Saturday, 20 May 2017

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჯავშანმანქანები


გარფორდი და მეორე სერიის ოსტინი რუსტაველის გაზმირზე
ეროვნული არქივის ფოტო
პირველი რესპუბლიკის რეგულარულ არმიისა და გვარდიის შემადგენლობაში  სხვა ჯავშანტექნიკასთან - ჯავშანმატარებლებსა და ტანკებთან ერთად,  ირიცხებოდა ჯავშანავტომობილები.  რეგულარულ ჯარშიც და სახალხო გვარდიაში არსებობდა ჯავშანავტომობილთა ასეულები.  საარქივო დოკუმენტების მიხედვით ჩვენთვის ცნობილია 7 ჯავშნოსანი ავტომობილი და მათთვის დარქმეული სიმბოლური სახელები: სახალხო გვარდიელი, პროლეტარი, ინტერნაციონალი, გლეხი, სამშობლო, საქართველო და ბრძოლა. აღნიშნული ჯავშნოსნებიდან ერთი - ,,პროლეტარი" იყო ქვემეხითა და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი რუსული წარმოების მძიმე ჯავშნოსანი GGarford-i; ხუთი ერთეული კი გახლდათ  მეორე და მესამე სერიის ბრიტანული წარმოების Austin-i; ხოლო ერთი -  ,,საქართველო" კი კუსტარულად დაჯავშნული Napier-is მსუბუქი ავტომობილი.

ტექნიკა
ბრიტანულ ძარაზე 1915 წელს რუსეთში შექმნილი მძიმე ჯავშნოსანი GGarford-iს  ეკიპაჟი 8-9 ადამიანისაგან შედგებოდა, მანქანის საბრძოლო მასა 8,6 ტონამდე ადიოდა. ჯავშნოსანი შეიარაღებული იყო სამი 7.62მმ. კალიბრის მაქსიმის ტყვიაფრქვევით და 1910 წლის მოდელის 76.2 მმ. კალიბრის მქონე ქვემეხისაგან. ქვემეხის საბრძოლო კომპლექტი 44 ჭურვისაგან, ხოლო ტყვიამფრქვევების კი 5000 ვაზნისაგან შედგებოდა. ავტომობილი დაჯავშნილი იყო 6.5 მმ-იანი ჯავშანფურცლებით. Garford-ის ოთხცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე 30 ცხენის ძალას აღწევდა, სრული დატვირთვის შემთხვევაში სიჩქარე მხოლოდ 18/სთ-ს შეადგენდა, ხოლო უკუსვლის შემთხვევაში კი 3კმ/სთ-მდე ეცემოდა. ავტონომიური სვლის მანძილი 120 კილომეტრს აღწევდა. მთლიანად 1915-1916 წლებში ააგეს 48  გარფორდი (აქედან 18 საზღვაო ვერსია) , ჯავშნოსანს აქტიურად იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომსა და რუსეთის სამოქალაქო ომში. ჯავშნოსნის ძლიერი და სუსტი მხარეები პირველ მსოფლიო ომშივე გამოჩნდა: კარგად მუშაობდა ქვემეხი, თუმცა საჭირო იყო ჯავშნოსნის მასის შემცირება , ძრავის გაძლიერება და სიჩქარის მომატება, ასევე აუცილებელი იყო ძრავა ყოფილიყო უფრო მარტივად გასამართავი და შესამოწმებელი.
პირველ მსოფლიო ომში რუსული არმიის ჯავშნოსანი მანქანების პარკს ძირითადად შეადგენდა ბრიტანული ფირმის Austin-ის სხვადასხვა სერიის მანქანები. 1914 წლიდან ბრიტანეთმა დაიწყო რუსეთისათვის Austin -ის  პირველი სერიის ჯავშნოსნების აგება და მიწოდება, ჩვენთვის საინტერესო მეორე და მესამე სერიის მანქანები  კი 1915-1917 წლებში გადაეცა რუსეთს. მეორე და მესამე სერიის ჯავშნოსნები, პირველი სერიის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოდგენდა, უფრო სქელი ჯავშნით, გაძლიერებული შასით, მძლავრი ძრავით, გაზრდილი კლირენსით (მანძილი ავტომობილის აგრეგატების ყველაზე დაბალ წერტილებსა და გზის სიბრტყეს შორის) და   ბორტის მარჯვენა მხარეს დამატებული კარით და სხვა ტექნიკური პარამეტრებით.  მეორე და მესამე სერიის Austin-ის ეკიპაჟი 5 კაცისგან შედგებოდა,  საბრძოლო მასა 5,3 ტონას შეადგენდა, ჯავშნის სისქე - 5-8 მმ. მეორე სერიის შეიარაღებაში ორ საბრძოლო კოშკურაზე იდგა ორი 7.62მმ. კალიბრის ,,მაქსიმის" ტყვიაფქრვევი, ხოლო მესამე სერიის ავტომობილის საბრძოლო კოშკურებზე კი 8მმ. კალიბრის ,,ჰოჩკისის" ტყვიაფრქვევი. საბრძოლო კომპლექტი შედგებოდა 6000 ვაზნისაგან. ორივე სერიაზე ეყენა ოთხ ცილინდრიანი 50ცხ.ძალის სიმძლავრის ძრავა,  სიჩქარე - 60კმ/სთ; ავტონომიური სვლის მანძილი კი 200 კილომეტრს აღწევდა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ 1918 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჯავშანავტომობილები რუსეთის იმპერიის კავკასიური არმიის შეიარაღებიდან დარჩათ მემკვიდრეობით, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე 1915 წელს გამოგზავნილი ჯავშნოსნები რუსული არმიის მთავარსარდლობის ბრძანებით 1917 წლის გაზაფხულზე სამხრეთ-დასავლეთის ფორნტის ჯარებს გადაეცა.  სამაგიეროდ ჯავშნოსნები 1918 წელს საქართველოში შემოსულ გერმანელთა საექსპედიციო კორპუსს ჰყავდა . გერმანულ არმიამ ოსტინები და გარფორდები პირველ მსოფლიო ომში აღმოსავლეთის ფრონტზე ალაფის სახით დაინარჩუნა.  1918 წლის 9 ივლისს გერმანიის წარმომადგენლობამ თბილისიდან ბერლინში გააგზავნა საიდუმლო მოხსენება , რომ საქართველოს მთავრობა გერმანიას ქვემეხითა და ტყვიაფრქვევებით აღჭურვილი სამი ჯავშნოსნის გადაცემას თხოვდა.  ამიტომ სავარაუდოა რომ ჯავშნოსანთა ერთი ნაწილი სწორედ გერმანელებმა დატოვეს  საქართველოში. ხოლო დანარჩენი ჯავშნოსნები კი ქართულმა არმიამ 1918-1920 წლებში ბოლშევიკების ან კიდევ თეთრგვარდიელებისგან ჩაიგდეს ხელში .
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და სახალხო გვარდიის ფაქტობრივი მეთაური ვალიკო ჯუღელი გვარდიის შტაბის წევრებთან ერთად ჯავშანმანქანა N1 ,,სახალხო გვარდიელის" ფონზე
ჯავშანმანქანები საბრძოლო მოქმედებებში

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მანქანებს  თითქმის ყველა ბრძოლაში იყენებდნენ. ჯავშნოსნების გამოყენების ფაქტი ფიქსირდება 1918 წლის აგვისტოს ბოლოს ტუაფსესთან ქართული ჯარისა და ბოლშევიკებს შორის მომხდარი შეტაკებისას როდესაც გენერალმა მაზნიაშვილმა ბრძოლაში ორი ჯავშანავტომობილი ჩააბა.  სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის მიმდინარეობისას გვარდიის მთავარმა შტაბმა 27 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება სამი ჯავშნოსანი გაეგზავნათ ფრონტზე , სარემონტოდან გამოსვლისთანავე.  თუმცა ომი რამდენიმე დღეში დასრულდა და ჯავშოსნები ბრძოლაში არ ჩაბმულან. სამაგიეროდ ჯავშნოსნები გამოიყენეს 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხის ფრონტზე სერვერ ბეგ ათაბაგის ჯარების  წინააღმდეგ ბრძოლაში. თებერვლის წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას N4 ჯავშნოსნის მეთაურმა ჯალალოვმა უკანდახევისას მიატოვა საკუთარი და სხვა ჯავშნოსნები.  ჯავშნოსნები სავარაუდოდ მტერს არ ჩავარდნია ხელთ, რადგანაც 1919 წლის მარტში ახალციხესთან საბრძოლო მოქმედებებში ჩანს ორი ქართული ჯავშნოსანი ავტომობილი. 1919 წლის აპრილში კი აფხაზეთის ფრონტზე დენიკინის ნაწილების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევაში მონაწილეობა მიიღო ჯალალოვის მიერ მიტოვებულმა ჯავშნოსანმა N4 ,,ინტერნაციონალი"-მა და კიდევ ერთმა ჯავშანმანქანამ.  გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ახალციხის ფრონტზე 1919 წლის მარტში კონტშეტევაზე გადასვლისას გამოიყენა ჯავშნოსნები. 5 მარტს დილით ქართული ჯარი შეტევაზე გადავიდა და 1 საათში აწყური დაიკავა, შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებნენ გვარდიული შენაეთები და მათ განკარგულებაში იყო ჯავშანავტომობილებიც. აწყურის აღების შემდეგ, შეტევის გაგრძლებისგან გვარდია თავს იკავებდა, მაგრამ ორი ჯავშნოსანი ავტომობილი მაინც გადავიდა შეტევაზე, მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ჯავშნოსანი ავტომობილების რაზმის მეთაური ორჯონიკიძე კი მსუბუქად დაიჭრა. 6 მარტს შეტევა გაგრძელდა და უკვე 7 მარტს ორი დაჯავშნული ავტომობილი უბრძოლველად შევიდა მოწინააღმდეგის მიერ მიტოვებულ ახალციხეში. გენერალმა კვინიტაძემ 7 მარტს ერთი ჯავშნოსანი ქალაქის შესასვლელთან დატოვა გზატკეცილზე და გასცა ბრძანება რომ ქალაქში არავინ შეეშვათ. 1919 წლის 21 მარტს ფოთიდან აფხაზეთისაკენ მიმავალი გემი ძლიერ ღელვაში მოყვა, გემზე იყო ერთი ჯავშნოსანი ავტომობილი რომელიც ღელვის გამო ზღვაში გადავარდა.  1919 წლის ოქტომბერში სოხუმში მდგარი მეორე პოლკის ბოლშევიკურად განწყობილმა ერთმა ასეულმა ამბოხება დაიწყო, დაიკავა პოლკის ყაზარმები, მაგრამ მათ წინააღმდეგ პოლკოვნიკმა ხიმშიაშვილმა გამოიყენა ჯავშნოსანი მანქანა და არტილერია რამაც ამბოხებულების დამარცხება განაპირობა.  1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შემოტევის დროს გვარდიის შტაბმა 5 მაისს გაგზავნა ორი ჯავშანავტომობილი წითელ ხიდზე პოლოვნიკ ხიმშიაშვილის დაქვემდებარებაში.  ამავდროულად 2-3 მაისის თბილისელმა ბოლშევიკებმა  რუსული არმიის შემოტევის პარალელურად თბილისის სამხედრო ნაწილების განიარაღება სცადეს და თავს დაესხნენ სამხედრო სკოლას. სკოლის დასახმარებლად გამოიძახეს ჯავშნოსანი ავტომობილები, მაგრამ სანამ ისინი სკოლასთან მივიდნენ კურსანტებმა და მათმა ოფიცრებმა ბოლშევიკები დაამარცხეს და განაიარაღეს.  ბოლშევიკთა გეგმის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს სამხედრო სკოლის აღების შემდეგ წარმოადგენდა იქ განთავსებული მეტყვიაფრქვევეთა გუნდის ჯარისკაცების გადაბირება და მათი საშულებით სხვა რამდენიმე ამოცანასთან ერთად ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდის დაპატიმრება, თუმცა მათ ეს გეგმა ჩაეშალათ.  
ქართული არმიის მესამე სერიის ოსტინი ,,სამშობლო"
ქართული არმია ჯავშანავტომობილებს აქტიურად იყენებდა რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში. ომის დასაწყისში ორი ავტომობილი განლაგებული იყო ვორონცოვკა-ჯალალოღლის მიმართულებაზე; უკანდახევის დროს ეს კოლონა 16 თებერვალს სანდართან მოხვდა ალყაში და ალყიდან გამოსვლისას ჯავშნოსნების მიტოვება მოუწიათ.  ჯავშნოსნებს იყენებდა მე-11 წითელი, არმია კერძოდ 16 თებერვალს წითელი ხიდის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ომში რუსებმა ჩააბეს N55 ჯავნოსან ავტომობილთა შენაერთი. ჯავშნოსანი ავტომობილები 18-19 თებერვლის ღამეს  თბილისთან მოწინააღმდეგის პირველი შემოტევისას სოღანლუღის ბრძოლაში დაეხმარნენ გორის გვარდიის ბატალიონს, შემდეგ კი მათთან ერთად გაწმინდეს რკინიგზა და მისი მიდამოები მოწინააღმდეგისაგან.  20 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას სექტორში ქართულმა ჯარმა ხელში ჩაიგდო მოწინააღმდეგის ერთი პატარა ჯავშნოსანი ავტომობილი. 24 თებერვალს თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორში მოწინააღმდეგის ტანკების წინააღმდეგ შეტევა სცადა ერთმა ჯავშანავტომობილმა, თუმცა ტანკების მიერ გახსნილმა ცეცხლმა აიძულა უკან დაეხია.  თბილისის დატოვების შემდეგ, მცხეთიდან გორისკენ უკანდახევისას მოწინააღმდეგს რომ არ ჩავარდნოდა ხელში ზოგიერთი ჯავშნოსანი ააფეთქეს და ისე დატოვეს გზაში ქართულმა ჯარებმა.   რუსული მხარის მონაცემების მიხედვით აფხაზეთის ფრონტზე ქართული არმია ორ ჯავშნოსან ავტომობილს იყენებდა რუსული მეცხრე არმიის 31-ე მსროლელი დივიზიის წინააღმდეგ.  თავის მხრივ აფხაზეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის 48-ე ჯავშანავტომობილთა შენაერთი უპირისპირდებოდა ქართულ არმიას.  ომში დამარცხების შემდეგ მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე დადებითად აფასებდა დაჯავშნული ავტომობილების მოქმედებას და აღნიშნავდა, რომ ისინი არა მხოლოდ თავდაცვის საქმეს უწყობდნენ ხელს, არამედ ხშირად სადაზვერვო მისიებსაც ასრულებდნენ.  
                                                                                                                დიმიტრი სილაქაძე
                                                                                                              პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ისტორიანში N5 2017

1 comment:

  1. ბრიტანული ჯავშანმანქანა "ოსტინი" მხოლოდ მესამე ფოტოსურათზეა, ხოლო ზედა ფოტოებზე არის შეჯავშნული მახევარმუხლუხოანი ტრაქტორი "ბულლოკ-ლომბარდი"

    ReplyDelete