Sunday 26 July 2015

კავკასია 1918-1924: ურთიერთდამოკიდებულების არშემდგარი პროექტი



             კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნისა და რეგიონის მძიმე საერთაშორისო პოლიტიკური ისტორია თუ თანამედროვეობა იმ დასავლური სახელმწიფოთა ბრალი არის, რომლებიც სათანადოდ არ დაგვეხმარნენ დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. თუმცა, უფრო იშვიათად განიხილავენ იმას თუ რა არ ან ვერ გააკეთეს თავად კავკასიურმა სახელმწიფოებმა და ხალხებმა.
            ისტორიულად, კავკასიას სტრატეგიული პოზიცია ეჭირა ცივილიზაციათა, მუსლიმ და ქრისტიანულ კულტურათა, იმპერიათა საზღვარზე. რეგიონი მუდმივ მოქიშპეობას იწვევდა მსოფლიოს, სხვადასხვა, დიდ სახელმწიფოთა შორის.
            1919-1924 წლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოკვეთილმა მხარდამჭერმა - ლორდმა ჯორჯ კერზონმა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, საქართველოში ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით იმოგზაურა, დარიალის უღელტეხილის გავლით შევიდა სტეფანწმინდაში და თავის წიგნში მოინიშნა: “ეს არის სახელგანთქმული უღელტეხილი, რომელმაც ხაზი გაავლო ალექსანდრესა და იუსტინიანეს დაპყრობითი ომების დროს, ანტიკური მსოფლიოს კავკასიური ჭიშკარი, რომელიც კეტავდა აღმოსავლეთს დასავლეთისაგან და მისი შესასვლელი და გამოსასვლელი არასოდეს ყოფილა ერთი სახელმწიფოს ხელში, სანამ ის რუსეთს არ ჩაუვარდა ხელში... ეს გზა დღეისათვის ყველა შემთხვევაში არის და სავარაუდოდ კიდევ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს უმაღლეს სამხედრო მნიშვნელობას, რადგან ის არის პირველადი დამაკავშირებელი არხი სომხეთთან და კასპიისპირეთთან...”[1] მოგვიანებით, ახალგაზრდა კერზონმა სამხრეთ კავკასიის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ – ბათუმი-ბაქოს ხაზზე იმოგზაურა. ის წერდა: “არაფერს შეუძლია გადააჭარბოს ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის გასწვრივ არსებულ სილამაზეს”, კერზონი იხსენებდა არგონავტებს და იქვე უმატებდა, რომ იმ სიმდიდრით, რომელსაც ოქროს საწმისიც კი ვერ შეედრებოდა, რეგიონი ბევრ თანამედროვე “არგო”-ს იზიდავდა.[2]
            ასეთი იყო დიდ სახელმწიფოთა რეგიონისადმი ინტერესი, მაგრამ თავად კავკასიელ ხალხებს თავიანთი მისწრაფებები გააჩნდათ, რაც, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი არსებობის სურვილში გამოიხატებოდა.
            მეცხრამეტე საუკუნეში, დიდ იმპერიათა ეპოქაში, ასეთი მიზნის განხორციელება პატარა კავკასიისათვის შეუძლებელი ამოცანა იყო, მაგრამ 1917 წელს რუსეთის ცარისტული იმპერიის დანგრევამ შესაძლებლობათა ფანჯარა გახსნა.
            მსოფლიო ომის, რევოლუციათა და ბოლშევიკური გადატრიალების პირობებში, კავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობა ძალიან მყიფედ გამოიყურებოდა. რეგიონში ყველა აანალიზებდა, რომ რუსეთი თუ გვიან აღდგებოდა და მოისურვებდა კავკასიაში დაბრუნებას.
მანამდე კი, 1918 წლის გაზაფხულზე, ოსმალეთის იმპერია შემოვიდა კავკასიაში და იმავე წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით, ბოლშევიკთა მიერ, მისთვის მიკუთვნებული ტერიტორიის დაკავება განიზრახა. შექმნილ ვითარებაში, სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკა შემდეგი არჩევანის წინაშე დადგა: 1. დაეთმოთ ოსმალეთისთვის საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, უარი ეთქვათ დამოუკიდებლობაზე და სამომავლოდ რუსეთში დაბრუნებაზე ეფიქრათ; 2. გაეერთიანებინათ სამხედრო, ეკონომიკური შესაძლებლობები და შეექმნათ კავკასიის ფედერაცია; 3. პროტექტორი ეძებნათ დასავლეთის სახელმწიფოთა შორის.
პირველი ვარიანტი კავკასიის ხალხებისათვის სრულიად მიუღებელი იყო; მეორე ოპცია მათგან მოითხოვდა ერთობას, მაგრამ არ იძლეოდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და წარმატების გარანტიას, რადგან ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის მოქცეულ რეგიონს, შესაძლო იყო ვერ გაეძლო ესოდენ დიდი დაწოლისთვის; ხოლო მესამე შესაძლებლობის გამოყენებაც, რაც რეგიონით დიდი დასავლური სახელმწიფოს დაინტერესებას ითვალისწინებდა, სამივე რესპუბლიკისაგან კონსენსუსებსა და ერთიანობას მოითხოვდა საკვანძო საკითხებში, რადგან ცალკე აღებული საქართველო, სომხეთი ან აზერბაიჯანი, არ შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისათვის. ამ უკანასკნელთათვის, სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა ერთიან პროექტს და ისინი პასუხისმგებლობას არ აიღებდნენ რეგიონზე, სადაც სამი სუბიექტი ურთიერთბრძოლაში იყო ჩართული საზღვრების გამიჯვნისა თუ სხვა საკითხების გარშემო. უფრო მეტიც, თავისთავად კავკასიაც, დიდ სახელმწიფოთა გადმოსახედიდან, წარმოადგენდა კიდევ უფრო დიდი პროექტების ნაწილს, როგორებიც იყვნენ: ევროპიდან სპარსეთისკენ, ცენტრალური აზიისკენ, შუა აღმოსავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზები.[3] ვაჭრობა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ათვისება მოითხოვდა რეგიონში მშვიდობას, რესპუბლიკებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას.
კავკასიელ პოლიტიკოსებს გაუჭირდათ გაანალიზება, რას ითხოვდა მათგან მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება. ეს არ არის შემთხვევა, როცა რომელიმე ერთი მათგანია დამნაშავე, ხოლო დანარჩენები უდანაშაულონი არიან. თითოეულმა რესპუბლიკამ თავისი წილი ცოდვა ჩაიდინა, რამაც, საბოლოო ჯამში, ისინი უთანხმოებამდე მიიყვანა და, დიდწილად, განაპირობა გარეშე ძალის მიერ მათი დაპყრობა.
სწორედ ამ უთანხმოების მაგალითებზე მსურს ვისაუბრო და, როგორც ქართველი ისტორიკოსი, ყველაზე მკაცრი საქართველოს მიმართ ვიყო, რადგან თვითკრიტიკა უფრო ჯანსაღი მოვლენაა, ვიდრე სხვისკენ ხელის გაშვერა.
1914 წელს, მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, გერმანიაში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. კომიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილებას. ისტორიული ქართული მიწების ნაწილი ოსმალეთის იმპერიას ეკავა, ხოლო ეს უკანასკნელი მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირედ გამოდიოდა. გერმანია მოკავშირის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ოსმალეთს ტერიტორიული მოთხოვნების დაკმაყოფილება სომხეთის ხარჯზე შესთავაზა.[4]
მოგვიანებით, 1918 წლის გაზაფხულზე, ოსმალეთმა დაიწყო შეტევა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. სამხედრო წინააღმდეგობას მხოლოდ ქართველები და სომხები წევდნენ, ხოლო ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე სუბიექტი, აზერბაიჯანი, არათუ არ უერთდებოდა აღნიშნულ ბრძოლას, არამედ ის სომხეთისა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, ოსმალეთის სასარგებლოდ. აზერბაიჯანელები თურქოფილური სენტიმენტებით იყვნენ გამსჭვალულნი თურქი მოძმე ხალხის მიმართ და მათთან გაერთიანებასაც ესწრაფვოდნენ.[5]
კაპიტულაციის წინაშე მდგომმა საქართველომ, გერმანელებისა და ოსმალების მხრიდან, მიიღო შეთავაზება, რომ თურქებს ყველაზე მეტად, ერევნის გარშემო, სომხური მიწები აინტერესებდათ და რომ შესაძლებელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელსაც გერმანია დაიცავდა. ამას შედეგად მოყვა ის, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა 1918 წლის მაისის ბოლოს კატეგორიულად მოითხოვა საქართველოს ეროვნული საბჭოსაგან დამოუკიდებლობის გამოცხადება.[6] როგორც ქართველი პატრიოტი, ჩხენკელი აბსოლუტურად მართალი იყო, რადგან მას საკუთარი ქვეყნის გადარჩენა უნდოდა და ქართველები, დიდწილად, მას უმადლიან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თუმცა, სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ჩხენკელს უფლება არ ქონდა ოსმალებთან და გერმანელებთან მხოლოდ საქართველოს სახელით ეწარმოებინა ფარული მოლაპარაკება, რადგან ის მთელ სამხრეთ კავკასიას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ამიერკავკასიის ფედერაციის გადმოსახედიდან, ჩხენკელის ქმედება სომხეთის ღალატსაც გულისხმობდა.
26 მაისის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ იფიქრა, რომ მისი უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილი იყო, სომხეთი დავიწყებას მიეცა. მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე შორს გაცდა სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას და, 1918 წლის ზაფხულში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ რიხარდ კიულმანთან შეხვედრაზე, პეკინი-ფოთი-ბერლინის სავაჭრო გზაზე საუბრობდა.[7]
თუმცა, ისტორიამ ახალი გამოწვევები დააყენა კავკასიურ სახელმწიფოთა წინაშე. 1918 წლის ნოემბერში, საქართველოს მოკავშირე გერმანია, პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. გაიმარჯვეს სომხეთის მოკავშირე ანტანტის ქვეყნებმა. ვითარება კარდინალურად შეიცვალა. სომხეთი მეზობლებისადმი რევანშისტული გრძნობებით განიმსჭვალა. არარატის რესპუბლიკას არაერთი მხარდამჭერი ყავდა დასავლეთში. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 1918 წელს დაფუძნდა სომხეთის დამოუკიდებლობის ამერიკული კომიტეტი,  რომლის შემადგენლობაში 30-ზე მეტი გუბერნატორი, კონგრესმენები ორივე პარტიიდან და მრავალი ცნობილი საზოგადო მოღვაწე შედიოდა. თვით პრეზიდენტმა უილსონმაც არაერთხელ დაადასტურა სომხეთისადმი არსებული განსაკუთრებული სენტიმენტების ქონა.[8]
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო, 1918 წლის ივლისში, დასავლეთ სომხეთის ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელის, ბოღოს ნუბარ ფაშასათვის  მიწერილ წერილში ამბობდა: “მოხარული ვარ დაგიდასტუროთ, რომ [საფრანგეთის] რესპუბლიკის მთავრობა, მსგავსად დიდი ბრიტანეთისა, გამუდმებით აყენებს სომეხ ერს იმ ხალხს შორის, რომელთა ბედის გადაწყვეტას მოკავშირეები ჰუმანურობისა და სამართლიანობის უმაღლესი კანონებით გეგმავენ.”[9]
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი თავის მემუარებში წერდა: “იმ წუთიდან დაწყებული, როდესაც ომი გამოცხადდა, არ ყოფილა არც ერთი პარტიის არც ერთი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც არ ფიქრობდა, რომ თუ გავიმარჯვებდით არაჰუმანურ [ოსმალეთის] იმპერიასთან ბრძოლაში, მათთვის წაყენებული ერთი უმთავრესი სამშვიდობა პირობა იქნებოდა სომხური მიწების სამუდამო გათავისუფლება სისხლიანი მმართველობისაგან...”[10]
იქვე იყო დენიკინი და რუსეთის თეთრგვარდიული მოძრაობა, რომელიც ძალიან მტრულად იყო განწყობილი საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ. რუსული „სოვეშანიე“, რომელიც „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ ლოზუნგით მოქმედ თეთგვარდიელებს წარმოადგენდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, სომხეთს დამოუკიდებლობის აღიარებას პირდებოდა. სომხეთის დელეგაციამ „სოვეშანიეს“ რამდენჯერმე თხოვა, რომ აღნიშნული განცხადება საჯარო სივრცეშიც გაეჟღერებინათ, მაგრამ რუსები ღია სივრცეში პირობის მიცემას ერიდებოდნენ.[11] აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა დენიკინის განზრახვა, რომ ის ნამდვილად აპირებდა სომხეთისთვის დამოუკიდებელი არსებობის უფლების მიცემას.
დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეგონებებით გამხნევებულმა სომხეთმა ჩათვალა, რომ მას მსოფლიო პოლიტიკაში გაცილებით უფრო ფართო გასაქანი ეძლეოდა, ვიდრე ეს კავკასიის ფედერაციის წევრობა და რეგიონალური პოლიტიკის წარმოება იყო. სომხები უმიზნებდნენ ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელს, მათი ოცნებები კასპიის ზღვამდეც კი მიდიოდა.[12]
ასეთ ვითარებაში, 1918 წლის მიწურულს, სომხეთმა ომის დაწყება და საქართველოში შემოიჭრა გადაწყვიტა. საქართველოს სოჭის ფრონტიდან მოუწია ჯარების მოხსნა და სომხეთის წინააღმდეგ გადასროლა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა დენიკინმა და სოჭი დაიკავა. ეს იყო დრო, როდესაც ორივე რესპუბლიკა ძალიან მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა და სომხეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყება უდიდესი შეცდომა იყო თავად სომხებისთვისაც.
ბრძოლა დაიწყო არამხოლოდ სამხედრო, არამედ დიპლომატიურ ფრონტზეც. 1919 წლის 12 თებერვალს, სომხეთის დელეგაცია მოკავშირეთა (ანტანტის) უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგა. დელეგაციამ, ნაცვლად სამხრეთ კავკასიისადმი გამარჯვებულ სახელმწიფოთა დახმარების მოთხოვნისა, აღდგენილი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე კონცენტრირებისა, საკუთარი მოხსენების ნახევარი საქართველოსა და აზერბაიჯანის კრიტიკას დაუთმო, მეზობლები ღალატში და ოსმალეთ-გერმანიასთან ალიანსში დაადანაშაულა.[13]
საწყის ეტაპზე, არც აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა ყოფილა ინტრიგებისგან დაცლილი. 1919 წლის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში ჩამოყალიბდა, მსოფლიო ომში დამარცხებული ოსმალეთის მიერ მხარდაჭერილი, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფო. ეს პოლიტიკური წარმონაქმნი ქართულ და სომხურ მიწებზეც აცხადებდა პრეტენზიას. გარდა თურქებისა, აზერბაიჯანის მთავრობაც აღიარებდა, აფინანსებდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობას და ხელს უწყობდა სომხეთ-საქართველოს წინააღმდეგ მის მოქმედებას.[14]
1918 წლის ბოლოს, როდესაც პარიზში გასაგზავნად დელეგაცია მზადდებოდა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ინსტრუქციები, რომელთა თანახმადაც დელეგაცია მჭიდრო კავშირში უნდა შესულიყო სომხურ დიპლომატიურ მისიასთან და მასთან თანხმობით ემოქმედა, ხოლო მეორე მხრივ, ქართველებს მაქსიმალურად შორს უნდა დაეჭირათ თავი აზერბაიჯანელთაგან, რომლებიც დამარცხებული ოსმალეთის მოკავშირეები იყვნენ.[15] რეალობაში კი, სომხეთი თავს მეზობლებზე მეტად პრივილეგირებულად გრძნობდა და მისმა დელეგაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა, საერთაშორისო ასპარეზზე, ქართველებთან და აზერბაიჯანელებთან ალიანსში არ გამოსულიყო. თავიანთი მხრივ, ეს უკანასკნელნი, საქართველოს მთავრობის ინსტრუქციის საპირისპიროდ, 1919-1920 წლების მანძილზე კოორდინირებულად და ურთიერთკავშირში აწარმოებდნენ თავიანთ საგარეო პოლიტიკას. როდესაც, 1919 წლის ზაფხულში, დენიკინმა დაღესტნის ოკუპაცია განახორციელა და არსებითი საფრთხე შეუქმნა საქართველო-აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას, სამხრეთ კავკასიის ორმა რესპუბლიკამ თავდაცვის პაქტს მოაწერა ხელი. ქვეყნები ვალდებულებას ღებულობდნენ, რომელიმე მათგანზე, მესამე ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, მთელი თავიანთი შეიარაღებული ძალები გამოეყვანათ საერთო თავდაცვის მიზნით. მათ სომხეთსაც შეთავაზეს პაქტზე მიერთება, მაგრამ უარი მიიღეს, რადგან არარატის რესპუბლიკას სჯეროდა თავისი „განსაკუთრებული მდგომარეობის“ და მისდამი დენიკინის „განსხვავებული დამოკიდებულების“.[16]
სცენარები მეორდებოდა, 1918 წლის გაზაფხულზე საქართველომ მიატოვა სომხეთი, ხოლო 1918 წლის ბოლოდან კი პირიქით, სომხეთმა მიატოვა საქართველო და აზერბაიჯანი. მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთი იყო: რეგიონში შემოსული დიდ სახელმწიფოთა დაპირებებით გამამაცებული რესპუბლიკები უცხო ძალის დახმარებით ცდილობდნენ ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვებას და უჭირდათ იმის გაანალიზება, რომ დამოუკიდებლობის დაცვის ფორმულა, საბოლოო ჯამში, მათ უცილობელ ერთიანობას გულისხმობდა.
სომხეთი არამარტო თავდაცვის პაქტზე, არამედ კავკასიის ქვეყნებთან სხვა დოკუმენტებზე ხელმოწერისგანაც იკავებდა თავს. ერთი გამონაკლისი იყო 1919 წლის 28 აგვისტოს, გამარჯვებული სახელმწიფოებისადმი, საერთო მიმართვის გაგზავნა. ამ დროს, ბრიტანული ჯარები ტოვებდნენ კავკასიას და ყველა აცნობიერებდა, რომ თუ ბრიტანელები გავიდოდნენ, რუსეთის რეგიონში შემოჭრას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ქართველები და აზერბაიჯანელები ძლიერ შეშინდნენ, მათმა პარიზულმა დელეგაციებმა დიდი სახელმწიფოებისადმი მიმართვის ტექსტი მოამზადეს, სადაც დენიკინის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხეს უსვამდნენ ხაზს და სწორედ ამ აგრესიის თავიდან ასაცილებლად ითხოვდნენ რეგიონში ბრიტანული ჯარების დატოვებას. თუმცა, სომხეთის დელეგაციამ უარი განაცხადა ხელი მოეწერა აღნიშნული მოტივაციით შედგენილ მიმართვაზე, რადგან არარატის რესპუბლიკა სულაც არ თვლიდა დენიკინს საფრთხედ, არამედ მთავარ მოწინააღმდეგეს აზერბაიჯანში ხედავდა და მეზობლებისგან თავის დასაცავად ითხოვდა ბრიტანული ჯარების დატოვებას. სამი რესპუბლიკის წარმომადგენლები დიდხანს მსჯელობდნენ მოტივაციის შესათანხმებლად. საბოლოოდ მათ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და მიმართვა გააგზავნეს მოტივაციის დაუსაბუთებლად, იმის განუმარტავად თუ რატომ ჭირდებოდათ რეგიონში ბრიტანული ჯარების დატოვება. თუმცა, მოლაპარაკების ხანგრძლივმა პროცესმა დროის ფუჭი კარგვა გამოიწვია და როდესაც მიმართვის ტექსტი გაიგზავნა, 1919 წლის 28 აგვისტოსთვის, ბრიტანულ ჯარებს უკვე დაწყებული ქონდათ ევაკუაცია.[17] ასეც ხდება, რომ ხანდახან, საერთაშორისო პოლიტიკა პატარა ბავშვების ახირებულ ქიშპობას ემსგავსება.
მსოფლიო ომის შემდგომ ბედს პარიზის სამშვიდობო კონფერენცია განკარგავდა, ის ადგენდა ახალ პოლიტიკურ რუკას. აღნიშნული საერთაშორისო ფორუმის წინაშე, თავიანთი წინააღმდეგობრივი მოთხოვნებით, წარდგნენ კავკასიის რესპუბლიკებიც. ტერიტორიულ მოთხოვნებში, მხარეთა მხრიდან, ადგილი ქონდა სრულ აცდენას, მაქსიმალიზმს და მეზობელთა ხარჯზე გამდიდრების მცდელობას. აზერბაიჯანი სომხეთი ერთმანეთს ყარაბაღის, ზანგეზურის, ნახჭევანისა და ყარსის ოლქის კუთვნილებაში ეცილებოდნენ; აზერბაიჯანი საქართველოსგან ითხოვდა ზაქათალისა და ბათუმის ოლქებს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს; სომხეთსა და საქართველოს დავა ქონდათ ლორეს, ახალქალაქის, ოლთისისა და არტაანის გარშემო; ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკას პრეტენზიები ქონდა ზაქათალის, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებით; საქართველო, დამარცხებული ოსმალეთისგან, ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყის გადაცემას ითხოვდა; ხოლო სომხეთი, იმავე ოსმალეთს, ექვს ვილაიეთს, კილიკიას, შავ და ხმელთაშუა ზღვებზე გასასვლელს თხოვდა; იქვე იყო სპარსეთიც, რომელმაც, ტურბულენტურ ეპოქაში, ძველი დიდების დაბრუნება მოისურვა და კონფერენციისგან მთელი აზერბაიჯანის, კავკასიის სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ყოფილი სპარული სახანოების აღდგენას მოითხოვდა.[18]
რესპუბლიკები მხოლოდ დიპლომატიურ ფრონტზე დაპირისპირებით არ შემოიფარგლებოდნენ და, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველო და სომხეთი, 1918 წლის ბოლოს ომამდეც მივიდნენ, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფრონტაცია, 1918-1920 წლების მთელ მანძილზე, ფაქტობრივად, არც განელებულა.
გარდა სამხედრო და დიპლომატიური დაპირისპირებისა, თითოეულ რესპლუბლიკას თავისი უპირატესი ეკონომიკური ბერკეტიც გააჩნდა. აზერბაიჯანელთათვის ეს იყო ბაქოს ნავთობი. მას ყოველთვის შეეძლო მეზობლებისთვის ნავთობის მიწოდება შეეწყვიტა, მაგრამ დასავლეთში აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტი საქართველოზე გადიოდა და, უკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გადაკეტვით აზერბაიჯანს ობსტრუქციას მოუწყობდა. თუმცა, გარკვეული შიდა დინებების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეგობრობის ჩარჩოებს არ გასცილებია. სომხეთს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა ქონდა და ამ მხარდაჭერას ის მეზობლების წინააღმდეგ იყენებდა. ამავდროულად, სომხეთი დასავლეთიდან მატერიალურ დახმარებას საქართველოს გავლით იღებდა. საქართველო სომხეთის წინააღმდეგ იყენებდა სტრატეგიულ, გეოგრაფიულ პოზიციას და პერიოდულად ბლოკავდა სომხეთისაკენ მიმავალ ტვირთებს. შედეგად, სომხეთი მატერიალურად დაზარალდა, ხოლო საქართველომ ანტანტის უმაღლესი საბჭოსაგან მიიღო მკაცრი გაფრთხილება, რომ მსგავის ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი უარყოფითად გადაწყდებოდა.[19] საბოლოო ჯამში, სამივე რესპუბლიკამ, ბევრი გააკეთა ერთმანეთთან საბრძოლველად და ერთმანეთის რეპუტაციის შესალახად.
1919 წლის შემოდგომისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, მათ შორის სომხეთმაც, ნელ-ნელა დაიწყეს იმის გაანალიზება, რომ ცალკეულ რესპუბლიკათა პრივილეგირებული მდგომარეობა რეალისტურ შეფასებებს არ იყო დამყარებული, რომ დასავლეთის სახელმწიფოები არ აპირებდნენ მათი გასაკეთებელი საქმის საკუთარ თავზე აღებას და რომ რეგიონის მომავალი, მისი თავისუფლება, კავკასიურ სუბიექტთა ურთიერთშეთანხმებას, ურთიერთდამოკიდებულებას უნდა დამყარებოდა. ნოემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და სომხეთს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რესპუბლიკებმა გააუქმეს საბაჟოები, დაუშვეს რეგიონის შიგნით თავისუფალი ტრანზიტი და შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო საკითხებს მშვიდობიანად, საერთაშორისო არბიტრაჟის დახმარებით გადაწყვეტდნენ. ეს იყო მთავარი საერთაშორისო აქტორების მოთხოვნა. თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმება პირნათლად არ სრულდებოდა.[20]
რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები: ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ლორდი კერზონი, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის საგარეო მინისტრი არისტიდ ბრიანი, ყველა მოუწოდებდნენ რესპუბლიკებს, რომ შეთანხმებით ემოქმედათ. 1920 წლის აპრილში, სან-რემოს კონფერენციაზე, გამარჯვებული სახელმწიფოები, შეიარაღების მიცემის პირობად კავკასიის რესპუბლიკებს ბათუმის რკინიგზის სტატუსის გარშემო შეთანხმებას უყენებდნენ. სომხეთი აღიარებდა ბათუმის ოქლის საქართველოსადმი კუთვნილებას, მაგრამ ითხოვდა სომხეთიდან ბათუმზე გამავალი რკინიგზისათვის ექსტერიტორიალური უფლების მინიჭებას, რაზეც ქართული დელეგაცია ვერ თანხმდებოდა. შედეგად, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და იარაღის მიწოდების საკითხიც ჩაიშალა.[21]
1920 წლის აპრილში, საბჭოთა რუსეთმა ბაქოში სახელმწიფო გადატრიალება და აზერბაიჯანის ოკუპაცია იარაღის გაუსროლელად განახორციელა სწორედ იმის გამო, რომ ქვეყნის არმია, თითქმის სრული შემადგენლობით, ყარაბაღში იყო გაგზავნილი, სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. აზერბაიჯანის ოკუპაციის გამო, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობამ საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა. ისეთი ძლიერი მომხრეც კი, როგორიც ლორდი კერზონი იყო, კავკასიისადმი ინტერესს აღარ იჩენდა, რადგანაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთიან პროექტს ქმნიდნენ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენისა და რკინიგზის ხაზებით. აზერბაიჯანის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, ორივე ხაზი შუაში გაწყდა. დასავლეთისა, და მათ შორის ბრიტანეთისთვის, ისედაც სარისკო პროექტის „ნახევარი პაკეტი“ მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. გარდა ამისა, კავკასიონის ქედს გადმოცილებული რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით შეჩერებაც რთული ამოცანა იყო, რადგან მას აზერბაიჯანიდან გზა ეხსნებოდა საქართველოსა და სომხეთში შესაჭრელად.[22]
1920 წლის შემოდგომაზე, თურქები შეიჭრნენ სომხეთში. ქვეყანა, რომელსაც, თავის დროზე, გამარჯვებული სახელმწიფოები კეთილდღეობასა და „ზღვიდან ზღვამდე“ ტერიტორიებს პირდებოდნენ, ყველამ მიატოვა. რჩებოდა მხოლოდ საქართველო, რომლის იმედიც, დამოუკიდებლობის დაცვის საერთო მიზნებიდან გამომდინარე, სომხებს შეიძლებოდა ქონოდათ. თუმცა, იმავე წლის ნოემბერში თბილისში ჩამოვიდა ანკარის მთავრობის წარმომადგენელი ქიაზიმ ბეი, რომლის მთავარ მიზანს, სომხეთთან ომში, საქართველოს მთავრობის ნეიტრალიტეტის მოპოვება წარმოადგენდა. ის ირწმუნებოდა, რომ მუსტაფა ქემალის ხელისუფლებას მხოლოდ სომხეთის ტერიტორიები აინტერესებდა, რომ ახალი თურქეთი მხარს უჭერდა, რუსეთთან ბუფერულ ზონად მყოფ, კავკასიის დამოუკიდებლობას და ა.შ.[23] ქართულმა მხარემ, ნებსით თუ უნებლიედ, დაუჯერა ქიაზიმ ბეის არგუმენტებს. შედეგად, 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში თურქეთმა დაასრულა სომხეთის სახელმწიფოებრივი არსებობა და მისი ტერიტორიები საბჭოთა რუსეთთან ერთად გადაინაწილა. მოგვიანებით, 1921 წლის თებერვალ-მარტში, იგივე ბედი გაიზიარა საქართველომაც. ამ შემთხვევაში, იმპერიებმა თანამშრომლობის უკეთესი მაგალითი აჩვენეს, ვიდრე პატარა რესპუბლიკებმა.
უფრო მეტიც, 1921 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც საბჭოთა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, სომხეთში ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა და ამბოხებულებმა, ცოტა ხნით, ერევანიც დაიკავეს. ქართველთა და სომეხთა ბრძოლა საბჭოთა რუსეთთან, მიუხედავად დროში თანხვედრისა, ერთმანეთისგან იზოლირებულად, ყოველგვარი კავშირის გარეშე მიმდინარეობდა. ეს კონკრეტული საკითხი იმდენად აუხსნელი და, ალბათ, საკვირველი ფენომენია, რომ ისტორიკოსთაგან ცალკე კვლევას იმსახურებს.
1924 წლის აჯანყების დროსაც, წარმატების მისაღწევად ორი ფაქტორის თანხვედრა იყო საჭირო: 1. ამბოხებულთა სამხედრო ძალების მაქსიმალური მობილიზაცია; 2. საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება. პირველი ფაქტორს მარტო საქართველო ვერ გაართმევდა თავს, საერთოკავკასიური აჯანყების ორგანიზების გარეშე რთულად წარმოსადგენი იყო, რუსეთის წინააღმდეგ, სამხედრო წარმატების მიღწევა; ხოლო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდებოდა აჯანყების საწყის ეტაპზე მიღწეული, შესაძლო, წარმატების პოლიტიკური აღიარება, მატერიალური და სამხედრო დახმარებით აჯანყებულთა ბრძოლის მხარდაჭერა. 1924 წლისათვის რუსეთს უკვე გარღვეული ქონდა საერთაშორისო პოლიტიკური იზოლაცია და ძნელად თუ მოხერხდებოდა დასავლური სახელმწიფოების აჯანყების პროცესში აქტიური ჩართვა, მაგრამ თუ რამე შანსი არსებობდა მხარდაჭერის მიღების, ის მხოლოდ საერთოკავკასიურ კონტექსტში დაწყებულ მოძრაობას ექნებოდა, რადგან ცალკე აღებული საქართველო უფრო ნაკლებად იყო საინტერესო დასავლეთისთვის, ვიდრე ერთიანი კავკასია. ჩრდილო კავკასიელებთან კონტაქტების მცდელობის ცალკეული, იზოლირებული შემთხვევების გარდა, აჯანყების დაგეგმვა არ წარმართულა ერთიანი კავკასიის კონტექსტში. აღნიშნულმა ნაკლოვანებებმა, აჯანყებულთა ჰეროიკული ბრძოლა არა პრაქტიკულ შედეგად, არამედ ტრაგიკულ ნარატივად აქცია.
კავკასიის რესპუბლიკათა პირველი დამოუკიდებლობის დაკარგვა, რასაკვირველია, არ შეიძლება მხოლოდ მათ შეუთანხმებლობას დავაბრალოთ. ობიექტურად, არსებობდნენ კონკრეტული, ძლიერი, მტრები ჯერ თეთგვარდიული რუსეთისა და ოსმალეთის, შემდეგ ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის სახით; ასევე, დასავლეთის სახელმწიფოებმა, მსოფლიო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, სათანადო პრიორიტეტად არ მიიჩნიეს კავკასიის დამოუკიდებლობის გადარჩენა. თუმცა, მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ თავად ამ რესპუბლიკებს, მათ შეუთანხმებელ და ერთმანეთისადმი, ხშირად, მტრულ მოქმედებას თავისი წონადი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებლობის დაკარგვის საქმეში.


[1] G. N. Curzon – Russia in Central Asia, pg. 28-29, Oxford 1889
[2] G. N. Curzon – Persia and The Persian Question, Vol. 1, pp. 61-69; London 1966
[3] CAB 27/24 Eastern Committee 40th Meeting, December 2, 1918 (annex); J. D. Rose – Batum as Domino, 1919-1920: The Defence of India in Transcaucasia. The International History Review, vol. 2, No. 2 (Apr. 1980) pg. 266-287
[4] . ბაქრაძეგერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო იმის დროს, გვ. 146-151
[5] ამ საკითხებზე უფრო ვრცლად იხ. R. Hovannisian – Arnenia On The Road To Independence 1918; Los Angeles 1967; . ბენდიანიშვილისაქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისი 2001; Дж. Гасанлы – Русская Революция и Азербаиджан. Москва 2011; Документы и материалы по внешней политики Закавказья и Грузий. Тифлис 1919
[6] სცსა ფ. 1836, საქმე ჩასამატებელია
[7] . ავალიშვილისაქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, გვ. 105, თბილისი 2011.
[8] R. Hovannisian  – The Republic of Armenia, vol. I, pg. 261, Los Angeles 1971
[9] The Case of Armenia, pg. 9, New York 1919
[10] D. Lloyd George – Memoirs of The Peace Conference, vol. II, pp. 811-812, Yale 1939
[11] R. Hovannisian  – The Republic of Armenia, vol. I, pg. 375, Los Angeles 1971
[12] იქვე, გვ. 261
[13] Papers Relating to Foreign Relations of The Unitet States (FRUS), Paris Peace Conference, Vol. 4, pp. 147-157
[14] Дж. Гасанлы – Русская Революция и Азербаиджан, стр. 333-334, Москва 2011; R. Hovannisian  – The Republic of Armenia, vol. I, pg. 197-227, Los Angeles 1971; გ. კვინიტაძე – მოგონებები, ტ. I, გვ. 103-159, თბილისი 1998; ვ. ნოზაძე – საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ. 47-60, თბილისი 1989
[15] სცსა . 1861, აღწ. 4, საქმე 3, ფურც. 5-6; . მენთეშაშვილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია, გვ. 161-162; ჟურნ. “მაცნე”, ისტორიის სერია 2-4, თბილისი 1993
[16] FO 608/118 nos. 13477 and 16780; FO 371/3662/1015/94192/58; FO 371/3662/1015/113022/58; AMAE, Europe, Russie, Caucase (Georgie) 1918-1919, Vol. 833, ff. 228-231; სცსა ფ. 1864, აღწ. 2, საქმე 114, ფურც. 45-49; სცსა ფ. 1864, აღწ. 2, საქმე 79, ფურც. 1-9
[17] სამი რესპუბლიკის დელეგაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ იხ. 14-30 აგვისტოს ქართული დელეგაციის სხდომის ოქმები სცსა . 1864, აღწ. 2, საქმე 129, ფურც. 57-76; კარლო ჩხეიძის 20 სექტემბრის წერილი ნოე ჟორდანიას სცსა . 2115, აღწ. 1, საქმე 60, ფურც. 1-2; თოფჩიბაშევის 22 სექტემბრის წერილი აზერბაიჯანის მთავრობას А.М. Топчибашев—Письма из Парижа, стр. 64-68, Баку 1998
[18] Claims Of The Peace Delegation Of The Republic Of Caucasian Azerbaidjan Presented To The Peace Conference In Paris, Paris 1919; The Armenian Question Before The Peace Conference. Boston 1919; Армянский вопрось передь Мировой Конференций, Екатеринодарь 1919; Claims of Persia before the Conference of the Preliminaries of Peace at Paris. Paris 1919; FO 608/84 no. 132 Memoire Presente A La Conference De La Paix Par La Delegation De L’union Des Peuples Circassiens Et Du Daghestan; AMAE, Europe 1918-1940, URSS, Georgie 1918-1919, Vol. 648, ff. 224-237; სცსა ფ. 1864, აღწ. 2, საქმე 117
[19] უფრო დაწვრილებით იხ. FO 608/85/13238; FRUS, PPC, Vol. 7, pp. 210-211, 231-232; სცსა ფ. 1864, აღწ. 2, საქმე 111, ფურც. 46; “საქართველოს რესპუბლიკა” – 1919 წლის 6 აგვისტო, ნომერი 173; R. Hovannisian – The Republic of Armenia, Vol. 2, pp. 146-147, Los Angeles 1982
[20] სცსა . 1864, აღწ. 2, საქმეები 77, 78, 90; FO 371/3660/512/159650/58; FO 371/3665/1015/157888; FO 371/3665/1015/155472/58; Documents on British Foreign Policy 1919-1939, Series I, vol. II, pg. 734, London 1948; FRUS PPC, Vol. 9, pp. 606-607; R. Hovannisian – The Republic of Armenia, Vol. 2, pp. 225-230, Los Angeles 1982
[21] . ავალიშვილისაქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, გვ. 292-338, თბილისი 2011; R. Hovannisian – The Republic of Armenia, Vol 3, pp.30-33, 53-57, 96-105, 353-368, Los Angeles 1996
[22] CAB 24/95 CP 336
[23] „სამუსულმანო საქართველო“ 1920 წლის 21, 23, 24 ნოემბრის ნომრები 467, 468, 469; R. Hovannisian – The Republic of Armenia Vol. 4, pg. 296

ბექა კობახიძე

No comments:

Post a Comment