Thursday, 2 March 2017

ეროვნულ უმცირესობათა როლი საქართველოში



       „კავკაზსოკე სლოვო“ ფრიად საყურადღებო საკითხს ეხება - ეროვნულ უმცირესობათა როლს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ მუდამ იმ აზრისა ვიყავით, და ახლაც იმ აზერისა ვართ, რომ  საქართველო, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, არასოდეს ეროვნულ უმცირესობათა დევნის ასპარეზად არ უნდა გადაიქცეს და ვერც გადაიქცევა, როგორი აზრისაც არ უნდა ვიყოთ ეროვნულ
უმცირესობათა  პოლიტიკური წრეების  მოქმედების შესახებ. რაც უნდა უარყოფით არ ვექცეოდეთ მათს ხშირად ანტისახელმწიფოებრივსა და, მაშასადამე, ანტიდემოკრატიულ მოღვაწეობას, ჩვენ მაინც არასოდეს არ დავივიწყებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი, როგორც მასსა არ შეიძლება პასუხისმგებლად ჩავსთვალოთ მათი ხელმძღვანელობის შემცდარი ნაბიჯებისა.
   ჩვენ ეროვნულ უმცირესობათ მხოლოდ ერთ მოთხოვნას ვუყენებთ და ეს ჩვენი მოთხოვნა კატეგორიული ხასიათისაა: მათ უნდა იცნონ ჩვენი დამოუკიდებლობა, წინააღმდეგიც რომც იყვნენ ამ დამოუკიდებლობისა. ვთხოულობთ ამას იმიტომ, რომ  არ შეგვიძლიან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობის - ქართველი ხალხის - ინტერესი, რაიცა ამ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში გამოიხატება, მსხვერპლად შეეწიროს ეროვნულ უმცირესობათა  პრობლემატურსა და საეჭვო ღირსების ინტერესებს. ამაზე შორს ჩვენი მოთხოვნები არ მიდის. საქართველოს შიგნით ჩვენ ასეთისავე დაჟინებით მოვითხოვთ  ისეთს პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა  ყოველნაირი ეროვნულ-კულტურული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ იქნება მიმართული.
            მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლიან არ ავღნიშნოთ ყოვლად შემცდარი აზრი „კავკაზსკოე სლოვო“-სი ეროვნულ უმცირესობათა როლის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში.
            „კავკაზსკოე სლოვო“-ს ორი დებულება მოჰყავს: ერთი დადებითი ხასიათისაა, მეორე უარყოფითი. ეროვნულ უმცირესობათ შეეძლოთ საქართველოს დამოუკიდებლობა დაერღვიათ, მაგრამ ეს არ მოისურვეს და ამით დიდი სამსახური გაუწიეს საქართველოსო. ეს პირველი დებულებაა. ეროვნული უმცირესობანი რომ მეამბოხეებად არ გადაიქცნენ ამას „კავკაზსკოე სლოვო“ მათ დიდის ღირსებად და პლიუსად უთვლის. ეროვნულ უმცირესობათა მეორე ღვაწლი იმაში გამოიხატა, რომ თავიანთი დადებითი მუშაობით ხელი შეუწყვეს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
          ჩვენ არავითარი განძრახვა არა გვაქვს საქართველოს ყველა ეროვნული უმცირესობა ერთს ტაფაში მოვაქციოთ, მაგრამ მაინც უნდა ავღნიშნოთ, რომ „კავკაზსკოე სლოვო“-ს არც ერთი და არც მეორე დებულება სინამდვილეს არ შეეფერება.
         ამბოხებათა მოხდენის დროს ნათლადა სჩანდა, რომ  ამბოხებანი განსაკუთრებით იმ ადგილებში იკიდებდა ფეხს, სადაც ეროვნულ უმცირესობათა ერთგვარი უკმაყოფილების გაღიზიანება შესაძლებელი ხდებოდა. დუშეთის აჯანყების დროს ახალხო გვარდია არა ერთსა და ორს სომეხსა და რუს პროპაგანდისტს წააწყდა მაზრაში, ამასთანავე ერთად ისეთს პროპაგანდისტს, რომელთაც პირველად უხდებოდათ ყოფნა და მოქმედება ამ რაიონში, ყველამ ძალიან კარგად იცის რა ედო სარჩულად ცხინვალის აჯანყებას და როგორ ჰსურდათ ესარგებლათ ოსების ბოლშევიკური სულიერი განყობილება ზოგიერთს ისეთს ელემენტს, რომელსაც არსებითად ბოლშევიზმთან არაფერი საერთო არა აქვს.
უეჭველია ბევრს რამეს საყურადღებოს აღმოაჩენს ძეგვის ხიდის აფეთქების ისტორიაც. ეს პროცესი ალბათ შუქს მოჰფენს ზოგიერთი წრეების მუხანათურ მოღვაწეობას. დღესაც, თუ საქართველოს მთავრობის სააღმშენებლო მუშაობის წინ ათასნაირი დაბრკოლება ეღობება, ამის სათავე უნდა მოვძებნოთ იმ ელემენტებში, რომელთაც პრინციპიალურადაც კი არა ჰსურთ შეურიგდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
საქართველოს მთავრობამ, მართალია მოახერხა და სძლია ანარქია, მაგრამ სძლია მხოლოდ საკუთარის ძალღონით და სძლია წინააღმდეგ იმ ელემენტების სურვილისა, რომლებიც ასპარეზს ანარქისტული გამოსვლებისთვის უმთავრესად ეროვნულ უმცირესობათა შორის ჰპოვებენ.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ნახევარი წლის თავზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც ცხინვალის ავანტურამ და ვერც სომხის საზოგადოების ერთი ნაწილის კეკლუცობამ ბოლშევიკებთან, რომელიც რასაკვირველია, იდეური ნათესაობით არ შეიძლება აიხსნას, თავის მიზანს ვერ მიაღწია და ჩვენმა მტრებმა ეროვნული უმცირესობანი ვერ გამოიყენეს საქართველოს საწინაარმდეგო ძალად. მაგრამ ამის ცდა რომ ხშირად იყო, ამის დანახვა მხოლოდ ბრმას არ შეუძლია. თუ დღეს „კავკაზსკოე სლოვო“ წინააღმდეგს ამტკიცებს, ეს ალბათ იმითა აიხსნება, რომ მას ჰსურს დავიწყების სუდარა გადააფაროს იმ შავ-ბნელ მუშაობას, რომელიც რომელსაც ეროვნულ უმცირესობათა სახელით აწარმოებდნენ ჩავენი დამოუკიდებლობის მტრები და პოლიტიკური ავანტურისტები.
ჩვენ არ გვინდა ბოროტება დიდხანს დავიხსომოთ. ჩენც სიამოვნებით დავიწყებას მივსცემთ წარსული დროის ყოველგვარ შეცოდებას ჩვენი მტრებისას, თუ დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ ხაზი მათი მოქმედებისა შეიცვლება და დადგება დრო საქართველოს ყველა ერთა ძმური თანამშრომლობისა საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად სამოქალაქო თავისუფლებათა ნიადაგზე.
                       
გაზ. „სახალხო საქმე“, N405, 1918 წლის 11 დეკემბერი
           


No comments:

Post a Comment