Thursday 17 September 2015

,,მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც თან წაიყვანეო" როგორ შეხვდნენ სტალინს გასაბჭოებულ საქართველოში



იოსებ სტალინი
ალექსანდრე დგებუაძე
სტალინის კულტის ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირსა და მათ შორის გასაბჭოებულ საქართველოში ოცდაათიანი წლებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა. დესტალინიზაციის პროცესი კი 1956 წლიდან კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობიდან იღებს სათავეს როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა პიროვნების კულტი დაგმო. თუმცა საქართველოში კი აღნიშნული პროცესი რეალურად 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობასა და
შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად გააქტიურდა, მაგრამ ქართული საზოგადოების ნაწილში სტალინისადმი სიმპათიები დღესაც კი შეინიშნება. სტალინის კულტის შექმნასა და  დესტალინიზაციის პროცესამდე  კი, იყო დრო როდესაც საბჭოთა რუსეთის ეროვნებათა სახალხო კომისარს და რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს იოსებ ჯუღაშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის ერთ-ერთი ინიციატორს დაპყრობილ საქართველოში  ჩამოსვლისას ქართველმა მუშებმა არცთუ ,,თბილი" შეხვედრა მოუწყვეს. ამ ფაქტს საბჭოთა ისტორიოგრაფია განგებ უვლიდა გვერდს, მაგრამ რასაც საბჭოთა ისტორიოგრაფია გვერდს უვლიდა კარგათ შემოინახა საარქივო დოკუმენტებმა.
  საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ, იყო მცდელობა მომხდარი წარმოჩენილიყო სახელმწიფო გადატრიალებათ სადაც რუსეთი მხოლოდ აჯანყებულთა დამხმარე იყო, რეალურად ყველა კარგათ ხედავდა, რომ საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოებრიობა წმინდა წყლის ფორმალობა იყო და მოსკოვისა და კავბიუროს ნებართვის გარეშე ქართველი კომუნისტები ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. ქვეყანაში იდგა მეთერთმეთე რუსული არმია, რომელის სახელწოდებაც  კავკასიის განმანთავისუფლებელ არმიად გადაკეთებულიყო, ცხოვრების პირობები ბევრად დამძიმებულიყო. ტერორი მართალია მაშტაბურ არ იყო  , მაგრამ სტარტს იღებდა. სწორედ ამ ვითარებაში 1921 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოში  ჩამოვიდა ნალჩიკში სამკურნალოდ მყოფი ეროვნებით ქართველი, გავლენიანი ბოლშევიკი, პარტიის გრანდი და  ეროვნებათა სახალხო კომისარი იოსებ სტალინი. გადაწყდა ის გამოსულიყო მუშების წინაშე სიტყვით. ქართველ ბოლშევიკებს რატომღაც ეგონათ, რომ სტალინის როგორც ყველაზე დიდი ქართული წარმოშობის ბოლშევიკის სიტყვას დიდი გავლენა ექნებოდა ქართველ მუშებზე თუმცა მათ მოლოდინი გაუცრუვდათ. სტალინს , რომ არაკეთილგანწყობით შეხვდნენ ეს შეხვედრის დასაწყისშივე გახდა ნათელი, როდესაც მან იკითხა რა ენაზე ელაპარაკა ქართულად თუ რუსულად? დარბაზიდან დაუყვირეს - რასაკვირველია ქართულად, განა არ იცი სად იმყოფები? სტალინი ცდილობდა დაემართლებინა საბჭოთა ჯარის შემოსვლა საქართველოში და აუდიტორია მან განთავისუფლება მიულოცა, რამაც მუშების განრისხება გამოიწვია და მთელი აუდიტოია ფეხზე ადგა და აპროტესტებდა სტალინის ამ სიტყვებს, ხალხის დამშვიდებას ნახევარ საათამდე დრო დასჭირდა, ამის შემდეგაც მთელი მოხსნების მანძილზე სტალინს რეპლიკებს არ აკლებდნენ. სტალინმა კიდევ რამოდენიმეჯერ სცადა აეხსნა რუსული არმიის შემოსვლა საქართველოში, იმით რომ რუსეთის პურისა და ბაქოს ნავთობის გარეშე საქართველოს ცხოვრება არ შეეძლო და ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, აუდიტორიამ ეს გააპროტეტსტა და უპასუხა, რომ ეს ტყუილი იყო და რუსებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ აქედან ბევრი რამ გაზიდეს, საქართველოს სამ წლიანმა დამოუკიდებლობამ კი დაამტკიცა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა შეეძლო და ქვეყანაში რევოლუცია კი არ მოხდა არამედ ქვეყანა დაიპყრეს და გაანადგურეს.სტალინი მოხსენების დროს გამიზნულად ხაზს უსვამდა და მოწიწებით მოიხსენიებდა ,,ქართველს" ის ამბობდა ჩვენ ქართველები ვართ ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ და ასე შემდეგ, თუმცა მისმა თამაშმა ეროვნულ სენტიმენტებზე აუდიტორიაზე არ იმოქმედა და დიდი გაჭირვებით წაკითხული მოხსენების შემდეგ, სიტყვა ითხოვა მენშევიკმა ალექსანდრე დგებუაძემ.  დგებუაძემ თქვა, რომ სულ ახალი გამოსული იყო ციხიდან და ამ იტყვის შემდეგ ისევ ჩეკაში მოხვდებოდა , მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ეთქვა. მან საკუთარი სიტყვა დაამთავრა სტალინისადმი მიმართვით - ,,თუ კაცი ხარ კობა , ის რაც აქ ხდება და ნახე გადაეცი ყველაფერი ლენინს", ამის პასუხად სტალინმა თქვა - ,, ამხანაგებო ჩვენ არ ვფიცავთ, რომ რუსეთის წითელი არმია მოვიყვანეთ საქართველოში", დგებუაძემ უპასუხა - ,,თქვენ ამას არ ფიცავთ აქ ჩვენთან, ასეთ უტიფრობას ვერ გამოიჩენთ, რადგან ეს ხალხი თვითონ გებრძოლათ თქვენ და აბა როგორ შეგიძლიათ ამის დამალვა, მაგრამ თქვენ ამას უმალავთ რუსეთის და ევროპის მუშებს" ალექსანდრე დგებუაძის პასუხზე ხალხლმა ერთხმად დაიძახა: ,,ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებითო".შეხვედრის კულმინაცია გამოდგა მოხუცი რევოლუციონერის, მენშევიკი ისიდორე რამიშვილის გამოსვლა. მან სულ ნახევარი საათი ისაუბრა, მაგრამ სცენაზე სამჯერ მეტი დროის გატარება მოუწია განუწყვეტელი ოვაციების გამო. სტალინს შეხვედრაზე კრიტიკას არ აკლებდნენ ეროვნებით რუსი მუშებიც, ერთერთმა მას პირდაპირ უთხრა - თუ კაცი ხარ კობა მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც წაიყვანეო. როგორც ვხედავთ თბილისელი მუშები, იმ დროინდელი საზოგადოების ყველაზე აქტიური და მოქმედი ნაწილი, სტალინს მკვეთრად გამოხატული უარყოფითი განწყობით შეხვდა და არათუ რაიმე შეისმინა მისგან , არამედ შეხვედრა ფაქტობრივად ანტისაბჭოთა და ანტისტალინურ დემონსტრაციად იქვა.  სტალინის ამ მარცხის შესახებ არაფერი ათქმევინეს საქართველოში გამომავალ გაზეთებს, სამაგიეროდ ჯუღაშვილმა თბილისელ მუშებს ურჩობა არ აპატია და საქართველოში დაიწყო ამ შეხვედრის მონაწილეთა  მასობრივი დაპატიმრებები, ასევე ამ ამბავს შეეწირა ფილიპე მახარაძის თანამდებობაც რადგანაც მის ნაცვლად რევკომის თავმჯდომარედ ბუდუ მდივანი იქნა დანიშნული. სტალინის პიროვნების არაპოპულარობა კარგათ ჩანს იმ პერიოდში ხალხში გავრცელებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ,,დიდების" გადაკეთებულ ვარიანტში, რომელსაც ხალხი მღეროდა. ნაცვლად ჰიმნში არსებული შემდეგი ტექსტისა - ,,ვაშა! ტრფობასა, სიყვარულს, ვაშა! შვებასა, სიხარულს, სალამი! ჭეშმარიტების შუქ-განთიადსა" ხალხი მღეროდა -,,ზიზღი! სტალინ-ჯუღაშვილს, ქართველი ერის უღირს შვილს, ზიზღი წითელ არმიას, ძალით შემოსულს."

მართალია სტალინის პიროვნებას არ ეხებოდა, მაგრამ  საქართველოში 1921 წლის მანძილზე ბოლშევიკების არაპოპულარობისა და პარტიის წევრების სიმცირეზე საუბრობდნენ საკუთარ მოხსნებებში საკუთრივ ბოლშევიკებიც მათ შორის ძალიან გავლენიანი სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძეც. ამის მიზეზად ორჯონიკიძე ასახელებს იმას, რომ 1904-1905 წლების შემდეგ ქართველმა გლეხებმა და მუშებმა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის , მენშევიკებზე გააკეთეს არჩევანი. ფილიპე მახარაძე კი წერდა, რომ ქართველი ხალხი მიეჩვია დამოუკიდებლობის იდეას, ამავდროულად ქართველი ხალხის მასების მოტყუება შეუძლებელი იყო რომელიც ფილიპესავე სიტყვებით პოლიტიკაში ძლიერ გამობრძმედილი და გამომწვარი იყო.

                                                                                   დიმიტრი სილაქაძე,  ანტონ ვაჭარაძე 
                                                                                                     პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ისტორიანში. 2014 #11

1 comment:

  1. წითელი რუსეთის მმართველი პარტიის ოფიციალური სახელწოდება იმ დროს იყო ВКП(б) российская коммунистическая партия (большевиков), მაგრამ საქართელოს დემიკრატიულ რესპუბლიკაში არც ერთს პარტიას არ ჰქონდა სახელი "меньшевицкая" ან "партия меньшевиков"

    ReplyDelete