Wednesday 19 August 2015

საქართველოს დამოუკიდებლობა


         დადგა განთიათის ჟამი, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ზეიმით იდღესასწაულა ერმა თავისი განახლების ჟამი, ახალცხოვრების დასაწყისი. მაგრამ მარტო ეს არ კმარა.
      საჭიროა სწრაფი მობილიზაცია ყველა ჩვენი ძალებისა, შემოკრება ეროვნულ მთავრობის გარშემო ყველა სახელმწიფოებრივ ელემენტებისა, ყველა იმისი, ვინც ცოტათ თუ ბევრად გამოიჩინა თავი ეროვნულ-აღმაშენებელ საქმიანობით, ვისაც უნარი შესწევს ემსახუროს სამშობლოს არა დაუსრულებელ ფრაზოლოგიით, არამედ გამუდმებულის საქმით, შემოქმედებითის შრომით.
       დღეს, ერის განსაცდელი ჟამს, უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი განსხვავება პარტიული, სოციალური და წოდებრივი. დღეს ყველანი, განურჩევლად წლოვანებისა და მდგომარეობისა, განურჩევლად შეხედულებისა და აზროვნებისა, უნდა ჩავებნეთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ყველამ თითო აგური უნდა მივიტანოთ ეროვნული საკურთხევლის ასაგებად.
        უნდა გამოყენებული იყოს ყოველი ცოცხალი კულტურული ძალა, ყოველი ნივთიერი შესაძლებლობა, საერთოდ ყოველი ატომი ჩვენის სინამდვილისა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების შესაქმნელად. არც ერთი მისხალი ეროვნული ენერგიისა დაკარგული და გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს. ყველას თავისი საქმე უნდა მიეჩინოს, სასტიკად მოეთხოვოს მისი შესრულება, ნაკისრ მოვალეობის პირნათლად მოხდა.
           დავივიწყოთ დროებით ყოველგვარი 8 და 6 საათის სამუშაო ნორმები. დღეს ამეების დრო არ არის. დღეს შრომაა საჭირო, შრომა დაუღალავი, დაუძინებელი, სასოწარკვეთილი.
            თუ ჩვენ ეს არ შევიგნეთ, თუ ყველამ მარტო იმაზე იფიქრა, რროგორ მოაწყოს საუკეთესოდ თავისი პირადი, თუნდ კლასიური საქმე, საერთო საქმე დაიღუპება, ერი გადიჩეხება კლდეზე. დაჭკნება და გავერანდება ახლადგაფურჩქნული სახელმწიფოებრიობა ჩვენი.
            დღეს მთელი ერი ერთ ძმურ ოჯახად უნდა იქცეს, ერთ აღმაშენებელ ასოციაციად. დღეს უკუგდებულ უნდა იქნეს ყველა ის, რაცა გვთისავს, გვაცალკევებს, ჰქსაქსავს ჩვენს ძალსა და ღონეს.
          დღეს ერთობისა და სოლიდარობის დროა, ერის შეგნებულ ნაწილების შედუღებისა, შეკოწიწებისა და არა მათი ერთმანეთის დაპირისპირებისა. შევიგნოთ ეს! წარსული შეცდომებს ნუ განვიმეორებთ!

შეუპოვარი

გაზეთი „საქართველო“, N102, 1918 წლის 28 მაისი

No comments:

Post a Comment