Sunday 4 October 2015

ჩვენ უნდა შევქმნათ რესპუბლიკა

     პარიზის ქუჩაში მოკლულ საქართველოს პირველ პრემიერს (სხვა დროს ასევე შინაგან საქმეთა, სამხედრო საქმისა და განათლების მინისტრს), ნოე რამიშვილს დაკემსილი წინდები ეცვა. დამფუძნებელი კრებისა და შემდგომში ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე ბოსტანში მუშაობდა და ლობიოს ჭამდა 5 წელი ლევილში.
შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დიდ ნოე ჟორდანიას ერთი პალტო ჰქონდა. სრულიად უსინდისო ადამიანები კი ყვებიან მითებს იმაზე თუ როგორ "გაყიდეს საქართველო" ჟორდანიამ და მისმა გუნდმა. გრცხვენოდეთ, მართლა!
  სანამ პოლონელი მარშალი პილსუდსკი ცოცხლობდა, ჟორდანიას პოლონეთის მთავრობა ეხმარებოდა. ეს იყო რეალურად მისი ერთადერთი შემოსავალი! მისი ცოლი ინა იგონებს, რომ "ეკონომიკური შესაძლებლობა მისი პრეზიდენტობის დროს იყო განსაზღვრული" და რომ "საფრანგეთშიც ისე ჩამოვედით, არც ერთი გროში არ გვქონდა შემონახული". მათ საფრანგეთში რეალურად არაფერი ებადათ, გარდა პრემიერის დის, გულჩინა ჟორდანიას მიერ შეკვეთილი და ლანჩხუთელი ქალების მიერ დამზადებული ბალიშებისა!
     ნოე ჟორდანიას, ამ კალიბრის პოლიტიკოსსა და მოაზროვნეს, ერთი პალტო ჰქონდა, რომელიც ყველგან ეცვა, "ტანისამოსის საყიდელი ფული არ გვქონდა. მაინც ძალიან ვცდილობდი დამერწმუნებინა ნოე, რომ მისთვის საჭიროა ერთი საზაფხულო პალტო, – მრცხვენოდა უცხოელების, რომლებსაც ის თავის ძველ პალტოში ხვდებოდა. მაგრამ მან არ მიიღო ჩემი რჩევა: "მე ახლა იმ ასაკში ვარ, რომ ტანისამოსი აღარ მაინტერესებსო".
   საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი თავის ოთახს თვითონ ალაგებდა და ღუმელსაც თვითონ ანთებდა. როცა ცოლის სახეზე სევდას დაინახავდა, გაუღიმებდა და ეტყოდა: "კარგი აზრები სწორეთ ოთახის დაგვის დროს მომდის თავშიო". მას აუცილებლად სჭირდებოდა განსაკუთრებულად სუფთა ჰაერი და მკურნალობა, რისი ფულიც არ გააჩნდა. პირიქით, ცოლი ავად ჰყავდა, ამიტომ თვითონ უძღვებოდა სახლის საქმეების დიდ ნაწილსაც, სანოვაგესაც ყიდულობდა, სუფრასაც აწყობდა და სახლსაც ალაგებდა. "მოგვყავდა კკარტოფილი, ლობიო და სიმინდი, ვიკეთებდით ფქვილის ღომს და ეს იყო ჩვენი მთავარი საზრდო".
   "იმდენი საშუალება არ მოგვეპოვებოდა, ბავშვები საზაფხულოდ წაგვეყვანა სადმე დასასვენებლად. ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ ზამთრობით და ანდრეიკას (ნოეს უფროსი ვაჟი) გარდაცვალების შემდეგ მე ძალიან მეშინოდა მათაც არაფერი დამართოდათ", იგონებდა ინა ჟორდანია. ნოე ჟორდანია ისე გარდაიცვალა, ახალი პალტო არ უყიდია; მისი ცოლი კი ერთი კაბით დაიოდა. "ერთხელ, როცა ჩვენ სადღაც მივდიოდით, შემომხედა და გულდაწყვეტით მითხრა: ისე ხარ ჩაცმული, რომ შენ შემხედავს მზარეული ქალი ეგონებიო. მაგრამ ტანისამოსი ხომ ციდან არ ცვივა!"
    აი, ამიტომ, თანამოქალაქეებო, იმ ყველა წუთის სახელით, რაც ნოე ჟორდანიამ და მისმა გუნდმა გაატარა ამ საცოდავ ყოფაში, ჩვენ უნდა ვიძიოთ შური — ისტორიაზე! ჩვენ უნდა შევქმნათ რესპუბლიკა, რომელიც უნდა შეექმნა ჟორდანიას და მის გუნდს! ეს იქნება ჩვენი გამარჯვება და ისტორიული სამართალიანობის აღდგენა, ამ უსამართლობით აღსავსე სამყაროში.


გრიგოლ გეგელია
ევროპის უნივერსიტეტის ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტი

No comments:

Post a Comment