Friday 26 February 2016

ხევში მიმდინარე ბრძოლები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომზე წერისას ძირითადი აქცენტი კეთდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე და შემდეგ თბილისთან ბრძოლაზე, რაც ბუნებრივია რადგანაც ომის ბედი სწორედ ამ ადგილებში წყდებოდა .  საერთოდ საბრძოლო მოქმედებებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა მათ შორის ბრძოლები გაჩაღდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სადაც მოწინააღმდეგე დარიალის ხეობით აპირებდა ქვეყანაში შემოჭრას, ამ სტატიაში სწორედ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხეობაში და მთლიანად ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე ვისაუბრებთ



მოწინააღმდეგის გეგმები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მთავარი ბრძოლები სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე და შემდეგ თბილისთან შემოსულ მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და რუსული სარდლობაც საქართველოს დაპყრობის მთავარ მისიას სწორედ ამ არმიას აკისრებდა,  ამავდროულად საბჭოთა რუსეთის სარდლობამ შავი ზღვის სანაპიროდან აფხაზეთში მე-9 წითელი არმია შემოიყვანა, ხოლო კავკასიონის უღელტეხილებიდან დაძრა თერგ-დაღესტანის საბრძოლო ჯგუფის ნაწილები, რომელსაც მოგვიანებით მარტის დასაწყისში მე-10 არმია ეწოდა . რუსულმა და ოსურმა პარტიზანულმა ნაწილებმა, რომლებიც თერგ-დაღესტანის მებრძოლთა ჯგუფში იყვნენ გაერთიანებულნი ომის დროს ღების, მამისონის, როკის, თრუსოს უღელტეხილები გადმოლახეს და ასევე შეუტიეს დარიალის ხეობაში განლაგებულ ქართულ ნაწილებს. ღებისა და მამისონის უღელტეხილებზე გადმოსული მოწინააღმდეგის შენაერთები აფხაზეთიდან შემოჭრილ მეცხრე არმიის ძალებს უნდა შეერთებოდა, ხოლო როკის და თრუსოს უღელტეხილებიდან გადმოსული და დარიალის ხეობაში შემტევი რუსული ნაწილები კი თბილისის დამცველების ზურგში გასვლას ითვალისწინებდა , მაგრამ მათი წარმატება მთლიანად დამოკიდებული იყო თბილისზე შემტევი მეთერთმეტე არმიის წარმატებაზე წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დამხმარე ნაწილების შეტევას აზრი ეკარგებოდა.

მოწინააღმდეგეთა ძალები
საინტერესოა რა ძალები უტევდნენ ხევს დარიალის ხეობიდან და თრუსოს უღელტეხილიდან და რა ძალებით იყო გამაგრებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ეს  კუთხე. დარიალის ხეობას უტევდა ცალკეული მსროლელი ბატალიონი, 97-ე საარტილერიო დივიზიონის ნახევარბატარეა და განსაკუთრებულ საქმეთა შენაერთი ანუ იგივე ალექსანდრე გეგეჭკორის სახელობის პარტიზანული რაზმი . თრუსოს ხეობაში კი თრუსოს უღელტეხილიდან გადმოვიდა ოსური პარტიზანული რაზმი . რაც შეეხება ქართულ ძალებს ხევის იცავდა საქართველოს რესპუბლიკის დარიალის სანაპირო (სასაზღვრო) რაზმი და სახალხო გვარდიის დუშეთის ბატალიონის  ნახევარი, რომელიც ადგილობრივი მოხევეებისგან იყო დაკომპლექტებული.  უცნობია ზუსტი რაოდენობა მოწინააღმდეგეების პირადი შემადგენლობისა, თუმცა გარკვეული ვარაუდების გამოთქმა შესაძლებელია. ქართული დაზვერვის 22 თებერვლის ინფორმაციით   ლარსთან  საიდანაც დარიალის ხეობა იწყება მოწინააღმდეგეს ყავდა 3000-მდე ქვეითი და 3 ზარბაზანი. პირადი შემადგენლობის  ეს მონაცემი არტილერიის რიცხვისგან განსხვავებით აშკარად გადაჭარბებულია, რადგანაც დარიალის ხეობას უტევდა ერთი ცალკეული ბატალიონი რომლის პირადი შემადგენლობა 600-700 კაცზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, არტილერიის ნახევრაბატარეა დაახლოებით 50-100 კაცი და გეგეჭკორის რაზმი, რომლის პირადი შემადგენლობა სხვადასხვა პერიოდში 350 კაცს აღწევდა, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ დარიალის ხეობას უტევდა მოწინააღმდეგის დაახლოებით 1000-1200 კაციანი დაჯგუფება. ზუსტადაა ცნობილი თრუსოს უღელტეხილზე გადმოსული ოსური პარტიზანული რაზმის პირადი შემადგენლობის რაოდენობა რაც შეადგენდა 900 კაცს, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ხევს უტევდა დაახლოებით მოწინააღმდეგის 2000 კაციანი დაჯგუფება.  ქართული არმიის მხრიდან, ხევის დამცველ დარიალის სანაპირო რაზმში 1919 წლის შტატებით ირიცხებოდა 359 კაცი, 1920 წელს ამ ქვედანაყოფს შტატით დაემატა არტილერიის ორი მწყობრი, რაც მთლიანობაში შენაერთის პირად შემადგენლობას დაახლოებით 400 კაცამდე ზრდიდა. დუშეთის გვარდიის ბატალიონის ომის პერიოდის სავარაუდოთ განსაზღვრული შტატი 600 კაცს შეადგენდა , ეს ბატალიონი კი ორი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონის გვარდიელებისგან შედგებოდა, აქედან დუშეთის გვარდია თბილისთან იბრძოდა, ხოლო ყაზბეგისა კი ხევში. რამდენი მოხევე შეიძლება ყოფილიყო გვარდიაში ამაზე კარგ წარმოდგენას გვაძლევს 1918 წელს დუშეთის მაზრაში ბოლშევიკებთან მიმდინარე საბრძლო მოქმედებები, რომლის დროსაც მოხევეები მოწინააღმდეგეს 300-400 კაცს უპირისპირებდნენ, ასე რომ მთლიანობაში ხევს იცავდა რეგულარული არმიისა და მოხევეებით დაკომპლექტებული გვარდიის 700-800 კაციანი რაზმი. ეს ძალები განაწილებული იყო დარიალის ხეობაში, ყაზბეგსა და კობში, მათ მეთაურობდა პოლკოვნიკი სიმონ წერეთელი.

საბრძოლო მოქმედებები
თუ როგორ წარიმართა საბრძოლო მოქმედებები ამასთან დაკავშირებით არსებობს ორ ვერსია, რუსული ისტორიოგრაფიის ვერსია რომლის თანახმადაც დარიალის ხეობა ბრძოლით აიღო მოწინააღმდეგემ, ხოლო  ქართული ვერსიის თანახმად თბილისის დაცემის შემდეგ სარდლობის ბრძანებით დაიხიეს ქართულმა ნაწილებმა.   საბრძოლო მოქმედებები ქართველთა გამარჯვებით დაიწყო, მათ ააფეთქეს ხეობაში შემოსასვლელი ხიდი და მოწინააღმდეგეს დარიალის ძალიან ვიწრო ხეობაში თავის შემოყოფის საშუალებას არ აძლევდნენ, 18 თებერვალს კავკასიის ფრონტის სარდლობამ დარიალის ხეობაზე შემტევ ძალებს ხიდის აღდგენა , სწრაფი გადაადგილება და თბილისის სამხრეთით შემტევ ნაწილებთან შეერთება უბრძანა, თუმცა ამას რუსული ნაწილები ვერაფრით ახერხებდნენ. ქართველების ტყვიამფრქვევები (სხვადასხვა მონაცემებით 8-12 ერთეული)  და სამთო ქვემეხები დარიალის ვიწრო ხეობაში მოწინააღმდეგის შეტევებს უკუაგდებდნენ. ამიტომ ალაგირში მდგარ ოსურ პარტიზანულ რაზმს ებრძანა თრუსოს უღელტეხილზე გადასვლა და თრუსოს ხეობით კობში , ყაზბეგსა და დარიალის ხეობაში მდგარი ქართული ნაწილების ზურგში გასვლა. 900 კაციანი პარტიზანული რაზმი  10 ტყვაიმფრქვევით 22 თებერვალს დაიძრა ალაგირიდან გადალახეს რთულად გადასასვლელი 3149 მეტრის სიმაღლის დათოვლილი უღელტეხილი  და 28 თებერვალს  შევიდნენ კობში თუმცა მაგ დროისთვის ქართვული ძალები ხევში აღარ იყვნენ. ყველაზე საინტერესოც სწორედ ესაა რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში, რუსებმა დარიალიდან ბრძოლით განდევნეს ქართველები თუ ქართულმა სარდლობამ უკან დაახევინა ჯარს.  საბჭოთა ისტორიკოსი მარკ ტრასკუნოვი თავის წიგნში საბრძოლო თანამეგობრობის სახელოვანი ფურცლები კონრეტულ წყაროზე დაყრდნობის გარეშე წერს, რომ პირველი წარუმატებელი იერიშის შემდეგ რუსმა მებრძოლებმა ვლადიკავკაზიდან მიიღეს თეთრი ქუდები, თექის ფეხსაცმელი  და საწვიმრები და თითქოს ასე შენიღბულები თოვლით დაფარულ ადგილებში რამოდენიმე ჯგუფად შევიდნენ თერგის მარჯვენა სანაპიროდან  და სწრაფი იერიშით ქართველებს უკან დაახევინეს, შემდეგ მათ რაზმს კობში შეუერთდნენ ოსი აჯანყებულები, როგორც ის მოიხსენიებს ალაგირიდან გადმოსულ ოსურ პარტიზანულ რაზმს . ტრასკუნოვი წერს, რომ ოსური რაზმი ჯვრის უღელტეხილიდან გადავიდა კობში  თავს დაესხა ადგილობრივ გარნიზონს და იარაღი დააყრევინა. ეს ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ოსური პარტიზანული რაზმის მეთაურის მოგონებიდან ირკვევა, რომ მათ არა ჯვრის არამედ თრუსოს უღელტეხილით გადავიდნენ კობში და როდესაც 28 თებერვალს ისინი კობში შევიდნენ ქართული გარნიზონი იქ უკვე აღარ იყო. პარტიზანული რაზმის მეთაურის ს.გაგლოევის მოგონების თანახმად მარტის დასაწყისში კობში ყაზბეგიდან მასთან მივიდა   ალექსანდრე გეგეჭკორი და უთხრა , რომ მოწინააღმდეგის გარნიზონის დაცემა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მათ ზურგიდან გზას უჭრიდნენ თრუსოს ხეობაში შემოსული პარტიზანები. მთლიანობაში პარტიზანთა მეთაურის მოგონებაში დაფიქსირებულ ამბავს თუ შევადარებთ ქართული არმიის გენერალური შტაბის მეთაურის გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის მოგონებას, რომლის თანახმადაც ხევში განლაგებული რაზმი თბილისიდან ევაკუაციის დროს (24-25 თებერვალი) იქნა გამოწვეული უკან და მთავარ ძალებს გორში შეუერთდა (26-27თებერვალი) ადვილად გავიგებთ თუ რატომ აღარ დახვდათ ოს პარტიზანებს 28 თებერვალს  კობში არავინ.  მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ხევში განლაგებული ნაწილები კარგად იცავდნენ დარიალის ხეობას, მაგრამ თბილისის დაცემისა და მცხეთაში პოზიციების ვერდაკავების შემდეგ მათი იქ ყოფნა აზრს კარგავდა, ამას ემატებოდა ალაგირიდან დაძრული რაზმი რომელიც ხევში განლაგებულ ძალებს ალყაში აქცევდა და ამიტომ ქართულმა სარდლობამ უკანდახევის ბრძანება მისცა ხევში მდგომ ნაწილებს.

დიმიტრი სილაქაძე
პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ისტორიანში 2016 #2


No comments:

Post a Comment