რუსული არმიის შემოსვლა კავკასიაში 1920 წლის მაისში |
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის სახალხო გვარდიის ფონდზე №1970 მუშაობის დროს, როდესაც ვეცნობოდი სახალხო
გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტებს, ჩემი ყურადღება მიიქცია თელავის საოლქო შტაბის
მეთაურის ჭუმბურიძის მოხსენებამ მთავარი შტაბისადმი 1920 წლის მაისში ზაქათალის ოლქში
არსებული სიტუაციის შესახებ. ეს ის პერიოდია როდესაც აზერბაიჯანის გასაბჭოება მოხდა
და რუსეთის წითელი არმია მზად იყო საქართველოშიც
შემოსულიყო. ამის დიდი იმედი განსაკუთრებით
სერგო ორჯონიკიძეს ქონდა. იგი ვარაუდობდა რომ თბილისის დაკავება მოხდებოდა არა უგვიანეს 15 მაისისა.[1]
თუმცა,
გენერალ კვინიტაძის სარდლობით ქართულმა სამხედრო შენაერთებმა მოწინააღმდეგის დამარცხება
მოახერხეს წითელ და ფოილოს ხიდთან, ამავდროულად მოსკოვში მიმდინარეობდა ქართულ-რუსული
მოლაპარაკებები, რაც საბოლოოდ 7 მაისის საქართველო-რუსეთის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა,
მაგრამ სხვადასხვა მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები ქართულ და წითელ არმიას შორის მაისის
პირველ ნახევარში მაინც არ შემწყდარა. ამ პერიოდში საინტერესო მოვლენები ვითარდება
ზაქათალის ოლქში , რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა.
სახალხო გვარდიის მტავარი შტაბის მიერ 8 მაისს ზაქათალის ოლქისაკენ გაგაზავნილ იქნა თელავის სახალხო გვარდიის საოლქო შტაბის მეთაური
ჭუმბურიძე, როგორც ეს მისი მოხსენებიდან ჩანს. ჭუმბურიძეს ვერ მოუხერხებია ოლქში შესვლა,
მაგრამ იქ შეუგზავნია ოთხი ნდობით აღჭურვილი ლეკი. ორი მათგანი უკან აღარ დაბრუნებულა,
ხოლო ორი - მთელი მაისის განმავლობაში აწვდიდა
მას ინფორმაციას ოლქში არსებულ სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის
განწყობის შესახებ. მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი საზღვრის ამ მონაკვეთზე
მომხდარი ორი წვრილი შეტაკების დეტალები ქართველებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის,
წითელარმიელების შესვლა ოლქში და ოლქის მოსახლეობის დამოკიდებულება მათდამი: ,,რუსების მოსვლამ ზაქათალის მცხოვრებლები პირველათ
ძალიან გაახარა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მცხოვრებლებს აშკარა უკმაყოფილება დაეტყოთ,
როგორც კი მოვიდნენ რუსები მაშინვე თავხედობა დაიწყეს. მთელი ცხენები საძოვრათ ბაღებში
გაუშვეს. შეუდგენენ პურის, სიმინდის და ქერის რეკვიზიციას. მართლია მცხოვრებლებს ფულს
აძლევდნენ, მაგრამ ხალხი, ერთის მხრივ ახალ ფულს იწუნებდა და მერეც როცა ხედავდნენ,
რომ მთელ სურსათს სადღაც გზავნიდნენ ეს ხალხში დამშევის შიშს იწვევდა”, იქვე ,,ოლქში აღარაფერი აღარ იშოვება, ფარჩა და
სხვა ნაწარმოები, რაც ბაქოდან ქონდათ მოტანილი წინათ ოლქში მოვაჭრე პირებს, რუსის ჯარისკაცებმა
დაიტაცეს. მართალია ფულს იხდიან, მაგრამ იმდენს, რაც თვითონ მოესურვებათ”. მოხსენება
დაწერილია ლაგოდეხში 29 და 30 მაისს ორ ნაწილად და შეადგენს ხელით წვრილად ნაწერ ორ
ფურცელს. პირველად ვაქვეყნებთ აღნიშნულ მოხსენებას სრული სახით ჩვენი კომენტარებითურთ.
სახალხო გვარდიის მთავარ
შტაბს
მოხსენება ზაქათალის
ოლქის შესახებ[2]
თანახმად მთავარი
შტაბის[3] დავალებისა
მიმდინარე წლის 8 მაისიდან მე უკვე გავემგზავრე ზაქათალისაკენ, მაგრამ ლაგოდეხში მისვლისთანავე
გამოირკვა, რომ ზაქათალისაკენ მიმავალი გზები სამზღვარზედ უკვე შეკრულია და აშკარად
გადასვლა ყოვლად შეუძლებელი იყო. მე იძულებული ვიყავი დავრჩენილიყავი ლაგოდეხში და
ლაგოდეხიდან დამეწყო მუშაობა. ამ მიზნით მე იძულებული ვიყავი გარშემო შემომეკრიბა ის
პირები რომლებთანაც
მე პირადი ნაცნობობა მქონდა და აგრეთვე ზაქათალის ოლქში მცხოვრებ ლეკებთან მჭიდრო კავშირი
ქონდათ. ეს პირები იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ლეკები. 10 მაისს 4 ჩემი ერთგული
ლეკი გავგზავნე ზაქათალის ოლქში. ერთ მათგანს უნდა ემუშავნა სოფელ კობახჩოში,[4] მეორეს
ბელაქანში, მესამეს კატეხ-მაცეხში[5] და
მეოთხეს ზაქათალაში. 15 მაისს ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ ლაგოდეხში და გადმოეცათ
საჭირო ცნობები. დანიშნულ დროს მოვიდა ერთი მათგანი, ის, რომელიც ბელაქანში იყო გაგზავნილი
დაბრუნდა და შემდეგი ცნობები გადმომცა: პირველათ საქართველოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედება
დაიწყეს ს.კობახჩის (Кавахчель) მცხოვრებლებმა.
შეიარაღებულ მცხოვრებლებს სათავეში ედგა ამავე სოფლის მცხოვრები აზამ ბეგი. ეს პიროვნება
ხსენებულ სოფელში გავლენიანი პირია, შეძლებული და ამასთან ერთად ნური ფაშას[6] პირადი
მეგობარი. აზამ ბეგმა ს.კობახჩის მცხოვრებლები საქართველოს წინააღმდეგ შემდეგი მიზეზით
გმოიყვანა - ს.კობახჩის მესაზღვრეთ წინათ რუსები ცხოვრობდნენ, სანამ მთავრობა რუსებს
ჩამოასახლებდა ლაგოდეხის რაიონში ეს მიწები კობახჩოელებს ჰქონდათ საძოვრებათ. რუსეთის
მთავრობამ რუსების ჩასახლებით სამუდამოთ გადაჰკიდა ერთმანეთს კობახჩოელები რუსებს.
როდესაც რუსეთში ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს აქაური რუსები აიყარნენ დ რუსეთში წავიდნენ.
დარჩენილ მიწებს ქართველები დაეპატრონენ, ხოლო კობახჩოელები დაჟინებით მოითხოვდნენ
ამ მიწების მათზე გადაცემას. როდესაც ადერბეიჯანსა და საქართველოს შორის ზაქათალის
ოლქის საზღვრების შესახებ დროებითი შეთანხმება მოხდა, ხსენებული მიწები საქართველოს
ფარგლებში მოჰყვა და ჩვენი სადარაჯოც სწორედ ამ სადავო ადგილებში გაიმართა. აზამ ბეგმა
გამოიყვანა შეიარაღებული მცხოვრებლები და განუმარტა მათ: თუ დავეცემით საქართველოს
საზღვრებზე სანაპირო რაზმის იმ სადარაჯოს, რომელიც გამართულია რუსებისოულ მიწაზე საქართველოს
მთავრობა იძულებული გახდება ეს მიწები ჩვენ გადმოგვცესო. ამის შესახებ ადერბეიჯანის
მთავრობას უკვე შევეკითხე და მითხრეს უსათუოდ დაიჭირე ეგ ადგილიო. 7 მაისს კობახჩოში
მართლაც მივიდა 15 კაცისაგან შემდგარი რაზმი. ასკერებისა და მცხოვრებლების რაზმის უფროსის
თანხლებით აზამ ბეგმა განუცხადა: ,,ხედავთ, მთავრობა ჯარებს უკვე გზავნის და სჯობია
ეხლავე შევუდგეთ საქმესო”. მართლაც კობახჩოს მცხოვრებლები დაეცნენ ჩვენს სადარაჯოს
მოჰკლეს ერთი ოფიცერი და ერთიც ჯარის კაცი.[7] ეს
ამბავი ელვის სისწრაფით მოედვა ლაგოდეხის რაიონში მცხოვრებ ქართველებს.
ქართველებმა
შეჰკრეს გზები, დაატუსაღეს ჩვენსკენ მოყოლილი ლეკები და თათრები. ლეკებისა და თათრების
დატუსაღება აზამ ბეგმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მეორე დღესვე ავიდა ბელაქანში
და განუმარტა რა ბელაქნის მცხოვრებლებს მომხდარი ამბავი თავისებურათ. ხალხს გამოუცხადა
, რომ საქართველომ უკვე ომი გამოგვიცხადა და თუ სამზღვრებს არ დაიჭერთ ყველა ჩვენს
სოფლებს გაანადგურებენო. ბელაქნის მცხოვრებლებს მეორე დღესვე ესტუმრა ნური ფაშას შიკრიკი,
რომელიც ამ დროს უკვე ნუხაში იმყოფებოდა და ხალხს მოუწოდა საბრძოლველად გმოსულიყო.
9 მაისს ჩვენს სამზღვრებზედ ყოველგან შეიარაღებული თათრები და ლეკები ირეოდნენ. 13
მაისს ზაქათალიდან ბელაქანში მივიდა 200 რუსი ცხენოსანი ჯარის კაცი 4 ტყვიის მფრქვეველით,
რომელთა შორის ორი მაქსიმის ტყვიის მფრქვეველი ქონდათ, ხოლო ამ ორ ტყვიის მფრქვეველზე
ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ზარბაზნები არისო.
მოსულმა რუსის
ჯარის კაცებმა ლეკებისა და თათრების ყარაულები მოხსნეს და მათი ადგილი თვითონ დაიჭირეს.
14 მაისს ბელქანში მოვიდა 600 ასკერი 12 ტყვიის მფრქვევლით, მაგრამ 15 მაისს დილით
ისინი ისევ უკანვე გაიწვიეს და გაგზავნეს ბაქოსკენ. 15 მაისამდე კობახჩოსა და ბელაქნის
მცხოვრებლებს ყოყმანი ემჩნეოდათ. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ძნელ საქმედ სთვლიდნენ
და უყურებდნენ ადერბეიჯანის მთავრობას გამოგზავნიდა თუ არა საგრძნობ შეიარაღებულ ძალას.
20 მაისს დაბრუნდა ლაგოდეხში ზაქათალაში გაგზავნილი პირი. მან შემდეგი ცნობები მოიტანა:
11 მაისს ზაქათალაში იდგა 4500 რუსი ჯარი კაცი და 600 ასკერი.[8] რუსის
ჯარის კაცებს (ცხენოსანთა) ჰქონდათ 8 ზრბაზანი და 35 ტყვიის მფრქვეველი. 12 მაისს ორასამდე
ცხენოსანი ტყვიის მფრქვეველებით წავიდნენ ლაგოდეხისაკენ. მათ უკან გმოუყვა მეორე დღეს
600 თუ 500 ასკერი. ზაქათალაში ამბობდნენ, რომ ლაგოდეხი კობახჩოელებმა უკვე აიღეს და
ეს ჯარი წნორის წყალზე მიემგზავრებაო. ამბობდნენ იმასაც, რომ ოსმალეთმა ბათუმი უკვე
აიღო და ახლა ბრძოლა თბილისის ახლოს არისო. ოსმალეთის ჯარი ერევანში უბრძოლველად შევიდა
და სხვა. ნური ფაშას ზაქათალაში 17 მაისს მოელოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მისულა. ხოლო
იმას კი დაბეჯითებით ამბობენ, რომ ნური ფაშას 8 ათასი მეომარი ყავს და ამ დღეებში გაილაშქრებს
ლაგოდეხისკენო. მე სტუმრათ მიპატიჟებული ვიყავი ერთ ჩემს ნაცნობი მოლის ოჯახში. იქ
იყო სხვათა შორის ჭარის პრისტავი და მსჯელობის დროს მან სხვათა შორის სთქვა: რუსის
ჯარი ბაქოდან ნური ფაშამ გამოიწვია. ის დაჟინებით მოითხოვდა ამას წინააღმდეგ შემთხვევაში
ბოლშევიკებს კავშირის გაწყვეტით ემუქრებოდაო. ნური ფაშას ბოლშევიკებზე დიდი გავლენა
აქვს და ყველაფერს უჯერიან. ასკერები ჯერ კიდევ ჩემს ზაქათალაში ყოფნის დროს დაბრუნდა
უკან და ნუხისკენ წავიდა. ნუხისკენ წვიდა 2000 რუსიც. ამბობდნენ, რომის ხრამის ხიდთან
ქართველებმა გაიმარჯვეს და როგორც ასკერებს ისე რუსებსაც იქ გზავნიანო. რუსების მოსვლამ
ზაქათალის მცხოვრებლები პირველათ ძალიან გაახარა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მცხოვრებლებს
აშკარა უკმაყოფილება დაეტყოთ, რადგან როგორც კი მოვიდნენ რუსები მაშინვე თავხედობა
დაიწყეს. მთელი ცხენები საძოვრათ ბაღებში გაუშვეს. შეუდგნენ პურის, სიმინდის და ქერის
რეკვიზიციას. მართალია მცხოვრებლებს ფულს აძლევდნენ, მაგრამ ხალხი, ერთის მხრივ ახალ
ფულს იწუნებდა და მერეც როცა ხედავდნენ, რომ მთელი სურსათის სადღაც გზავნიდნენ ეს ხალხში
დამშევის შიშს იწვევდა. ბოლშევიკები ფუთ პურში აძლევდნენ 800 მან. - 1000მანეთამდე,
სიმიდში 300მან.- 450 მანეთამდე და ასევე ქერში. 17 მაისს ზაქათლიდან ლაგოდეხისაკენ
გამოგზავნეს 1200 კაცი 4 ზარბაზნით და 10 ტყვიის მფრქვევლით და ამ ჯარის ნაწილი უნდა
მდგარიყო კობახჩოში. 18 მაისს საღამოთი მე გამოვიპარე და რა მოხდა შემდეგ არ ვიცი.
25 მაისს ლაგოდეხიდან
მე ხელმეორედ გავგზავნე ეს პირები ზაქათალის ოლქში. მათ დავალებული ქონდათ დაწვრილებით
შეესწავლათ მოწინააღმდეგის რომელი ნაწილი სად იდგა, სად ედგათ ზარბაზნები, ტყვიის მფრქვევლები
და სხვა. აგრეთვე დაევალათ გაეგოთ რატომ ვერ დაბრუნდნენ კობახჩოში და კატეხში გაგზავნილი
პირები. 27 მაისს გავგზავნე სამი თავზეხელაღებული პირი. ერთი მათგანის სისხლი მართებს
აზამ ბეგს. მათ დავალებული აქვთ აზამ ბეგის მოკვლა. ამ პირებმა აღმითქვეს, რომ ისინი
რითაც არ უნდა დაუჯდეს მოკლავენ არა მარტო აზამ ბეგს, არამედ ნური ფაშასაც. რამდენათ
შესაძლებელი გახდება ამ საქმის მოწყობა, ამ მოკლე ხანში გავიგებთ. რაც შეეხება 25 მაისს
გაგზავნილ პირებს ისინი 28 ამ თვეს დაბრუნდნენ. მათი გადმოცემით ხალხში დიდი უკმაყოფილება
არის რუსის ჯარის კაცებმა მცხოვრებლები იმდენად შეაწუხეს, რომ ხალხში აშკარა უკმაყოფილება
დაიწყო. ამას კარგათ ხედავენ რუსებიც და შეუდგნენ რეპრესიული ზომების მიღებას. ამ დღეებში
დაუტუსაღებიათ რუსებს ბევრი გავლენიანი პირი. უკმაყოფილების მიზეზი ბაღების განადგურება და სურსათის გადაზიდვა არის.
აღარაფერი ოლქში აღარ იშოვება. ფარჩა და სხვა ნაწარმოები, რაც ბაქოდან ქონდათ მოტანილი
წინათ ოლქში მოვაჭრე პირებს რუსის ჯარის კაცებმა დიტაცეს. მართალია ფულს იხდიან, მაგრამ
იმდენს, რაც თვითონ მოესურვებათ. მცხოვრებლები
ამბობენ: ,,ჩვენ გვეგონა, რომ ბოლშევიკები მოგვიტანდნენ რასმეს, ხოლო მაგათ მოტანის
ნაცვლად აქედან მიქვთ ყველაფერიო. 27 მაისს საღამოთი რაც კობახჩოში რუსის ჯარი იდგა
ბელაქანში მოვიდა. მათ თან ქონდათ 3 ზარბაზანი. 28 დილით ყველა პოსტებზე როგორც ბელაქნის,
ისე კობახჩოში რუსები მოიხსნენ და ბელაქანში მოგროვდნენ. ნაწილი ამ ჯარის დილის 10
საათზე ბელაქნიდან ზაქათალაში წავიდენ. ხმა გავრცელდა, რომ აღგანში ბრძოლა დაიწყო ბოლშევიკების
წინააღმდეგ, ადგილობრივი მცხოვრებნი აჯანყდნენ და რუსის ჯარს იქ გზავნიანო. ის ნაწილი,
რომელიც ბელაქანში დარჩა საღამოთი უნდა წასულიყვნენო. გავიგეთ რა ეს მაშინვე გამოვეშურეთ
თქვენსკენო. როდესაც ეს ცნობები მივიღეთ მაშინვე
გავაგზავნეთ მზვერავები მდინარე მაწიმის სადარაჯოებზე, რომ შეგვემოწმებია, თუ რამდენად
მართალი იყო რუსების წასვლა. 29 მაისს დილით ათ საათზე გამოირკვა, რომ იმ სადარაჯოებზე,
სადაც რუსის ჯარის კაცები იდგნენ, საფარები უპატრონოთ აღმოჩნდნენ. იქ აღარ იყვნენ აღარც
რუსები და აღარც ლეკები. მე პირადათ გავშინჯე მოწინააღმდეგის საფარები. ჩვენი სამზღვრიდან
გავიარე 4 ვერსი ბელაქნისაკენ და მე მხვდებოდა წინ მხოლოდ საფარები და შიგ ერთი კაციც
ვერ ვნახე. როდესაც ბელაქანს 4 ვერსით დავუახლოვდი, იქ, სოფლის ახლოს შევნიშნე მხოლოდ
დარაჯები. იდგა აქა-იქ 4-5 კაცი. ასეთი მდგომარეობაა ამ ჟამათ. ამ ჟამათ ყველა ის ბუნებრივი
სიმაგრეები რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში იყო ჩვენი გახდება, თუ ამის ნებას მოგვცემს
გენერალური შტაბი.
ამ მოხსენებას
ვწერ 29 ამ თვეს. ხვალ 30 მაისს ისევ ვგზავნი ზაქათალაში ჩვენს კაცებს, რომ დაწვრილებით
გავიგო საქმის ვითარება.
ჩვენ მოწყვეტილი
ვართ ცენტრიდან ყოველგვარ ცნობებს. შეიძლება თქვენ მად ზავიც უკვე ჩამოაგდეთ და ჩვენ
აქ ტყვილად ვნაყავთ წყალს და ვეწევით ამოდენა ხარჯებს. ამიტომ გიგზავნით შიკრიკს, რომ
მომცეთ ინსტრუქცია. მე უკვე დავხარჯე აგენტურის მოსაწყობად 58 750 მანეთი. ამის
შემდეგ, სანამ თქვენგან დირექტივებს არ მივიღებ მუშაობას აღარ განვაგრძობ.
29.V.20წ.
ბ.ჭუმბურიძე
30 მაისს დილით
წასული რუსის ჯარის კაცების ადგილი სადარაჯოებზე დაიჭირეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა
ლეკებმა და თათრებმა. მდინარე მაწიმის ნაპირიდან ლეკებმა და თათრებმა აუტეხეს სროლა
ჩვენს მედარაჯე გვარდიელებს. ჩვენებმა სროლითვე უპასუხეს. რომლის დროსაც მტერს ჩვენებმა
მოუკლეს ერთი ოფიცერი და ერთი ჯარის კაცი და ერთიც დაჭრეს. ამავე დღეს ნაშუადღევს 4 საათზე ჩვენს სადარაჯოზე თეთრი ბაირაღით მოვიდა
ადერბეიჯანის ოფიცერი სამი ჯარის კაცით. მან ბოდიში მოიხადა ჩემთან ინციდენტის გამო
და მითხრა: ,,ჩვენ შეცდომა მოგვივიდა, რომ სადარაჯოებზე ადგილობრივი მცხოვრებლები გამოვგზავნეთ
ერთი ჩვენი ოფიცრით და ორი ჯარის კაცით. დაჭრილი
ჩვენი ჯარის კაცი ამბობს, რომ ლეკებმა ოფიცრის ნებადაურთავად ატეხეს სროლაო.
ჩვენ მაშინვე მოვხსენით ადგილობრივი მცხოვრებლები სადარაჯოებიდან და ახლა რეგულარული
ჯარის ნაწილი დავაყენეთო. ამის შემდეგ ასეთ ინციდენტს ადგილი არ ექნებაო”. მე გამიკვირდა
კიდეც, რომ ჩვენ ოფიცერი და ჯარის კაცი მოუკალით და ბოდიშს თვითონვე იხდიან. ამავე
ოფიცრის სიტყვით ბოლშევიკებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დიდი განხეთქილება
მომხდარა. განჯაში სისხლის ღვრასაც ქონია ადგილი 28 მაისს ბოლშევიკებსა და ადგილობრივ
მცხოვრებლებს შორის. მთელ ზაქათალის ოლქში ადერბაიჯანს ჯარის სულ უმნიშვნელო ნაწილიღა
დარჩა, მცხოვრებლები სულით დაეცნენ. ამ ოლქის დაჭერა ერთ ბათალიონსაც თავისუფლად შეუძლია.
თუ ნება გვექნება სამ დღეში ზაქათალის ოლქს ჩაგაბარებთ
ბ.ჭუმბურიძე
დიმიტრი სილაქაძე
პირველად დაიბეჭდა: ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები / ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი; მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტი. - თბილისი, 2013. - ISSN 2298-031X. - [ტ.]II. - გვ.52-60
[1]
ლევან თოიძე. ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი
ანექსიაც. თბ.1991. გვ.12
[2]
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (შემდგომში სცსა). ფონდი
№1970 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ფონდი).აღწერა
3. (აღწერა3. (ჰარვარდისა და ლევილის კოლექციიდან). საქმე.31. ფურც.2-3 .მოხსენების
სტილი დაცულია
[3]
იგულისხმება სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი
[4]
იგულისხმება დღევანდელი ბელაქანის რაიონის სოფელი ყავახჩიოლი
[5]
იგულისხმება სოფლები კატეხი და მაწეხი
[6]
ნური ფაშა - თურქი სამხედრო მეთაური. ენვერ ფაშას უმცროსი ძმა. 1918 წელს
მეთაურობდა კავკასიის ისლამური არმიას ბაქოს ოპერაციის დროს. აზერბაიჯანის გასაბჭოების
შემდეგ 5 ივნისს ყარაბაღში აუჯანყდა ბოლშევიკებს თუმცა დამარცხდა.
[7] ამ ინციდენტს
აზერბაიჯანული საბჭოთა ისტორიოგრაფია ისე წარმოაჩენდა თითქოს 1920 წლის 9 მაისს
2 000 კაციანი ქართული შენაერთი თავს დაესხა სოფელ ყავახჩიოლს, რომელიც წითელარმიელებმა
და ადგილობრივმა გლეხებმა ერთობლივი ძალებით მოიგერიეს. იხ: Е. А. Токаржевский. Из истории иностранной интервенсии и гражданской
войни в Азербайджане. Баку 1957
. С.
275
[8] საბჭოთა ისტორიოგრაფიის
მიხედვით ზაქათალის ოლქში შევიდნენ რუსეთის მეთერთმეტე წითელი არმიის: მეშვიდე და მეთვრამეტე
ცხენოსანი დივიზიები. იხ: М. Б. Траскунов.
Кавказская краснознаменная. Тб. 1961. С. 222-223
No comments:
Post a Comment