Saturday 21 May 2016

პირველი ტანკები საქართველოში


შეჯავშნული საბრძოლო მანქანა ტანკი პირველად 1916 წელს სომის ბრძოლის დროს გამოიყენეს ბრიტანელებმა. ამან მოწინააღმდეგის ჯარისკაცებზე შოკის მომგვრელი ეფექტი მოახდინა. წარმოიდგინეს, რომ მათკენ ნამდვილი ეშმაკი მიემართებოდა. ოთხი წლის შემდეგ ასეთი “ეშმაკები” საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის შეიარაღებაშიც გამოჩნდნენ, მაგრამ საბჭოთა რუსეთმა ეს ტექნიკა ალაფის სახით ისე აგვწაპნა, რომ ამორტიზებულ “ეშმაკებს” სიარულიც კი ვერ ვასწავლეთ.

როგორ მოხვდა ტანკები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის შეიარაღებაში? იმ დროისთვის ტანკები უკვე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს არმიის შეიარაღებაში ჰქონდათ, თუმცა არც ერთ მათგანს აზრად არ მოსვლია, საქართველოსთვის უსასყიდლოდ დაეთმო ან მიეყიდა ისინი.
სამაგიეროდ, დასავლეთი ტანკებით ამარაგებდა რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკებს დაპირისპირებულ თეთრგვარდიულ შენაერთებს. 1920 წლის გაზაფხულზე სამოქალაქო ომში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოპერაციაში თეთრგვარდიელები დამარცხდნენ და მათი ნაწილი გენერლების ივან ერდელისა და დანიილ დრაცენკოს მეთაურობით, 10 ათასი კაცის შემადგენლობით იძულებული გახდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულიყო დარიალის ხეობიდან. საქართველოს საისტორიო არქივის ფონდსაცავში არსებული დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის, გვარდიისა და რუსეთის სამხედრო ატაშეს ფონდებში დაცულ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის შეჯერების შედეგად ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სწორედ ამ შენაერთებს ჩამოართვა ქართულმა გვარდიამ საბრძოლო მანქანები და სხვა ტიპის შეიარაღებაც. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს ტანკები ბათუმში შეიძინეს ქართველებმა ვრანგელის ოფიცრისგან, რაც საარქივო დოკუმენტებით არ დასტურდება.

ამორტიზებული ტანკების ტრანსპორტირება საქართველოს სამხედრო გზაზე ძალიან რთულად მიმდინარეობდა სამხედრო მანქანის ნაწილებს ურმებით ეზიდებოდნენ სახალხო გვარდიის წარმომადგენლები, რაც მარტივი არ იყო ცუდი და დათოვლილი გზის გამო. თეთრებისთვის ტანკების ჩამორთმევამ შეაშფოთა ბრიტანელები და ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა 1920 წლის 5 აპრილს ქართველებს ტანკების დაბრუნება მოსთხოვა, რათა სასწრაფოდ გაეგზავნათ ყირიმში, რასაც ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. არგუმენტად ის მოიყვანეს, რომ ტანკები თოვლიანი გზის გამო ჯერ არ მიეღოთ, იმავდროულად, ეს ტანკები წარმოადგენდა სამხედრო ქონებას და “მოხალისეთათვის” მათი გადაცემა შეუძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით თბილისში ჩამოტანილი ტანკები გადაეცა სახალხო გვარდიას. გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდი გადაკეთდა ჯავშნოსან საავტომობილო სატანკო დივიზიონად, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გვარდიელი ორჯონიკიძე. დივიზიონში ორი ცალი Mark V-ი ტიპის ტანკის გარდა შედიოდა ექვსი ჯავშანავტომობილი და სხვა მანქანები. 
ბრიტანეთმა Mark V-ი ტიპის ტანკების წარმოება პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დაიწყო, პირველი მოდელი აიწყო 1918 წლის იანვარში. ომის დასრულებამდე 400-მდე ტანკის აწყობა მოხერხდა. საბრძოლო მანქანის პარამეტრები და საბრძოლო შესაძლებლობები შემდეგნაირია: ტანკის მასა “მამალი” 29 ტონა, “დედალი” 28 ტონა; შეიარაღება “მამალი” ორი 57 მმ-იანი ქვემეხი და ოთხი 8 მმ-იანი ტყვიამფრქვევი; “დედალი” ექვსი 7,7მმ-იანი ტყვიამფრქვევი. ტანკის მოქმედების რადიუსი მოიცავდა 72-80 კილომეტრს. სიჩქარე 4-8 კმ/სთ-ს. ძრავა რიკარდოს 6-ცილინდრიანი 150 ცხ/ძ. კარბურატორიანი ძრავი. ეკიპაჟი 8 კაცი (ტანკის მეთაური, მძღოლი და 6 მსროლელი). ჩვენთვის უცნობია, რომელი “სქესის” Mark V-ები იყო გვარდიის შეიარაღებაში, თუმცა ცნობილია ზოგიერთი ქართველი ტანკისტის ვინაობა.
ერთ-ერთი ტანკის მეთაური იყო ოფიცერი სერგო გაბელაშვილი, ასევე ტანკების “დამტარებლად” მეორე ხარისხის თანამდებობაზე მსახურობდნენ ოფიცრები ანატოლი იმნაძე და ივანე მაისურაძე. ტანკების ჩამოყვანამ დიდი ინტერესი გამოიწვია მთელ შეიარაღებულ ძალებში. მაგალითად, რეგულარული არმიის ათასეულების უფროსები გვარდიის მთავარ შტაბს სთხოვდნენ, რათა მათთვის მიეცათ შესაძლებლობა, ათასეულის მთელი შემადგენლობა მისულიყო და ამ უახლეს საბრძოლო საშუალებას გასცნობოდა.
მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ტანკების შეკეთების საქმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ 1920 წლის ნოემბერში გვარდიის მთავარმა შტაბმა აირჩია სპეციალური კომისია ფარნიევის, ფარქოსაძის, ჯიბლაძისა და ჭიაბრიშვილის შემადგენლობით. მათ ყურადღება უნდა მიექციათ და მიეღოთ ყოველგვარი ზომები, რათა ტანკები რაც შეიძლება სწრაფად ჩამდგარიყვნენ მწყობრში. ამ პრობლემის გადაჭრისთვის გვარდიას მიეცა დამატებით 300 ათასი მანეთი სამხედრო ფონდიდან. მცდელობის მიუხედავად, ტანკების მწყობრში ჩაყენება საბჭოთა რუსეთთან ომისთვის ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის ავტოსატანკო რაზმში ზუსტად იმავე ტიპის ოთხი ბრიტანული ტანკი შედიოდა, სამი მათგანი გამოიყენეს თბილისთან 24 თებერვლის ბრძოლაში. ტანკებმა ვერ შეძლეს ქართველთა პოზიციების გარღვევა. ბურუსის გამო ქართულ არტილერიას სანგრებთან მოწინააღმდეგის ტანკების მოსვლა ვერ შეუნიშნავს, ხოლო სანგრებში მყოფ სამეგრელოს გვარდიის ნაწილებს ტანკისთვის სროლა ტყვიამფრქვევებითა და თოფებით აუტეხავს და ბოლო მომენტში სანგრები უწესრიგოდ მიუტოვებია. მაგრამ იმერეთის მეორე ბატალიონს აკაკი კვიტაიშვილის მეთაურობით, ორი სამთო ზარბაზნისა და ფლანგიდან ახალციხის ბატალიონის მასირებული ცეცხლის დახმარებით, მოწინააღმდეგის ტანკები და ქვეითი ნაწილები უკანვე განუდევნიათ.
მოწინააღმდეგის ერთი ტანკი 20-მეტრიან ხევში ჩაიჩეხა, რომლის ეკიპაჟიც მძიმედ დაშავდა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ნაწილებმა ქალაქი დატოვეს, იქ გადარჩენილი ორი რუსული ტანკი შევიდა. მალევე რუსებმა თბილისის სადგურის სახელოსნოში აღმოაჩინეს ნაწილობრივ დაშლილი ქართული ტანკები, რომლებიც მოსკოვში გააგზავნეს, როგორც “საქართველოს მთავრობის” საჩუქარი რუსეთისადმი.

                                                                                        დიმიტრი სილაქაძე
პირველად დაიბეჭდა ჟურნალი “ისტორიანი”, 2013 წლის აპრილის ნომერი #4/28

3 comments:

  1. საქართველოდან რუსეთში წაღებული ტანკები Mk.V №№9330 და 9146 შეკეთების შემდეგ გადაეცა რუსულ წითელ არმიას, სადაც ირიცხებოდა 1930წ., რის შემდეგ ჩაბარდა საწყობში. 1938წ. საბჭოეთის თავდაცვის სახაკხო კომისრის კ.ვოროშილოვის ბრძანების საფუძველზე ბრიტანული ტანკები, მათშორის საქართველოდან წაღებულიც, გაიგზავნა სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში როგოც ძეგლი, მათ შორის #9146 სმოლენსკში. 1942წ. გერმანელებმა წაიუვანეს 2 ტანკი ბერლინში, Mk.V №9146 დაიდგა გერმანიის დედაქალაქში სამხედრო-ისტორიული მუზეუმის წინ. 1945წ. გაზაფხულზე გამოყენებულიი იქნა გერმანელების მიერ ბერლინის ბრძოლის დროს როგორ უძრავი სასროლო "წერტილი"

    ReplyDelete
    Replies
    1. მოგესალმებით, ახლა ვნახე თქვენი კომენტარი. საქართველოდან წაღებული ტანკების ბედზე რა ინფორმაციაც გაქვთ ამ კომენტარში თუ შეგიძლიათ წყარო მიმითითოთ?

      Delete
    2. მოგესალმები. დიდი ხანია მაინტერესებს ისტორია, პირველ რიგში სამხედრო ისტორია, კერძოდ ჯავშამტექნიკა. რამე მზა მასალა ვერ ვნახე, ვეძებდი სხვადასხვა წყაროებში, მათ შორის რუსულ საიტებზე "ბერლინის" MkV შესახებ. სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, არ შემინახია ბმულები.

      Delete