ზუსტად 98 წლის წინ, 1919 წლის 14 მარტს, საქართველოს პირველი არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის - ნიკოლოზ ჩხეიძის ხელმოწერით მოკავშირეთა/ანტანტის უმაღლეს საბჭოს გადაეცა ყველაზე მაღალი დონის სტრატეგიული დოკუმენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემორანდუმი, რომელიც მოითხოვდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას და მის ცნობას ამ საზღვრებში. ეს რუკა სწორედ ამ დოკუმენტის კუთვნილებაა.
თუმცა, სამწუხაროდ, ინტერნეტში, მასობრივ და სოციალურ მედიასაშუალებებში, თქვენ წარმოიდგინეთ მუზეუმებშიც, ეს რუკა გავრცელდა სათაურით "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში", რაც ტყუილია.
ამ რუკის შემხედვარე აკაკი ჩხენკელი წერდა:
"ჩვენს მოთხოვნილებაში უკვე ლაზისტანსაც ვათავსებთ რიზეს ქვევით. დრომ მოგვიტანა, რომ წერეთელი-ჩხეიძე ნაც.-დემოკრატების პროგრამას აყვნენ!"
ანუ, ეს დოკუმენტი სტრატეგიული მნიშვნელობის იყო არამხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც. მის გარშემო შედგა კონსენსუსი და მთელი პოლიტიკური ელიტა გაერთიანდა.
თუმცა, ფაქტობრივად, ამხელა ტერიტორია რესპუბლიკას არასდროს სჭერია და ბუნებრივია ამ საზღვრებში ის არავის უღიარებია. სკეპტიკურად განწყობილი ხალხი დასავლეთში და მოგვიანებით ზოგიერთი მეცნიერიც ამ რუკას "ქართულ იმპერიალიზმს" უწოდებდა (გაგახსენდათ ალბათ ანდრეი სახაროვის განცხადება, მგონი 1990-ში), რადგან მთელ რიგ ტერიტორიებზე - სოჭი, გაგრა, ზაქათალა, ლორე, ახალქალაქი, არტაანი, ოლთისი, ლაზეთი - ქართველები ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, ახალქალაქის და ლორეს გარდა არც ერთი ეს ტერიტორია არ შედიოდა ტფილისის ან ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. არსებობდა მხოლოდ ისტორიული მეხსიერება, რომელიც ქართველებს აერთიანებდა და ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ გარესამყაროსთვის ეს გადამწყვეტი არგუმენტი არ ყოფილა.
1921 წლის თებერვლის მდგომარეობით, ჩამოთვლილთაგან, საქართველო პრეტენზიას აღარ/ვეღარ აცხადებდა სოჭზე, ოლთისზე, ლაზეთზე; სადავო იყო ლორე და ზაქათალა; უდავოდ ფლობდა გაგრას, ახალქალაქს, არტაანს. ამ ტერიტორიების დაცვისთვის ქვეყანამ უზომოდ ბევრი იბრძოლა.
1921-23 წლებში, საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო ართვინი და არტაანი; სადავო ზაქათალა და ლორე უდავოდ აზერბაიჯანული და სომხური გახადა; დაგვიტოვა გაგრა და ახალქალაქი.
ასეთია ამ მოკლე პერიოდში ქართული საზღვრების ისტორია. ეს დღევანდელი საზღვრებიც არის.
This comment has been removed by the author.
ReplyDelete„ვიკიპედიის“ სტატია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ განხილვაში არის ეს შენიშვნა:
ReplyDeleteარასწორი, წყაროების არმქონე რუკის წაშლა
ერთა ლიგას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მითუმეტეს არ მომხდარა საქართველოს, ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაცია. რუკა არის აბსოლუტურად არარეალური და აჩვენებს იმ მიწებს, რომლებზეც საქართველოს ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ პრეტენზიის ქონა არ ნიშნავს კუთვნილებას. თუ რამე წყაროები არსებობს, რომელიც ამტკიცებს ტრაპიზონის ან სოჭის საქართველოსთვის კუთვნილებას, იქნებ დადოთ. თუარადა და რუკა წაიშლება --137.248.1.6 09:49, 10 ივლისი 2013 (UTC)
========
ფაქტია, რომ ჯერ არავის წაუშლია.
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს ტერიტორია რომ არც ვახსენოთ, ქართულად მოლაპარაკე ლაზებს რა ვუყოთ, ლაზეთი საქართველოს ნაწილი არ იყო? იქნებ ვინმე სირბოლას ჯეროდეს კიდეც, რომ თურქეთი იქ დაიბადა, სადაც ახლა ცხოვრობს და ბიზანტიის იმპერია გრენლანდიაში იყო!!!
ReplyDelete