საქართველოს პირველ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ჯარისკაცების დამოკიდებულებას სამხედრო სამსახურისადმი, რომელთათვისაც ეს უკანასკნელი ,,სალდათობასთან”, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე რუსულ არმიაში სავალდებულო სამსახურთან ასოცირდებოდა მთელი თავისი ,,სიკეთეებით”. რესპუბლიკის სამხედრო სამინისტრო ჟურნალ რესპუბლიკის ჯარის ფურცლებზე ცდილობდა ჯარისკაცებისათვის აეხსნა განსხვავება რუსულ და ქართულ არმიაში სამსახურს შორის.
ჟურნალში დაიბეჭდა პროპაგანდისტული ტიპის მოთხრობა ,,დაბრაკული”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მკითხველს განესხვავებინა ერთმანეთისაგან რუსულ არმიაში და ქართულ არმიაში სამსახური. ამ ნაწარმოების შინაარსის თხრობით თავს არ შეგაწყენთ, რადგან მისი მთელი აზრი და მიზანი მთავარი გმირების, ძმების - ზაქრო და სოსოს მშობლების მიერ, საკუთარი შვილების ომში (ჯარში) წასვლასთან დაკავშირებით ორ განსხვავებულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. როდესაც ძმებს რუსეთის არმიაში იხმობენ გერმანიასთან საომრად, მშობლები ამბობენ: ,,ვინ არის გერმანიე, რა აქ იმას ჩვენთან საჩხუბარი, ან ჩვენ რა გვაქვს მასთან საქმე. მინახავს, საზღვარზე წავჩხუბებივარ, ერთი თუ მეორე? იქინა უნდა გავგზავნოთ აგი სიმწრით გაზრდილი ბაღნები და დავხოცოთ?.“ მშობლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი შვილები არ წავიდნენ საომრად. გავიდა დრო და შვილებს უკვე საკუთარი სამშობლოსა და რევოლუციისათვის უწევთ ბრძოლა, მამა კი შვილებს ბრძოლის ველზე შემდეგი სიტყვებით აცილებს: ,,წადი შვილო, წადი ნეტავი მეც შემეძლოს, მეც გამოგყვები, რაღა ჯანდაბათ მინდა თავი, თუ ასეთ გასაჭირში ქვეყანას ვერ წავადგები . . . . მაგრამ რაღაი, მუხლებში ღონე აღარ მაქვს და თვალები აღარ მიჭრის . . . შვიდობით დაგაბრუნოს ღმერთმა სახლში” ამავე ჟურნალში იბეჭდებოდა ივანე გომართელის სტატიების ციკლი - ,,საუბარი ჯარისკაცთან”.გომართელი ჯარისკაცებს უხსნიდა ჯარისკაცის როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუ ის მეფის არმიაში წარმოადგენდა ზარბაზნის საზრდოს, რომელსაც ,,ტოჩნო ტაკ” და ,,ნიკაკ ნეტ”-ის აძახებინებდნენ, დედ-მამას აგინებდნენ და თავპირში ურტყამდნენ, ახლა ის საკუთარ სამშობლოს სჭირდებოდა, მთავრობა კი მუდამ იმას ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება უკეთესად იყოს მოწყობილი. ადრე თუ ჯარისკაცს ცხრა მთას იქით გზავნიდნენ საომრად, ახლა მას არ გაგზავნიან სხვების დასაჩაგრად და დასარბევად, არამედ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოიყენებდნენ. გომართელი ჯარისკაცებს უხსნიდა, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ მათზე იყო დამოკიდებული. წინათ თუ ის დახვრეტის შიშით მოქმედებდა, ახლა მის შეგნებას და ადამიანობას უნდა მიეცა მისთვის ძალა. ავტორს ესმოდა, რომ არმიაში ცუდი მატერიალური მდგომარეობა იყო, მაგრამ ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ მთავრობას ჯარისკაცისათვის არ ემეტებოდა რამე, არამედ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო და თუ სამხედროები, რომელთაც რუსეთის იმპერიის არმიაში, არანაირი უფლება გააჩნდათ ითმენდნენ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში არსებულ გაჭირვებას, ავტორი ეხლაც იგივეს გაკეთებას ითხოვდა მათგან, მითუმეტეს ისინი უკვე დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფალ ადამიანებს წარმოადგენდნენ.
დიმიტრი სილაქაძე
No comments:
Post a Comment