Tuesday 15 September 2015

შსს-ს დადგენილება ავტომობილების რეგისტრაციის შესახებ

     იმის გამოსარკვევათ, თუ რამდენი ავტომობილებია საბარგო და სამგზავრო, როგორც კერძო ისე საზოგადო, მთავრობის დაწესებულებათა და სხვა, დღეს მოქმედებენ რესპუბლიკის საზღვრებში და კერძოთ თბილისში, დგება სარეგისტრაციო კომისია საავტომობილო განყოფილების, ქალაქის თვითმმართველობის და გზათა სამინისტროს
წარმომადგენლებისაგან:

  1. მეპატრონენი კერძო ავტომობილებისა ვალდებულნი არიან იქონიონ ქალაქის თვითმართველობის ნომერი და გამოცხადდნენ ავტომობილით სარეგისტრაციოთ, შესაფერი განცხადებით, რომელსაც მიიღებენ სარეგისტრაციო კომისიისაგან.
  2. ის პირნი, რომლების ავტომობილები შესაკეთებლათ სდგას ვალდებულნი არიან წარმოადგინონ განცხადება, სადაც ნაჩვენები იქნება ადგილმდებარეობა მაშინისა და რომელი მოტორისა და კანტორისაა.
  3. აგრეთვე ის პირნი, რომლებსაც აქვთ ნაწილები ავტომობილის შესადგენათ, მოტოციკლეტები ან მისი ნაწილები, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ნომერი მოტორისა და სხვა მათ მიერ კუთვნილი მაშინის ნაწილების აღწერილობისა, სათანადო მოწმობის მისაღებათ.
  4. სამხედრო უწყებამ, მთავრობის დაწესებულებებმა, საზოგადო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ სია თავისი უწყების ავტომობილებისა მოტორის და კარტერების ნომრების ჩვენებით.
  5. კერძო პირნი, რომლებიც დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ განცხადებას მათ მიერ კუთვნილ ავტომობილების ნაწილების შესახებ, ჰკარგავენ ყოველგვარ უფლებას და მათ ერთმევათ ქონება ხაზინის სასარგებლოდ.
  6. სამხედრო ნაწილების, მთავრობის და საზოგადო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფროსები, რომელნიც არ შეასრულებენ ამ დადგენილებას გამორიცხულ იქნებიან სამსახურიდან, პასუხისგებაში მიცემით. უკანასკნელ ვადათ განცხადების წარგდენისა დაინიშნოს 1919 წლის 28 აპრილი.
  7. ამ ვადის განმავლობაში ყველა ავტომობილები უნდა  იქნენ შეტანილი სიაში და ასეთ ავტომობილებზე მიეცემა სათანადო მოწმობა ავტომობილების მოტორისა და ბირჟის ნომერის აღნიშვნით.
  8. ვადის გასვლის შემდეგ უმოწმებოთ და უნომროთ ავტომობილები იქნებიან დაჭერილი, გადაეცემა ხაზინას და როგორც პატრონები, ისე შოფრები პასუხისგებაში მიეცემიან.
  9. ამ დადგენილების სისრულეში მოსაყვანათ ევალება საავტომობილო განყოფილების მმართველს, წარუდგინოს სია შედგენილი კომისიის მიერ მილიციის და განსაკუთრებული რაზმის უფროსებს სათანადო მოქმედებისათვის.
  10. ავტომობილები საზოგადო დაწესებულებათა, სამხედროს უწყებისა და სხვა მთავრობის დაწესებულებებისა, რომლებსაც არ ექნებათ ხელში კომისიის მოწმობა, ჩამორთმეულ უნდა იქნეს მფლობელის პასუხისგებაში მიცემით.
  11. ყველა ავტომობილი, რომელიც შემდეგში იქნება შემოყვანილი საქართველოს საზღვრებში, უნდა შეტანილ იქნეს სიაში ქალაქის თვითმმართველობის და მილიციის მიერ. აგრეთვე აკრძალულია ამ კომისიის ნებადაურთველად გაზიდვა ავტომობილებისა და მისი ნაწილებისა.
  12. დადგენილება შედის ძალაში დღიდან გამოცხადებისა.
         სარეგისტრაციო კომისის ბინა იმყოფება მიხეილის ქუჩაზე N50-ის ეზოში


ადმინისტრაციის ინსპექტორის მაგიერ - გ. ნანეიშვილი       

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, N90, 1919 წლის 26 აპრილი


No comments:

Post a Comment