Wednesday 2 September 2015

დაპირისპირება ქალაქის საბჭოში

ტფილისის ქალაქის საბჭომ ამას წინად მიიღო რეზოლუცია ესერებისა (სოციალისტ-რევოლუციონრები): მილიციამ დახმარება არ უნდა გაუწიოს საგანგებო რაზმსო. ამის გამო ქალაქის გამგეობა გადადგა, რადგან საბჭომ წინა საკითხის გადაწყვეტის დროს დამაკმაყოფილებლად არ სცნო მისი განმარტებანი. საბჭოს რეზოლუცია ერთნაირი დემონსტრაცია იყო საქართველოს რესპუბლიკის და მისი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელსაც ეკუთვნოდა საგანგებო რაზმის დაარსების კანონი. შეიქმნა კრიზისი.
   ოქტომბრის 7 სხდომაზე ძალთა მობილიზაცია იყო მომხდარი. სხვა კრებებს 40 ხმოსნამდე ესწრებოდა. ეხლა ასამდე იყო. იყვნენ მინისტრებიც: ნ. ჟორდანია, ნ. რამიშვილი და სხვ. თავმჯდომარეობდა იაგჯიანი.
   ე. მახვილაძისამ შეიტანა წინადადება. წინანდებული გადაწყვეტილება საბჭომ გადასინჯოს, რადგან იგი უკანონოა. ამას მხარს უჭერდნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები და ნაციონალ დემოკრატები. აგრეთვე ქართველი ესერებიც, მათ შორის ჩემოდანოვიც.
სოციალისტ-ფედერალისტი იოსებ ბარათაშვილი
     ი. ბარათაშვილმა თქვა: საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გადაისინჯოს, ხოლო გამგეობის გადადგომა, როგორც ფაქტი, უნდა მივიღოთ. საბჭო თავისი გადაწყვეტილებით მიდის უმაღლესი ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ, რადგან მილიციას უბრძანებს არ აასრულოს საერთო სახელმწიფოებრივი კანონი. ეს არაპირდაპირი გალაშქრებაა მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს სოციალისტურია და რევოლუციობურიც. ქალაქის საბჭო ჰქმნის კონფლიქტს მთავრობასა და უმაღლეს კანონს შუა.
     გაიმართა ცხარე და ხანგძლივი კამათი, რომელშიაც მონაწილეობა მიიღო ყველა ფრაქციათა წარმომადგენლებმა და საღამოს ცხრის ნახევარზე დაწყებული სხდომა გათავდა ღამის სამის ნახევარზე. დასაბუთებული სიტყვა წარმოთქვა ნ. რამიშვილმა, რომელმაც შეუბრალებლად ამხილა „სოციალისტ-რევოლუციონერები“ თუმანოვი და ხუდადოვი და კადეტები (რუსული კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია), რომლებიც კრავებად სახავენ თავს და ნამდვილად კი იბრძვიან საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ნოე რამიშვილი
    შემდეგ 48 ხმით 27 წინააღმდეგ მიიღეს გადადგომა გამგეობისა. გადასწყვიტეს გადასინჯვა საბჭოს ნინანდელ გადაწყვეტილებისა. სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფდერეალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ხმებით მიღებულ იქნა რეზოლუცია: “საგანგებო რაზმი, რომელიც იბრძვის სპეკულაციასა და კონტრევოლუციასთან - საჭიროა. ამიტომ ქალაქის საბჭო ადასტურებს, რომ მილიციამ ყოველგვარი დახმარება უნდა გაუწიოს ამ რაზმს“.
       მთელი დარბაზი და ქანდარა გაჭედილი იყო მსმენელებით, რომელნიც მთავრობის განმარტებას ტაშით და ოვაციებით ჰხვდებოდნენ.


გაზ. „სახალხო საქმე", N353, 1918 წლის 9 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment