Monday, 6 March 2017

საქართველოს პერსპექტივები


       ექვსი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და რესპუბლიკა. ეს ხანა რესპუბლიკის ცოცხალ ძალთა გამოცდა იყო უმთავრესად და ამ ხნის განმავლობაში ყველასთვის თვალსაჩინო შეიქნა გარემოება: ყველა ფორმაზე ადვილი, ყველა ფორმაზე უმჯობესი ამჟამად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყოფილა. მძიმე ობიექტურ პირობებში საქართველომ გამოამჟღავნა
თავისი ეკონომიკური არსებობის შესაძლებლობა, გამოაშკარავა სახელმწიფოებრივ მართველობის ნიჭი  და მომზადება, რომ ქართველ დემოკრატიას სავსებით შეუძლია დაჰყვეს ნაციონალურ პრონციპის პოლიტიკას, გააბატონოს ნაციონალიზაცია და შეჰქმნას ამ ნიადაგზე სრული სახელმწიფოებრივი მექანიზმი.
         ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ განვლილი დრო მთელ საუკუნეს წააგავს. უკვე დავიწყებას მიეცა, რომ სასამართლოში შეუძლებელია ქართული ენის შეტანა, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ შესძლებს საკანონმდებლო მუშაობას, რომ ქართველი ერი ვერ აწარმოებს ღირსეულ პოლიტიკას საშინაო და საგარეო სფეროში.
         დიაღ, ჩვენ მოვმწიფდით ამ ხნის განმავლობაში და ამ სიმწიფის ნიადაგზე თავი მოუყარეთ ქართველი ერის ყოველ ძალას. ეს განვლილი ექვი თვე  იყო თვეები პოლიტიკურ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა. ჩვენი მთავრობა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხვოვრების მესვეური და ამ საქმეში მთავრობამ  შესძლო სრული გაერთიანება ქართველობაში მოქმედ ყველა პარტიულ და საზოგადოებრივ ძალებისა.
          ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამიერიდან პოლიტიკური საკითხი და საგარეო პოლიტიკის სფერო სავსებით დაწურულია ჩვენთვის. შემდეგშიაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდება ამ ნიადაგზე, მაგრამ საამისო პირობების შედარებით გაადვილებულია: ქართველთა საშინაო ძალები თავმოყრილია და შექმნილია საშინაო ძალებისათვის დამცველი ორგანიზაციები, როგორც პოლიტიკური, ადმინისტრატიული, ისე მილიტარული.
     საქართველოს პერქპექტივაც აი ამ წყაროდან გამომდინარეობს და გვისახავს ჩვენ მომავალს. ეს მომავალი არანაკლებ მძიმე და რთულია, ვიდრე იყო განვლილი პოლიტიკური ხანა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს ამ მომავალში ჩვენი რესპუბლიკა აწარმოებს უმთავრესად სოციალურ შემოქმედების პოლიტიკას, ფართოდ დააყენებს მუშათა საკითხებს, მიწის საქმეს, ერობის და ქალაქის ცხოვრებას. სოციალურ და ეკონომიურ ცხოვრების ამოძრავება, ცხოვრების იმ დარგში ჩათრევა და ამოძრავება ხალხის ფართო მასის შესაძლოა გახდეს საშინაო საზოგადოებრივ ძალების შეხლა-შემოხლის საგანი. მაგრამ სოციალურ ანტაგონიზმის გამოჩენა, ამ ანტაგონიზმის წესიერ კალაპოტში ჩაყენება და კულტურულ პრონციპების გამარჯვება ჩვენ გვგონია გახდება იმ ფერმენტად, რომელიც საქართველოს დემოკრატიას, ჩვენი ხალხის დიდ უმეტესობას დააკავშირებს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეასთან. გააღვიძებს ხალხში მთავრობისადმის სიყვარულს და ამრიგად საქართველოს მთლიანობა და ძლიერება კიდევ უფრო სასურველ სახით წარმოსდგება.
        ამნაირად საქართველოს რესპუბლიკის მომავალი უმთავრესად უნდა იყოს მომავალი სოციალური შემოქმედებისა, ვინაიდან მხოლოდ დემოკრატიზმის ნიადაგზე შეიძლება დამყარება დამოუკიდებლობისა. ეს პრინციპი ამავე დროს იწვევს სხვა პერსპექტივის გადაშლას. სოციალურ პოლიტიკის წარმოება რამდენადმე შესცვლის სასურველობის მხრივ ამიერკავკასიის ერთა შორის გამწვავებულ მდგომარეობას და ჩვენ გვწამს, გადაჭრა წმინდა ეროვნულ-პოლიტიკურ  საკითხებს საბოლოდ გაჰფანტავს არსებულ ადგილობრივ საერთშორისო ბურუსს და ჩვენი დემოკრატია სომხის, თათრის და სხვა ერის  დემოკრატიულ ძალებთან წავა სეპარატიულად თავის საქმეების მოსაგვარებლად, ხოლო სოლიდარულად საერთო ინტერესების დასაცავად. ასეთი პერსპექტივების დასახვა ჩვენ სანუკვარ იმედებით გვაქვს და სწორედ ამიტომ არის, რომ  გულწრფელად ვდღესასწაულობთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ექვსი თვის შესრულებას.


გაზეთი „სახალხო საქმე“, N398, 1918 წლის 1 დეკემბერი

No comments:

Post a Comment