ წარმოქმნილი, ანუ გაგვიუქმეს 3500 წლოვანი სახელმწიფოებრიობა და შექმნეს ახალი საქართველო, უფრო სწორედ საბჭოთა საქართველო, რომლის ასაკიც 30 წელია.

    აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921-1934 სამართალმემკვიდრე ემიგრაციული მთავრობა, რის საფუძველზეც იბერები, კოლხები, ანუ სრულიად ქართველები აღვიდგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და გაეროს ჰააგის საერთაშორისო სასამათლოს (სამხედრო ტრიბუნალის), ევრო სტრუქტურების და ევრო სასამართლოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის და საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით ყველაფერს უკანონო სამხედრო ოკუპაცია-ანექსიით ერთი საუკუნის მანძილზე წართმეულს და მითვისებულს.

    ReplyDelete