Saturday 25 July 2015

ირაკლი (კაკი) წერეთელი



ირაკლი (კაკი) წერეთელი (1881-1959) - ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი წერეთლის შვილი და ნიკო ნიკოლაძის დისშვილი.  ის 25 წლის ასაკში გახდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყველაზე ახალგაზრდა წევრი. 1907 წელს, რეაქციის დაწყების შემდეგ, დააპატიმრეს და ციმბირში 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს. პეტროგრადში დაბრუნდა ჯანმრთელობაშერყეული, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. რუსეთის დროებით მთავრობაში ის გახდა ჯერ ფოსტა-ტელეგრაფის, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი.
ქართველ სოციალ-დემოკრატთაგან, წერეთელი იყო ყველაზე მეტი მემარცხენე, კოსმოპოლიტი, ინტერნაციონალისტი და რუსოფილი. როდესაც მას რუსმა კადეტმა, მილიუკოვმა მიანიშნა, რომ რუსეთის საქმეებში ქართველებს სხვა ინტერესი გაქვთო, წერეთელმა მგზნებარედ უპასუხა: „თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე, ჩემი გვარის გამო, რუსი არ ვარ?!“ ის ჩამოყალიბდა რუს მოღვაწედ, თუმცა იყო ნამდვილი დემოკრატი. ჰოლანდიელმა ავტორმა რობოლმა მასზე მონოგრაფია დაწერა - „წერეთელი: დემოკრატი რუსეთის რევოლუციაში“ და იმ თავს, სადაც წერეთლის 1918-1921 წლებში საქართველოს მოღვაწეობას ეხება, მოხდენილად დაარქვა „სეპარატისტი საკუთარი თავის წინააღმდეგ."
1917 წელს, ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული წერეთელი ერთი მხრივ ავლენს რუსული დემოკრატიისადმი ერთგულებას, რევაზ გაბაშვილის მოგონებით, მან 26 მაისს თქვა „რას შვებით?! თქვენ ანგრევთ რუსულ დემოკრატიას“, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალისტურ სენტიმენტებსაც ავლენდა, როდესაც ჯაველ ოსებთან, სომხებთან თუ აზერბაიჯანელებთან უწევდა საუბარი. საქართველოს ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) წერეთელი ხელმძღვანელობდა მმართველ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. თუმცა, მისი რუსოფილური პოლიტიკური პლატფორმა, ჟორდანიას თქმით, „უხერხემლო რუსული მენშევიზმი“ და პოლიტიკური ამბიციები, ვერ მოდიოდა შესაბამისობაში მმართველი პოლიტიკური ელიტისა და დამოუკიდებელი საქართველოს მიზნებთან.
შესაბამისად, 1918 წლის დეკემბერში, წერეთელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნი დელეგაციის წევრად გაამწესეს და ევროპაში რჩებოდა 1920 წლის მიწურულამდე. პარიზის გარდა, ის დაესწრო ლონდონის, სან-რემოს კონფერენციებს; პარალელურად, დადიოდა საერთაშორისო სოციალისტურ კონგრესებზე, აწუხებდა სხვადასხვა ქვეყნების მემარცხენე პოლიტიკოსებს და მათი დახმარებით ცდილობდა დიდ სახელმწიფოებში საქართველოს საკითხის ლობირებას. საერთაშორისო ასპარეზზე გასულ წერეთელს, სხვა არაფერი უკეთებია თუ არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სამსახური და ამ მხრივ, შეცდომებთან ერთად, ბევრი სასიკეთოც გააკეთა.
თუმცა, 1919 წლის მარტში, პარიზში ახალჩასულმა, ვერ მოახერხა „რუსული ქურქიდან“ გამოსვლა და ფრანგ სოციალისტთა გაზეთ Le Petit Parisien-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მომავალში საქართველო შესაძლო იყო ისევ ნებით შეერთებოდა რუსეთს, იქვე დაგმო რუსეთში ბოლშევიკური დიქტატურა და დემოკრატიული ძალების გამარჯვების სურვილი გამოთქვა.
ამის წამკითხველმა მემარჯვენე, ნაციონალისტმა სოციალ-დემოკრატმა აკაკი ჩხენკელმა რისხვის წერილი მიწერა წერეთელს: „შენთვის საქართველოს ისტორია იწყება რუსეთთან შეერთებიდან...  შენ არ აფასებ ეროვნულ თავისუფლებას, როგორც ასეთს, ამიტომ ჭკუაში არ მოგდის ჩამოთვალო რუსეთის ბატონობის ცოდვები: მისი სასკოლო, საეკლესიო, საკოლონიზაციო პოლიტიკა, რომ ამით ნათლად გაიგონ ევროპელმა ამხანაგემბა თუ რას მოასწავებს ჩვენთვის თავისუფლება."
ამის შემდეგ წერეთელი გონს მოეგო და მალე ჩხენკელი კმაყოფილებით წერდა: „დრომ მოგვიტანა, რომ წერეთელი-ჩხეიძე ნაც.-დემოკრატების პროგრამას აყვნენ!“
პარიზში, ლონდონში და სან-რემოში გამართული დელეგაციის სხდომათა ოქმები, ცალსახად, წერეთლის მხრიდან ეროვნულ ინტერესთა მსახურს ადასტურებენ. ის მალე შეხვდა თავის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი ლვოვსა და ალექსანდრ კერენსკის. ისინი წერეთელს ეხვეწებოდნენ, რომ თეორიულად, სამომავლოდ მაინც დაეშვა მას საქართველოს დემოკრატიულ რუსეთში დაბრუნება. წერეთელმა ისინი შოვინისტებად მოიხსენია და თქვა, რომ დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის მანდატით გამოუშვა ხალხმა, ხოლო თუ დენიკინის არმია საქართველოში ძალით შემოიჭრებოდა, ეს სისხლისღვრასა და ქართველი ხალხის რუსეთისადმი სამუდამო სიძულვილს გამოიწვევდა. ლოგიკურად კითხულობდა რუსული გაზეთი „სევერნოე უტრო“: როდის ტყუოდა წერეთელი, როცა ის მილიუკოვს შეეკამათა მეც რუსი ვარო თუ მაშინ, როცა ქართველ ნაციონალისტად გადაიქცა? რეალურად კი წერეთელს საკმაოდ კომპლექსური პოლიტიკური პორტრეტი ქონდა: ის პირველ რიგში იყო დემოკრატი და სოციალისტი, ამავე დროს, ცხოვრების ბოლომდე დემოკრატიული რუსეთის წამდა, მაგრამ, როგორც მოვლენებმა აჩვენეს, მასში პატარა ნაციონალისტური მარცვალიც არსებობდა.
რევოლუციურ, ანტიიმპერიალისტურ სენტენციებში შეჭრილი, ის შეცდომას უშვებდა, როდესაც მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის კონფერენციას მიაღებინა რეზოლუცია, რომ თავისუფალ საქართველოზე არ უნდა დაწესებულიყო დასავლეთის „იმპერიალისტთა“ მანდატი. იგივე შეცდომა დაუშვა მან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე ძლიერმა საერთაშორისო მხარდამჭერმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ლორდმა კერზონმა მიანიშნა, რომ წერეთელს ანტანტის უმაღლეს საბჭოსთან შეხვედრაზე უნდა მოეთხოვა კავკასიაში დასავლეთის ჯარების განლაგება. აქაც, წერეთელმა იმპერიალიზმი დაინახა და უარი განაცხადა ასეთი მოთხოვნის დაყენებაზე. მის ამ შეცდომას რეალური ტრაგედია არ გამოუწვევია, რადგან დასავლეთის სახელმწიფოები, მოთხოვნის შემთხვევაშიც, არ იყვნენ მზად 1920 წელს კავკასიაში ჯარების გასაგზავნად.
მეორე მხრივ, წერეთელს პრაგმატიზმიც ახასიათებდა. როდესაც იტალიელებმა გადაწყვიტეს საქართველოზე მანდატის აღება, მან თქვა, რომ არჩევანი იყო დენიკინის იმპერიალიზმსა და იტალიას შორის, მას ეს უკანასკნელი ერჩივნა.
წერეთელს ძალიან მაღალი ავტორიტეტი ქონდა საერთაშორისო სოციალისტურ წრეებში. როდესაც ქართველი და სომეხი დელეგატები საერთაშორისო სოციალისტურ კონგრესზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რათა ქვეყნებს შორის ტერიტორიული გამიჯვნის საკითხები დაედგინათ, არარატის რესპუბლიკის ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელმა - ავეტის აჰარონიანმა, სოციალისტურ კონგრესზე მიმავალ მიკელ ვარანდიანს დაავალა, რომ წერეთელთან პოლემიკას მორიდებოდა, რადგან ამ უკანასკნელის ავტორიტეტი საერთაშორისო სოციალისტურ წრეებში, გაართულებდა დავის სომხეთის სასარგებლოდ გადაწყვეტას.
ბრიტანეთში ჩასულმა წერეთელმა ინახულა ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ჰენდერსონი, რომელმაც გააცნო თემთა პალატის თავმჯდომარე და მომავალი პრემიერ-მინისტრი ბონარ ლოუ. იქვე, წერეთელი შეხვდა მემარცხენე ლიბერალების წარმომადგენელ ჯოზეფ ქენვორსის და ამ შეხვედრის შემდეგ ქენვორსიმ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს შესახებ პასუხი მოსთხოვა საკუთარ მთავრობას. იგივე ქენვორსი კოპენჰაგენში ჩავიდა საბჭოთა დიპლომატ მაქსიმ ლიტვინოვთან შესახვედრად და ამ უკანასკნელს საქართველოს აღიარების პირობა ჩამოართვა.
ქართულ დიპლომატიაში წერეთლის მთავარი ოპონენტი იყო ზურაბ ავალიშვილი. წერეთელი ყოველთვის უფრო რადიკალურ ქმედებებს ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო ავალიშვილი უფრო მოქნილ, კომპრომისებზე აგებულ დიპლომატიას. დრომ აჩვენა, რომ ავალიშვილი უფრო სწორ პოზიციაზე იდგა და მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ავალიშვილის მემუარებში გაჟღერებული თეზა, რომ წერეთელი უმოქმედობის ტაქტიკას ადგა, სრულიად არასწორია. წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართველი დიპლომატი იყო. 1919 წლის დეკემბერში და 1920 წლის იანვარში მან ორჯერ ინახულა ბრიტანეთის საგარეო მინისტრი კერზონი, ბრიტანეთის საგარეო სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯორჯ კიდსტონი. წერეთელმა მინისტრზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საუბარი ორივე მხრიდან შეეხებოდა საქართველოსა და სხვა კავკასიური რესპუბლიკების ეროვნულ ინტერესებს. ეს იყო დასავლეთის ლიდერებთან შემდგარი ყველაზე გულწრფელი და დადებითი შეხვედრა რესპუბლიკის არსებობის მთელ მანძილზე. თუმცა, წერეთელსა და. მთლიანად ქართულ დიპლომატიას, შეცდომა მოუვიდათ იმაში, რომ დენიკინი ბოლომდე უფრო მეტ საფრთხედ მიაჩნდათ, ვიდრე ბოლშევიკები. დენიკინის საკითხს უფრო აქტიურად აყენებდნენ დასავლეთში, ვიდრე ბოლშევიკებისას.
მართალი არ არის მოსაზრება, თითქოს ისინი ბოლშევიკებს „სოციალისტ ძმებად“ თვლიდნენ და ამიტომ მოუდუნდათ ყურადღება. არა, ისინი ცალსახა საფრთხედ აღიქვამდნენ ბოლშევიზმს, ისიც რუსული დესპოტიის რანგში აყავდათ, მაგრამ, დენიკინისგან განსხვავებით, ბოლშევიკები „თვითგამორკვევის“ და აღიარების პირობას იძლეოდნენ. დღეს უკვე ვიცით რას ნიშნავდა ასეთი პირობა, მაგრამ 1920 წელს ბოლშევიკთა რეალური სახე ჯერ კიდევ უცნობი იყო.
1920 წლის 19 იანვარს წერეთელი ხელმძღვანელობდა კავკასიურ სახელმწიფოთა მხრიდან გამართულ ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას. ის საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელით საუბრობდა ანტანტის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მან იარაღის, სურსათისა და კრედიტის გამოყოფა მოითხოვა, რათა კავკასიელებს ბოლშევიკებთან ბრძოლის საშუალება მისცემოდათ. მან ასეთი პირობა მიიღო, თუმცა ეს პირობა მოგვიანებით არ შესრულდა...
ემიგრაციაში წასული წერეთელი, ისევ რუსული დემოკრატიისა და რუსული სოციალიზმის ნიადაგზე დადგა. შესაბამისად, ის მოწყდა ქართველ ემიგრანტებს, მაგრამ საბოლოო განსასვენებელი მაინც ლევილის ქართველთა სასაფლაოზე პოვა. ის შეიძლება საქართველოსთვის არ იყოს ჩხენკელის, რამიშვილის ან ჟორდანიას დონის მოღვაწე, მაგრამ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით წერეთელმა კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და რუსეთის რევოლუციის ისტორიებში.


ბექა კობახიძე

1 comment:

  1. ნებისმიერი ადამიანი რომელმაც მცირედი მაინც გააკეთა საქართველოსა და ქართველო ხალხი კეთილდღეობისათვის გმირია

    ReplyDelete