Sunday 9 August 2015

დებატები საქართველოს პარლამენტში დაპატიმრების წესთან დაკავშირებით

ნიკოლოზ თარხანოვი (სომხ. სოციალისტ-რევოლუციონერი) – შეკითხვა შემოტანილ იქნა ამ სამი კვირის წინად და გამოწვეული იყო, მით რომ უსაფუძვლოთ დატუსაღებული ბოლშევიკები იძულებული იყვნენ შიმშილობა გამოეცხადათ. მაგრამ შეკითხვას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა: დღესაც არაერთი იტანჯება სატუსაღოში ისეთი პირი, რომელმაც არ იცის რა ბრალი ედება მას, რადგან ბრალდებას არ უყენებენ. საჭიროა პარლამენტმა უზრუნველჰყოს მოქალაქეთა მდგომარეობა, რომ
ერთსა და იმავე დროს არ შეეძლოს ადმინისტრატიული წესით დატუსაღება მილიციის უფროსს, გენერალ-გუბერნატორს და შინაგან საქმეთა მინისტრს.
იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი მესხიშვილი (სოციალისტ-ფედერალისტი) – პარლამენტის წევრნო! როგორც შეკითხვიდან სჩანს, თითქმის ყველა ის პირი (ბუდუ მდივანი და სხვები) დატუსაღებულია ადმინისტრატიული წესით. ადმინისტრატიული წესით დატუსაღების შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: რევოლუციის პირველ დღეებში რუსეთის მთავრობამ კერენსკის იუსტიციის მინისტრად ყოფნის დროს უკუაგდო ადმინისტატიული წესით დატუსაღება. ხოლო რეალურმა პირობებმა, პოლიტიკურმა ბრძოლამ, ბრძოლამ ანარქიის მთესველებთან და ნაძირალებთან აიძულა იგივე კერენსკი 1917 წლის აგვისტოს 2-ის დეკრეტით კვლავ აღედგინა ეს წესი. ამ დეკრეტის ძალით შინაგან საქმეთა მინისტრს სამხედრო მინისტრთან შეთანხმებით, ნება აქვს ადმინისტრატიული წესით დაატუსაღოს ის პირები, რომლებიც ანარქიას სთესავენ ქვეყანაში და მთავრობის წინააღმდეგ მოუწოდებენ.
შალვა ალექსი-მესხიშვილი
ეს არის ფორმალური მხარე, რომელიც ცხადჰყოფს თუ რამდენად უსაფუძვლოა თარხანოვისა და თუმანოვის შეკითხვა. მაგრამ მე, როგორც სოლიდარულ კაბინეტის წევრს, არ მინდა ამ ფორმალური არგუმენტით მოვიცილო თავიდან პასუხისმგებლობა და შინაგან საქმეთა მინისტრს გადავცე იგი, რომ მან გასცეს პასუხი ადმინისტრატიული წესით დატუსაღების შესახებ. მე მინდა არსებითად გავცე პასუხი ამ შეკითხვას.
არც საქართველოს მთავრობაში, არც პარლამენტში არ მეგულება ისეთი პირი, რომელიც მომხრე იყოს ადმინისტრატიული წესით დატუსაღებისა. მაგრამ თქვენ თუ გაითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ სინიდის ახდილი ვაჟბატონები ძირს უთხრიან საქართველოს დამოუკიდებლობას იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობას 6 თვის განმავლობაში ექვსი დღე არ ჰქონია თავისუფალი, განა შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ მარტო სასამართლოს წესით მოხდეს დატუსაღებაო, იმ სასამართლოსი, რომელთა ძველი მოხელეები საქართველოს დამხობის მიზნით სისტემატიურ საბოტაჟს ეწევიან? (ძლიერი ტაში).
ვისთვისაც ეს ნგრევა და დამხობა დამოუკიდებელ საქართველოსი ხელსაყრელია, ის მოითხოვს, რომ მხოლოდ სასამართლოს წესით იქნეს დატუსაღება.
„როდის იქნება მოსპობილი ადმინისტრატიული წესი დატუსაღებისაო?“ გვეკითხებიან თარხანოვი და მისი კომპანია. მოსპობილი იქნება მაშინ, როდესაც საშუალებას მოგვცემენ ისეთ კალაპოტში ჩავაყენოთ საქართველოს  ცხოვრება, რომ საკმარისი იყვეს მხოლოდ სასამართლოს წესით დატუსაღება.
ყველა გულწრფელად ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს აღმშენებლობის საქმეს და არ უთხრიდეს მას ძირს და მაშინ საქართველოს მთავრობა შემოვიტანს კანონპროექტს, რომ მოსპობილ იქნეს ადმინისტრატიული წესით დატუსაღება (ძლიერი ტაში ყველა სკამზე).
კირილე ნინიძე (სოციალ-დემოკრატი) ბატონებო! როდესაც თარხანოვსა და მის კომპანიას ასეთი შეკითხვა შემოაქვთ – ეს პოლიტიკური ცინიზმია. შეკითხვა არ არის მიმართული დემოკრატიული წყობილების და პარლამენტარიზმის განსამტკიცებლად. ბატონი თარხანოვი და მისი ამხანაგები იმ ჯგუფს ეკუთვნიან, რომელიც არ სნობს ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს პარლამენტს (რევაზ გაბაშვილი ადგილიდან: რად შემოიყვანეთ პარლამენტში?) ბატონო გაბაშვილო, ჩვენ პარლამენტარისტები ვართ, თუ არა და არც თქვენ შემოგიყვანდით.
კირილე ნინიძე
დიაღ, პოლიტიკური ცინიზმია ასეთი პირებისაგან შეკითხვის შემოტანა. შეკითხვა შემოაქვთ და ადმინისტრატიული წესით დატუსაღების გაუქმებას ითხოვენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ გურიის გლეხობა და ჩვენი მუშები ნაკლებად მომზადებულნი არიან სოციალიზმისთვის, ვიდრე ჯავის ოსები და დუშეთის მეამბოხენი . . . მე მგონია ამ შეკითხვის შემომტანთ მხოლოდ სკანდალი უნდოდათ.
ნიკოლოზ თარხანოვი ილაშქრებს კირილე ნინიძის წინააღმდეგ და სკანდალად და ცილისწამებად სთვლის მის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს. იგი ამბობს, რომ არც მინისტრმა გასცა არსებითად პასუხი.
იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი მესხიშვილი – ალბათ თარხანოვის ქართული ენის უცოდინარობით აიხსნება ის, რაც მან სთქვა. მე გავეცი პასუხი იმ ტექსტის მიხედვით, რომელიც ხლეთ მქონდა. მინისტრმა არსებითი პასუხი არ გამცა ადმინისტრატიული წესის მოსპობაზე შეკითხვაში არაა ნათქვამიო. აი, ბატონებო ტექსტი, სადაც სწერია: „რა ზომები მიიღო მთავრობამ ადმინისტრატიული წესით დატუსაღების მოსასპობადო“. ჩენ გვებრძვიან სიტყვით, გვებრძვიან საქმით და გვეკითხებიან: „როდის მოსპობთ ადმინისტრატიული წესით დატუსაღებასაო“. მოვსპობთ მაშინ, როდესაც აილაგმებიან სინიდის ახდილი ადამიანები და სახელმწიფოს მტრები.
თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ბრალი დასდოთ მთავრობას: ის მეტად ლმობიერია, „იმიტომ რომ, დემოკრატია ლმობიერია. მაგრამ დიდი დანაშაული იქნებოდა მის მხრით, რომ ზედმეტი ლმობიერება გამოეჩინა საქართველოს მტრების მიმართ და არ აელაგმა იგინი (ტაში).
სწორედ ამ დარბაზში იყო, როდესაც შარშან ქართველი დემოკრატია ამბობდა – ნუ გამოუცხადებთ ბრძოლას ბოლშევიკებსო, ხოლო თარხანოვმა შეკითხვა შემოიტანა – სისხლითა და მახვილით უნდა გავუსწორდეთ ბოლშევიკებსო. დღეს კი იგი მათ დამცველად გამოდის.
დე, იცოდეს ყველამ, რომ არავის მივცემთ ნებას თავისუფლად ითარეშოს ჩენს ქვეყანაში და ძირი უთხაროს მის დამოუკიდებლობას (ტაში).
კირილე ნინიძე (სოციალ-დემოკრატი) და იოსებ მაჭავარიანი (ეროვნულ-დემოკრატი)თარხანოვისა და მისი კამპანიის წინააღმდეგ ილაშქრებენ.





გრიგოლ რცხილაძე (სოციალისტ-ფედერალისტი) – ბატონები, . . . ჩვენი საერთო სურვილია, რომ არ იქნეს ადმინისტრატიული წესით დატუსაღება. მაგრამ სურვილის ასრულებას შესაბამისი პირობები ესაჭიროება. თუ ისე დავაყენებთ საკითხ, როგორც ეს თარხანოვმა დააყენა, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვეღირსებით, რომ არ იქნეს ადმინისტრატიული წეით დატუსაღება.
გრიგოლ რცხილაძე
ვისი ბრალია, რომ არსებობს ადმინისტრატიული წესი დატუსაღებისა? მთავრობისა? არა. ეს იმათი ბრალია, ვინც ძირს უთხრის ჩენ დამოუკიდებლობას. ბრალი უნდა იკისრონ იმათ, რომელნიც ქმნიან ისეთ ატმოსფერას, რომ შეუძლებელია ნორმალური ცხოვრება.
კამათი შეკითხვის გარშემო ისპობა და კრება იღებს სოციალ დემოკრატების რეზოლუციას: „პარლამენტმა მოისმინა მთავრობის განმარტება პარლამენტის წევრთა თარხანოვისა და თუმანოვის შეკითხვის შესახებ, დაკმაყოფილებულია მთავროით და გადადის მორიგ საკითხებზე“.
1918 წლის 15 ნოემბერი

No comments:

Post a Comment