დავიღალე სიმართლის ძებნაში. 15 თვეა, რაც ციხეში ვზივარ და კიდევ ოთხი წელიწადი უნდა ვიჯდე. ასე ნელ-ნელა, მაგრამ შეუწყვეტლად უნდა მიჰქრეს ჩემი სიცოცხლე, აღსავსე ტყვეობის ზნეობრივი და ფიზიკური ტანჯვით; და თან ამავე ტემპით უნდა ვანადგურო და ვაქციო ჩემი ოჯახი ნივთიერად და მორალურად. რომ ყველა ეს უბედურება, დამსახურებული დაფასება, შედეგი იყოს ჩემი რაიმე დანაშაულის და ბოროტების, ხასიათის სიმტკიცე მეყოფოდა, რომ ყოველივე ეს უსიტყვოდ ამეტანა და არავითარი ნაბიჯი არ გადამედგა ჩემი ბედის შესამსუბუქებლად. მაგრამ როდესაც არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის არც მთავრობის, არც საზოგადოების წინაშე, როდესაც პირიქით, ყოველი დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შემისრულებია და როდესაც ამის საფასურში პატივაყრილი და სახელგატეხილი ციხეში ვარ ჩაგდებული და იქ ვლევ ჩემს დღეებს, აბა როგორ არ ვეძიო სამართალი, როგორ არ მოვიარო კარდაკარ ყოველი ისეთი პიროვნება, რომელიც თავისი მდგომარეობით იზიარებს მთავრობის ყოველ სანქციას და მოქმედებას.
ამ აზრით პყრობილი თქვენც გაუწყებთ ჩემს მდგომარეობას, თქვენთანაც მოვდივარ სამართლის საძებნად, მითუმეტეს, რომ თქვენ უფრო მოვალე ხართ ყურადღება მომაქციოთ იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ბათომის რევკომის სახელით 1921 წლის მარტის 18-ს მე და მთელ ქართველ ოფიცრობას მოგვეცით და რომლის ძალით არც ერთი ჩვენთაგანი წარსული მოქმედებისათვის გასამართლებული არ უნდა ყოფილიყო და განა ეგევე არ იყო დეკრეტით №1 თქმული საჯაროდ? უფრო კერძოდ, განა ს. ორჯონიკიძემ იმავე წლის მარტში, როდესაც უკვე ოსმალთა ჯარები გავანადგურე და ბათომის მფლობელობა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას განვუმტკიცე - არ მითხრა, რომ ასეთი ბრწყინვალე სამხედრო მოქმედებისათვის და ახალი მთავრობის წინაშე დამსახურებისათვის მე მეპატიებოდა ყოველი მანამდე ჩადენილი მოქმედების პასუხისგება?! ჰოდა; როდესაც დღეს ციხეში ვსნეულდები მე პირადათ, ხოლო ოჯახი იტანჯება მატერიალურად და ზნეობრივად სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულად ჩამითვალეს ჩემი წინანდელი მოქმედებანი, როდესაც როგორც ქართველი ჯარის სარდალი, ვებრძოდი რუსეთის ჯარს და ვიცავდი ჩემი სამშობლოს მიწა-წყალს, როგორ არ უნდა მოგაგონოთ ან თქვენ ან ს. ორჯობიკიძეს მოცემული სიტყვები ან მთავრობას მისი დეკრეტი №1? რა მოხდა, რომ ყველამ დაივიწყა თავისი სიტყვა და მოვალეობა, რომ მე გამხადეს უდანაშაულო მსხვერპლად?
ან იქნებ სხვა დანაშაული ჩავიდინე საქართველოში დამყარებული ახალი ხელისუფლებისადმი? მაგრამ ამ შემთხვევაში რად აუხვიეს გვერდი დამნაშავის დაკითხვას, რად წარუკვეთეს მას წინასწარ საშუალება მოწმეების დასახელების და ყოველი წამოყენებული ბრალდების გაბათილებისა?
ვაცხადებ კატეგორიულად, რომ არც ერთ ბრალდებათაგან, რომელნიც რეზოლუციაშია წამოყენებული და რომელთა მიხედვით სიკვდილი მომესაჯა - შემდეგ ამნისტიით ხუთი წლის საპყრობილეზე შეცვლით, ჩემთვის არ წამოუყენებიათ და არც ერთის გამო არ დაუკითხივართ. ნახეთ არქივი და დარწმუნდებით. ამგვარათ, თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩემი დასჯა მოხდა იმ დანაშაულობათათვის, რომელიც ჩამიდენია საქართველოს საბჭოთა მთავრობის ხელში, ამას ხომ დამტკიცება უნდოდა, ამისათვის მე ხომ უნდა დავეკითხეთ და ხომ უნდა დაეკითხათ ის პირნიც, რომელთაც მე ვასახელებდი ჩემი უფლებების და სიმართლის დასაცავად? და ვინაიდან არც ერთს და არც მეორეს ადგილი არა ჰქონია, ამიტომ ამგვარი "დანაშაულებისათვის" დასჯილი ადამიანის განთავისუფლებას და სრულს რეაბილიტაციას მოითხოვს თვით მთავრობისა და მისი ყოველი წევრის პრესტიჟი. მაგრამ მე მგონია ამ ბრალდებათ მხოლოდ უფასო დამატების ხასიათი აქვთ და რაკი მათ შესახებ არ დაუკითხივართ, ისინი ჩემი დასჯის მოტივაციის როლს არ თამაშობენ და ბრალდებათა შორის გამოძიება, დაკითხვა და მოწმეები არ ესაჭიროებოდა მხოლოდ ერთ მუხლს - თუ საერთოდ შესაძლებელია ამგვარ პროცედურით ადამიანის დასჯა-გასამართლება - ეს მუხლია "ჩემი ბრძოლა საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ"; ეს ფაქტი ცნობილია, ამას არ უნდა ფიცი და მტკიცი, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ხომ მრავალგზის ნაპატიები მქონდა უწინარეს ყოვლისა დეკრეტით და მერე თქვენი და ს. ორჯონიკიძის სიტყვებით? ამგვარათ, არ არის დანაშაულის ელემენტი ჩემდა დასასჯელად. ამ მდგომარეობას წერილობით თუ სიტყვიერი განცხადებით გავაცანი სხვადასხვა პასუხისმგებელი პირები და საბუთი მაქვს ვიფიქრო, რომ ისინი დავარწმუნე კიდეც ჩემს უდანაშაულო დასჯაში. ამიტომაც თქვენც მოგახსენეთ ეხლა ყოველივე და გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ ჩემი რეაბილიტაციის და განთავისუფლების საქმეში; გაქვთ საშუალება საქმეს და ყველა მასალას გაეცნოთ და როცა აზრი შეგიდგებათ, კეთილ ინებეთ, დამიდექით თავდებათ და გამანთავისუფლეთ, რათა საშუალება მომეცეს ჩემი სახელის რეაბილიტაციისა იმავე დაწესებულებაში და იმავე გზით, რა დაწესებულებამაც და რა გზამაც მას მოსცხო ჩირქი.
გიორგი მაზნიაშვილი.
სამხედრო კომისარს - გერდგინებათ განცხადება პატ. მაზნიაშვილის, განკარგულებისათვის.
14 დეკემბერი 1922 №3114
№1 გამასწორებელი სახლის უფროსი - ი. წივწივაძე
საქმისმწარმოებელი - მახარობლიძე.
სახკომსაბჭოს, კუთვნილებისამებრ
14.XII.22
წივწივაძე
რეზოლუცია:
განთავისუფლებულ იქმნეს (შემდეგში გადასახლებით)
მ. ორახელაშვილი
ფ. მახარაძე
ს. ორჯონიკიძე.
საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი №600, ანაწერი №1, საქმე №182. გვ. 63.
No comments:
Post a Comment