Saturday 19 December 2015

კანონ-პროექტი მომრიგებელ მოსამართლეთა შესახებ


რაფაელ ივანიცკი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია) - მუხლი 16. როგორც საუბნო მომრიგებელ მოსამართლესთან, ისე მომრიგებელ ოლქში საქმე სწარმოებს ქართულ ენაზე.
თავმჯდომარე (კარლო ჩხეიძე, სოციალ-დემოკრატი) - ვის ჰსურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.
ივანიცკი - მუხლი 17: იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არა ქართველი ერის ნაწილი შეადგენს მცხოვრებთა თვალსაჩინო უმცირესობას ყოველგვარი ქაღალდის შეტანა
სასამართლოში და სიტყვიერი განმარტება შეიძლება მოხდეს უმცირესობის ენაზე. 
რაფიელ ივანიცკი
ამავე ენაზე უფლება აქვთ უსასყიდლოდ მოითხოვონ ყოველგვარი სასამრთლოს წესით განსაზღვრულ ქაღალდების ასლი. თუ ბრალდებული, ან ორივე მხარე,  სამოქალაქო საქმეში მოითხოვენ საქმის გარჩევას უმცირესობის ენაზე და მოსამართლემ ან მოსამართლეთ ყრილობამ იცის ეს ენა, საქმის სიტყვიერი წარმოება უნდა მოხდეს ამ ენაზედ. რეგლამენტის ძალით ჩემს თავს ვალდებულად ვრაცხ წავიკითხო იურიდიუკლ კომისიის ერთი წევრის იოსებ მაჭავარიანის (ეროვნულ-დემოკრატი) განსაკუთრებული აზრი 16-17-ე მუხლის შესახებ (კითხულობას):
საქმის წერილობითი წარმოება მომრიგებელ სასამართლოში არაქართულ ენაზე ყოვლად მიუღებელია. ერთის მხრით, ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, მეორეს მხრით, ამნაირ წარმოების აუცილებლობას სასამართლოს დანიშნულება არ მოითხოვს.
სასამართლო უნდა დაუახლოვდეს ხალხს. ამ მიზნისთვის კი საკმარისია საქმის სიტყვიერი წარმოება სასამართლოში იმ ენაზე, რომელიც გასაგებია, როგორც მოსამართლისათვის, ისე დაინტერესებულ პირთათვის; მითუმეტეს, რომ ამ უკანასკნელთ ეძლევათ უფლება ყოველგვარ სასამრთლოს წესით განსაზღვრულ ქაღალდის წარდგენისა და სასამართლოდან გატანისა. ასეთი საქმის წარმოება სავებით აკმაყოფილებს და ყოველ მხრივ უზრუნველყოფს იმ მოქალაქის პირად ინტერესებს, რომელსაც სასამართლოში აქვს საქმე.
          რაც მოქალაქის ამ პირად ინტერესს აღემატება, ის შეადგენს უკვე სახელმწიფოებრივ ინტერესს. და ასეთი სახელმწიფოებრივი მიზანი შეუძლია განახორციელოს არაქართველმა არა საქართველოს სასამართლოში, არამედ თავის სახელმწიფოში, ან იმ საქართველოს ნაწილში, რომლის მკვიდრი ის არის და რომელსაც მინიჭებული ექნება საქართველოსაგან ავტონომიური წესწყობილების უფლება.
სასამართლოში საქმის წერილობით წარმოება  ეს არის მთელი სახელმწიფოებრივი კულტურა სამართლისა და, და საქართველო არც მოვალეა და არც შეუძლია მას შეუქმნას ყოველ ერს, რომლის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ ჩვენ ტერიტორიაზე, ასეთი კულტურა.
საქმის წერილობითი წარმოება მომრიგებელ სასამართლოებში უცხო ენებზე აუცილებლად გამოიწვევს ასეთივე წესს საქმის წარმოებისას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში.
ასეთი კანონი არამცთუ მოითხოვს მოხელეთა რიცხვისა და ხარჯების გამრავალკეცებას, რაც აუტანელ ტვირთად დააწვება ჩვენს სახელმწიფოს, არამედ გაართულებს და მეტისმეტად გააგრძელებს სასამართლოში საქმის წარმოებას.
. . . თუ მომრიგებელ სასამართლოებში ასეთი უფლება დაეთმო არაქართულ ელემენტებს, რა ნება გვექნება იგივე უფლება არ მოვანიჭოთ მათ ყოველივე სახელმწიფოებრივ დაწესებულებებში. და თუ სასამართლოებში, სკოლებში, აღმსასრულებელ და საკანონმდებლო დაწესებულებებში, ამდენ ენაზე ვაწარმოეთ საქმეები, რამდენ ენაზე მოლაპარაკე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მაშ საქართველოს სახელმწიფო კი არ იქნება ეს, არამედ რაღაც უცნაური ბაბილონის გოდოლი.
საქარათველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მიზანი ავალებს ეროვნულ საბჭოს უარყოს 17-ე მუხლი კანონპროექტისა. ხოლო არაქართველ მოქალაქის ინტერესი, რომ დაცული იქნას, თანახმად დემოკრატიულ საღ პრინციპებისა, საჭიროა 19-ე მუხლი შესწორდეს ამგვარად:
იმ ოლქებში ან უბანში, სადაც არაქართველი ერის ნაწილი შეადგენს საქართველოს ქვეშემდომთა უმრავლესობას, ან მნიშვნელოვან უმცირესობა, არანაკლებ 20%-ისა, ყოველგვარი ქაღალდის შეტანა სასამართლოში და სიტყვიერი განმარტება შეიძლება მოხდეს მათს ენაზე. ამავე ენაზე უფლება აქვთ განსაკუთრებული სასყიდელის გაუღებლად მიიღონ ყოველგვარი სასამართლოს  წესით განსაზღვრული ქაღალდების პირი. თუ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული, სამოქალაქო საქმეში კი ორივე მხარე მოითხოვს საქმის გარჩევას არაქართულ ენაზე და მოსამართლემ იცის ეს ენა, მაშინ სიტყვიერი წარმოება შეიძლება მოხდეს ამ ენაზე.
. ჩიქოვანი (რადიკალ-დემოკრატი) - ბატონებო, მე სავსებით ვიზიარებ ბ-ნ მაჭავარიანის წინადადებას. ვფიქრობ, რომ 17-ე მუხლი უნდა ამოიშალოს. ჩვენ როდესაც წამოვაყენეთ პრინციპი უნიტარულ რესპუბლიკისა, რომელიც გვინდა რომ შევქმნათ ერთი მთლიანი სახელმწიფო ... დასაშვები არ არის მრავალი ენა, განსაკუთრებით სასამართლოში ... ისეთი წესი, რა წესიც 16-ე მუხლშია, მე მგონია დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე სახელმწიფო ენას. ეს ჩვენში არც არის ... მართლად როგორ შეგვიძლიან ფაქტიურად ვაწარმოოთ საქმე მაგალითად: თათრულ ენაზე, სომხურ, აფხაზურ ენებზე? ჩვენ მოგვიხდება საქმის წარმოება იმ ენებზე, რომლებსაც არავითარი კულტურა არა აქვთ ... ეს მუხლი უნდა იყოს ამოშლილი.
ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს დავიცვათ ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენლების ინტერესები და ამისათვის საკმარისია 18-ე მუხლი, რომელსაც ადგენს ბ-ნ მაჭავარიანი. ამ მუხლში სავსებით თუ არა, რამდენათაც კი შეიძლება დაცული არის უმცირესობის ინტერესები . . . ამაზე მეტის მიცემა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ შეუძლიან
სამსონ დადიანი (სოცილისტ-ფედერალისტი) - ბატონებო, ჩვენ ყოველ ჩვენს ქცევსა და მოქმედებაში უნდა ვხელმძღვანელობდეთ ერთი პრინციპით. ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არა გსურს, რომ მოგექცნენ სხვები, ან პირიქით ... ამ პრინციპით რომ მოვეკიდოთ ამ საკითხს, უეჭველია ჩვენ არ შეგვიძლიან წინააღმდეგნი ვიყოთ იმისი, რომ ეროვნულ უმცირესობას ყოველდღე ჰქონდეს საშუალება განახორციელოს თავისი უფლება ენის მხრივ და საერთოდ ეროვნულ, პლიტიკურ და კულტურულის მხრივ . . . მართალნი არიან ისინი, ვინც ამბობენ რომ ამ მუხლის მიღებით საქმე გართულდებაო, ეროვნულ უმცირესობათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თვალყური ადევნონ თავის საქმეს, ყოველ დროს. ასეთი საშუალება უნდა მოვცეთ მათ. არსებითად ამ მუხლის წინააღმდეგნი არ ვართ. მე მსურს მხოლოდ რამდენიმე შესწორება შევიტანო: . . . ამ მუხლში არის აღნიშნული, რომ სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს ორ ენაზე, ქართულ ენაზე და უმცირესობის ენაზე. აქ შეიძლება მოხდეს ერთგვარი კოლიზია ორ ტექსტს შორის. ორივე მხარე ისარგებლებს იმ ტექსტით, რომელიც მას თავის სასარგებლლოთ მიაჩნიათ. რომ კოლიზია არ მოხდეს და მოსამართლე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს წინასწარ განსაზღვრული უნდა გვქონდეს, რომ ოფიციალურ ტექსტად ითვლებოდეს ქართული ტექსტი.
მეორე, უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება ჩადგეს თითონ სამინისტრო და ორგანიზაცია, რომელიც ირჩევს მოსამართლეს. ამ მუხლის ძალით, ისე გამოდის რომ,  მოსამართლემ უეჭველად უნდა იცოდეს ორივე ენა, ქართული და თვალსაჩინო უმცირესობისაც . . . შესაძლოა მოხდეს, რომ არ იყოს კანდიდატი, რომელიც შესძლებს საქმის წარმოებას, როგორც ქართულ, აგრეთვე სხვა ენაზე, ასეთ შემნთხვევაში საჭიროდ მიგვაჩნია მივიღოთ შემდეგი შესწორება: თუ ვინიცობაა არა ჰყავთ ასეთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება საქმის წარმოება უმცირესობის ენაზე - საქმე ქართულ ენაზე სწარმოებს. ამ შემთხვევაში ჩვენ 17-ე მუხლი მისაღებ და სამართლიან მუხლად მიგვაჩნია.
იოსებ მაჭავარიანი - . . . სახელმწიფოებრივი უზენაესობა მოითხოვს, სწორედ მისივე განმტკიცებისათვის, რომ ყოველივე მის დარგში საქმე სწარმოებდეს სახელმწიფოებრივ ენაზე. თუ რომელიმე არაქართველი საქართველოს ქვეშემდომი ეძიებს  საქართველოს სასამართლოში არა საასამართლოს გარანტიებს, არამედ იმ ერის სახელმწიფოებრივ უფლებებს, რომელსაც ის ეკუთვნის, მაშინ იმან სასამართლოს კი არ უნდა მიმართოს, არამედ საქართველოს დამფუძნებელ კრებას, ვინაიდან  მხოლოდ საქართველოს დამნფუძნებელი კრება არის აღჭურვილი უზენაესი უფლებით, მიანიჭოს ამა თუ იმ ნაწილს საქართველოსას ავტონომიური უფლებანი.
იოსებ მაჭავარიანი
. . . თქვენ მიახლოებითი დინამდვილით მაინც წარმოგიდგენიათ რა სურათი გადაგეშლებათ თვალწინ იმ საქართველოს ტერიტორიის ნაწილზედ, რომელიც მაგალითად ოსებით არის დასახლებული, თუ იქ თქვენ შესძელით სასამართლოში საქმის წერილობითი წარმოება ოსურ ენაზე? იქნებ თქვენ ოსებს ფართო ავტონომიას აძლევთ? ან იქნებ სულ უარს ამბობთ ამ ტერიტორიაზედ? (ხმაურობა, სიცილი), რა გაცინებთ? ახლა იცინით? აკი რეალურ მოსახლეობის პრინციპით ჩვენი სოციალისტები აქამდის სჯიჯგნიდნენ საქართველოს სხეულს, ანაწილებდნენ და ურიგებდნენ მეზობლებს! თქვენგან ეს კიდევ მოსალოდნელია. თუ ავტონომიური სახელმწიფოებრივი უფლებები არ ექმნება ასეთ საქართველოს ნაწილებს მინიჭებული, მთელ საქართველოს სასამართლოებში საქმის წერილობითი წარმოება უნდა იქმნეს სახელმწიფოებრივს ქართულ ენაზედ.
. . . მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცას გავურბით, ვიღაცის გვეშინია. მონობის უღელქვეშ ჩვენ გავღარიბდით სულიერად. იმედი აღარ გვაქ ჩვენი თავის. ქალაჩუნებათ ვიქეცით. ეჭვი გვეპარება ჩვენს მოქალაქოებრივ სიდარბაისლეში, ჩვენს სამართლიანობაში.
. . . სამსონ დადიანმა ბრძანა: არ ისურვო სხვისთვის ის, რაც შენთვის არ გინდაო. ჭეშმარიტი ბრძანებაა! სხვა ხალხებსაც ისე უნდა მოეპყრათ, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგეპყრან. მაგრამ ამაზე მეტს, რაც ჩვენ გვაქვს, სხვა ხალხს ვერ მივცემთ. და განა ცოტას ვაძლევთ? ჩვენთვის განა ვინმეს როდისმე მოუცია ის, რასაც სხვას ვაძლევთ. რუსეთი, რომ ჩვენ ისე მოგვპყრობოდა, როგორც ჩვენ საქართველოში მცხოვრებ უცხო პირთ ვეპყრობით, რუსეთს რომ ჩვენთვის ის უფლებები მოეცა, რასაც ჩვენ სხვებს ვაძლევთ, განა ჩვენ ბედნიერნი არ ვიქნებოდით.
მაგრამ ჩვენ მაინც გვეშინია ჩვენი თავის: ვაი თუ სხვები დავჩაგროთ და ამისთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მივცეთ, მეტისმეტობა კი არ ვარგა. ამაზე ქართველს დიდი ხანია უთქვამს: მეტისმეტი - რესტის რეტიო, რეტიანობა კი სახელმწიფოს შენების დროს გამოიწვევს კეტიანობას. და ვისაც სურს ხალხის რისხვის კეტი არ მოხვდეს თავში სახელმწიფოს შენების დროს, იყოს ფრთხილად და ახსოვდეს ქართველი ერის ინტერესი.
. . . იოსებ ბარათაშვილი (სოციალისტ-ფედერალისტი) - მე როგორც წევრი ამ ფრაქციისა მოგახსენებთ შემდეგს: რომ უარი ვთქვათ და არ მივიღოთ ეს 17-ე მუხლი, მე მგონია რომ შეიცვლება მთელი შინაარსი და დედააზრი იმ კანონპროექტისა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. ერთადერთი უმთავრესი მუხლი ამ კანონპროექტისა, რომელიც ჩვენ უნდა მოვიღოთ 17-ე მუხლი არიას. აქ ბრძანდებოდნენ ნაციონალ-დემოკრატების და რადიკალ-დემოკრატების წარმომადგენელნი, რომ მიღება ამ მუხლისა ეწინაღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. სრულიად ადვილი დასამტკიცებელია ის, რომ ასე არ არის. გაითვალისწინეთ ის, რაც აქ მოგახსენათ იუსტიციის მინისტრმა. ადვილად დასამტკიცებელია ისა, რომ ინტერესები სხვადასხვა უმცირესობათა დაცული უნდა იყოს. ეს პრინციპიალური მოსაზრებაა, ეს პირდაპირ პრინციპიალური საკითხია.
იოსებ ბარათაშვილი
ბ-ნი მაჭავარიანი მსჯელობს, რომ რა უშავს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას ეძლევა უფლება თავის ენაზე შეიტანოს ქაღალდი და გამოიტანოს განაჩენი. მის ენაზე იქნება სიტყვიერი წარმოება საქმეებისა. ამაზე მეტს არ მოითხოვს მათი ინტერესები, ამაზე მეტი არ მიეცემათო. მე ვკითხულობ, რატომ ამაზე მეტი არ მიეცემათ? ნუთუ იმიტომ რომ, ის არის სხვა ერის წარმომადგენელი და სხვადასხვა გარემოების გამო აქა სცხოვრობს? ნუთუ ამიტომ უნდა მოესპოთ საშუალება, რომ არამც თუ თავიანთ ენაზე ილაპარაკონ, არა თუ სიტყვიერი წარმოება სასამართლოსი იყოს მათ ენაზე, არამედ მათ ენაზე იყოს წერილობითი წარმოება. სასამართლოში ამ წერილობით წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არა ნაკლები მნიშვნელობა საქმის სიტყვიერ წარმოებაზე. ნუ თუ ჩვენთვის გასაგები არ არის, რომ როდესაც მიდიხარ სასამართლოში საკმარისი არ არის მარტო ზეპირად წარმოება, სწორედ წერილობითი წარმოება უნდა იყოს უმცირესობის ენაზედაც, მისთვის რომ მომჩივანმა გაიგოს რას სწერს მოსამართლე ან რაც დაწერა როგორაა განმარტებული.
მე კი მგონია, რომ სწორედ დიადი აზრი, შინაარსი, დადებითი მხარე ამ კანონპროექტისა ის არის, რომ ეს კანონი მოსამართლემ დაუახლოვოს ხალხს და დაიცვას სწორედ ხალხის ინტერესები. სასამართლო უნდა იყოს ხალხისთვის. ხალხი კი უნდა დაუახლოვდეს სასამართლოს, არა, სასამართლო უნდა დაუახლოვდეს ხალხს. სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა დააყენოს მოსამართლედ ისეთი ადამიანი, რომელსაც შესწავლილი აქვს უმცირესობის ენა მითუმეტეს, რომ არჩევნები ხალხური არის და უნდა ამოირჩიონ ისეთი ადამიანი, რომელიც ახლოს დგას ხალხთან;  . . . თუ ხალხის მოთხოვნილებაზე დავდექით, ის პრინციპიალურად მოითხოვს, რომ მიღებული იყოს ეს კანონი.
აქ რა მოსაზრებაა საწინააღმდეგო? სწორედ ფინანსიური მოსაზრება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ფინანსიურ მოსაზრებას არავითარი ანგარიში არ გაუწიოთ. სახელმწიფო მოვალეა, რომ წყურვილი ხალხისა დააკმაყოფილოს . . . მე მგონია, რომ ფინანსიური მოსაზრება მისაღები არ არის.
მეორე მოსაზრება, რომელიც აქ გამოიყენეს ის გახლავთ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებაო, და ამიტომ სხვადასხვა ენაზე წერილობითი წარმოება არ უნდა იყოს შემოტანილიო; . . . ჩვენი მდგომარეობა ასეთია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მოსახლეობს სხვადასხვა ხალხი. ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც უნდა ანგარიში გავუწიოთ. მე მგონია, რომ სახელმწიფოს ინტერესებიც შებღალული არ იქნება, რადგან სახელმწიფო ენად ცნობილ იქნება ერთადერთი ენა - ქართული. იურიდიულმა კომისიამ დაადგინა, რომ საქმის წარმოება უნდა იყოს ქართულ ენაზე. მაშასადამე სახელმწიფო ენა დაცულია. უმცირესობის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული. მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ თავისი აზრი გამოხატონ არა მარტო ზეპირად, არამედ წერილობით.
ეს საკითხი პრინციპიალური საკითხია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არას გზით ამას არ უარყოფს. ეს შელახვა არის დემოკრატიული პრონციპებისა და იმ ხალხის ინტერესებისა, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით.
აქ ბატონმა მაჭავარიანმა სთქვა, რომ სხვადასხვა ერები არაკულტურული ერებიაო. ეს შეუძლებელია ვაღიაროთ. მე მგონია, რომ სხვა ერები ისეთივე კულტურის მატარებელნი არიან, როგორც ჩვენ და აქ ჩვენ არავითარი უპირატესობა არა გვაქვს. როგორ გინდათ, რომ ბორჩალოში, სადაც უმრავლესობას შეადგენესნ თათრები წერილობით წარმოება საქმისა იყოს ქართულ ენაზე და არ იყოს თათრულ ენაზე?
როგორ გინდათ, რომ ოსებში არ იყოს საქმის წარმოება ოსურ ენაზე? ნუ თუ თქვენ ვერ იპოვით ოსებში ისეთ წარმომადგენელს, რომელიც აწარმოებს საქმეს ქართულ და თავის მშობლიურ ენაზე? მე ვადასტურებ, რომ სწორედ ამისთანა პირებს ვიპოვნით. თუ ასეთი მდგომარეობა შეიქმნა რომ ვერ ვიპოვნით, მაშინ სამინისტროს ან სხვა დაწესებულებებს ეძლევათ უფლება მოძებნონ იმისთანა პირი, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას. თუ შესაძლებელი არ იქნება, საქმის წარმოება იქნება სახელმწიფო ანუ ქართულ ენაზე.
რაჟდენ არსენიძე (სოციალ-დემოკრატი) - თუ დავდექით სახელმწიფოებრივ თვალსაზრისზე (თორემ დემოკრატიულ თვალსაზრისით ეს მუხლი უდავოა), უნდა ვიკითხოთ ამ შემთხვევაში ეს პრინციპი გამოადგება ჩვენს სახელმწიფოს თუ ავნებს მას.
რაჟდენ არსენიძე
რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი პრინციპი? იმას, რომ ყველა მოქალაქე ამ სახელმწიფოში იყოს და გრძნობდეს თავს ნამდვილ მოქალაქედ და არა გერად. მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ საქართველოს რესპუბლიკა ისეთივე სახელმწიფოა მისი, ისეთივე მფარველი არის მისი, როგორც დანარჩენ მოქალაქეებისა. უმთავრესად რასაც სახელმწიფოსაგან ხალხი გამოელის არის სამართალი, ადმინისტრაცია. მფარველკობა მან უნდა მოძებნოს იქ სადაც ეს სამართალია. მე ვამბობ, რომ თუ სადმე რამე უკმაყოფილება იბადებოდა მცხოვრებთა შორის, ეს ხდებოდა იქ, სადაც საქმე ქართულ ენაზე არ სწარმოებდა და საქმის წარმოება იყო რუსულ ენაზე, მაშინ როდესაც გლეხი კაცი საქართველოში ვერ ლაპარაკობდა რუსულად.
ეს რომ ქალაქს ეხებოდეს, მაშინ შეგვეძლო არც დაგვესო ეს საკითხი. თუ კაცს სწავლა აქვს მიღებული სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს. აქ კი სწორედ უმთავრესად ილახება ინტერესი მასისა. კითხვა ეხება მასას, გლეხობას,  მუშებს. ამათ კი რუსული საყველპუროდ თუ იციან.
შეიძლება სახელმწიფოებრიობისა რამე გაიგოს, მაგრამ ჩვენ ხომ არ შეგვიძლიან მოვთხოვოთ სახელმწიფო ენის ცოდნა. ასეთი მოთხოვნილება რუსეთის თვითმპრობელობასაც არ დაუყენებია და ვერც ჩვენ დავაყენებთ.
რით შეგვიძლიან გავლენის მოხდენა ჩვენ სახელმწიფო ტერიტორიაზე? არა იმით, რომ ჩვენ შევზღუდავთ მათ უფლებას, არამედ იმით რომ მათ უფლებას მივცემთ; . . . ნათქვამია ქადა ორი ხელით იჭმებაო. ვერ იტყვით, რომ შეუძლებელია უბანში ორ ენაზე დაიწეროს საქმე, ორ ენაზე ხდებოდეს საქმის წარმოება. ამით სახელმწიფო არ დაინგრევა. არის ასეთი სახელმწიფოები, მაგალითად შევეიცარია; . . . თქვენ იცით, რომ პრაქტიკულად მხოლოდ რამდენიმე უბანში იქნება საქმის წარმოება არაქართულ ენაზე.
სახელმწიფოებრივი ინტერესი იმას კი არ მოითხოვს, რომ მოქალაქეს უფლება აართვათ და ამას დააწეროთ იარლიკი სახელმწიფოებრივი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს მოქალაქეს, უფლება მოკლებულს უფლება მისცეთ.
თქვენ ამბობს, რომ ეს არ შeგვიძლიან ტექნიკურ მოსაზრებით. რომ რაიმე უპირატესობას ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეს. ყველამ თავისი სახელმწიფოებრივი მოვალეობა უნდა აასრულოს. და თუ იმან რაიმე გადაუხვია თქვენ ხომ მოღალატის იარლიკს მიაკრავთ შუბლზე? ხომ ასე მოიქცევით ყველა ვინც მოვალეობას გადაუხვევს? მაშსადამე, ვისაც მოვალეობა აქვს, იმას უფლებაც უნდა მივანიჭოთ, განსაკუთრებით ეს უფლებები უნდა მიეცეს გლეხკაცს, დაბალ ხალხს, რადგან უბნის სასამართლო უმთავრესად მათთვის არის. მას არა აქვს შეძლება ყოველთვის მიმართოს ვექილს და გაიგოს რა არის დაწერილი მოსამართლის მიერ. ამ სასამრთლო უფლებით სარგებლობა მაშინ შეიძლება, როდესაც საქმე მის ენაზე იწარმოებს. ამიტომ ეს უფლება უთუოდ უნდა დარჩეს.
. . . საჭიროა დავნიშნოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც რამე განათლება მიუღიათ. რომ მათ ენა არ იცოდნენ ეს ძალიან იშვიათია. ეს ხდებოდა ზოგიერთ რუს ჩინოვნიკებში, რომელთაც ქართული ენა იცოდნენ, მაგრამ წერა არ შეეძლოთ.  თუ ჩვენ დავიწყებთ ისეთი ინტელიგენტების ძებნას, რომელთაც ენა იციან ჩვენ ყოველთვის შევძლებთ მათ პოვნას.
იოსებ მაჭავარიანი - ბატონი ბარათაშვილი ბრძანებს: სახელმწიფო ხარჯებს არ უნდა შევუშინდეთო. კარგია, როდესაც არაფრის გეშინია. ეს რაინდული თვისებაა. მიუხედავათ იმისა, რომ დიდი და უკიდურესი დემოკრატები და სოციალისტები ვართ ეს თავადაზნაურული რაინდობა მაინც შეგვრჩენია და ანგარიშის უცოდინარობის წინაშე უშიშრად ვდგავართ. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი მაინც მოითხოვს ხანდახან ფულის ანგარიშს. არც იმის ხსოვნა გვაწყენს, რომ ეს ხარჯები პირდაპირ დემოკრატიას აწვება და ხალხის ჯიბის ხარკზე უშიშრობა ჩვენს რაინდობას ცოტა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
ხარჯებს კი გაცილებით ზედმეტს გამოიწვევს ეს კანონი. საქართველოს მრავალ ნაწილებში ყოველმა მოსამართლემ უნდა აწარმოოს საქმე ქართულ ენაზე და პარალელურად ან სომხურ ან თათრულ, ან თურქულ, ან ლეკურ ან სომხურ, ან რუსულ, ან აფხაზურ ენებზე. სასამართლოში საქმის წერილობითი წარმოება თუ დავიწყეთ ყველა ამ ენებზე, ცხადია სასამართლოები უნდა გავამრავლოთ, მოხელეების რიხვი უნდა გავაორკეცოთ, ამდენ ენებზე წერაში აუარებელი დრო უნდა დავკარგოთ. ამბობენ დრო ფულიაო. ქაღალდს და მელანს თუ აღარ ვიანგარიშებთ, თუმც ბუღალტერია მგონი ამის ანგარიშსაც თხოულობს და რაც ყველაზე უფრო საგულისხმოა და საძნელოა ის რომ, ამდენ სხვადასხვა ენის მცოდნე იურისტების შოვნა  მეტად გაგვიჭირდება. კიდევაც რომ მოვნახოთ მათი შენახვა მაინც მეტი დაგვიჯდება, ვინაიდან ყოველივე საგნის ფასი მაღლა იწევს.
ბარათაშვილი ბრძანებს: რა ნება გვაქვს ბორჩალოში თათრულად არ ვაწარმოოთ საქმეო. თათარმა უნდა წაიკითხოს რა დაწერა მოსამართლემო. საიდან მოგიტანოთ თათარმა ეს „წაკითხვა“, როდესაც ბორჩალოში 10 კაცსაც ვერ იპოვნით, რომ წერა-კითხვა იცოდეს.
მე მოგახსენეთ ისიც, რომ საქმის წერილობითი წარმოება სასამართლოში არის ერთგვარი კულტურა. ჩვენ გვაქვს ასეთი კულტურა, ძველი კანონმდებლობა, საკმაო ტერმინებით, მაგრამ მაინც გვიძნელდება სასამართლოს ნაციონალიზაცია. ეხლა მიბრძანეთ საიდან შეუქმნათ ჩვენ ასეთი კულტურა ოსებს ლეკებს, თათრებს, სომხებს და სხვებს? რად კისრულობთ ისეთ ვალდებულებას, რომლის აღსრულებაც ყოვლად მოუხერხებელია? ამით თქვენ ჩადიხართ იმავე დანაშაულობას, როგორიც იყო რეალურ მოსახლეობის პრინციპის თქვენ მიერ აღიარება. ამ პრონციპით თქვენგან წაქეზებული მეზობლები დღეს გვედავებიან და ლამობენ ჩამოაჭრან საქართველოს ესა თუ ის ჩვენი ტერიტორიის ნაწილები.
საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებათ უფლება და საშუალება ეძლევათ მოგვთხოვოს სრული განაღდება იმ ვექსილებისა, რომელთაც თქვენ მათ აძლევთ ამ კანონით და რომელთა განაღდებას თქვენ ვერ შეძლებთ. მაშინ გვიანღა იქნება თითზე კბენანი.
უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ გადაჭარბებულად გვიყვარს შვეიცარიის მაგალითები, მაგრამ რით ვერ დავრწმუნდით აქამდინ, რომ საქართველო შვეიცარია არ არის; . . . ნუ თუ დრო არ არის დავრწმუნდეთ, რომ საქართველო სხვადასხვა სახელმწიფოებიდან კი არ კოწიწდება, არამედ ეს აის ერთი მთლიანი ეროვნული სხეული, ერთი განუყოფელი საქართველო და მას აქვს და კიდეც უნდა ექნეს ერთი სახელმწიფოებრივი ენა. ამ ენაზე უნდა იყვეს წერილობითი წარმოება ყოველ სახელწიფო დაწესებულებაში.
რაფაელ ივანიცკი: უნდა მოგახსენოთ, რომ 17-ე მუხლმა ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. როგორც მომხსენებლი იურიდიულ კომისიაში ვეთანხმებოდი უმცირესობის აზრს   . . . ამ მუხლის შეტანა იკისრა იურიდიულმა კომისიამ. მთარობის მიერ წარმოდგენილ კანონ-პროექტში ეს მუხლი არ იყო. უწყების და მთავრობის წარმომადგენელნი წინააღმდეგნი იყვნენ ამ მუხლისა, მაგრამ იურიდიულმა კომისიამ ხმის უმრავლესობით მიიღო ეს მუხლი.
იურიდიული კომისიის მოსაზრება თითქმის სავსებით გამოხატა ბატონმა არსენიძემ. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, უმრავლესობის აზრით, გვკარნახობენ, რომ საქმის წარმოება, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი  ხდებოდეს უბნის უმრავლესობის ენაზე.
იურიდიული კომისიის უმრავლესობა იმ აზრს გამოსთქვამს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი იმას მოითხოვს, რომ მცხოვრებთა შორის ისეთი განყობილება დამყარდეს, რომელიც შეესაბამება დემოკრატიის ინტერესებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ის მოსაზრება, რომ შეადუღაბებს ქართველ ერთან ყველა ერის შვილს - საქართველოს მოქალაქეს. პირველია უაღრესი დემოკრატიული წეს-წყობილების მიდრეკილება და მეორე, უნდა ავიცილოთ თავიდან ის ბრალდება, რომელსაც ჩვენ ვდებთ თვითმპყრობელობის სისტემას სასამართლოში, სადაც ჰიპერტრიფიული უპირატესობა ჰქონდა სახელმწიფო ენას. ჩემი აზრით, 17-ე მუხლის დატოვება აუცილებლად საჭიროა.
 . . . თავმჯდომარე - მაშასადამე კამათი მოსპობილი გახლავთ. მე კენჭს ვუყრი შესწორებებს. პირველი შესწორება შემოიტანა დადიანმა. ეს შესწორება მოითხოვს, რომ ოფიციალურ ტექსტად ითვლებოდეს ქართული ტექსტი. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.
. . . შემდეგ არის შესწორება: თუ უბნის მომრიგებელ მოსამართლემ არ იცის უმცირესობის ენა, მაშინ საქმე სწარმოებს ქართულ ენაზე. ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? მაშასადამე უარყოფილია. კენჭს ვუყრი 17-ე მუხლს. ვინ არის მომხრე? 17-ე მუხლი მიღებულია და დარჩა ისე , როგორც არის, გარდა იმ შესწორებისა, რომელიც მივიღეთ. გთხოვთ წაიკითხოთ 18-ე მუხლი.
მომხსენებელი: მუხლი 18. იმ ოლქში ან უბანში, სადაც არაქართველი ერის ნაწილი მცხოვრებთა მნიშვნელოვანს უმცირესობას (20%-ზე არა ნაკლებს) შეადგენს - ყოველგვარი ქაღალდის შეტანა მომრიგებელ სასამართლოში და სიტყვიერი განმარტების მიცემა შეიძლება უმცირესობის ენაზე; ამავე ენაზე უფლება აქვთ განსაკუთრებული სასყიდელის გაუღებლად მიიღონ ყოველგვარი სამართლის წესის განსაზღვრული ქაღალდების პირი. თუ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული, ხოლო სამოქალაქო საქმეში კი ორივე მხარე მოითხოვს საქმის გარჩევას არაქართულ ენაზე და მომრიგებელმა მოსამართლემ ან მოსამართლეთა ყრილობამ იცის ეს ენა, საქმის სიტყვიერი წარმოება უნდა მოხდეს ამ ენაზე.
. . . თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე ამისი, რომ 18-ე მუხლი მიღებულ იყოს? (მიღებულია)
საქართველოს ეროვნული საბჭოს ოქმები, N40, 1918 წლის 20 სექტემბერი, გვ. 29-42




2 comments:

  1. ვცადე წაკითხვა,მაგრამ ვერ შევძელი - ჩემს პატარა ეკრანზე ტექსტის ფონი ამას თუთქმის შეუძლებელს ხდის.

    ReplyDelete
  2. კარგი ინფორმაციაა, სიყვარულით თათია, ნინო, ქრისტინე, ანა და ანი <3

    ReplyDelete